ზვიად დოლიძე "პარლამენტარობის" და "თოვლის ბაბუობის" შესახებ - გზაპრესი

ზვიად დოლიძე "პარლამენტარობის" და "თოვლის ბაბუობის" შესახებ

მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი ზვიად დოლიძე სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" უარყოფით პერსონაჟს ასახიერებს, მაყურებლებმა მისი გმირი - პარლამენტარი ვაკო პაკელიანი ძალიან შეიყვარეს. თავდაპირველად აღნიშნავდნენ, რომ პერსონაჟი ეზიზღებოდათ, მაგრამ მსახიობი ძალიან მოსწონდათ, ახლა კი ვაკო პაკელიანის მიმართაც დადებით დამოკიდებულებას გამოხატავენ...

შეიძლება ბევრმა არ იცის, მაგრამ წლების წინ, ზვიად დოლიძე საქართველოს "მთავარი თოვლის ბაბუა" გახლდათ. ამიტომ, სერიალში პოპულარული პერსონაჟის შესახებ საუბრის გარდა, "თოვლის ბაბუობის" პერიოდში თავს გადახდენილი ამბების გახსენებაც ვთხოვეთ...

- ჩემთვის 2023 წელი მნიშვნელოვანი იყო, რადგან კარგ პროექტზე დავიწყე მუშაობა - სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" გუნდს შევუერთდი.

- თავიდანვე გათვალისწინებული იყო, რომ მთელი სეზონი ითამაშებდით, თუ თქვენმა განსახიერებულმა პერსონაჟმა გაამართლა და ამიტომ განვითარდა როლი?

- ასე ვთქვათ, ვაკანსია იყო ნინას და დათოს მეზობლის - პარლამენტარის ოჯახზე. ვერ ვიტყვი, პირველივე გადაღებაზე შემოქმედებითი გუნდი ისე აღფრთოვანდა, რომ თქვეს, - ვაიმე, ეს ვინ აღმოვაჩინეთ?! მოდი, მის როლს რაღაცები დავუმატოთო... არა, ასე ნამდვილად არ ყოფილა. მერე ჩემი და თეკო ჩუბინიძის ტანდემი ისეთი კარგი და მაყურებლებისთვის მისაღები გამოდგა, რომ ჩვენი უარყოფითი და სულელი პერსონაჟების მიუხედავად, ხალხისგან გარკვეულ პატივისცემას, სიმპათიას და სიყვარულსაც ვგრძნობთ.

- როგორ მოირგეთ როლი? ვაკო პაკელიანის მანერებსა თუ ხასიათის თვისებებზე მუშაობისას, ვინმე კონკრეტულ პიროვნებას ხომ არ ჰბაძავდით?

- საერთოდ, მსახიობმა შეიძლება კონკრეტული ადამიანისგან "რამე აიღო", მაგრამ როცა ვიღაცას ჰბაძავ, ჩარჩოებში ექცევი, რაც არა მგონია, კარგი იყოს. ცხადია, გააჩნია, ვის ჰბაძავ: თუკი ისტორიულ გმირს თამაშობ და ზუსტად მას განასახიერებ, რაზეა საუბარი?!. აქ, სერიალში ჩემი პერსონაჟი ხომ განზოგადებული გმირია, არა? თავდაპირველად ვიკითხე კიდეც, ვაკო პაკელიანs ვინმე პროტოტიპი ხომ არ hyavs-meTqi? რაკი უარყოფითი პასუხი მივიღე, ჩემთვის უფრო კარგი სამუშაო აღმოჩნდა: ახლა ჩემს გმირს ისეთი მიმართულებით "გავუშვებ", როგორც მინდა - შეზღუდული არ ვიქნები... როცა მსახიობი როლზე ფიქრობ, კონკრეტულ სიტუაციაში საკუთარ თავს ჩააყენებ და იცი, შენი გმირის განვლილი ცხოვრების შესახებ (თავდაპირველად რეჟისორი გიხსნის, დაახლოებით როგორი ტიპის გმირს ითამაშებ), ამის საფუძველზე, პირველ სცენას "აკეთებ", შემდეგ უკვე თავად იგონებ რაღაც სიუჟეტს, ამბავს, სიტუაციას და იკვეთება მისი ხმა, საუბრის მანერა, ხასიათი... დაახლოებით ისეა, როგორც პალიტრაზე ფერების დადება: ჯერ სუფთა ფურცელი გაქვს, პერსონაჟის შესახებ გიყვებიან, რის საფუძველზეც შენს გონებაში კონკრეტული ფერები იკვეთება და ის სუფთა ფურცელზე გადაგაქვს... ძალიან საინტერესო სამუშაოა, რადგან ვაკო პაკელიანს ტყუპისცალი ძმაც ჰყავს. მსახიობისთვის ეს დიდი პრაქტიკა, გამოწვევა და გამოცდილებაა. არ მახსენდება, ქართულ სერიალსა თუ ფილმში ვინმეს ტყუპი და ან ძმა განესახიერებინოს. ასეთი ნდობისთვის მადლობას ვუხდი სერიალის რეჟისორებს, პროდიუსერებს, სცენარისტს, კასტინგის მენეჯერს... მსახიობისთვის ეს დიდი საჩუქარია!

