როგორ გაუხანგრძლივა მამას სიცოცხლის წლები ზურა ჩაჩუამ
"პრაიმ ჰაუსის" მეოთხე სეზონის ყოფილი მონაწილე - ზურა ჩაჩუა პროექტის დატოვების შემდეგ, კარიერულ განვითარებაზეა ორიენტირებული. როგორც გვითხრა, ცხოვრების ჩვეულ რიტმს არაჩვეულებრივად დაუბრუნდა...
ვეცადეთ, მკითხველებისთვის ზურას პიროვნება უკეთ გაგვეცნო...
- ზურა, პროექტში მონაწილეობამ დადებითი რა მოგიტანათ?
- როცა ქუჩაში დავდივარ, ხალხის მზერას, მათ ემოციას ვგრძნობ; ყოველდღიურად უამრავ შეტყობინებას ვიღებ, ადამიანები სიყვარულს, დადებით დამოკიდებულებას მიზიარებენ. ამისთვის ყველაფერი ღირდა!..
- რას საქმიანობთ, პროფესიით ვინ ხართ?
- "ქლოუზერი" ვარ - საქმიან გარიგებებში ვმონაწილეობ. ასევე, სხვადასხვა მიმართულებით, ლექციებს ვკითხულობ... დაინტერესებული ვარ, რომ ჩემი რესურსი განვავითარო - უპირველეს ყოვლისა, ადამიანებმა ინვესტიცია საკუთარ თავში უნდა ჩავდოთ... ამჟამად, ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობ. ასევე, რამდენიმე კომპანიის მარკეტინგულ სტრატეგიებს განვიხილავ... სიმართლე გითხრათ, ინტერესი მაქვს, რომ უფრო მეტად პერსპექტიული საქმეებიც ვნახო... ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, პრაქტიკული გამოცდილება მივიღე - "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" ვმუშაობდი, თუმცა შემდეგ, სერიოზული ოჯახური პრობლემების, ფინანსური სიდუხჭირის გამო, უცებ კონკრეტულ საქმეზე ფოკუსირება მომიხდა - ვეცადე, ფული გამომუშავებით მეშოვა (გაყიდვების სფეროში). მაშინ 20 წლის ვიყავი... სიმართლე გითხრათ, გამომუშავების საკითხებმა საკმაოდ დამღალა, რადგან საქმიან მოლაპარაკებებში დამწყები არ ვარ: ლექციებს ზუსტად ამ მიმართულებებით ვკითხულობ... საერთოდ, როდესაც ჩემს ცხოვრებაში რაღაც მარტივად ხდება, მგონია, ამ დროს განგება დამცინის (იღიმის). ასე რომ, მინდა თუ არა, სირთულეებს მაინც მივეჩვიე...
- გული გწყდებათ, რომ თქვენ მიერ არჩეული პროფესიით არ მუშაობთ?
- შეიძლება ითქვას, რომ - კი, რადგან ტელეჟურნალისტიკა ჩემთვის ძალიან საინტერესოა. თუმცა, ჩემს დღევანდელ სამუშაო სფეროზეც ვერ ვიტყვი, უინტერესოა-მეთქი, მით უმეტეს, რომ წლების განმავლობაში საკუთარი თავი ისე განვავითარე, რომ ჩემში ინვესტიცია არავის ჩაუდვია... "სადღაც" გული მწყდება, რომ ტელეჟურნალისტიკის სფეროში არ ვარ. დოსტოევსკის ფრაზას ვიტყვი: "ზოგჯერ ათ წელიწადში გამოსავლელს 1 წელიწადში გამოივლის ადამიანი"...
- რა მოხდა თქვენს ცხოვრებაში, რა სერიოზულ პრობლემებს გულისხმობთ?
