მაკა ბარდაველიძე: „შვილის წიგნის პრეზენტაციაზე ყველაზე ბედნიერი ვიყავი“
2024 წლის 12 იანვარს თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში მაკა ბარდაველიძის ბენეფისი და მსახიობის საიუბილეო კრებულის პრეზენტაცია ჩაინიშნა. მსახიობი 40 წელია თავის საყვარელ საქმეს ემსახურება.
- ქალბატონო მაკა, რა ახდენს თქვენზე ძლიერ შთაბეჭდილებას?
- ძალიან მიყვარს კლასიკური მუსიკა და ცეკვა. ბალეტის ფანატიკოსი ვარ და ყველაზე ძლიერ სიამოვნებას მანიჭებს. ბალეტს „დონ კიხოტი“ შემიძლია დღეში რამდენჯერმე ვუყურო. ასევეა ზღვაც... ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი გამორჩეული შთაბეჭდილებაა, როცა მატარებელში ვზივარ და მესმის, ვიღაც ამბობს: „ზღვა გამოჩნდა!“ ვერ აღგიწერთ, რა დამემართა. გეფიცებით, ახლაც ამხელა ქალი იმავეს განვიცდი. ისეთი ბედნიერების განცდა მაქვს, ვერ აღგიწერთ. მატარებლით რომ მივდივარ და ზღვა გამოჩნდება, ბავშვებს ვასწრებ ხოლმე დავიყვირო: „ზღვა გამოჩნდა!“
- „ერთადერთი პროფესია, რომელზეც ბავშვობიდან ვფიქრობდი, მსახიობობა იყო“, - ამბობთ. სხვა ფიქრები არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა?
- არა, სხვა პროფესიაზე არასდროს მიფიქრია. მიუხედავად იმისა, რომ ცეკვა ძალიან მიყვარს და ეს დღემდე ჩემი სერიოზული გატაცებაა, მსახიობობამ მაინც გადაწონა. ამ პროფესიასთან დაკავშირებული პირველი ჩემი შთაბეჭდილება და გავლენა ალბათ ის იყო, რომ კულისებს მიღმა ცხოვრება იდუმალი მეგონა და სიგიჟემდე მაინტერესებდა სცენის იქით სამყაროში რა ხდებოდა. თან ბავშვობაში სულ რაღაცას მაკითხებდნენ, სხვადასხვა ღონისძიებაზე გამოვყავდით. მიუხედავად ამისა, ჩემს ოჯახს არ უნდოდა მსახიობი გამოვსულიყავი. დედაჩემი, რომელსაც თეატრალური ჰქონდა დამთავრებული, ამის სასტიკი წინააღმდეგი იყო. მართალია, ის სცენაზე არ მდგარა, პირდაპირ რადიოსა და ტელევიზიაში დაიწყო მუშაობა, მაგრამ ზოგადად ჩემი ოჯახის წევრები თვლიდნენ, რომ არ ვიყავი მიზანსწრაფული, ინტერესიანი და ისეთი ძალების პატრონი, რომელიც ამ პროფესიაში თავს დაიმკვიდრებდა. რასაკვირველია, ამას კარგი გაგებით ვამბობ, ანუ ისინი არ ფიქრობდნენ, რომ მსახიობის ბუნება მქონდა.
- და როგორც მახსოვს, ასე ფიქრობდა თქვენი პედაგოგი შალვა (მუმუშა) გაწერელიაც, თუმცა გეუბნებოდათ, „უნარიანი“ ხარო...
