ქართველი ხელოვანის მიერ ესპანეთში შექმნილი ბრენდი და გალერეა, რომელიც მისი მფლობელის წარმომავლობაზე მიუთითებს
ხელოვნება და დიზაინი ბავშვობიდან იტაცებდა, ზრდასრულ ასაკში კი თავისი გატაცებების რეალიზება დაიწყო. მხატვარი, დიზაინერი, კერამიკოსი და ფოტოგრაფი მაია გრიგალაშვილი 13 წელია ესპანეთში ცხოვრობს. ხელნაკეთი ნივთების დამზადება ყოველთვის აინტერესებდა და საქართველოში ცხოვრების დროს, ამ საქმით იყო დაკავებული. მოგვიანებით, ეს გატაცება სახეცვლილი ფორმით განავითარა. ამ ეტაპზე თავისი პატარა ბრენდის ფარგლებში ქმნის კერამიკის ქანდაკებებსა და სამკაულს. ყალიბის გარეშე, თითოეულ ნივთს აქვს ბუნებრივი ანაბეჭდი, რაც მათ უნიკალურს ხდის. ამავდროულად, დიზაინერს აქვს პატარა გალერეა ბილბაოში, რომლის აბრის მიხედვით უკვე ცხადი ხდება, თუ ვინ არის მისი მფლობელი.
- წარმოშობით კახეთიდან ვარ. 1985 წელს, სიღნაღში დავიბადე და რუსთავში გავიზარდე. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე ვისწავლე. 25 წლის ვიყავი, როცა ჩემს 4 წლის გოგონასა და მეუღლესთან ერთად საქართველო დავტოვე. გერმანიაში ნათესავები გვყავს და დროებით იქ ჩავედით. იმ დროს ჩემი და უკვე ბილბაოში ცხოვრობდა და მოგვიანებით, ჩვენც ესპანეთში გადავედით და უკვე 13 წელია, აქ ვარ. შევისწავლე გრაფიკა და დიზაინი, ხოლო პანდემიის დროს, კერამიკაზე მუშაობა დავიწყე. ორი შვილი მყავს, ანა და ელენე. უმცროსი ესპანეთში დაიბადა. ბასკეთში თავს ძალიან ოჯახურად ვგრძნობ. ალბათ თქვენც იცით, რომ არსებობს მოსაზრება ქართველებისა და ბასკების ნათესაური კავშირის შესახებ. ბევრ მსგავსებას მეც ვგრძნობ.
- კერამიკაზე მუშაობა როდის და როგორ დაიწყეთ?
- ბავშვობიდან ვხატავ. რუსთავში ერთადერთი სამხატვრო სკოლა იყო, ოთხწლიანი სწავლების კურსით, სადაც შეისწავლებოდა: ხატვა, ხელოვნების ისტორია და ა.შ. ის რომ დავამთავრე, ხატვას მერეც ვაგრძელებდი და ახლაც ზეთის საღებავებით, აკვარელითა და ნახშირით ვმუშაობ. ჩემს გალერეაში ნამუშევრები დღესაც გამოფენილია, მაგრამ ალბათ გეცოდინებათ, რომ დღესდღეობით ნახატის გაყიდვა უფრო ძნელია, ვიდრე ხელნაკეთი ნივთების. როგორც გითხარით, კერამიკაზე მუშაობა პანდემიის პირველ ეტაპზე დავიწყე. ონლაინ შევიძინე პატარა, მეორადი ღუმელი და ექსპერიმენტები ჩავატარე. თავიდან სამკაული გავაკეთე. 