- მოსწავლე ვიყავი, როდესაც მამაჩემის ავადმყოფობის შესახებ შევიტყვეთ... სკოლაში სწავლის დასრულების შემდეგ, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოუმზადებლად გავედი. პარალელურად, ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ ვიყავი, რადგან მამას მძიმე დაავადება ჰქონდა, რაც ჩემზე ზეგავლენას ახდენდა... გამოცდები ჩავაბარე... სტუდენტი ვიყავი, როცა გარდაიცვალა. ოღონდ - მის გარდაცვალებამდე უკვე ვმუშაობდი, თუმცა ძალიან აქტიური რიტმით - არა. ფაქტობრივად, მაშინ საკუთარი თავით ვმანიპულირებდი, როდესაც მომხმარებელთან თუ პოტენციურ მომხმარებელთან მოლაპარაკების რეჟიმში მყოფი თავს ვიტყუებდი: მათ ვეუბნებოდი, რომ ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან უკეთესი ნაბიჯის გადადგმაში, სწორი არჩევანის მიღებაში დავეხმარე, ამ დროს კი - ტელეფონზე მეორე ზარი შემომდიოდა - ოჯახიდან მატყობინებდნენ, რომ ჯანმრთელობის პრობლემის გამო, მამაჩემი უკვე რეანიმაციაში იყო გადაყვანილი... ჩემი თინეიჯერობის პერიოდი ასეთი სირთულეებით სავსე გახლდათ... ადამიანს ცხოვრებაში 2 ვარიანტი გაქვს: ან წააგებ და ამ ფაქტს უნდა შეეგუო, ან გამონაკლისის გარეშე, უნდა მოიგო. ბევრჯერ ვყოფილვარ მშიერი, მაძღარიც, მაგრამ მშიერის პოზიციას არასდროს დავუბრუნდები... მერე დაიწყო ჩემი კარიერული განვითარება, თუმცა სხვა გზა არც მქონდა: ან ფული უნდა მეშოვა, რომ მამა წამლებით უზრუნველმეყო, ან ის, რაც 6 წელიწადს გავწელეთ, დაჩქარდებოდა და ალბათ, მამას სიცოცხლე 1 წელიწადში დასრულდებოდა...
- ანუ მამას თქვენი დამსახურებით გაუხანგრძლივდა ცხოვრება?
- კი. ამის გამო ვარ ქუჩაში: საერთოდ, ყველაფერი გავყიდე - თბილისშიც, სამტრედიაშიც... ვალის გამო, ბანკიდან ყოველდღე რეკავდნენ... ამან ისეთი სტრესი მომაყენა, რომ დღეს ვალები რადიკალურად მეზიზღება, ვერ ვიტან (იცინის)... თუმცა, ჩემს საქციელს წამითაც არ ვნანობ.
- ოჯახის წევრებზე რას გვეტყვით?
- დედისერთა ვარ. მშობლებთან ერთად ვცხოვრობდი. ახლა დედასთან ერთად ვარ, რომელსაც 10 ქრონიკული დაავადება აქვს. ის არ მუშაობდა ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან მოყოლებული, როცა მამა ცუდად იყო, რადგან ბიჭს ზრდიდა. მისი შეხედულება ასეთი გახლდათ - "ვაჟს მეტი ყურადღება სჭირდება". საერთოდ, ჩემს მშობლებს ვემადლიერები, რომ საშუალება არ მომცეს, გზიდან გადამეხვია - ამისთვის ყველაფერს აკეთებდნენ... მერე, როცა მამა ავად გახდა, რამდენიმე წელი ისევ მუშაობდა, შემდეგ - ვეღარ შეძლო და ყველაფერი ჩემს მხრებზე გადმოვიდა... პირველი კარიერული ნაბიჯი რომ გადავდგი და მუშაობა დავიწყე, ისეთი დიდი ცხოვრებისეული სირთულე დამიდგა, მანქანაში მჯდომს მეჩვენებოდა, თითქოს გზაც დამძიმებული იყო და სამყაროს ტვირთი ზურგზე მაწვებოდა... ამან ძალიან იმუნური გამხადა. განა რა შეიძლება ჩემს ცხოვრებაში მოხდეს, რომ გამტეხოს?! ასე რომ, ყოველთვის, როდესაც ჩემ წინაშე კრიტიკულად დიდი სირთულე დგება, ვამბობ, - არ ვიკითხავ, თუ რამდენად დიდი პრობლემის წინაშე ვდგავარ, პრობლემამ იკითხოს, რადგან მე გადამეყარა-მეთქი (იღიმის)...
- თქვენი მოზარდობის პერიოდი მამის ავადმყოფობას დაემთხვა, მაგრამ ბავშვობა როგორ გარემოში გაატარეთ?
- გარკვეული სირთულეები ბავშვობის პერიოდშიც იყო, ბუნებრივია, მაგრამ მშობლებთან დაკავშირებით, ყველაფერი ძალიან კარგად მახსენდება... ამბობენ, რომ ცელქი, ჰიპერაქტიური ვიყავი, ალბათ - ავანტიურისტიც. ამოჩემებაც ძალიან მხიბლავდა: ერთხელ დედამ მერვე სართულის ფანჯრიდან "ჩამომხსნა", რადგან ვეუბნებოდი - სარეცხის თოკზე უნდა დავეკიდო-მეთქი (იცინის)... უცნაური ბავშვი ვიყავი იმ მხრივ, რომ როცა ოჯახის წევრები შინიდან გადიოდნენ, მარტო დარჩენილი სათამაშოებით არ ვერთობოდი - პერსონაჟების იმიტირებით გახლდით დაკავებული. ასევე, თაბახის ფურცლებზე "საკვანძო საკითხებს" ფოსფორისფერი ფლომასტერით ვღებავდი. დღემდე ვერ ვხსნი, ასეთი ინტერესი რატომ მქონდა. ერთხელ მშობლებს ოფისში ვყავდი მიყვანილი. იქ შევნიშნე, საქმიანი ადამიანები როგორ იქცეოდნენ და მას მერე დამჩემდა თაბახის ფურცლებითა და ფლომასტერით გართობა (იღიმის)... 10 წლისა ბიოგრაფიულ ინფორმაციებს ვეცნობოდი იმ ადამიანების შესახებ, ვინც მაინტერესებდა: ჟან-ბატისტ მოლიერი, ჯაკომო კაზანოვა, ლეონარდო და ვინჩი...