- დიახ. შალვა გაწერელია იყო ჩემი საქმისა და პროფესიის მთავარი და ერთადერთი ფიგურანტი. ის წლები, რომელიც სტუდენტობისას და შემდეგ უკვე თეატრში მის გვერდით გავატარე, ჩემთვის ძალიან საინტერესოა. 17-18 წლის ასაკში ამას ვერ აღიქვამ და იმ დროს ვერ აფასებ, მაგრამ ახლა უკეთ ვიაზრებ, რა ნიჭისა და ტალანტის ადამიანთან მქონდა საქმე. გული ბევრ რამეზე მწყდება. საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ ის ხშირად მეუბნებოდა სიტყვას „უნარიანი“. საერთოდ, ქება არ იცოდა, ასაკში რომ შევიდა, მერე დაიწყო და სიტყვა „ნიჭსაც“ ამბობდა, მაგრამ მანამდე ძალიან მკაცრი იყო და თავის განწყობას მხოლოდ შენი უნარების ხაზგასმით გამოხატავდა. მუმუშასთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ადამიანი, გარდა ნიჭისა, თავის საქმეზე ფანატიკურად შეყვარებული ყოფილიყო. ჩემი პროფესია კი მიყვარდა, მაგრამ არა უკიდურესად. მას კი ჩემგან თავგანწირვა სურდა, რაც ახალგაზრდას არ მქონდა. შემდეგში ეს ასაკმა მოიტანა. ამიტომ მგონია, შალვა გაწერელიას ისე ვერ მივყევი, როგორც სურდა და გული დავწყვიტე. ეროვნული მოძრაობა რომ დაიწყო, იმ ამბებზე გადავერთე და თეატრიდან წავედი. იმ დროს მან სპექტაკლში გამანაწილა და რომ ვუთხარი, თეატრიდან მივდივარ-მეთქი, გაგიჟდა. მართალიც იყო, საქმე თეატრში უნდა მეკეთებინა.
- თქვენს პროფესიაში ვისაც ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანად მიიჩნევთ, ალბათ ერთ-ერთი მუმუშა გაწერელია იქნება, სამს გამოვარჩევთ ხოლმე, ამიტომ დანარჩენი ორიც დავასახელოთ...
- ჩემი თეატრიდან უნდა აღვნიშნო რეზო თავართქილაძე. მასთან მუშაობა ერთი სიამოვნება იყო. სპექტაკლში „ნეაპოლი - მილიონერთა ქალაქი“ ამალიას ვთამაშობდი. მარტივად რომ გითხრათ, ჩემი პერსონაჟი მას ცუდად მოექცა, ის კი პირიქით, უდიდეს განსაცდელში მყოფ ამალიას საოცარი დიდსულოვნებით ეხმარებოდა. ბატონი რეზო სცენაზე რომ შემოდიოდა, ისე თამაშობდა, მე ჩემი როლი მავიწყდებოდა და სუნთქვაშეკრული ვუყურებდი. ის ბრწყინვალე არტისტი იყო... ვაფრენ ჯეკ ნიკოლსონზე (იცინის) და აქვე ჩემთვის შთამბეჭდავ ფილმებსაც დავასახელებ. რა თქმა უნდა, პირველია „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“. როცა ეს ფილმი ვნახე, წარმოუდგენელი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი... თითქოს სხვა განზომილებაში გადავედი, როცა ფედერიკო ფელინის „ამარკორდი“ ვნახე; არასოდეს დამავიწყდება „კაბირიას ღამეებიც“. ჯულიეტა მაზინას ფინალური სცენა რომ მახსენდება, ცუდად ვხდები, ეს სამსახიობო ოსტატობის მწვერვალია!
- შთაბეჭდილებებით სავსე, რომელ სპექტაკლებს დაუტოვებიხართ?
- მე რუსთაველის თეატრის მოყვარული ადამიანი ვარ. „კავკასიური ცარცის წრე“ იყო ჩემი ცხოვრება და ჩვენს თაობას ის რამდენჯერ აქვს ნანახი, ვინ დათვლის. რობიკო სტურუა ნამდვილი გენიოსია. ბოლო პერიოდში დადგმული სპექტაკლებიდან კი ძალიან მომეწონა თავისუფალ თეატრში ავთო ვარსიმაშვილის „ოტელო“. ეს არის რეჟისორის საოცარი ნამუშევარი. ავთო ნიჭიერი კაცია.