2002 წლიდან საქართველოში „ხელოვნურ თიხაზე“ ვმუშაობდი, რომელსაც იტალიურ თიხასაც ეძახიან და ჰაერზე შრება, ღუმელი არ სჭირდება. აქსესუარებს, რომელშიც უმთავრესად ქართულ ორნამენტებს ვიყენებდი, რამდენიმე მაღაზიაში ვყიდდი, მათ შორის რუსთაველის კინოთეატრში. დღეს კი უფრო მინიმალისტურ ნამუშევრებს ვაკეთებ და ვცდილობ, ფორმებთან „ვითამაშო“. ახლა, სამკაულის შემდეგ, კერამიკული ვაზების შექმნა დავიწყე. მიყვარს, როდესაც ძიების გზით კონკრეტული ნივთის შექმნამდე მივდივარ, ასე მირჩევნია, ვიდრე ვიღაცამ ამიხსნას და ისე ვისწავლო. ვინაიდან ვიცი ფოტოების გადაღება, ვებგვერდის დიზაინისა და ლოგოს შექმნა, ჩემს ბრენდთან დაკავშირებული ნებისმიერi საკითხი თავად მოვაგვარე და ასე მოვედი 2023 წლის გაზაფხულამდე. შემდეგ უკვე ბილბაოს ძველ უბანში ვიპოვე ფართობი და 3-4 თვიანი რემონტის შემდეგ, ზაფხულში გავხსენი მაღაზია-სახელოსნო, სადაც მასტერკლასებსაც ვატარებ. ფართობს ელ-ის ფორმა აქვს, ერთ ნაწილში გალერეაა, მეორეში - სახელოსნო. კვირას და ორშაბათს არ ვმუშაობ, დანარჩენ დღეებში ღიაა. ჩემს მარკას „მემაიამე“ ჰქვია და გალერეის აბრაზე ამ სახელწოდების ქვეშ, ბანერზე ესპანურად მიწერია - „ქართველის ხელოვნება“.
ბილბაოს საკმაოდ დიდი, ტურისტული ქალაქია. გუგენჰაიმის მუზეუმს ბევრი დამთვალიერებელი სტუმრობს. არის პერიოდები, როცა ჩემი ნივთების შეძენის მსურველები არიან, ზოგჯერ ნაკლებად, ამიტომ რეგულარული შემოსავლის მიზნით, მასტერკლასებს ვატარებ და გააქტიურებას ვგეგმავ ონლაინგაყიდვების მიმართულებითაც.
- კერამიკაზე მუშაობას რა ასაკისა და ეროვნების ადამიანებს ასწავლით?
- დაინტერესებულთა შორის არიან როგორც ადგილობრივები, ისე ტურისტები. სხვადასხვა ასაკის მსურველები არიან, მყავს 25 წლის მოსწავლეც და 60 წლისაც. ასევე მრავალფეროვანი პროფესიის: ბარმენი, ექიმი, მასწავლებელი და ა.შ. ნივთი სრულყოფილებამდე რომ მიიყვანო, 2 გაკვეთილი მაინც გჭირდება.
- თიხაზე მუშაობა ერთ-ერთი კარგი თერაპიაა, საქართველოშიც არსებობს მსგავსი წრეები და მოთხოვნაც დიდია. მასტერკლასების გარდა, როგორც მითხარით, სამკაულსა და ჭურჭელზე მუშაობთ. როგორია თქვენი ხაზი და ის ვის ინტერესს იწვევს?
- სხვადასხვა კოლექციის კეთება მომწონს. ზამთარში მინდოდა ახალი პროდუქტი შემექმნა, მაგრამ გალერეის მოწყობამ იმდენად დიდი დრო და ენერგია წაიღო, ეს ვეღარ მოვახერხე. თუმცა, ვფიქრობ საგაზაფხულო კოლექციაზე. ჩემს ნივთებში ძირითადად, პასტელური ტონებია გამოყენებული. დედაჩემი მეუბნება ხოლმე, ცოტა სიცოცხლე მიეციო და ალბათ, ახლა ასეც მოვიქცევი: ყვითელს, წითელსა და ლურჯს მივანიჭებ უპირატესობას.
