"სამედიცინო უნივერსიტეტში მოუმზადებლად ჩავაბარე" - გზაპრესი

"სამედიცინო უნივერსიტეტში მოუმზადებლად ჩავაბარე"

ვიქტორია (ვიკი) ბარბაქაძე მაყურებლებმა "პრაიმ ჰაუსიდან" გაიცნეს. ის პროექტში რამდენიმე ბიჭის რომანტიკული გრძნობების ობიექტიც გახლდათ... ვიქტორიას ცხოვრების საინტერესო დეტალების შესახებ საზოგადოებამ ბევრი რამ არ იცის...

ქართველები ახალი წლის დღესასწაულს ორჯერ აღვნიშნავთ, მაგრამ ამჯერად ვიკიმ ყველას დაგვასწრო და "პრაიმ ჰაუსში" ყოფნისას, ჯერ კიდევ მზიან ოქტომბერში, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებული წვეულება გამართა...

- ახალი წელი ჩემი საყვარელი დღესასწაულია. ამის ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს, მაგრამ ბავშვობაში, ხაშურში ყოფნისას, ახალი წლისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით: ყველანი ვფუსფუსებდით, წინასწარ ვწერდით, რა უნდა მოგვეტანა... ამიტომ, როცა ახალ წელზე ვფიქრობ, ის ძველი ემოციები მიახლდება, ყველანი ერთად რომ ვრთავდით სახლს, ეზოს, ვამზადებდით კერძებს (საახალწლო მენიუ განსაკუთრებული იყო)... ეს ყველაფერი ბავშვობის ემოციებს უკავშირდება. ამიტომ ყოველთვის სითბოთი ვივსები... ახლაც, როცა უკვე დეკემბერი იწყება, ვგრძნობ - ქალაქში ახალი წლის სურნელი ტრიალებს, ცოტათი სუსხიანი ამინდია, დავდივარ და საახალწლო განათებებს ყურებამდე გაღიმებული ვუყურებ... ბავშვობა ხაშურში გავატარე. ახალი წელი ოჯახის შეკრების მიზეზი იყო. მეზობლებიც ჩვენთან მოდიოდნენ. მოგეხსენებათ, ხაშურში კერძო სახლებია. სამეზობლო, ვინც ერთმანეთის მოპირდაპირედ ვცხოვრობდით, მართლა ერთი დიდი ოჯახივით ვიყავით. ზუსტად ამიტომ, ძალიან მიყვარს შეკრებები (თუნდაც მეგობრული, ნათესაური, ოჯახური), დიდი სუფრა, რაღაცების ერთად აღნიშვნა, კომუნიკაცია... ამიტომაც, შუა ოქტომბერში, პროექტში "ბოსობის" პერიოდში გადავწყვიტე, ჩემი საყვარელი დღესასწაული მომეწყო. ისიც ვთქვი, - სანამ მონაწილეების უმეტესობა აქ ვართ, მინდა ახალი წლის დღესასწაული ერთად გავიზიაროთ-მეთქი. ეს იდეა მოიწონეს. როცა ამას უკვე პროექტის წარმომადგენლებთან ვათანხმებდი, ცოტათი სკეპტიკურად განეწყვნენ - ისე არ მოხდეს, რომ უბრალოდ, ეს ყველაფერი სასაცილო იყოს ან ახლა, შუა ოქტომბერში, საახალწლო დღესასწაულისთვის საჭირო რესურსი არ გვქონდეს და კარგად ვერ მოეწყოსო. - არ მაინტერესებს, ყველაფერს თავად გავაკეთებ, მოვრთავ და მაინც ის იქნება, რაც მინდა-მეთქი, - ვუთხარი, რადგან როცა ახალ წელზე ვფიქრობ, თვალები ბავშვივით მიბრწყინავს. თან, მაშინვე აღვნიშნე, - არ ვიცი, ნამდვილ ახალ წელს პროექტში ვიქნები თუ არა-მეთქი... ეკრანიდან ვერ დაინახავდით, მაგრამ სახლში თითქოს მართლა ახალი წელი იყო, საამისო განწყობა მართლა შეიქმნა. ხალხი ერთმანეთს ულოცავდა, შუშხუნები ანთებული გვქონდა, 12 საათის დადგომამდე 10 წამიც ავითვალეთ... ყველამ თქვა, რომ ოქტომბერში მართლა ახალი წელი მოვიყვანე (იღიმის). ვფიქრობ, ჩემი "ბოსობის" პერიოდში, ყველაზე კარგი გადაწყვეტილება ეს იყო... საერთოდ, ახალი წლის აღნიშვნას წინასწარ არ ვგეგმავ. დიდი სურვილი მაქვს, ცოტათი მყუდრო გარემოში, ბევრი მეგობარი ერთად ვიყოთ, მაგრამ მოგეხსენებათ, ყველას თავისი გეგმა აქვს, ოჯახი ჰყავს, ამიტომ ერთად შეხვედრა ხან ხერხდება, ხან - ვერა... რაკი ახალი წელია, სტერეოტიპულად, ადამიანი გულში სურვილს მაინც ჩაიფიქრებ ხოლმე, მაგრამ ბავშვობაში, ბებიაჩემი ტრადიციულად, ასე გვაკეთებინებდა: 12 საათის შესრულებამდე სურვილები ფურცელზე უნდა დაგვეწერა. როგორც კი 12 შესრულდებოდა, უნდა დაგვეწვა, შამპანურში ჩაგვეყარა და დაგველია (იცინის). ძალიან კი ვხალისობდი, მაგრამ სურვილების ახდენის ამ რიტუალის მაშინაც არ მჯეროდა, მაგრამ ბებიას ხათრით მთელი ოჯახი ამას ვაკეთებდით...