- ნამდვილად, ვარსიმაშვილის „ოტელო“ მეც მომეწონა. ახლა მწერლებსა და ლიტერატურულ ნაწარმოებებზე გადავინაცვლოთ. როგორია თქვენი „სია“?
- მაღალმხატვრულ ნიმუშად არ არის მიჩნეული და შეიძლება ახლა ეს ნაწარმოები მოძველებულია, მაგრამ ძალიან პატარამ წავიკითხე ვიქტორ ჰიუგოს „კაცი, რომელიც იცინის“ და გუიnპლენი მთელი ბავშვობა, დღე და ღამე მელანდებოდა. შემდეგი ჩემი დიდი შთაბეჭდილებაა თომას მანის „სიკვდილი ვენეციაში“ და საერთოდ, ეს მწერალი და მისი ნაწარმოებები ჩემთვის ყოველთვის შთამბეჭდავია. ასევე უილიამ ფოლკნერი და მისი მოთხრობები ძალიან მიყვარს. შეიძლება დასახელებულ მწერლებთან არ უნდა ვასახელებდე ფრენსის სკოტ ფიცჯერალდს, მაგრამ მისი „დიდი გეტსბიც“ მიყვარს და „ნაზია ღამეც“...
- ბოლო პერიოდში წაკითხული ავტორებიდან და ნაწარმოებებიდან, ვინ აღმოჩნდა თქვენთვის აღმოჩენა?
- ჰარუკი მურაკამის რომანი „ნორვეგიული ტყე“ და ბექა ქურხულის რომანი „ორი მთვარის ამბავი“. მომწონს როსტომ ჩხეიძის ბიოგრაფიული რომანების კითხვა და საერთოდ, ვთვლი რომ დიდი ადამიანების ცხოვრება ძალიან საინტერესოა და ამავდროულად, უდიდეს სევდას იწვევს. თუმცა, ვფიქრობ, ვერასოდეს წავიკითხავ პირად წერილებს, მორიდების განცდასთან ერთად, მანაღვლიანებს, ცუდად ვხდები და ძალიან მოქმედებს გასული წლებში მოღვაწე გენიოსების განსაცდელი და გაჭირვება.
- თქვენმა შვილმა, ელენე ჯანელიძემ რა პროფესია აირჩია?
- ელენემ იურიდიული დაამთავრა, მაგრამ ის წერს და უკვე წიგნი აქვს გამოცემული. თუკი რამ კარგი იყო ჩვენს ოჯახში ყველა მხრიდან, თავი ამ ბავშვში მოიყარა. „კაცი მოსახვევში“ ოცამდე მოთხრობისგან შედგება და წიგნის რედაქტორი როსტომ ჩხეიძეა. მწერლებმა ელენე ლამის ბორხესს შეადარეს და ამაზე ხომ საერთოდ გავგიჟდი. ჩემმა შვილმა წიგნი 19-20 წლის ასაკში გამოსცა, მაგრამ ის ნაწერი გაცილებით ადრე ჰქონდა გაკეთებული. ელენე ახლა ტელევიზიაშიც მუშაობს, მაგრამ ვთვლი, რომ მას ძალიან კარგად შეუძლია წერა. შთაბეჭდილებებზე ვსაუბრობთ და ჩემი შვილის წიგნის პრეზენტაცია ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო, იმ დღეს ყველაზე ბედნიერი ვიყავი.
- დადებითთან ერთად, ცხოვრებაში გვხვდება უარყოფითი შთაბეჭდილებებიც. გაიხსენეთ თქვენი პირველი ყველაზე მძიმე ასეთი მოგონება...