- ტყუპისცალის განსახიერებას როგორ გაუმკლავდით?

- საინტერესო იყო. შეიძლება ტყუპისცალები ერთმანეთს ხასიათითაც ჰგავდნენ, მაგრამ მათ შორის რაღაც რადიკალური განსხვავება ხომ უნდა იყოს, ერთმანეთისგან რომ გაარჩიო? წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გახმოვანებას დაემსგავსებოდა, როცა 2 პერსონაჟს 1 კაცი ახმოვანებს... მუშაობის პროცესი საინტერესოც იყო და რთულიც. ნებისმიერი ხელოვანი იოცნებებდა, რომ მისთვის სამუშაოდ ასეთი ზღვა მასალა მიეცათ.

poladi-rustavis-teatri-mes5816-copy-1704718738.jpg

- თქვენი პერსონაჟის - ვაკო პაკელიანის ასეთ პოპულარობას ელოდით?

- პერსონაჟის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას უფრო მეტად ველოდი... პირველ 2 სერიაში ჩემი პერსონაჟის გამოჩენის, მის მიერ უზრდელურად ნათქვამი ფრაზების, გინების შემდეგ, მაყურებლებისგან პოზიტიური დამოკიდებულება "წამოვიდა" და პერსონაჟი პოპულარული გახდა. სერიალის მაყურებლებისთვის ჩემი გმირი ჯერ პარლამენტარი გახლდათ, შემდეგ - ვაკო, მერე - თეკოს მიერ შექმნილი "ბუბუ"...

- ნეგატიური დამოკიდებულების მოლოდინი გაშინებდათ?

- ჩემი პერსონაჟი სერიალ "ტიფლისშიც" არ გახლდaთ "კანფეტი" (იღიმის). ამიტომ ნეგატიურ დამოკიდებულებას მიჩვეული ვიყავი. როცა უარყოფითი გმირის შემსრულებელი მსახიობი მაყურებლის ანტიპათიას იწვევს, ე.ი. როლის შესრულებისას სწორ გზაზე დგას. პაკელიანის შემთხვევაში, სხვა თემები შემოვიდა: მისი მსგავსი ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ იკვეხიან, კუდი ყავარზე აქვთ გადებული, თავაწეულები დადიან, ოღონდ - გარკვეულ საკითხებში უუნაროები და საბრალოებიც კი არიან. ეტყობა, მაყურებლებმა მასში ბევრი ვინმე დაინახეს. სერიალში გამოჩენისთანავე ჩემი და თეკოს ტანდემზე თქვეს, - "ვაიმე, თქვენ ორზე ვგიჟდები!" - რატომ? ის კაცი ცოლს აგინებს-მეთქი. - არა, არა, მთავარია, როგორ აგინებსო (იცინის)! ქართველმა კაცმა ცოლს როგორც უნდა შეაგინოს, არანაირად არ უნდა მოგეწონოს, მაგრამ ხელოვნებაში ყველაზე მთავარი სწორედ "როგორ" არის: მაგალითად, "ჰამლეტს" ბევრი დგამს. ადამიანს ლიტერატურული ნაწარმოები წაკითხული რომ აქვს, სპექტაკლის სანახავად იმიტომ მიდის, რათა ნახოს, როგორ თამაშობენ მსახიობები, როგორ დადგა რეჟისორმა... ვაკო პაკელიანი ქართველი პოლიტიკოსის (მნიშვნელობა არა აქვს, რომელი პარტიის წარმომადგენელი იქნება) რეალურ ცხოვრებას ასახავს. ალბათ, საკმაოდ მკვეთრი სახეა. მთავარია, ხალხს მოეწონა. მაყურებლის დამოკიდებულებას ყურადღებას ვაქცევ. რა თქმა უნდა, ბოლომდე ვერ გაითვალისწინებ, მაგრამ რაღაც მინიშნებებს იღებ, საკუთარ თავს ამოწმებ, რამდენად "სწორად მიდიხარ" ან რამდენად სცდები შენი პერსონაჟის ამბავს...

