მარია გიორგობიანის პირველი მთავარი როლი და სერიალი, რომელიც რეალურ პრობლემებს ასახავს - გზაპრესი

მარია გიორგობიანის პირველი მთავარი როლი და სერიალი, რომელიც რეალურ პრობლემებს ასახავს

ორი თვეა, რაც "იუთუბ"-სივრცეში ახალი ქართული სერიალი "რიო გრანდე" გამოჩნდა, რომლის რეჟისორიც თენგო მეგრელიშვილია. სერიალში მთავარ როლს თამაშობენ: მარია გიორგობიანი, ზურა ნიჟარაძე, დუტა სხირტლაძე, ლაშა გურგენიძე, მარიამ ნადირაძე, გიორგი კალანდარიშვილი და სხვა. ფინანსური კრიზისი ოჯახში, ტოქსიკური მშობელი, რომელიც შვილს დამოუკიდებლობის საშუალებას არ აძლევს, რუსების გამო გაძვირებული ბინები, ოჯახური კონფლიქტები და დასაქმების პრობლემა, რაც საბოლოოდ სურვილს გიჩენს, რიო გრანდეს გავლით, სამუშაოდ ამერიკაში წახვიდე - ეს ის ძირითადი პრობლემებია, რომლის გარშემოც სერიალი ვითარდება. ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი მარია გიორგობიანია, რომელიც თავის როლსა და სერიალზე ვრცლად გვესაუბრა.

- დიდი ხანი არ არის, რაც "რიო გრანდე" "იუთუბზე" გამოჩნდა, თუმცა სოციალურ ქსელებში დიდი უკვე გამოხმაურება და მოწონება დაიმსახურა. რა არის ამის მიზეზი?

- სერიალი ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს, ბევრი ადამიანი აქ იმ სურათს ხედავს, რომელიც მათი პრობლემების მსგავსი ან იდენტურია. მაგალითად, მუდმივად განხილვის საგანია "ჩემი" და "ჩემი მეუღლის", რეზოს ურთიერთობა. ის პროფესიით მასწავლებელია, რომელიც იძულებული გახდა კურიერი გამხდარიყო. მუშაობის დროს შეხვდა თავის ძველ მოსწავლეს, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა და დასცინა, რის გამოც რეზო გადაწყვეტს, ამერიკაში წავიდეს. სურვილს ცოლს - თათას გაუმხელს, რომელიც რეზოს ამერიკაში წასვლის წინააღმდეგია...

რეზო 24 საათი მუშაობს, ფულს წასასვლელად აგროვებს და სახლში მუდამ ხელცარიელი ბრუნდება. შესაბამისად, ჩნდება ბევრი ფინანსური პრობლემა. რეზო იტყუება და თათაც სრულ გაუგებრობაშია. ეს და კიდევ სხვა სიტუაცია ბევრი ადამიანისთვის ნაცნობი და რეალურია. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ პოვა სერიალმა დიდი გამოხმაურება.

- სერიალში თათა ველთაურს განასახიერებთ. როგორც მოგწონთ ეს პერსონაჟი?

- თათა საინტერესო ქალია, პირველ რიგში კი მეგობრული და ერთგული ცოლი. მისი ხასიათი, რომ არასდროს ნებდება და ბრძოლისუნარიანია, ჩემს ხასიათთან ახლოსაა. თუმცა, ჩემსა და თათას შორის რადიკალური განსხვავებებიც არის. მაგალითად, მე არ ვარ მისნაირი მოჩხუბარი და ფეთქებადი. არის საკითხები, რომელშიც მას არ ვეთანხმები: 15 წელია გათხოვილია და დაოჯახების დღიდან არ მუშაობს, რადგან ეს რეზოს არ სურს. ჩემთვის მსგავსი რამ მიუღებელია. მხოლოდ ბოლოს, როცა ფინანსურად ძალიან უჭირთ, თათა დიზაინერობას უბრუნდება და მცირე ბიზნესს წარმატებულად იწყებს. ჩემთვის საინტერესოა ისეთი როლის მორგება, რომელიც არ მგავს. თათას როლზე ბევრს ვმუშაობ, არა როგორც მარია, არამედ კონცენტრირებული ვარ იმაზე, რას იზამდა თათა, რას იფიქრებდა, როგორ მოიქცეოდა?..

- იმდენად კარგად იცნობთ მას, რომ ცდილობთ განსაზღვროთ, ამა თუ იმ სიტუაციაში როგორ მოიქცეოდა?

- თათას ფსიქოტიპაჟი კარგად შევისწავლე. მაქვს რვეული, სადაც ამ პერსონაჟზე ბევრს ვწერ: ვინ არის, რას აკეთებს, რა უნდა, რა მოსწონს და ეს მეხმარება, რომ თათა და მარია ერთმანეთისგან გავმიჯნო, პერსონაჟი ბოლომდე შევისისხლხორცო. სერიალში თამაშის დროს არის მომენტები, როცა მინდა მარია ჩავრთო, რადგან რაღაც საკითხებზე პროტესტის გრძნობა მიჩნდება (იცინის).

- თათას მიმართ ხალხის უარყოფით კომენტარებზე თქვენი რეაქცია როგორია?

- ვბრაზდები (იცინის). თითქოს არ უნდათ, რომ მთავარი თემა დაინახონ. რეზო იტყუება, ამდენი წელი თათას მუშაობის საშუალებას არ აძლევდა, უმალავს, რომ ამერიკაში აპირებს წასვლას და ამ ყველაფერს ხალხი აიგნორებს. ხშირად ჩემი პირადი პროფილიდანაც ვპასუხობ კომენტარებს...

