მირიან შველიძე - სცენოგრაფიის ჩუმი ჯადოქარი - გზაპრესი

მირიან შველიძე - სცენოგრაფიის ჩუმი ჯადოქარი

რუსთაველის ეროვნულ თეატრში მისი სამუშაო ოთახი და მაგიდა თითქმის ისევე ხელშეუხებელია, როგორც მის სიცოცხლეში იყო. გაიფიქრებ, ალბათ ახლახან დერეფანში გავიდა ან სახელოსნოშია და იქ მუშაობს დეკორაციებზეო... რუსთაველის თეატრში მისი პირველი სპექტაკლი "ყვარყვარე" იყო და მას შემდეგ ამ შენობაში იმაზე მეტ დროს ატარებდა, ვიდრე შინ. მიუხედავად იმისა, რომ მირიან შველიძე XX საუკუნის 70-იან წლების თეატრის სხვა მხატვრებთან ერთად, ახალი ქართული სცენოგრაფიის შემოქმედად ითვლება, საჯაროობა და დიდი გამოფენები არ უყვარდა, ყოველდღიურ რეჟიმში ჩუმად, მშვიდად, თავდადებით, დაკვირვებით, პასუხისმგებლობით აკეთებდა იმ საქმეს, რაც იცოდა და ეჭვგარეშეა, კარგადაც გამოსდიოდა...

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 2023 წლის 22 დეკემბერს გაიხსნა და 2024 წლის 28 იანვრის ჩათვლით გასტანს ფერმწერისა და სცენოგრაფის, მირიან შველიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა. კონცეპტუალური ხასიათის რეტროსპექტივა, სახელწოდებით "მირო", მხატვრის შემოქმედების სამ მთავარ მიმართულებას აერთიანებს: დაზგური ფერწერა, კედლის მხატვრობა და სცენოგრაფია.

1975 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე, მირიან შველიძე რუსთაველის ეროვნული თეატრის მთავარი მხატვარი იყო. მან შექმნა სცენოგრაფია რობერტ სტურუას ისეთი საეტაპო სპექტაკლებისთვის, როგორიცაა: "რიჩარდ მესამე", "მეფე ლირი", "მაკბეტი", "ლამარა", "კაცია-ადამიანი?!" "დარისპანის გასაჭირი", "მარია კალასი. გაკვეთილი" და სხვა. მხატვარი სხვადასხვა წელს თანამშრომლობდა კოტე მარჯანიშვილის, გორის გიორგი ერისთავის, ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის და თავისუფალ თეატრებთან. ასევე შექმნა სცენოგრაფია სპექტაკლებისთვის თურქეთში, საბერძნეთსა და ისრაელში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წლის 15 დეკემბერს თავისუფალ თეატრში ხელოვანის მუდმივმოქმედი მუზეუმი გაიხსნა.

რეჟისორ, გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ ნიკოლოზ ჰაინე-შველიძესთან ერთად, ჯერ მამამისის სამუშაო ოთახი დავათვალიერეთ, შემდეგ კი დეკორატორთა სახელოსნოში გადავინაცვლეთ.

4-1704700684.jpg

- ნიკა, როცა ოჯახის წევრი იმ ქვეყნად მიდის, სხვადასხვა მოგონება გვრჩება. რა არის ის პირველი ეპიზოდი, რაც მამასთან დაკავშირებით გახსენდება?

- მირიანთან დაკავშირებით, "წასვლა" ცოტა რთული სათქმელია. ის არ ყოფილა ისეთი მამა, რომელიც დროს შვილებთან ატარებდა, რადგან სულ თეატრში იყო. ბავშვობაში ზეიმად მქონდა, როცა მე და დედა თეატრში მოვიდოდით და მას იქ ვნახავდი. გავიდა წლები და ერთად მუშაობა დავიწყეთ, ერთმანეთს შევეჩვიეთ. მგონია, მხატვარი როცა მიდის, სიცარიელეს არ ტოვებს და ახლაც მის ოთახსა და სახელოსნოში, მისი ნამუშევრების გარემოცვაში ვართ. თუმცა, როცა გამოფენას ვამზადებდით ან ჩემი ცხოვრების სხვადასხვა მნიშვნელოვან ეტაპზე, როცა ძალიან მინდოდა მირიანი ჩემ გვერდით ყოფილიყო და მათ შორის მაშინაც, როცა გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გავხდი, ის უკვე აღარ იყო ცოცხალი. რეალურად, ყველაზე მაგრად რომ მჭირდებოდა და ვიცი, გვერდით დამიდგებოდა, იმ დროს "წავიდა". ახლა, როცა მის ნამუშევრებს ვარჩევდი და ვაწესრიგებდი, ზოგს ვაწებებდი და ა.შ. ვცდილობდი ყველაფრისთვის მისი თვალით შემეხედა. მაშინ მივხვდი, რომ ოჯახის წევრი უბრალოდ კი არ გტოვებს, არამედ გარდაცვალების შემდეგ, ის ადამიანი შენში გადმოდის, შენი ნაწილი ხდება. ასე რომ, "წასვლა" მხოლოდ ფიზიკურად გაცარიელებს, ადამიანი მაგრად გენატრება, მასთან დიალოგის სურვილი გაქვს, მაგრამ სხვა დანარჩენ შემთხვევაში, გრძნობ, ის კვლავ შენთანაა. ამ გამოფენამაც აჩვენა, რომ მხატვარი არსად "მიდის". დასაპატიჟებლად არავისთვის დამირეკავს, რეკლამა მხოლოდ "ფეისბუკზე" განთავსდა და თეატრში დაანონსდა. ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა, რომელთა შორის, მირიანის მიმართ დიდი სითბო და მონატრება იგრძნობოდა. საერთოდ, უჩუმარი კაცი იყო...

