"დაუდევარი ხასიათი მაქვს" - გზაპრესი

"დაუდევარი ხასიათი მაქვს"

ბავშვობიდან დღემდე ნინო თარხან-მოურავისთვის ახალი წლის დღესასწაული განსაკუთრებულ სიხარულთან ასოცირდება. "მთელი ჩემი ბავშვობა და ახალგაზრდობა, ყველა ჩემი ახალი წელი ფანტასმაგორიული იყო. ძალიან ვერთობოდით და კარგ დროს ვატარებდით. დროის სვლასა და ბებიობის სტატუსთან ერთად, რაღაცები შეიცვალა. ახლა ახალ წელს აღვნიშნავ, მაგრამ ვიწრო წრეში და აღარც ისეთი ჟრიამული გვაქვს, როგორც უწინ... საერთოდ, ვფიქრობ, ოჯახური დღესასწაულია და ჩვენც ამ დღეს ვცდილობთ ერთად ვიყოთ", - მითხრა მსახიობმა ნინო თარხან-მოურავმა. მისი და თემიკო ჭიჭინაძის ოჯახი 33 წელს ითვლის. წყვილს ერთი შვილი - ლიზა და ორი შვილიშვილი ჰყავს.

- ნინო, შთაბეჭდილებებზე ვისაუბროთ, რომელიც ცხოვრებაში მრავლადაა და ზოგიერთი ამბავი ჩვენს მეხსიერებაში მკაფიოდ ილექება. გაიხსენეთ ყველაზე ნათელი მოგონება, რომელიც ბავშვობიდან მოგყვებათ...

- ძალიან პატარა, ალბათ 4-5 წლის ვიქნებოდი, დედა თოჯინების თეატრში წაყვანას დამპირდა. მეორე დღეს რომ გავიღვიძე, მზე ანათებდა. მახსოვს, როგორ ვიდექი ფანჯარასთან და იმ დროს ველოდი, როცა სპექტაკლზე წავიდოდით. უზომო სიხარულის განცდა მქონდა და ის წუთები მთელი ცხოვრება მომყვება. ახლაც მინდა ერთხელ ასე ბედნიერმა გავიღვიძო (იღიმის). თეატრთან დაკავშირებული შემდეგი დიდი შთაბეჭდილება იყო, როცა "კავკასიური ცარცის წრე" ვნახე. მაშინ ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, VI-VII კლასის მოსწავლე ვიქნებოდი და ალბათ, ბევრი არაფერი მესმოდა, მაგრამ მახსოვს, როგორი სუნთქვაშეკრული ვუყურებდი სპექტაკლს და მინდოდა წარმოდგენის მონაწილე მეც ვყოფილიყავი.

- იმავე პერიოდიდან თქვენი მძიმე განცდები რას უკავშირდება?

- ბავშვობაში რამე განსაკუთრებული მძიმე განცდა არ მქონია, მაგრამ ვნაღვლიანდებოდი, როცა დედაჩემი სადმე მიდიოდა. მცირე დროითაც კი რომ მიემგზავრებოდა, ბებიასთან მტოვებდა, რომელსაც ასევე დედას ვეძახდი, მაგრამ მაინც, სევდანარევი იყო ის დრო, რომელსაც დედის გარეშე ვატარებდი.

- ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, არაერთი ადამიანი ახდენს ჩვენზე ძლიერ შთაბეჭდილებას, როგორც კარგს, ისე ცუდს. თუ შეგიძლიათ თქვენთვის 3 მნიშვნელოვანი ადამიანი გამოყოთ...