- სერიალში ბევრი მწვავე პრობლემაა წამოჭრილი. თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, კიდეც რომელ პრობლემას შეეხებოდით?

- ბავშვებთან დაკავშირებულ თემას. მაგალითად, სერიალში თათას და რეზოს ორი შვილი ჰყავთ, მათი გოგო ელენე ფეხბურთელია. ალბათ იმაზეც გავაკეთებდი აქცენტს, რა რთულია გოგო ფეხბურთელისთვის რაღაც ეტაპების გავლა კარიერის მხრივ. აქცენტს გავაკეთებდი ბულინგზეც, სკოლის კარგ და ცუდ გამოცდილებებზე, ასევე, შვილების ემოციურ მდგომარეობაზე ისეთ ოჯახებში, სადაც მუდამ ფულის გამოა კამათი და დაპირისპირება.

- როდესაც სერიალის ახალი ეპიზოდი გამოდის და უყურებთ, თქვენს თამაშს თუ უკეთებთ შეფასებას, ანალიზს?

- ერთი სული მაქვს ხოლმე, როდის აიტვირთება ახალი ეპიზოდი. ძალიან კრიტიკული ვარ და ეს მეხმარება გავაუმჯობესო კონკრეტული საკითხები. არასდროს ვამბობ: "ძალიან კარგად ვითამაშე", მაგრამ ამას სხვა რომ მეუბნება, მიხარია. თითოეულ სერიას რამდენჯერმე ვუყურებ, ეს ჩემთვის სწავლის ნაწილია - ვნახო და შევაფასო რა მომწონს და რა - არა.

- სერიალში თქვენი მეუღლის როლს ზურა ნიჟარაძე თამაშობს. როგორი პარტნიორია?

- ამაში ძალიან გამიმართლა. ზურა მხარში ამომიდგა, ძალიან დადებითი აურა აქვს, ხალისიანი ადამიანია... ზუსტად ვიცი, მის ადგილას სხვა რომ ყოფილიყო, ბევრ რამეს ვერ შევძლებდი. უკვე მენატრება - ორი კვირაა, რაც პირველი სეზონის გადაღებებს მოვრჩით.

img-5433-1704044370.jpg

- როგორ შეცვალა სერიალმა თქვენი ცხოვრება?

- როცა სახლში რაღაცას ვიძახებ და კურიერები მოდიან, მცნობენ, ეცინებათ, მეც მეცინება - სასიამოვნო ინტერაქცია გვაქვს (იცინის). ყველაზე მეტად ჩემი მეგობრების, ახლობლების დადებითი შეფასება მახარებს. გარდა ამისა, მარიამ ნადირაძეს, რომელიც სერიალშიც ჩემი მეგობარია, გადაღების დაწყებამდეც ვიცნობდი, მაგრამ კონტაქტი არ გვქონია. "რიო გრანდემ" მარიამის სახით ახალი მეგობარი შემძინა. საერთო სცენები ძალიან გვახარებს.

- როგორც ვიცი, "რიო გრანდე" არ არის პირველი სერიალი, სადაც თამაშობთ.

- არა, მითამაშია სერიალებში "იდეალური დედა" და "ჩემი ცოლის დაქალების" მე-5 და მე-6 სეზონში, თუმცა, "რიო გრანდე" პირველი სერიალია, სადაც მთავარი როლი მაქვს. ასევე გადამიღეს ფილმში "ტატამი", რომელზეც გაი ნატივმა და ელჰამ ერფანმა საქართველოში იმუშავეს.

- მსახიობობა სულ გინდოდათ?

- ბავშვობიდან, მაგრამ ისე მოხდა, რომ "სამართალზე" ჩავაბარე. საქართველოში სწავლა დავამთავრე თუ არა, ნიუ-იორკში წავედი და Aცტინგ ფორ ფილმ-ზე ვისწავლე, სადაც ორი განხრა იყო, ფილმი და თეატრი. მე საკუთარ თავს, როგორც თეატრის მსახიობს, ვერ ვხედავ. ბევრი მასტერკლასი და გადამზადება გავიარე სხვადასხვა დროს, კასტინგებზე სიარულიც მიყვარს, რადგან ტონუსში მამყოფებს. მსახიობობა რთულია, მაგრამ მთავარია, რამდენად გინდა, რამდენად გიყვარს შენი საქმე. რთულია, მაგრამ არ უნდა დანებდე - ბანალურად ჟღერს, მაგრამ ასეა. ნიუ-იორკიდან რომ ჩამოვედი, ყველას გავაცანი ჩემი თავი, შევეხმიანე. ვიღაცები მენდვნენ და მაგალითად, გიორგი ნაზარიშვილმა "ჩემი ცოლის დაქალებში" როლი მომცა. გადაღებების პროცესი ჩემთვის იმდენად სასიამოვნოა, რომ მალე თუ სრულდება, გული მწყდება.

- რომელ ფილმში ან სერიალში ითამაშებდით დიდი სიამოვნებით?

- აი, "ლა ლა ლენდში" მთელი გულით ვითამაშებდი, "უცნაურ ამბებში" ილევენის როლს მოვირგებდი, "ვარსკვლავურ ომებში" პრინცესა ლეიას და "მოკალი ბილიში" - უმა თურმანის მიერ განსახიერებულ პერსონაჟს. ბოროტი როლის მორგებაც ძალიან მინდა. მაინტერესებს ბოროტი, საზიზღარი ქალის თამაში როგორ გამომივა (იცინის). კინოში, თეატრისგან განსხვავებით, სწორედ ეს მომწონს: ერთ დღეს ხარ აგენტი, მეორე დღეს უბრალოდ ცოლი, მკვლელი ან ექიმი.

მარიამ მერლანი