- ამას ყველა აღნიშნავს. შვილებთან და ოჯახის წევრებთანაც ასე იყო?

- კი (იღიმის), ხანდახან ჩხუბი იცოდა, მაგრამ ყვირილით კი არა, "მოკლედ" გაგიბრაზდებოდა, თუმცა ყოველთვის საჭირო და მნიშვნელოვან რაღაცებს გვეუბნებოდა. ჩვენ სამი ვართ, ძმა და და მყავს. მე ცალკე და ისინი - ერთი დედმამიშვილია. ჩემი და მამას ოთახში ემზადებოდა აკადემიაში ჩასაბარებლად და მეც იქვე - ნიკოლაძეში ვაპირებდი. საბჭოთა კავშირის დროს, თეატრი ძირითადად სულ გასტროლზე იყო, თბილისში ყოფნისას კი სპექტაკლებისთვის ემზადებოდნენ და სად ეცალა მირიანს შვილებისთვის?! ამიტომ, როცა წამოვიზარდეთ, ჩვენი ერთად ყოფნა უკვე პროფესიული იყო. პატარები რომ ვიყავით, სამივე აქტიურად ვხატავდით. მერე ჩემი და მხატვარი გახდა, ძმა ოპერატორი და მე - რეჟისორი, თუმცა, პრინციპში, დღესდღეობითაც სამივე ვხატავთ.

- მხატვრობით გატაცებაზე მოუყოლია რამე? როგორ ფიქრობ, მასთან ეს ინტერესი როგორ მოვიდა?

- მირიანი ქართლელის და იმერლის ნაზავი იყო. ქართლში სოფელი დირბია, სადაც ღვთისმშობლის ტაძარია, არაჩვეულებრივი კედლის მხატვრობით და ორსული ღვთისმშობლის ფრესკით. ზოგადად, ქართლი გამორჩეულია უნიკალური საეკლესიო მოხატულობითა და ნიჭიერი ხალხით. გორში მიწევს მუშაობა და თეატრია თუ სხვა სფერო, ამ მხარეში ბევრი ნოვატორი გვყავდა. ვფიქრობ, მირიანმა ქართლიდან ქართული ეროვნული, ფუნდამენტური საზრდო და ფესვი მიიღო, ხოლო იმერეთის სოფელი შროშიდან, მიწისა და თიხის სიყვარული გამოჰყვა. ამიტომ, მის ხელოვნებაში ფონს ხან "შპაკლით" აკეთებს, ხან თიხით. ყოველთვის ცდილობდა სივრცის განცდის შექმნას და ნამუშევრების ფორმის თიხის მსგავსად "გამოძერწვას". სამყარო ბრტყელი არ არის, ყველაფერი მოცულობითი და შინაარსით სავსეა. ჩემთვის მირიანის მხატვრობა ამითაც არის გამორჩეული, ის ყველაფერს შინაარსით ავსებს. აბსტრაქტულ ნამუშევარშიც კი ხვდები, რას გიყვება. რა თქმა უნდა, ეს რობერტ სტურუამ და თეატრში მუშაობამაც გააკეთა. გაუმართლა, რომ 16-17 წლის მირიანი რუსთაველის თეატრში მოხვდა. სამხატვრო აკადემიაში პირველ კურსზე სწავლობდა, როცა ჯარში გაწვევა მოუვიდა. მაშინ "ყვარყვარეს" გაფორმებაზე მუშაობა უკვე დაწყებული ჰქონდა. გია ყანჩელი, გოგი ალექსი-მესხიშვილი და რობერტ სტურუა დუშეთში მიდიოდნენ, მირიანს ნაწილიდან "იპარავდნენ", თეატრში მოჰყავდათ, ახატვინებდნენ და მერე ისევ უკან აბრუნებდნენ. მოგვიანებით ასაკი გადაუკეთეს. პასპორტში ისე ჩაუწერეს, თითქოს ერთი წლით დიდი იყო, სამხედრო სავალდებულო სამსახური უკვე მოიხადა და ასე გამოაძვრინეს. მაშინ რუსთაველის თეატრში შეიკრა ის გუნდი, რომელმაც შეძლო აღმოეჩინა ენა, რომლითაც შეძლებდნენ მთელ მსოფლიოში მოეყოლათ საქართველოსა და ჩვენს ტრადიციებზე. ზოგჯერ შენიღბულად და ფარულად, ზოგჯერ გროტესკულად, უტრირებულად, რაც იმ პერიოდში ძალიან რთული იყო. რა თქმა უნდა, მირიანს ნამუშევარი აქვს ისეთ მნიშვნელოვან სპექტაკლებზე, როგორიც იყო "მეფე ლირი", "რიჩარდ მესამე" და ა.შ. როგორც ვიცი, "ყვარყვარე" გამორჩეულად უყვარდა და მგონი, რობიკოსთვისაც ასეა.