ბავშვობაში ჩემთან თოვლის ბაბუაც მოდიოდა. ბალიშის ქვეშ თოჯინები და სხვადასხვა საჩუქარი მხვდებოდა. შემდეგ მეუბნებოდნენ, - თოვლის ბაბუამ მოგიტანაო, მაგრამ ვიქტორია იმის ქალი იყო, რომ ოდესმე თოვლის ბაბუის არსებობის დაეჯერებინა (იცინის)?! კი, ძალიან მიხაროდა და მადლიერი ვიყავი, რომ ყოველ წელს, ჩემზე ასე ზრუნავდნენ და ახალი წლის ღამეს ბალიშის ქვეშ საჩუქრებს მახვედრებდნენ... როგორც "პრაიმ ჰაუსში" "მივიტანე" უდროო დროს ახალი წელი, ასევე, სადაც კი მივდივარ, დეკემბრის დასაწყისიდანვე ახალი წლის აურა მიმაქვს. მაგალითად, ახალი წლის დღესასწაულამდე ბევრად ადრე, "პრაიმ ჰაუსის" ერთ-ერთ მონაწილესთან - ანანოსთან სტუმრად ვიყავი. ახალი წლის შესახებ ისეთი ენთუზიაზმით ვსაუბრობდი, რომ ბოლოს ნაძვის ხე ამოვიტანეთ და მოვრთეთ (იცინის)...

- პროექტის დატოვების შემდეგ, თავს როგორ გრძნობ?

- რაც პროექტიდან გამოვედი, სოციალურ ქსელში "ლაივებს" ვრთავ, საიდანაც ხალხმა სხვა კუთხით გამიცნო. მათგან დიდ სიყვარულს ვიღებ. რეალითი შოუში ჩემი გულშემატკივრები ხედავდნენ, როგორი ტიპის ადამიანი ვიყავი, მაგრამ ახლა "ჰეითერები" და სხვისი გულშემატკივრებიც ამბობენ, - ვიკიში ადამიანობა დავინახეთ. გოგო არ გაბოროტებულა. ამდენი რესურსი ჰქონდა, რომლის სათავისოდ გამოყენებაც შეეძლო, მაგრამ პირიქით - სხვაზე იმუშავაო... ხალხისგან ასეთ დიდ სიყვარულს თავადაც არ ველოდი, რადგან ვიცი, თუნდაც ჩემი ხასიათი ბევრისთვის მიუღებელია, მაგრამ "ლაივების", ხალხთან უშუალო კომუნიკაციის გამო, ყოველდღიურად გულთბილ მესიჯებს ვიღებ. ამიტომ კარგად ვარ. საკუთარი თავის რეალიზაცია ახლა უფრო დავიწყე, რადგან "პრაიმ ჰაუსის" 1-საათიან გადაცემაში ხალხი კარგად მაინც ვერ გხედავს - შენი არ ესმის. "ლაივებში" ისეთი დამინახეს, როგორიც ვარ. არსებობს ჰეშთეგები: "დააბრუნეთ ვიქტორია", "დააბრუნეთ ჯულიეტაო" (იცინის)... ეს ისეთი დიდი სიხარულია, რომელსაც არ ველოდი.

