ვის რა საახალწლო ნატვრა აქვს - გზაპრესი

ვის რა საახალწლო ნატვრა აქვს

- ახლა რომ თოვლის ბაბუას წერილს სწერდეთ და იცოდეთ, რასაც სთხოვთ, აუცილებლად აგისრულდებათ, რას მიწერდით? - ამ შეკითხვით საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მივმართე. ვნახოთ, როგორია მათი საახალწლო ნატვრები.

"ჩვენ თავად უნდა ავუსრულოთ სხვებს სურვილები და..."

dato-porchxize-dato-porchkhidze-copy-1704716755.jpg

დავით ფორჩხიძე, მუსიკოსი:

- არც მახსოვს, ბავშვობაში თოვლის ბაბუისთვის წერილი მიმიწერია თუ არა, ეს დიდი ხნის წინანდელი ამბავია, ალბათ ვწერდი.

- ახლა რას მიწერდით?

თოვლის ბაბუ!

მინდა ადამიანები ბედნიერად ცხოვრობდნენ, ყველა ჯანმრთელად იყოს და მსოფლიოში მშვიდობა სუფევდეს. მხოლოდ ეს სათხოვარი მაქვს, რადგან ზუსტად ვიცი, მხოლოდ მე ბედნიერი ვერასდროს ვიქნები. ეს განცდა რომ მქონდეს, ამისთვის ის მჭირდება, რაც უკვე გთხოვე. ის კი ნამდვილად ვიცი თუ გვინდა, ოცნებები აგვიხდეს, ჩვენ თავად უნდა ავუსრულოთ სხვებს სურვილები და მერე ჩვენი სურვილების ასრულებაზეც სამყარო იზრუნებს.

- ახალი წლის შეხვედრა ალბათ, კონცერტებზე გიწევთ, არა?

- ბოლო წლები სულ კონცერტებზე ვხვდები ან შინ ვასწრებ შეხვედრას და მერე გავრბივარ. ახალი წელი გამორჩეულად იმიტომაც მიყვარს, რომ გარშემო ბავშვები არიან და სადაც პატარები იქნებიან, სულ სიხარულია, ახალი წელიც თავის ხიბლს არასდროს დაკარგავს.

- თოვლის ბაბუს როლი გითამაშიათ?

- არა, მე სულ ვმღერი. თოვლის ბაბუებიც მღერიან, მაგრამ განსაკუთრებული ვოკალური მონაცემების თოვლის ბაბუა ჯერ არ მინახავს, მაგას ისიც ეყოფა, საჩუქრებს რომ არიგებს, ძალიან კარგი ფუნქცია აქვს.

- ნამდვილად. თქვენთვის 2023 წლის მთავარი ამბავი რა იყო?

- გასულ წელს რთული დღეც ბევრი იყო და სიხარულით სავსეც. არ ვსაყვედურობ, არც ძალიან ვაქებ, ისეთი იყო, როგორიც თავად ცხოვრებაა. ახალ 2024 წელს გაუმარჯოს! იმედიანად ვიყოთ, იქნებ ამ წელს ერთმანეთისთვის მხოლოდ და მხოლოდ კარგი საქმეები ვაკეთოთ. ვულოცავ თქვენს მკითხველს, გილოცავთ ყველას, ვინც ჟურნალს "გზა" ქმნით. 2024 წელი მხოლოდ და მხოლოდ კარგი ამბებით დაგვხსომებოდეს!

"ჩემს ბავშვურ და გულუბრყვილო სურვილს გაგიმხელ"

158947996-3702985853124282-7205921129151785558-n-copy-1704716775.jpg

თათული ედიშერაშვილი, მსახიობი:

- ღრმა ბავშვობაში მწამდა, რომ თოვლის პაპა იყო ჯადოსნური და ყოვლისშემძლე არსება. მერე ერთ-ერთ ღონისძიებაზე აღმოვაჩინე, რომ ქალის ჩექმა ეცვა, გავარკვიე, ის პაპა ჩემი ბაღელის დედა იყო, ხმას იბოხებდა. წინა საუკუნის 80-იან წლებში გაბედული და არტისტული მშობლები ირგებდნენ თოვლის პაპის როლს, რადგან გამოძახების სერვისი არ არსებობდა. სპორტის სასახლის წინ დიდი ნაძვის ხე იდგა, დღემდე მაქვს შემორჩენილი იქ გადაღებული ფოტოები. თოვლის პაპას ეცვა თეთრი ნაბადი, იყო თეთრი წვერით. სპორტის სასახლის საახალწლო ღონისძიებაზე ერთხელ შემთხვევით საჯაროდ ლექსიც კი წავიკითხე, ამას დედა ხშირად იხსენებდა. ძალიან მეტიჩარა და ენატიკტიკა ვიყავი. როგორც ჩანს, ეს თოვლის პაპას შეუნიშნავს, ავუყვანივარ სცენაზე და მერე იქ ლექსი წამიკითხავს. აი, ასეთი მოგონებები მაქვს.

