ცნობილთა ნატვრები... - გზაპრესი

ცნობილთა ნატვრები...

ალბათ ყველას გვაქვს საყვარელი ფილმი, რომელიც ცხოვრების ლამაზ, სასიამოვნო წუთებს გვახსენებს და სადღესასწაულო განწყობას გვიქმნის... დავინტერესდით, რას ნატრობენ და რომელი ფილმების ნახვა მოსწონთ შობა-ახალი წლის დღეებში ცნობილ ადამიანებს:

"მხოლოდ ერთი ნატვრა მაქვს: ქართველებმა აღარ ვიჩხუბოთ"

მერაბ კოკოჩაშვილი, რეჟისორი:

- არის რამდენიმე ფილმი, რომლებიც არ მბეზრდება და შობა-ახალი წლის დღეებშიც სიამოვნებით ვუყურებ. თითოეული ეს ფილმი ადამიანის გულში სიკეთეს და დიდ სიხარულს აღვივებს. ასეთია, მაგალითად, ჩარლი ჩაპლინის შემოქმედება ან მიშა კობახიძის ფილმები, რომლებიც ნამდვილი კლასიკაა. განუმეორებელია ელდარ შენგელაიას "შერეკილები" და ოთარ იოსელიანის თითქმის ყველა ნამუშევარი. ეს ფილმები ყოველთვის ღიმილსა და სიხარულს იწვევს, შობა-ახალი წლის დღეებში კი ადამიანმა წარსულის ყველა უსიამოვნება უნდა დაივიწყოს და გაიხაროს. ჩვენს ახალგაზრდებსაც ვეტყოდი: თუკი ამ ფილმებს ჩაუსხდებით და ნახავთ, დიდ სიამოვნებას მიიღებთ. შეუდარებელი მიუზიკლია "ჩემი მშვენიერი ლედი" - მისი ნახვა არასოდეს მბეზრდება.

ახალი, 2024 წელი მოდის და მხოლოდ ერთი ნატვრა მაქვს: ქართველებმა აღარ ვიჩხუბოთ, ერთმანეთის დარდი გავიზიაროთ და ერთმანეთის სიხარულით გავიხაროთ. დღესასწაულის დროს მაინც ვეცადოთ, ერთმანეთს გავუგოთ. იმედია, ახალი წელი მაინც გაგვაერთიანებს და სასიხარულო დღეებს მოგვიტანს.

"სიყვარულის დაბრუნების წელი გვქონოდეს"

lela-copy-1704719079.jpg

ლელა თათარაიძე, მომღერალი:

- "კუჩხი ბედინერის" გარეშე შობა-ახალი წელი ვერ წარმომიდგენია - ეს არის ფილმი, რომელსაც ყოველ ახალ წელს ვუყურებ და საოცრად ნოსტალგიურ, საუკეთესო განწყობას მიქმნის. ალბათ იმიტომ, რომ მასში ნამდვილი, ქართული სული იგრძნობა, იუმორიც კარგია და მსახიობებიც შესანიშნავად ასრულებენ თავიანთ როლებს.

რას ვისურვებდი მომავალი წლისაგან? - ყველა კეთილი სურვილის ასრულებაში დაგვხმარებოდეს და ჩვენი ცხოვრება საუკეთესო წელთა თვლაში გაგვევლოს. ვნატრობ, სიყვარული დაუბრუნდეს საქართველოს და ჩვენს ხალხს - ეს მშვენიერი გრძნობაა, რომლისგანაც ახლა ასე გაძარცული და გაღარიბებულია... მშვიდობა და ჯანმრთელობა ჩვენს ლამაზ ხალხს და მთელ მსოფლიოს. გაანელოს ის შუღლი, მტრობა, დაპირისპირება, რომელიც ჩვენ შორის დაბუდებულა და ბოლოს და ბოლოს, მშვიდობამ და ბედნიერებამ დაისადგუროს. თითქოს სიყვარული აღარ არის ჩვენ შორის, თითქოს მან დატოვა საქართველო და სადღაც შორს წავიდა. ამ სიყვარულის დაბრუნების წელი გვქონოდეს - მეტს არაფერს ვნატრობ!

"2024 წლისგან ველოდები ჩვენი ხალხის გაერთიანებას"

untitled-design-2023-07-01t145846-1688209139-1704719137.030 - Copy.jpg

რუსუდან ბოლქვაძე, მსახიობი:

- ერთი რჩეული ფილმი ნამდვილად არა მაქვს, რომელიც ახალი წლის დღეებში აუცილებლად უნდა ვნახო, მაგრამ არის რამდენიმე ფილმი, რომელთა ყურება ყოველთვის სასიამოვნო განწყობას მიქმნის. თუნდაც, "არაჩვეულებრივი გამოფენა" ან "შერეკილები", რომელიც ძალიან ლამაზი ზღაპარია. ეს ფილმები ახალგაზრდებმა აუცილებლად უნდა ნახონ, რათა იცოდნენ, როგორი მემკვიდრეობის პატრონია ჩვენი სამშობლო. უცხოურ ფილმებს შორის განსაკუთრებით "რომაული არდადეგები" მიყვარს, რადგან ამ ფილმის ნახვა თავად არის დღესასწაული. სხვათა შორის, კიდევ ერთი ფილმი უნდა ვახსენო, რომელიც ჩვენს თაობაში იყო პოპულარული - "ბედის ირონია, ანუ გაამოთ". ვერ ვიტყვი, რომ ის შედევრია, მაგრამ კარგი მსახიობები თამაშობენ, თანაც ყოველ ახალ წელს აჩვენებდნენ და ახლა ამ ფილმს რომ ვუყურებთ, ჩვენი სიყმაწვილის წლები გვახსენდება. ამიტომ, ნებსით თუ უნებლიეთ, ეს ფილმი მაინც სასიამოვნო საყურებელია. არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ ლამის ყველა ეპიზოდი ზეპირად ვიცოდით, მაგრამ მაინც ვუყურებდით, რადგან ადრე ამდენი ტელეარხიც არ იყო და ეს ფილმი თითქმის ყველა არხზე გადიოდა.