- პროექტში მონაწილეობისას შენი მიზანი რა იყო? მოსაგებად არ შესულხარ?

- უი, არა!.. მოსაგებად მართლა არ შევსულვარ. საერთოდ, ბავშვობიდან მინდოდა, გარკვეულწილად ცნობილი ვყოფილიყავი. მოსწავლეობისას, 1 წლის განმავლობაში, ბებია გოგა პიპინაშვილთან თეატრალურ სტუდიაში ძალდატანებით მატარებდა. იქ ვხვდებოდი, რომ სპექტაკლები, სცენა, პერსონაჟების განსახიერება "ჩემი" არ იყო. ახალგაზრდულ სერიალებში ან ფილმში მონაწილეობა, ტელეეკრანზე გამოჩენა მინდოდა. "პრაიმ ჰაუსის" წარმომადგენლებმა რომ მომწერეს, ვიფიქრე, - რატომაც არა-მეთქი? თან, ყველა მეუბნებოდა, - "პრაიმ ჰაუსის" ტიპი ხარ, უეჭველად პროექტში უნდა იყოო. მონაწილეობის უამრავი მსურველი იყო, მე კი პროექტიდან თავად მომწერეს და ამით "დავიკერე" (იცინის): ვიფიქრე - უამრავ ადამიანს შორის შემარჩიეს, ე.ი. ჩემში რაღაც არის - ხალხს გავეცნობი-მეთქი - მიზანი ეს იყო. მოგებას სხვა რესურსები, ხალხზე თამაში სჭირდება, მე კი პროექტში ის ვიყავი, ვინც სინამდვილეში ვარ, ამით ნამდვილად ვერ მოვიგებდი.

- როგორ ფიქრობ, რატომ შეგარჩიეს "პრაიმ ჰაუსისთვის"?

- სავარაუდოდ იმიტომ, რომ საერთოდ, ძალიან უშუალო, თავისუფალი ვარ. თან, მაშინვე "იუმორში შესვლა" მიყვარს, ოღონდ - ეს ჩემი იუმორი სარკასტული, შავი, ირონიულიც არის. მგონია, პროექტის წარმომადგენლებმა ეს დაინახეს: მართლა ის ვიყავი, ვინც ვარ - ლაღი, თავისუფალი. თან, სხვას ვეღადავები, "ვეშპილკავები"... - "მოხულიგნო" გოგო ხარო, - მითხრეს (იცინის). საკუთარი თავი ასე არ წარმომიჩენია, მაგრამ ასეთი ტიპის ადამიანად დამინახეს, რა.

- პროექტში მონაწილე "შენი" 3 ბიჭიდან რომელიმეს მიმართ რეალური რომანტიკული გრძნობები თუ გაქვს?

- საერთოდ, ყველას ნაზღაიძე ჯობია (იცინის)!.. 3 ბიჭიდან ბოლოს მართლა ისე აღმოჩნდა, რომ ემოციურად ყველაზე ახლოს გიორგი პაპავასთან ვიყავი - უბრალოდ, მის გვერდით დგომა მინდოდა, რადგან ცოტათი უსამართლობის შეგრძნებაც დამეუფლა: კი, ყველაფერი მან გამოიწვია, მაგრამ მაინც მსურდა, მის გვერდით ვმდგარიყავი. ბოლო 2 დღე ირიბად ვმუშაობდი, რომ მის მიმართ "ჰეითი" გამომესწორებინა. საერთოდ, ამას პროექტშიც ვაკეთებდი, მაგრამ იქ ამის დანახვა უჭირდათ - ეგონათ ვთამაშობდი, ვმანიპულირებდი, ვიყენებდი...

- პროექტში მონაწილეობისას, თითქოს მოძალადედაც გამოგიყვანეს, როცა გიორგი პაპავას კისერზე ხელი წაუჭირე...