- შენი შვილები თოვლის ბაბუას წერილებს სწერენ?

- მთელი რუდუნებით წერდნენ წერილებს. სანამ წერას ისწავლიდნენ, სურვილებს ხმამაღლა ამბობდნენ, თოვლის პაპას რომ გაეგო. ერთ მშვენიერ წელს კი გამოტყდნენ, ჩვენ თოვლის პაპის არსებობის არასდროს გვჯეროდა, ამას იმისთვის ვაკეთებდით, რომ თქვენ გაგეგოთ, რა გვინდოდა და მერე საჩუქრები მოგეტანათო. წარმოგიდგენია? თურმე რას აკეთებდნენ. უფროსებს კი ერთი ცერემონია გვქონდა. ერთმანეთს გავძახებდით ხოლმე, - თოვლის პაპა მოვიდა? - ვაიმე კარზე კაკუნი იყო? - მომესმა, აბა, მიდი, შეამოწმე გაიხედე, იქნებ საჩუქარი დატოვა და... მე და ჩემი მეუღლე მთელ სპექტაკლს ვდგამდით.

- არადა ფაქტია, ბავშვები თქვენზე არანაკლებად თამაშობდნენ.

- ნამდვილად გვაჯერებდნენ, რომ თოვლის პაპას ელოდებოდნენ.

- თოვლის პაპას ახლა რას მისწერდი?

- ახლა? არ ვიცი, დავიწყებ წერას და ვნახოთ, რა გამომივა:

თოვლის პაპა, ძვირფასო!

რომ იცოდე, ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ, ოცნებები მისრულდება, ოღონდ ოცნებას მიზანს ვარქმევ და ვშრომობ, რომ ამისრულდეს. ერთადერთი აუხდენელი ოცნება მაქვს (ახლა ამეტირა), ჩემს ბავშვურ და გულუბრყვილო სურვილს გაგიმხელ, რომ შეგეძლოს, გთხოვდი, დედაჩემი გაგეცოცხლებინა... ეს ყველაზე, ყველაზე ძალიან მინდა, გულით მინდა, მაგრამ...

ახლა 42 წლის თათული გთხოვს, ყველა ბავშვი ჯანმრთელი იყოს, ყველა ბავშვს ჰქონდეს თბილი სახლი და სახლში - გოზინაყი.

კიდევ რა გამახარებდა? მცირედი საჩუქარიც კი ძალიან მაბედნიერებს, მაგრამ ვისაც შენთან ეს წერილი მოაქვს, მეუბნება, რომ შემიძლია, ამბიციური სურვილიც გადმოგცე და თუ ასეა, დიდი ხანია, კერძო სახლზე ვოცნებობ, ეს მიზნად მაქვს დასახული, პატარა ეზოთი და ვერანდით. ამ საჩუქრით მართლა გამაოცებდი, თან ძალიან გამაოცებდი.

გელოდები დიდი სიყვარულით, თათული ედიშერაშვილი.

- შენთვის 2023 წლის მთავარი ამბავი რა იყო?

- კარიერული თვალსაზრისით რომ შევაჯამო, დასამახსოვრებელი იყო ის სპექტაკლები, როლებიც თავისუფალი თეატრის დასთან ერთად, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, ემიგრანტებისთვის ვითამაშეთ. ეს იყო ძალიან ემოციური დღეები. არასდროს დამავიწყდება ჩვენი თანამემამულეებისგან ნათქვამი სიტყვები: "სამშობლოში გატანთ დიდ სიყვარულს"... ეს ისეთი გულისამაჩუყებელი იყო, მათი თვალები რომ მახსენდება, ახლაც მეტირება. მათ წინაშე თამაში ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა გახლდათ. უცხო მიწაზე, როგორ კომფორტულ გარემოშიც უნდა ცხოვრობდე, სამშობლოს გარეშე ბედნიერებას სრულად მაინც ვერ შეიგრძნობ. სპექტაკლის ბოლოს აფრიალებულ ქართულ დროშას ყოველთვის დიდი ემოცია ახლდა.