რას ველოდები 2024 წლისგან? - ჩვენი ხალხის გაერთიანებას, პირადი ინტერესების გვერდზე გადადებას და საერთო საქმეზე ზრუნვას. აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ბავშვებზე, ახალგაზრდებზე, მათ ცოტა მეტი დრო უნდა დავუთმოთ, რადგან უყურადღებოდ მიტოვებული ბავშვები მერე ბრაზიან პოლიტიკოსებად ყალიბდებიან და ქვეყანას ანგრევენ - მგონი, ამაში ბევრჯერ დავრწმუნდით.

"ჩემი უპირველესი ნატვრაა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს"

412642905-1043513790282808-2001541036326238918-n-copy-1704719154.jpg

დიმიტრი ტატიშვილი, მსახიობი:

- ფილმი, რომელიც ყოველთვის საახალწლო განწყობას მიქმნის, არის "მარტო სახლში". ამ ცოტა ხნის წინ მის მთავარ გმირებს ვარსკვლავიც გაუხსნეს. იმდენად ცოცხალი და ლამაზი სიუჟეტი აქვს, რომ არ მბეზრდება და ყოველ ახალ წელს სიამოვნებით ვუყურებ. სხვათა შორის, საახალწლო ფილმში მეც მითამაშია და თოვლის ბაბუის როლიც შევასრულე: ეს გახლავთ ხალისიანი და კარგი ფილმი - "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს". იქ ცოტა არაორდინარული თოვლის ბაბუა ვარ, მაგრამ ეს როლი მაინც კარგად მახსენდება, რატომ? - ყოველდღე ხომ არ თამაშობს მსახიობი თოვლის ბაბუას?

საახალწლო სურვილებს რაც შეეხება: ჩემი უპირველესი ნატვრა და სურვილია, ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს და ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინოს, რათა რუსეთმა ერთხელ და სამუდამოდ დაკარგოს საქართველოზე გავლენა და ჩვენს საქმეებში ჩარევა ვეღარ შეძლოს - მგონი, ამაზე უკეთესი სურვილი ჩვენი ხალხისთვის არ არსებობს!

"არასდროს გაგქრობოდეთ თავისუფლების წყურვილი"

412677494-301720302272109-6977817152624783554-n-copy-1704719169.jpg

ქეთი მატაბელი, მხატვარი:

- ჩემი რჩეული საშობაო ფილმია "ვერის უბნის მელოდიები": ამ ფილმში პირველად გაისმა საოცარი მელოდია და სიტყვები "25-სა დეკემბერსა, ქრისტე იშვა ბეთლემსაო"... "ვერის უბნის მელოდიები" პირველად რომ ვნახე, გავოცდი, რადგან მარტო ამ სიტყვების მოსმენაც კი უნებურად ქმნიდა სადღესასწაულო განწყობას. მაშინ რელიგიურ თემებზე საჯაროდ საუბარი და მით უმეტეს, ფილმებში ჩართვა აკრძალული იყო - ეს ძალიან თამამი ნაბიჯი გახლდათ. დღემდე მიმაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო სადღესასწაულო ფილმია, რომელიც ოდესმე მინახავს. აუცილებლად უნდა ვთქვა "ქეთო და კოტეს" შესახებაც: მართალია, ეს ფილმი საახალწლო თემატიკაზე არ არის, მაგრამ დიდი სიამოვნებით ვუყურებ. ეს ჩვენი კინოკლასიკაა, რომელიც არც ერთ ეპოქაში არ დაძველდება.

ზოგჯერ ამბობენ, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა დაივიწყეს ქართული ხელოვნება, მაგრამ ამ აზრს კატეგორიულად არ ვეთანხმები: უკვე წლებია, სამხატვრო აკადემიაში სტუდენტებს ვასწავლი. ბევრი ჩემი მოწაფე უკვე დამოუკიდებელი ხელოვანია. ვერ ვიტყვი, რომ ახალგაზრდებს ქართული ფილმები არ აინტერესებთ. პირიქით, ძალიან განათლებული, ჭკვიანი თაობა მოდის, რომელსაც ძველი ქართული ხელოვნებაც აინტერესებს, ჩვენი კულტურაც და ისტორიაც. ვხედავ, რამდენ ახალგაზრდას აქვს სურვილი, რომ თავისი შემოქმედება ქართულ მოტივებს მიუძღვნას.

ჩვენს სანაქებო ახალგაზრდებს ვუსურვებდი, არასდროს გაჰქრობოდეთ თავისუფლების და ბედნიერების წყურვილი, რომ მათი ცხოვრება მოყვასის სიყვარულით, სიკეთითა და სინათლით იყოს სავსე. ჩვენს სამშობლოსაც ამას ვუსურვებ, რადგან სიყვარულისა და ერთიანობის გარეშე ქვეყნის წინსვლა წარმოუდგენელია.

ხათუნა ჩიგოგიძე