- ამჟამად სად, როგორ ცხოვრობთ?
- "ნახალოვკაში", ქირით ვცხოვრობ. ჩემს კარიერულ აღმავლობას და სირთულეებს ის მოჰყვა, რომ გავაცნობიერე: ადამიანმა მეტყველების უნარი, ტექნიკა ყოველთვის უნდა განავითარო, რადგან ერთ დღეს აუცილებლად პირს გააღებ და მხოლოდ საქართველოს კი არა, სამყაროს ეტყვი, ვინ ხარ. ბევრჯერ მითქვამს, - ადამიანების ცხოვრების შეცვლა ჩემი მორალი და მოტივია-მეთქი. ამის გამო მსურს, ძალიან ბევრი ფული ვიშოვო; ამის გამო, საკუთარ თავში მულტიმილიარდერის პოტენციალს ვხედავ; ამიტომ მაქვს მოტივი, რომ სწორი ინვესტირებები განვახორციელო და მიზნამდე მივიდე. მსურს, 30 წლამდე გავმდიდრდე, რადგან არასდროს მქონია უკეთესი განცდა, ვიდრე - ადამიანების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლისას. ამას ახლა ვაკეთებ იმით, რომ 6 წელია, მენტორი ვარ და მოლაპარაკებებისა, სიტყვის ძალის ხელოვნებაში თაობებს ვზრდი. თუკი ვინმე გაჭირვებულს ხედავ, შეგიძლია მასთან მიხვიდე და გულთბილი სიტყვებით ემოციურად გაათბო, მაგრამ თუკი შეგიძლია, კერაც მიუჩინო, ემოციურთან ერთად, ფიზიკურ სითბოსაც იგრძნობს. ამ შემთხვევაში, მოცემულობა ხომ შეიცვლება, არა? ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ყველას გვაქვს. რა რესურსსაც დედამიწას ვართმევთ, ვალდებულება გვაქვს, რომ მინიმუმ, ეს რესურსი მაინც დავუბრუნოთ მას...
- "პრაიმ ჰაუსში" მონაწილეობისას, ერთ-ერთი მონაწილე - ანანო თითქოს მეუღლემ პროექტიდან გაიყვანა, რადგან თქვენზე იეჭვიანა; სხვა მონაწილე გოგონამ - სოფიმ მოძალადედ გამოგიყვანათ, თუმცა შემდეგ სოფის მხარს უჭერდით, როცა აუტსაიდერი იყო...
- სოფიმ ბოდიში მომიხადა და მივიღე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა გვექნება: იმ ტიპის ადამიანი ვარ, ვინც შეიძლება არ მოგიტევოს, მაგრამ არასოდეს დამავიწყდება, რა გააკეთე - მეტ სიფრთხილეს გამოვიჩენ და ურთიერთობისას დისტანციას შევინარჩუნებ... ეჭვიანობის თემას რაც შეეხება, გამიკვირდა, სადამდე შეიძლება ადამიანი დაეცეს და უკადრებელი იკადროს: აღმოჩნდა, რომ პროექტის მონაწილეებს თავის გადასარჩენად სურდათ, "ცეცხლზე დავეწვი". ჩემთვის ეს პატიოსნება არაა. ადამიანურ ფაქტორს პირველ ადგილზე დავაყენებდი. იცი, ყველაზე დიდი პრობლემა რა იყო? მონაწილეები სხვის ყოფას ხშირად განიხილავდნენ, საკუთარი კი ავიწყდებოდათ. ასევე, სხვაში ყველაზე მეტად იმას ვერ იტანდნენ, რაც თავად მათში იყო. არავის აქვს უფლება, სხვისი ადამიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს, თუმცა პროექტში მყოფები ისე ჭრიდნენ და კერავდნენ, როგორც თავად სურდათ: ოღონდ საზოგადოებაში გამოჩენილიყვნენ და მზად იყვნენ, უკადრებელი ეკადრათ. მათთვის მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, პროექტს გარეთ ცხოვრებას გააგრძელებდი თუ არა... ეს ეგოიზმია... სამწუხარო სწორედ ეს არის...
ეთო ყორღანაშვილი