2023 წელი იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ მეგობრებთან ერთად, სატელევიზიო სივრცეში დავიწყეთ ახალი პროექტი "სტუმრად შუა ქალაქში" და ვფიქრობ, პროექტმა გაამართლა.

გასული წელი კიდევ იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ ოჯახში ახალი წევრი შემოგვემატა, ჩვენი ოთხფეხა მეგობარი ვივიენი, რომელიც თავის ჭკუაზე გვატარებს და ძალიან გვაბედნიერებს.

წელს ბევრი სიკეთე მივიღე, გაცემულზე სხვამ ილაპარაკოს. ამ შემთხვევაში მხოლოდ მატერიალურს არ ვგულისხმობ, ემოციური სიკეთეც არანაკლებ გვაკლია. სამწუხაროდ, იყო ცუდი დღეებიც, რაჭის ტრაგედია. კარგ დღეებთან ერთად ესეც არ უნდა დავივიწყოთ, რათა გავიაზროთ და რაღაც ვისწავლოთ. პირად სივრცეში სიმშვიდე მქონდა და საინტერესო პროფესიული ფორიაქიც, რაც დასაფასებელია. მადლობა ყველას, ვინც ხელს მიწყობდა, რომ ჩემი საქმე მეკეთებინა.

- რა განწყობით და გეგმებით შეხვდი 2024 წელს?

- მაქვს კონკრეტული გეგმები, რაღაც ჩემზეა დამოკიდებული, რაღაც - არა, მაგრამ მჯერა, ჩანაფიქრებს რეალობად ვაქცევ.

"ეს კაცი ყველაფერს თავად აგვარებდა"

132724832-3904942709536112-6391004695589196175-n-copy-1704716821.jpg

ოთო ნემსაძე, მომღერალი:

- თოვლის ბაბუის არსებობის ბავშვობაშიც მჯეროდა, ახლაც მჯერა და ვიცი, მომავალშიც ეს რწმენა მექნება. რა, სხვები სხვაგვარად ამბობენ?

- ბევრი წერილი გაქვს მიწერილი?

- კი, სულ ვწერდი. მაშინ რთული დრო იყო, შოკოლადიც კი ასე თავისუფლად, როგორც დღეს არის, არ იყიდებოდა. არ გეგონოს დედა ან მამა ეხმარებოდა თოვლის ბაბუას, ეს კაცი ყველაფერს თავად აგვარებდა, შოკოლადიც ბევრი მოჰქონდა და სათამაშოც. ახალი წელი არის დღესასწაული, რომელიც ყველასთვის მეტ-ნაკლებად გულის ამაჩქარებელია, მე ძალიან მიყვარს.

- ოთო, ალბათ ბევრი წელია, წერილი აღარ დაგიწერია...

- მართალია, მას შემდეგ, რაც თოვლის ბაბუ ვეღარ მეწევა.

- ახლა რა გაქვს მასთან სათხოვარი?

თოვლის ბაბუ!

კარგო ადამიანო, მინდა იყოს მშვიდობა, როგორც ჩემს ქვეყანაში, ასევე მსოფლიოში. ბავშვები არ შიმშილობდნენ და 1 წელი მაინც ქართველებს ერთმანეთი გვიყვარდეს. კიდევ ყველაზე ძალიან გამახარებს ჩემი ახალი ალბომის ბოლომდე მიყვანა და გამოცემა, ამ მიმართულებით ცოტათი პრობლემები მაქვს, ყველაფერთან ერთად, ცოტათი რთულია ეს საქმე და არა მხოლოდ ფინანსურად. კიდევ გაგიმხელ, რომ იაპონიაში მოგზაურობის სურვილი მაქვს და აბა, შენ იცი, გამახარე.

გელოდები დიდი სიყვარულით. შენი მეგობარი, ოთო.

- თოვლის ბაბუსთან მეგობრობამ რა გასწავლა?

- თოვლის ბაბუობა. ამ ახალ წელსაც, ისევე, როგორც წინა წლებში, მასავით ვეცადე, საჩუქრების გარეშე არავინ დამეტოვებინა.

- ახალ წელს უჩვეულო გარემოში შეხვედრიხარ?

- ბოლო წლებია, ხშირად ვხვდები მანქანაში, თან ყოველთვის მაქვს შამპანურის ბოთლი, ვხსნი და ასე სიმბოლურად აღვნიშნავ.

- როგორი იყო შენთვის გასული 2023 წელი?