საერთოდ, ვცდილობ, ყველა ნივთი კონცეპტუალური და შინაარსობრივი იყოს. ერთ-ერთ კოლექციას „ბილიკი“ დავარქვი და მასში 10 ნივთი შედის: საყურე, გულსაკიდი და ა.შ. ჩემს წარმოსახვაში, ამ კოლექციაში გზაზე დამდგარი ადამიანები არიან. კოლექციის თიხით შექმნამდე, ჯერ დიზაინს ვაკეთებ, რამდენიმე ფერს ერთმანეთში ვურევ და ამის შემდეგ ვიწყებ ნივთის დამზადებას. საქართველოში მათ 2009 წლამდე ვყიდდი, მას შემდეგ ცხადია, ყველაფრის ფასმა მოიმატა, მაგრამ ზოგადად, ხელნაკეთ ნივთებსა და მასზე შრომას საზღვარგარეთ ძალიან აფასებენ. მეც, როცა ჩემი მარკის ქვეშ არსებული ნივთების რეალიზებას ვიწყებ, ვცდილობ, ჩემი დრო და კრეატივი შესაბამისად შევაფასო. ზოგი სამკაული ძალიან მარტივად და მოკლე ხანში დამზადდა, მაგრამ სანამ ამ პროცესამდე მივედი, დიდი დრო დავუთმე მის შინაარსობრივ მხარეს: რა დამერქვა, რა ფორმა მიმეცა, ფერები როგორ შემეხამებინა და ა.შ. ასე რომ, ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია. ვერ ვიტყვი, რომ დაბალი ფასები მაქვს, მაგალითად, შეიძლება ვაზა 200-300 ევროდ შევაფასო. გალერეაში მაქვს თიხის რამდენიმე ჩაიდანი, ფინჯანი, ნაძვის ხის სათამაშოც და წელს მას პირველად წარვადგენ. გალერეა 10 აგვისტოს გავხსენი და მას შემდეგ ვაწარმოებ გაყიდვების ერთგვარ სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც გამოიკვეთა, რომ ჩემი დეკორატიული ნივთების მყიდველი ძირითადად, 35-40 წელს ზევითაა. რაც შეეხება სამკაულს, მათ ყველა ასაკის მომხმარებელი ჰყავს. მაგალითად, ჩემი უფროსი გოგონა 18 წლისაა, ჩემი სამკაული მისმა მეგობრებმაც შეიძინეს და ატარებენ, მაგრამ აქ, ვიდრე საკუთარი სტაბილური შემოსავალი არ აქვთ, რთულია ასეთი ნივთები ჰქონდეთ, საჩუქრად თუ შეიძენენ ან განსაკუთრებული დღეებისთვის.
- ქართველები თუ შემოსულან თქვენს გალერეაში?
- ძალიან ბევრი. როგორც საქართველოდან, ისე ბილბაოს დასათვალიერებლად ამერიკიდან ჩამოსული ქართველები. საოცარი შეგრძნებაა. ისეთი ესპანელებიც ყოფილან, რომლებსაც საქართველოში უმოგზაურიათ და თავიანთ დადებით შთაბეჭდილებებს მიზიარებენ. ცოტა ხნის წინ გერმანელი კაცი იყო, რომელმაც თქვა, - ჩემი ცოლი ქართველია და თქვენს გალერეაში აუცილებლად მოვიყვანო.
- ალბათ, სამუდამოდ ესპანეთში დარჩებით. როგორია თქვენი ოჯახის დღევანდელობა და გოგონები რა პროფესიებისკენ არიან მიდრეკილი?
- დიახ, ესპანეთში დარჩენას ვაპირებ. ჩემი შვილების მამას გაშორებული ვარ. დღესდღეობით მყავს ბასკი მეუღლე. ის წლების განმავლობაში ბიზნესის სფეროში მუშაობდა, 2 წლის წინ კი გადაწყვიტა, რომ ოფისში ყოფნა აღარ უნდოდა და ახლა მებაღეა. სახლთან ჩვენი ბაღიც გვაქვს, სადაც ბოსტნეული მოგვყავს. რაც შეეხება ჩემი გოგონების ინტერესებს, უფროსი იურიდიულზე სწავლობს, ხოლო უმცროსი ახლახან 11 წლის გახდა, მოდა აინტერესებს, კრეატიულია და ვფიქრობ, ის ხელოვნების მიმართულებით „წავა“, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს (იღიმის).
ანა კალანდაძე