- რთული შეკითხვაა და ამაზე პასუხი მარტივი არ არის... პირობითად სამს გამოვარჩევ: ვინაიდან ყველაფერი ჩემთვის თეატრს უკავშირდება, ამ შემთხვევაშიც მძაფრ შთაბეჭდილებებს ჩემი პროფესიიდან გამომდინარე გავიხსენებ: რუსთაველის თეატრში ახალი მისულები ვიყავით, როცა "რიჩარდ მესამეში" უფლისწულის როლზე უნდა შევსულიყავი. მაშინ 20-21 წლის ვარ და ვნერვიულობ. სპექტაკლის წინ რეპეტიციები გავიარეთ და ამ დროს სცენაზე რამაზ ჩხიკვაძემ ჩაგვიარა. ეტყობა მიხვდა, როგორ განვიცდიდი, შემოტრიალდა, დამემანჭა და თვალი ჩამიკრა. მისმა ამგვარმა ქცევამ ყველანაირი დაძაბულობა და ღელვა მომიხსნა. გარდა იმისა, რომ მასზე როგორც მსახიობზე ვგიჟდებოდი, აღმოჩნდა, რომ არაჩვეულებრივი ადამიანიც იყო. იმ მომენტში, როცა მიხვდა, რომ ემოციურად მიჭირდა, ტექნიკურად, ტაქტიანად "გამომიწოდა ხელი" და ეს არასოდეს დამავიწყდება.

მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა თეატრალურ ინსტიტუტში ფილმში "ფარნის შუქზე" გადასაღებად შემარჩიეს. მაშინაც ძალიან ვღელავდი. ჩემი პარტნიორი ბატონი კარლო საკანდელიძე იყო. მან ისე მიმიღო, როგორც თანატოლი თავის პროფესიაში, მომეფერა და მანაც "ხელი გამომიწოდა". გადაღებების პროცესში ყველანაირი ღელვისა და კომპლექსისგან გამათავისუფლა - ესეც არასდროს დამავიწყდება.

მესამე შემთხვევას კი სკოლის ასაკიდან გავიხსენებ: მეცხრე კლასიდან სხვა სკოლაში გადამიყვანეს. ახალ კლასში შესვლისას ძალიან ვღელავდი. ერთგან მერხზე ბიჭი მარტო იჯდა. რომ დამინახა, არც აცია, არც აცხელა და მითხრა, - აქ მოდი, ჩემთან დაჯექიო! ეს ადამიანი გახდა მთელი ჩემი ცხოვრების თანმდევი მეგობარი გია კემულარია, შემდეგში კი - ჩემი მეუღლის, შვილის და ახლა უკვე ჩემი შვილიშვილების მეგობარი.

- ადამიანზე შექმნილი პირველი შთაბეჭდილება ყოველთვის ამართლებსო, ამბობენ. თქვენთვისაც ასეა თუ ნაცნობობის მერე, აზრი ხშირად შეგცვლიათ?

- ამ მოსაზრებას მეც ვეთანხმები. პირველი შთაბეჭდილება ყოველთვის ამართლებს, რადგან სავარაუდოდ, ამ დროს ინტუიცია ირთვება, შემდეგ კი გონება და სხვა დანარჩენი შეგრძნებები მიჰყვება. პირველი შთაბეჭდილება ყოველთვის უტყუარია.

- არსებობენ ავტორები და ნაწარმოებები, რომელიც ასევე ახდენენ ჩვენზე ძლიერ შთაბეჭდილებებს...

- ბულგაკოვის "ოსტატი და მარგარიტა" პირველად ბავშვობაში წავიკითხე. მას შემდეგ ძალიან ბევრჯერ და ყოველთვის სხვადასხვაგვარად აღვიქვამ. "ოსტატი და მარგარიტა" არაერთხელ დამისახელებია ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავ ნაწარმოებად. და ალბათ, ახლაც რომ გადავშალო, დარწმუნებული ვარ, კიდევ განსხვავებულ ემოციას აღმიძრავს. შეიძლება მას შემდეგ ბევრი და არაერთი ნაწარმოებით მოვხიბლულვარ, მაგრამ ახლა, ჩვენი საუბრისას ისე გამოდის, რომ ყველა ჩემს შთაბეჭდილებას ბავშვობიდან ვიხსენებ და მოდი, ესეც ასე დარჩეს.

- ადამიანები ყოველდღე რომ ვიწერდეთ შთაბეჭდილებებს, ვის დღიურებს გაეცნობოდით დიდი ინტერესით და თქვენ თუ გიცდიათ წერა?

- დღიურებს მხატვრული ნაწარმოების კითხვა მირჩევნია. თუმცა, ალბათ გააჩნია, რა ხასიათზე და ცხოვრების რა ეტაპზე ხარ. და მაინც, თუ არჩევანი უნდა გავაკეთო, ჩემთვის საინტერესო იქნებოდა რომელიმე ფსიქოლოგის ან ფილოსოფოსის ნაწერების კითხვა. რაც შემეხება მე, გეტყვით, რომ ბავშვობაში მეც მიცდია დღიურების წერა, მაგრამ ისეთი დაუდევარი ხასიათი მაქვს, მავიწყდებოდა. მერე სულ შევეშვი და შემდეგში ამის მცდელობა აღარ მქონია.