- პროექტში ხან მოძალადე "ვიყავი", ხან - სექსუალურად ვავიწროებდი სხვას (იცინის). იქ ასე ხდება: თითიდან გამოწოვილი ამბის გამო, რაღაცებს მოგაწერენ - სურთ, ხალხამდე სხვაგვარად მიიტანონ, რადგან მიიჩნევენ, რომ ამით "გადიან" შოუში... იცი, ჩემი ისეთი რეაქცია განსაკუთრებულად რამ გამოიწვია? ვერ ვიტან, როცა რაღაცას მაბრალებენ. პლუს, ბებიაჩემი ანერვიულებული იყო...

- მსგავსი შემთხვევა რეალურ ცხოვრებაში გქონია?

- ზუსტად ასე, ფიზიკური შეხებით - არა, მაგრამ ჩემს წინა ურთიერთობაში წონასწორობიდან გამოვსულვარ, რადგან რაღაც მბრალდებოდა. მთელი ამბავი ეგ არის: ამ დონემდე რომ მივიდე, რაღაც უნდა დამაბრალო. მით უმეტეს, ადამიანი, რომელთანაც ემოციური კავშირი მაქვს, მიცნობს და ჩემ შესახებ ისეთ რაღაცას ამბობს, რაც რეალობას არ შეესაბამება, უსამართლობის შეგრძნება მიჩნდება. წონასწორობის დაკარგვის მხოლოდ 1 შემთხვევა მახსოვს.

- წინა ურთიერთობაში თქვენი დაშორების მიზეზი ეს იყო?

- არა, არა!.. გარკვეულწილად, მართლა ტოქსიკური ვარ და მგონი, ასეთი ურთიერთობები მიზიდავს... წონასწორობის დაკარგვას რაც შეეხება, პირიქით - ურთიერთობაში ასეთი რაღაცები სულ სხვაგვარად არის - უფრო სექსუალურია (იცინის). ამას ძალადობად ვერ აღიქვამ, როცა წყვილში ხარ და ემოციური კავშირი გაქვთ, მსგავსი კინკლაობა უფრო გაახლოებთ...

- როგორც ვიცი, უდედოდ გაიზარდე. შენს ბავშვობაზე მოგვიყევი...

- რეალურად, ვერ ვიტყვი, ბავშვობა მშობლებთან ერთად გავატარე-მეთქი. არც ერთ მშობელთან არ მქონია კომუნიკაცია: ან ბებიებთან ვიყავი (ხან - დედის მხარეს, ხან - მამის), ან - ნათესავებთან. მეოთხე კლასამდე საერთოდ, პაპიდასთან და მის შვილებთან, გორის რაიონში ვიზრდებოდი.

- ამის მიზეზი რა იყო?

- მამა დაკავებული იყო, დედა არ მყავდა. ვისაც როგორ შეეძლო, ისე მზრდიდა. კონკრეტულად, 1 ადამიანთან არ გავზრდილვარ... დედა 5 წლიდან არ მყავს. მასთან ერთად ბევრი დროც არ გაგვიტარებია, რადგან მე ხაშურში, ბებიასთან ვიყავი, დედა თბილისში იყო, რომ ემუშავა და ჩვენთვის მოეხედა.

- მშობლები ერთად არ ცხოვრობდნენ?

- არა, დაშორებულები იყვნენ. დაშორების მერე, დედა სხვა ადამიანთან იყო. ნახევარდაც მყავს.

- დღეს მამასთან კონტაქტი გაქვს?

- კი. საქართველოში ახლახან დაბრუნდა. კარგი ურთიერთობა გვაქვს.

- პროექტში მონაწილეობისას, ბებია გგულშემატკივრობდა, რომელმაც შენ შესახებ აღნიშნა, შვილივით გავზარდეო...

- ეს მამის დედა გახლავთ... პირველ კლასამდე ხაშურში ვცხოვრობდი, შემდეგ - გორის რაიონში, პაპიდასთან, მეხუთე კლასიდან კი თბილისში, მამის დედასთან ვიზრდებოდი.

- ახლა დამოუკიდებლად ცხოვრებას როგორ ართმევ თავს?

- ყოველთვის ძალიან დამოუკიდებელი ვიყავი. მსურდა, საკუთარი თავი ცხოვრებაში "წინ წამეწია", არასდროს არავის დახმარებას არ ვიღებდი. მინდოდა, ყველაფრისთვის მარტოს მიმეღწია. საკუთარ თავზე მეტად, არავის იმედი არ მაქვს. ძალიან "სოლო ვიქტორია" ვარ...