- რასაკვირველია, ოჯახის წევრების გარდაცვალება, უმძიმესი ფაქტია, მაგრამ როცა იმ ქვეყნად შენი თანატოლი მიდის, ეს კიდევ ცალკე და მძიმედ გადასატანი თემაა. ამიტომ გავიხსენებ შემთხვევას შორეული წარსულიდან, როცა სიკვდილთან პირველი „შეხება“ მოგვიხდა. სუხიშვილების სტუდია მაქვს დამთავრებული. V-VI კლასში ვიქნებoდი, როცა ცეკვაში ჩემი მეწყვილე სოსო ოტიაშვილი გარდაიცვალა. ეს ჩვენთვის იყო სერიოზული შოკი. შემდეგში, ჩემი ჯგუფის ტრაგედია გახდა გეგა კობახიძე. თავისუფალ თეატრში „ჯინსების თაობა“ ვერ ვნახე, არ შემიძლია და ალბათ ამ სპექტაკლს ვერც ვერასდროს დავესწრები. გეგა ძალიან მიყვარდა და ახლოს ვიყავით. როცა მის სასამართლო პროცესს ტელევიზიით აჩვენებდნენ, მაშინ აფხაზეთში, biWvinTაში ვისვენებდი. იცით, როგორი მძიმე განცდაა, როცა უყურებ, კარგად ცნობ მის ყველა მოძრაობას, მიმიკას და ამ დროს ადამიანს ასეთ უმძიმეს ვითარებაში ხედავ. გეგამ მე და ჩემი ჯგუფელი ნიკა კიკაჩეიშვილი ქორწილში რომ არ დაგვპატიჟა, ნიკას გაუკვირდა, მაგრამ მერე მივხვდით, გაგვიფრთხილდა და დაგვინდო, რადგან იმ ქორწილიდან ყველა გადანაწილებული იყო, ვინ, როდის და სად უნდა წასულიყო. შემდეგში ნიკა კიკაჩეიშვილი ჩემი შვილის ნათლია გახდა და ჩემი უახლოესი მეგობრის წასვლამაც უდიდესი ტრავმა მომაყენა...
- დაბოლოს, დაასახელეთ ყველაზე შთამბეჭდავი საჩუქარი, რაც პირველი გაგახსენდებათ...
- საჩუქარი ათასგვარი შეიძლება იყოს, ღირებულიც და უბრალოდ შენთვის ძვირფასიც და ახლა სწორედ ერთ ასეთ ამბავს გავიხსენებ: ძალიან ადრე, მუმუშა გაწერელიას დროს, მოზარდში ერთი ბიჭი სპექტაკლზე „კუკარაჩა“ ძალიან ხშირად დადიოდა. მეუბნებოდნენ, ალბათ მოსწონხარო, მაგრამ ერთხელ გადმომცა ბარათი, ყვავილთან ერთად. წერილში ჩემთან დაკავშირებით მისი შთაბეჭდილებები ეწერა. თურმე იმ ადამიანს, როგორც მსახიობი, დიდ სიამოვნებას ვანიჭებდი და თავისი განცდები გამიზიარა. იმ პატარა ბარათზე უკეთესი, არაფერი მქონია. და სხვათა შორის, როცა თბილისში რობერტ დე ნირო იყო ჩამოსული, აეროპორტში გავეკიდეთ, გვინდოდა, მისგან ავტოგრაფი მიგვეღო და მოვიპოვეთ კიდეც. იმ ბიჭის ბარათსა და დე ნიროს ავტოგრაფს ერთ წიგნში ვინახავდი, მაგრამ ბინა ორჯერ გამოვიცვალეთ და მესამეში გადასულმა, ვერც ერთი ვეღარ აღმოვაჩინე. ალბათ სადმე ამოცვივდა. გული დამწყდა. კი, ვიფიქრე, კარგი, რა მოხდა-მეთქი, მაგრამ რეალურად, მართლა ძალიან მეწყინა.
ანა კალანდაძე