- ოჯახი როგორ გაფასებთ, როგორ მოსწონთ თქვენ მიერ განსახიერებული პერსონაჟი და რეალურად, ოჯახის წევრებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მეუღლე, 3 ქალიშვილი და 1 ძაღლი, გერმანული ნაგაზი ები. ღმერთმა დამიფაროს, რომ შვილებთან ისეთი ურთიერთობა მქონდეს, როგორიც ჩემს გმირს აქვს - ეს ჩემს ხასიათსა და მენტალიტეტს აბსოლუტურად არ შეესაბამება. გამორიცხულია, შვილს ვუთხრა, - მოდი, მე აგირჩევ, ვინ უნდა შეიყვარო-მეთქი ან ერთ შვილს ვეჩხუბო, დანარჩენი ორი კი სიგიჟემდე მიყვარდეს. ეს სიყვარული არ არის... შეიძლება შვილთან კამათი მოგივიდეს, ოღონდ - შვილების მიმართ სიყვარულის გამომჟღავნების სხვადასხვა ფორმა არ უნდა არსებობდეს, ჩემი აზრით... ჩემი საქმის შეფასებასთან დაკავშირებით, ოჯახის წევრებს პირველად ამას ვეკითხები: - აბა, რა არ მოგეწონათ-მეთქი? ძალიან კრიტიკული ვარ. ცუდად იშვიათად მაფასებენ, მაგრამ შეუცდომელი და სრულყოფილი არავინაა. შვილების აზრი უმნიშვნელოვანესია, რადგან მოზარდები არიან (15-ის, 13-ის და 12 წლის) და ამ თემას აბსოლუტურად განსხვავებულად უყურებენ. მსახიობი მამით ამაყობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ წრეში, მსახიობსა და პერსონაჟს ერთმანეთისგან განასხვავებენ, თუმცა როგორი უცნაურიც უნდა იყოს, თავად ჩემი პერსონაჟიც მოსწონთ - ეტყობა, იუმორის შტრიხების ან ფეთქებადი ხასიათის გამო... რაც შეეხება დედაჩემს, შვილის მიერ გაკეთებული ნებისმიერი საქმის მიმართ მიკერძოებული შემფასებელია... ჩემი მეუღლე მხატვარი გახლავთ. შესაბამისად, ხელოვნების სფერო მისთვის უცხო არ არის - ზუსტად იცის და განსაზღვრავს... მოკლედ, ერთადერთი, ძაღლი არ აფასებს, თუ როგორ ვასრულებ როლს (იცინის). ჩემთვის ოჯახის ხუთივე წევრის აზრი მნიშვნელოვანია.

- ახლა გვითხარით, ახალი წლის დღესასწაულს როგორ ხვდებით ხოლმე?