6mirian-shvelize-1704700671.jpg

- მამა-შვილი პროფესიულად გადაიკვეთეთ, როცა რუსთაველის თეატრში დგამდი სპექტაკლებს...

- კი ბატონო, რამდენიმე სპექტაკლზე ვიმუშავეთ. ზოგი გამოგვივიდა, ზოგიერთი ვერ დავასრულეთ. მირიანთან ერთად არა მხოლოდ რუსთაველის, არამედ თელავის თეატრშიც ვიმუშავე. როგორც სცენოგრაფთან ურთიერთობა, ჯადოქართან მუშაობას ჰგავდა. მის ყველა ნამუშევარში ჭუპრიდან იბადებოდა ულამაზესი, ჭრელი პეპელა. ეს მართლაც ჯადოქრობა იყო.

- დაბოლოს, გორის თეატრის დღევანდელობაზეც გკითხავ. რა ხდება იქ 2022 წლის გაზაფხულიდან, რაც სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნე და რა იგეგმება სამომავლოდ?

- მირიანს გორის თეატრშიც ჰქონდა ნამუშევარი. იქ დამხვდა დეკორაციების დეტალები, რომელსაც დროდადრო სხვადასხვა სპექტაკლში ვიყენებ. თითქოს იმ ქვეყნიდანაც მეხმარება და დამიტოვა რაღაც ნიშნულები, რომელიც ალბათ, მთელი ცხოვრებას გაჰყვება. რაც შეეხება შენობას, ძალიან დიდი წინსვლა გვაქვს. პროექტი უკვე შედგენილია და 2024 წლიდან რემონტისთვის ვემზადებით. წინა წლებთან შედარებით, ფინანსური მხარეც დავალაგეთ. შეიძლება ჯერჯერობით ევროპული დონის ხელფასზე ვერ ვართ, მაგრამ იმედი გვაქვს. მგონი, ახლა პირველადაა ის "ეპოქა", როცა კულტურის სამინისტრო და თეატრები ერთმანეთთან შეთამაშებულები არიან, გისმენენ და ყველაფერზე მოგყვებიან. ფაქტია, რომ ახლა ქართულ თეატრში დიდი საქმეა დაწყებული. პირველად ხდება სახელმწიფო თეატრების რემონტი, რასაც აქამდე ბიძინა ივანიშვილი აკეთებდა. რაც შეეხება რეპერტუარს, გორის თეატრში 12-მდე სპექტაკლია და სულ ანშლაგები გვაქვს. არც სხვა რეჟისორების ის სპექტაკლები მოვხსენი, რომელიც იყო და მსახიობებს უყვარდათ. საერთოდ, ვთვლი, რომ სამხატვრო ხელმძღვანელად რომ მიდიხარ, აუცილებელი არ არის წინა ხელმძღვანელის ყველანაირი კვალი წაშალო და მთელი რეპერტუარი ახლიდან შეადგინო. პირადად მე, ახლა ვფიქრობ ვაჟას "ალუდა ქეთელაურის" გაკეთებას. პლუს, გორში, ადგილობრივ კადრებს ვეძებ და მინდა სპექტაკლები მათ დავადგმევინო. ჩვენთან გიორგი თენაძემ იმუშავა და ვაპირებ, სპექტაკლის დასადგმელად მას ისევ მივმართო. გორელია რეზო შატაკიშვილიც და მომავალში მასაც მოვიწვევ. ახლა რემონტი დაიწყება და ვცდილობ, გორში დედაქალაქიდან სხვადასხვა თეატრის მსახიობები მოვიწვიო და ისეთი სინთეზი შევქმნა, გორის თეატრის შენობის რეაბილიტაციის პროცესის დროს, სპექტაკლები უკვე თბილისის თეატრებში წარმოვადგინოთ.

ანა კალანდაძე