- როგორია თქვენთვის შთამბეჭდავი რეჟისორებისა და ფილმების სია...

- სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა პოლონეთში ჩასული, კინოში დაგვპატიჟეს. მაშინ ვნახე ფილმი "თმა", რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცოდი რეჟისორი მილოშ ფორმანი და არც მის შემოქმედებას ვიცნობდი. შემდეგი დიდი შთაბეჭდილება ემირ კუსტურიცას ფილმს "ანდერგრაუნდს" უკავშირდება. პირველად შემთხვევით ვნახე, ტელევიზორთან ვიჯექი, არხიდან არხზე ვრთავდი. ერთგან ამ ფილმს გადავაწყდი და ვეღარ მოვწყდი. საერთოდ, ბევრი ფილმი მიყვარს გამორჩეულად და დაუსრულებელი სია შემიძლია დაგისახელოთ, მაგრამ უცებ რაც გამახსენდა, ეს არის.

- თანამედროვე ქართულ კინოს თუ ადევნებთ თვალყურს?

- თანამედროვე ქართულ კინოში დიდი პაუზა იყო, მაგრამ ახლა ვითარება შეცვლილია.

ბოლო დროს ნანახი ფილმებიდან რამდენიმე განსაკუთრებით გამორჩეულია. ძალიან ვისიამოვნე, ლევან თუთბერიძის "სამურაი დასვენების ჟამს" რომ ვნახე. გამოვარჩევდი დიტო ცინცაძის ფილმს "და მერე გათენდა". კიდევ რამდენიმეა, მაგრამ ისე გამოდის, რომ რაც მომეწონა, მათში ჩემი ქმარი თამაშობს და მგონი, ამ ფილმების დასახელება უტაქტოდ გამომივა (იღიმის).

10nino-da-temiko-copy-1704718913.jpg

- არა, რატომ?! მაგალითად. მე, ბოლო დროს ნანახი ქართული ფილმებიდან თინათინ ყაჯრიშვილის "მოქალაქე წმინდანი" მომეწონა. იქაც თქვენი მეუღლე - თემიკო ჭიჭინაძე თამაშობს...

- "მოქალაქე წმინდანზე" გავგიჟდი! ამ ფილმმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. საერთოდ, ვფიქრობ, ბოლო დროს ბევრი კარგი ფილმი "წამოვიდა" და ეს სასიხარულოა.

- სერიალების მაყურებელი თუ ხართ? საამისო დრო გაქვთ?

- სამწუხაროდ, დრო არ მაქვს და თან, სერიალებს იმდენი წელი ვახმოვანებდი, ეს ჩემთვის გართობა აღარ არის (იღიმის). ბოლოს კორეული სერიალი "კალმარის თამაში" ვნახე და ძალიან მომეწონა.

- შთაბეჭდილებებით სავსე, რომელი ქვეყნიდან ან ქალაქიდან დაბრუნებულხართ?

- ჩემზე ნებისმიერი ქვეყანა დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, რადგან თითოეულს თავისებური ხიბლი, საინტერესო ადგილები და ცხოვრების წესი აქვს. ბევრი წლის წინ რეიკიავიკში ვიყავი და იქაურობა ძალიან მომეწონა. ასევე ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბეირუთმა. მაგრამ ორი წლის წინ, პანდემიის დროს, რაღაც პროექტით ბევრ ქვეყანაში მომიწია მოგზაურობამ. მას შემდეგ, რაც საქართველოში დავბრუნდი, ვამბობ, რომ ჩემს ქვეყანაზე ლამაზი და შთამბეჭდავი არც ერთია.

- ასე ძალიან მოგენატრათ საქართველო თუ სხვა ქვეყნებში რამე კონკრეტული არ მოგეწონათ?