- ტრადიციულად, სახლში. წლების განმავლობაში ასე ხდება, თუ სამუშაო არ მაქვს (გადაღება, ღონისძიების წამყვანობა), მაგრამ რატომღაც, წლებია, ყველა ღონისძიების წამყვანი ერთი და იგივე ხალხია. შესაბამისად, ახალი წლის დღესასწაულის შინ შეხვედრის ტრადიციას ხელი არ ეშლება (იღიმის)... 12 საათის შესრულებას ველოდები, მერე კი ჭიქა ღვინით ოჯახის წევრები ერთმანეთს ახალ წელს ვულოცავთ. რა თქმა უნდა, მეკვლეც გვყავს. რაც ჩემი შვილები წამოიზარდნენ, მათ მეკვლეობას ვსინჯავთ. წელს მეკვლე ჩემი უმცროსი ქალიშვილი - ლილე გახლდათ. ვნახოთ, 2024 წელი როგორ ჩაივლის - შეიძლება, "კუჩხი ბედინერის" არ იყოს, შეკვეთებზეც ჩავეწეროთ (იღიმის)... საერთოდ, მგონია, რომ ქართული ტრადიციების დაკარგვა არ შეიძლება, რადგან თითოეულ მათგანში დიდი სიბრძნეა "ჩადებული" - განწყობისთვის, ურთიერთობებისთვის, ერის გადარჩენისთვის... არის ტრადიციები, რომელთა შელახვა, გაქრობა მერე დიდ პრობლემებს გვიქმნის ხოლმე. მაგალითად, წინათ, გათხოვებისას ოჯახი ქალიშვილს "ვეფხისტყაოსანს" ატანდა. ახლა ეს ტრადიცია გამახსენდა, რადგან რამდენიმე დღის წინ, "ვეფხისტყაოსნის" მიმართ ისეთ დამოკიდებულებას წავაწყდი, როგორსაც ჩვეულებრივი ლიტერატურული ნაწარმოების მიმართ იჩენენ ხოლმე. ტრადიცია შენარჩუნებული რომ გვქონდეს, "ვეფხისტყაოსნის" მიმართ ცოტათი განსხვავებული დამოკიდებულება გვექნებოდა - ქართულ რეალობაში, ამაზე დიდი წიგნი არ შეგვიქმნია... იმასაც აღვნიშნავ, რომ ტრადიციების მიჩუმათება და მივიწყება ჩემთვის ეროვნულ ტრაგედიას სულაც არ ნიშნავს, რადგან ეს ტრადიციები თაობებმა შემოიღეს. თუ ჩვენი თაობა ვერ აღადგენს, მომავალი თაობა იმ ტრადიციების დაბრუნების მოთხოვნილებას იგრძნობს, რომლებიც ან ჩვენმა მშობლებმა მიივიწყეს კომუნისტური რეჟიმის დროს, ან თავად მივივიწყეთ, რადგან მშობლებსაც მივიწყებული ჰქონდათ... დღეს თუ ხვალ, ყველა ქართული ტრადიცია, რომელიც ერის გადარჩენისთვის სასიკეთო იქნება, ნებისმიერ შემთხვევაში აღდგება.

367448081-156923654100310-7167834019352446414-n-1695454723-copy-1704718721.jpg

- როგორც ვიცი, წლების წინ, საქართველოს "მთავარი თოვლის ბაბუა" იყავით და ვარდების მოედანზე, "საახალწლო სოფელში" პატარებს მასპინძლობდით...

- კი, თოვლის ბაბუაც ვიყავი და ჩემს ქალაქში - რუსთავში ღონისძიება ისე არ ჩატარდებოდა, მისი წამყვანი რომ არ ვყოფილიყავი. ეს არც ტრაგედიას ნიშნავს და არც - ბედნიერებას: ეს იმაზე მეტყველებს, მაყურებლებისთვის რამდენად სასურველი, მოთხოვნადი ხარ, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს არსებული სიტუაცია ხალხის ხმას ნამდვილად არ წარმოადგენს. აბა, როგორ, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველომ, ყველა რეგიონმა ერთი და იგივე ადამიანები დაასახელა სასურველად? საერთოდ არ მაქვს პრეტენზია, რომ ქვეყნის მასშტაბით, რაიმე ღონისძიებებში ვმონაწილეობდე; არც ღონისძიებების ამჟამინდელ წამყვანებთან მაქვს პრეტენზია - ღმერთმა გაუმარჯოთ, ძალიან კარგები არიან... მსახიობისთვის ხალხის სიყვარული აუნაზღაურებელი სიხარულია. ახლახან რუსთავში ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე ვიყავით. 10-12 წლის ბიჭი მოვიდა, - თქვენ "ჩემი ცოლის დაქალებში" არ მონაწილეობთო? უცებ ყელზე შემომეხვია, - ძალიან მიყვარხარო! ჩემთვის ეს აბსოლუტურად ყველა ღონისძიებაზე ძვირფასი იყო! ძალიან გულთბილად, ტკბილად ჩავკოცნე, ახალი წელი მივულოცე... - მაშინ სურათსაც გადავიღებო, - მთხოვა. - გადაიღე, შვილო, რა პრობლემაა? პირიქით, მადლობა, რომ უნდა გადაიღო-მეთქი...

- "მთავარი თოვლის ბაბუის" ამპლუაში საინტერესო ამბები გადაგხდებოდათ თავს, არა?