- შეიძლება ითქვას, გარდამტეხი წელი იყო. ყველამ იცის, როგორი ემოციური ვარ, ბოლო დროს ცოტათი დავწყნარდი, მაგრამ სცენაზე წყნარი ოთო არ ვარ, ამას ვერ შევცვლი, იქ საკუთარ თავს ვერ ვაკონტროლებ, ამას არც თოვლის ბაბუ და არც არავინ მთხოვს. 2023 წლის ბოლოს, კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი გავიგე, კლიპის გადაღებას ჩემი მეგობარი მიფინანსებს და გახარებული ვარ. იმ ვიდეოზეა ლაპარაკი, რომლის გადაღებასაც, მარტო ვერ შევძლებდი. მინდა ჩემს მეგობარს მადლობა ჟურნალის "გზა" საშუალებითაც ვუთხრა.

- შენ შენი თოვლის ბაბუა გყოლია.

- კი. მე მას სიკეთის პრინცესას ვეძახი, ნამდვილი კეთილი დედოფალია. 2024 წელს ჩემი პირადი მუსიკალური ეპოქა იწყება, ბედნიერი მუსიკალური წელი მექნება.

"ნაბახუსევი რთულად გადამაქვს"

332779193-921462775703498-3649519712583758624-n-copy-1704716858.jpg

ლევან ყოჩიაშვილი, მსახიობი:

- პატარა რომ ვიყავი, სურვილებს ხმამაღლა ვამბობდი და მერე საჩუქრები თოვლის ბაბუას მოჰქონდა. ის სიხარული კარგად მახსოვს.

- თოვლის ბაბუას წერილს დაუწერ?

- სიამოვნებით.

თოვლის ბაბუ!

ჩემი ქვეყნის გამთლიანებას, გაძლიერებას გთხოვ. ძალიან მინდა, ამ ქვეყანაში ყველა ადამიანი ბედნიერი იყოს, ეს მე ყველაზე მეტად გამახარებს, შენ ხომ ყოვლისშემძლე ხარ, სასწაულის მოხდენა შეგიძლია. დანარჩენს თავად მივხედავთ.

ლევანი.

- ახალ წელს სად შეხვდი?

- ყოველ წელს კახეთში, ჩემი მშობლების სახლში ვხვდები, ყველანი ერთად ვიკრიბებით, ეს ჩვენი ტრადიციაა და ახალი წელიც ხომ საოჯახო დღესასწაულია.

- საოჯახო სამზადისში რამდენად ხარ ჩართული?

- შეძლებისდაგვარად. ვცდილობ, დედას დავეხმარო. მაგალითად, ხორცს ყოველთვის მე ვჭრი და ამბობენ, რომ ეს საქმე კარგად გამომდის. გემრიელად რომ შეიწვას, მირჩევნია, ეს საქმე ოჯახის ქალბატონებს ვანდო.

- მეკვლედ ვინ გყავთ?

- ჩემი ძმისშვილები შემოდიან. ადრე ჩემი შვილი, კესო შემოდიოდა, კარგი ფეხი ჰქონდა. ნაცადი მეკვლე ყველაფერს სჯობს, დამიჯერეთ.

- ალკოჰოლთან "მეგობრობ"?

- ახალ წელს "ვმეგობრობ". საახალწლო სუფრაზე ყოველთვის ჩემი ძმის დაყენებული ღვინო გვაქვს. დალევა ზომიერად მიყვარს, მცირერიცხოვან საზოგადოებაში ყველა ყველას რომ იცნობს და სალაპარაკო თემა არ ილევა.

- ალკოჰოლი გცვლის?

- რა თქმა უნდა, ყოველთვის კარგ განწყობაზე მაყენებს. ალკოჰოლმა თუ არ შეგცვალა, ე.ი. სხვა პრობლემებია.

- ნაბახუსევს როგორ შველი?

- ძალიან მძიმედ გადამაქვს, ისევ სასმლით ვშველი.

- როგორი იყო შენთვის 2023 წელი?

- კარგი წელი იყო, არ ველოდებოდით და სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" დაიწყო, უკვე სეზონიც დავასრულეთ. თან, მაყურებლის მოლოდინი დიდი იყო და ეს სასიხარულოა. ამ გადაღებებს იმდენი დრო მიაქვს, საერთოდ მავიწყდება, სერიალს იქით კიდევ სხვა ცხოვრება რომ მაქვს. იმედია, ახალი 2024 წელი თითოეული ჩვენგანისთვის ბევრი სიხარულით და უფრო კარგი ამბებით სავსე იქნება.

თამუნა კვინიკაძე