414606454-6864991630215660-1724145218072676833-n-1704184816.jpg

- რა პროფესიის ხარ?

- სკოლის დამთავრების შემდეგ სამედიცინო უნივერსიტეტში ისე ჩავაბარე, რომ არც მოვმზადებულვარ, ოღონდ - სწავლა ბოლომდე არ მიმიყვანია (2 წელი ვისწავლე). საერთოდ, სკოლის დამთავრებისას რთული პერიოდი მქონდა. სახლიდან წამოვედი კიდეც, ვიჩხუბე... შემდეგ უბრალოდ, დავჯექი, რაღაცები ვიმეცადინე და გამოცდებზე გავედი. ჩემი კლასელები გამოცდებისთვის ემზადებოდნენ, მე კი არანაირი ხელშეწყობა არ მქონია. თავად მოვემზადე და გამოცდებზე გავედი - რაც იქნება, იქნება-მეთქი... სამედიცინო უნივერსიტეტში რომ მოვხვდი, ამას ნათესავებისგან დიდი ამბავი მოჰყვა, - ყველაფერი მარტომ შეძლოო...

- სახლიდან წამოსული სად ცხოვრობდი?

- ჯერ დეიდასთან ვიყავი. მაშინ მეორე ბებია ცოცხალი იყო და მასთან წასვლას ვაპირებდი, მაგრამ დეიდამ მითხრა, - ჩვენთან იქნებიო. მე და ჩემს საყვარელ დეიდაშვილს ბავშვობიდან ოცნებად გვქონდა, ერთად გვეცხოვრა და იმ პერიოდში ეს ოცნება ავიხდინე. გვერდში დამიდგნენ. საერთოდ არ მიგრძნია, რომ სხვა ოჯახში ვიყავი. 1 წელი მათთან გავატარე, მეორე წელი - ბიძასთან (დედაჩემის ძმა) და ბიცოლასთან. მათთანაც ოჯახის წევრად ვგრძნობდი თავს...

- სწავლა ბოლომდე რატომ არ მიიყვანე?

- მოგეხსენებათ, სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლა ძალიან საპასუხისმგებლო ამბავია. დილის 9 საათიდან საღამოს 6-მდე უნივერსიტეტში ვიყავი, შინ დაბრუნებული ღამეებს ვათენებდი, რომ უზარმაზარი მასალა მესწავლა, დილის 9-ზე კი ისევ უნივერსიტეტში უნდა ვყოფილიყავი. ვერ ვახერხებდი, რომ სწავლასთან ერთად, მემუშავა კიდეც. ამიტომ ბოლოს ვარჩიე, რომ უბრალოდ, მემუშავა... ამ გადაწყვეტილების მიღებისას მუშაობა მთავარი მიზეზი იყო, მაგრამ იმ პერიოდში შეყვარებული მყავდა, რომელიც 1 წელზე მეტხანს ისრაელის ჯარში იყო, მას ველოდი. ქორწილსაც კი ვგეგმავდით... მასთან დაშორების ემოციურ ფონზე, მუშაობას, სწავლას (თან, სახლიდან წამოსული ვიყავი) ვერ ვათავსებდი. სულ მარტო ვიყავი, არავის იმედად... საფიქრალი მქონდა, საკუთარი თავისთვის მიმეხედა, რომ რაღაცნაირად, ეს ცხოვრება გამეტანა. ჰოდა, სტუდენტის სტატუსი შევიჩერე... ნახევარი სემესტრის შემდეგ, სწავლა გავაგრძელე, მაგრამ მივხვდი, რომ უბრალოდ, "ვეღარ მივდიოდი", რა. გადავწყვიტე, სწავლას ცოტა ხნით გვერდზე გადამედო და როგორც ამბობენ ხოლმე, - გადადებული საქმე ეშმაკისააო...

- ახლა რას საქმიანობ?

- ბავშვობიდანვე რამდენიმე საქმე მაინტერესებდა და ერთ-ერთი ბარმენობა იყო. 2 წლის წინ გადავდგი ეს ნაბიჯი და ბარმენობა ვისწავლე. სხვადასხვა ადგილას ვმუშაობდი. შემდეგ ერთ-ერთი კაფის მენეჯერობა შემომთავაზეს და პროექტში შესვლამდე, ბარმენობის პარალელურად კაფეს მენეჯერადაც ვმუშაობდი.

ეთო ყორღანაშვილი