- ყველაზე კარგი რაც იყო, ყოველდღე ბავშვებთან ვურთიერთობდი. საერთოდ, პროფესიულ სცენაზე მუშაობა საბავშვო თეატრში დავიწყე. მახსოვს, პატარების გაფაციცებული მზერა, გაფართოებული თვალები, როდესაც სცენაზე სასურველ გმირებს ხედავდნენ. მათი აღფრთოვანებული სახეები მთელი ცხოვრება მომყვება... თოვლის ბაბუობის პერიოდში, ეს ემოციები ერთიასად გაზრდილი იყო, რადგან რეალურად მიყურებდნენ, ინტერესდებოდნენ, ნამდვილად თოვლის ბაბუა ვიყავი თუ არა და წვერზე მექაჩებოდნენ (რომელიც კარგი წებოთი მქონდა დაწებებული). ბავშვებს ვეფერებოდი, ვეხუტებდი... 2 კვირის განმავლობაში, დღეში რამდენიმე საათი, 3 ათასამდე ბავშვს მაინც ვხვდებოდი. იყო შემთხვევები, როცა ფუფუნებაში გაზრდილს საჩუქრად თოჯინას რომ მივცემდი, მეუბნებოდა, - ვაიმე, მე ლეპტოპი მინდაო! - ახლავე, ბაბუ-მეთქი, ვეტყოდი და მის მშობელს დავუძახებდი, რომელიც დიდ ქურქში გამოწყობილი შემოდიოდა თოვლის ბაბუს ქოხში. მშობლის თანდასწრებით, ბავშვს ვეტყოდი, - ბაბუ, 31 დეკემბრის ღამეს, ბალიშის ქვეშ ლეპტოპს დაგახვედრებ და ფრთხილად იყავი, მშობლებმა არ დაგიმალონ-მეთქი. მშობელი წამოიყვირებდა, - ვაიმეო! - არანაირი "ვაიმე"!.. ნუ გეშინია, წადი, ბაბუკა, წაიღე შენი სათამაშო მანქანა, 31-ში კი ლეპტოპი დაგხვდება-მეთქი... აბა, მშობელი ბავშვს თავად თოჯინას რომ ჩუქნიდა, "გატყავებულ" მსახიობთან კი - "16-კილოიან" ქურქში გამოწყობილს ლეპტოპის სათხოვნელად მოჰყავდა, ცოტათი უხერხული ხომ არ იყო (იცინის)? თან, ხაზგასმით ვეუბნებოდი, - ბავშვს საჩუქარი არ დაუმალოთ-მეთქი, ანუ თუ ლეპტოპს არ უყიდიდნენ, ბავშვი მე არ დამაბრალებდა - თოვლის ბაბუამ არ მაჩუქაო. საბოლოო ჯამში, მეც კმაყოფილი ვიყავი, ბავშვიც და ტექნიკის მაღაზიებიც (იცინის)... ერთადერთი, უკმაყოფილო მხოლოდ ბავშვის მშობელი იყო, რადგან შვილს გემოვნება იმ დონეზე აუმაღლა, ჩვენ ვერ შევწვდებოდით. ჰოდა, მისი ამაღლებული გემოვნებისთვის თავად გადაეხადა (იღიმის)...

ასევე, იყო შემთხვევები, როდესაც პატარები დედმამიშვილის გამოჯანმრთელებას მთხოვდნენ. წარმოიდგინეთ, 6-7 წლის ბავშვი ხელში წერილს ჩამიდებდა, - ბაბუ, ეს მერე წაიკითხეო და გარეთ ისე გავარდებოდა, საჩუქრად მისაცემი თოჯინა დარჩებოდა ხოლმე. წერილში ეწერა: ბაბუ, შენი სათამაშოები არ მინდა, დიდი მადლობა. მხოლოდ ის მინდა, რომ ჩემი ძმა კარგად გახდესო... ასეთ დროს უკვე ცუდად ვხდებოდი. კარს გადავკეტავდი, ცრემლებს მოვიწმენდდი და მუშაობას რამდენიმე წუთის მერე ვაგრძელებდი... ასე რომ, თქვენი ჟურნალის მეშვეობით, სრულიად საქართველოს მშვიდობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას და რაც ყველაზე მთავარია, სიყვარულს ვუსურვებ! ბოლოს და ბოლოს, გაბრწყინებულ საქართველოში გვეცხოვროს, გაჭირვების გარეშე... ასევე, თუნდაც თქვენი სურვილის გამო, რომ ჩემთან ინტერვიუ ჩაგეწერათ, მინდა, "ჩემი ცოლის დაქალების" მთელ გუნდს მადლობა გადავუხადო - ნდობისთვის, შეფასებისა და დაფასებისთვის. 46-წლიანი ცხოვრების განმავლობაში, სულ რამდენიმე ასეთი შანსი მაქვს მიღებული და გამოყენებული, რაც ამ სერიალმა მომცა, შანსი კი მსახიობისთვის ყველაზე დიდი საჩუქარია...

ეთო ყორღანაშვილი