- არ ვიცი, შეიძლება ეს ასაკის ბრალია, მაგრამ მივხვდი, რომ ლაღად მხოლოდ საქართველოში შემიძლია ვიცხოვრო. რა თქმა უნდა, ბევრგანაა კარგი და საინტერესო, მაგრამ პირველ ადგილას მაინც საქართველოს ვაყენებ.

- თეატრიდან ან პირადი ცხოვრებიდან, დაასახელეთ ყველაზე შთამბეჭდავი საჩუქარი, რაც პირველი გაგახსენდებათ...

- პირადი ცხოვრებიდან დავასახელებ... მე და ჩემს მეუღლეს საკუთარი ბინა დიდხანს არ გვქონდა. ბევრს ვეძებდით, ზოგი არ მოგვწონდა, ხან შევარჩევდით და შეძენას ვერ ვახერხებდით. ერთ მშვენიერ ნინოობას ჩემმა მეუღლემ ბინის გასაღები მაჩუქა. დღემდე იქ ვცხოვრობთ, უბრალოდ ახლა წავკისში ვართ, იქ პანდემიის დროს ავედით და დავრჩით. ორი ბავშვი წამოგვეჩიტა და გადავწყვიტეთ ჰაერზე გავზარდოთ.

- უკვე ორი შვილიშვილის ბებია ხართ. ამ სტატუსთან დაკავშირებული თქვენი შთაბეჭდილებები როგორია?

- ანდრო 2 წლისა და 8 თვისაა, ხოლო ლილე - 8 თვის. ჩემი მეგობრები, გამოცდილი ბებიები სულ მეუბნებოდნენ, ბებია რომ გახდები, არ იცი, რა დაგემართებაო. ვფიქრობდი, განსაკუთრებული რა უნდა შეიცვალოს, შვილიშვილის შეძენა გამიხარდება და რასაკვირველია, მეყვარება-მეთქი, მაგრამ ეს საოცარი გრძნობა აღმოჩნდა. უფროსი რომ იზრდება, სულ უფრო მეტად შემოდის კონტაქტში და სულ მეტიტინება, ამაზე უფრო და უფრო ვგიჟდები! ეს დიდი ბედნიერებაა. მე ასე მივმართავ: "ბება", ის კი "ნუნას" მეძახის და მას შემდეგ "ნუნა" გავხდი (იღიმის).

9-copy-1704718902.jpg

- დაბოლოს, პროფესიულ საქმიანობაზეც გკითხავთ. როგორც ვიცი, ორ თეატრში მოღვაწეობთ: რუსთაველის ეროვნულ თეატრსა და სანდრო მრევლიშვილის სახელობის თეატრში...

- არა, ახლა მხოლოდ რუსთაველის თეატრში ვარ, სანდრო მრევლიშვილის თეატრიდან წამოვედი. იქ ძალიან კარგი 2 წელი გავატარე. ახალი გამოცდილება შევიძინე, ურთიერთობა მქონდა ახალგაზრდა რეჟისორებთან, მსახიობებთან და მათი მადლიერი ვარ. ეს ძალზე საინტერესო პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში.

- რაც შეეხება სერიალს "სიყვარულს მიღმა", რომელიც ძალიან პოპულარული გახდა. მეოთხე სეზონი დასრულდა და ალბათ, მომავალშიც გაგრძელდება. გადაღებებთან დაკავშირებული შთაბეჭდილებებიც გაგვიზიარეთ...

- საერთოდ, როცა მეკითხებიან, თეატრი უფრო მიყვარს თუ კინო, ვპასუხობ, რომ კინო, მიუხედავად იმისა, რომ თეატრიც ძალიან მიყვარს. რაც შეეხება შთაბეჭდილებებს, არაჩვეულებრივი სამსახიობო და ტექნიკური გუნდი იყო შეკრებილი. ის ადამიანები მიყვარს, ვისთანაც სერიალის ოთხ სეზონზე ვიმუშავე. სიამოვნებით შევხვდებოდი მათ ამ პროექტის გაგრძელებაშიც და სხვა დროსაც. დიდი იმედი მაქვს, რომ სერიალი გაგრძელდება, მაგრამ ზუსტად არ ვიცი, ხანდახან იმედები არ მართლდება. თუმცა, დიდი სურვილი მაქვს და მოუთმენლად ველი (იღიმის).

ანა კალანდაძე