გიორგი ბარბაქაძე: "მე და ჩემს ძმაკაცებს პოლიციელის ჩვენდამი დამოკიდებულება არ მოგვეწონა"
"9 წლის ვიყავი, როდესაც "ჩემი ცოლის დაქალების" გუნდის წევრი გავხდი. ამ როლის წყალობით გავიცანი ბევრი კარგი ადამიანი, შევიძინე მეგობრები და დავუახლოვდი მსახიობის პროფესიას", - ამბობს ჯეკოს როლის შემსრულებელი გიორგი ბარბაქაძე. მისი პერსონაჟის დაპატიმრებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ყველა გულშემატკივრობდა და ცდილობდა გაეგო, როდის გაათავისუფლებდნენ ჯეკოს?
- ახალი წლის დღესასწაული ძალიან მიყვარს. 2024 წელს ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად შევხვდი, მეგობრები ვიყავით ერთად და კარგად გავერთეთ.
- გიორგი, 2023 წელი შენთვის როგორი იყო?
- კარგი უფრო იყო, ვიდრე - ცუდი. ბევრი კარგი ამბავი მოხდა, ცვლილებების წელი იყო.
- ამ ცვლილებებზე შეგიძლია ილაპარაკო?
- ვერ ვილაპარაკებ.
- პირად ცხოვრებას ეხება?
- დიახ.
- წინასაახალწლო დღეებში ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობდა შენს პატიმარ პერსონაჟს - ჯეკოს. ამ პერიოდს როგორ გაიხსენებ?
- ჯეკოს დაკავებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გარეთ რომ გავდიოდი, ყველა მეკითხებოდა, - ციხიდან როდის გამოდიხარო? ეს წინადადება დღეში რამდენჯერმე მესმოდა. ჯეკოს ძალიან გულშემატკივრობდა მაყურებელი, რაც სასიამოვნო იყო.
- გამორჩეულად რა დაგამახსოვრდა?
- ბიჭები მეხუმრებოდნენ, ზვერაძესთან ჩვენ მივალთ და სიტუაციას დავალაგებთო.
- გარეთ რომ გხედავდნენ, ხომ არ უკვირდათ?
- მგონი, არ უკვირდათ.
- როგორი იყო ოჯახის წევრების რეაქცია, როდესაც მაყურებლის მხრიდან ასეთი დიდი გულშემატკივრობა იყო?
- ჩემს მშობლებსაც ხშირად ეკითხებოდნენ, - ჯეკო გამოვაო? არ მინდოდა მათ ვინმე დაესპოილებინათ და სულ ვთხოვდი, არავისთვის ეთქვათ, რომ მალე გამათავისუფლებდნენ.
- შენი "დაპატიმრების" დროს, გადასაღებ მოედანზე რა ხდებოდა?
- ლუდის დასხმის სცენის რამდენიმე დუბლი გადავიღეთ. ეს გამოწვევა ცოტათი არაკომფორტული იყო, მაგრამ ჩემი მოვალეობა უნდა შემესრულებინა. შემდეგ იყო საკანში გადაღებული სცენები. ჩემი საკანი პავილიონში მოაწყვეს და როგორც ამბობდნენ, ის ნამდვილი ციხის ანალოგი იყო. ამ გადაღებების დროს ყველანი ძალიან ვერთობოდით.
- პრობლემა, რომელიც სერიალში ჯეკოს ცხოვრებაში წარმოიშვა, შენი თაობის ბიჭებისთვის რამდენად აქტუალურია?
- არ ვიცი, რამდენად აქტუალურია, ჩემ გარშემო მსგავსი რამ არ მომხდარა, მაგრამ შეიძლება სადღაც ხდება. თავად ასეთ ადამიანებთან კონტაქტი არ მაქვს. თანატოლებისგან, ახლობლებისგანაც არ მსმენია, ვინმე ჯეკოს დღეში იყოს.
- ვინ არის შენთვის ჯეკო, რა დატვირთვა აქვს?
- 9 წლის ვიყავი, როდესაც "ჩემი ცოლის დაქალების" გუნდის წევრი გავხდი. არანაირი დატვირთვა არ აქვს, მაგრამ ჯეკო არის პერსონაჟი, რომელმაც დიდი პოპულარობა მომიტანა. რა თქმა უნდა, ეს ჩემი შრომის შედეგიც არის. ამ როლის წყალობით გავიცანი ბევრი კარგი ადამიანი, შევიძინე მეგობრები და დავუახლოვდი მსახიობის პროფესიას.
- კამერასთან მუშაობისას ვღელავო, ერთხელ მითხარი, ახლა რა ხდება?
- ეს თავიდან იყო მცირე პერიოდი, როცა გავარკვიე, რა არის კამერა და როგორ უნდა ვიმუშაო, მას შემდეგ კამერის წინ თამაში აღარ გამჭირვებია.
- ოდესმე სამართალდამცველებთან პრობლემა შეგქმნია?
- პრობლემა - არა, მაგრამ ჩვენ შორის შელაპარაკება მომხდარა.
- რის თაობაზე?
- მეგობრებთან ერთად ვიყავი, გაგვაჩერეს და ჯარიმა დაგვიწერეს, მე და ჩემს ძმაკაცებს პოლიციელის ჩვენდამი დამოკიდებულება არ მოგვეწონა და მისი ქცევა გავაპროტესტეთ.
- სერიალში ბევრი თანატოლი ხართ. მეგობრობთ?
- რა თქმა უნდა, ქეთასთან სულ ვმეგობრობდი, ახლახან დავმეგობრდი გივიკო ხახიძესთან, ასევე ჩემს "კოლეგებთან".
- ინტერვიუს დასაწყისში "კარგი ამბები" ახსენე, პერსონაჟის მსგავსად, თავადაც შეყვარებული ხომ არ ხარ?
- არა, ამ შემთხვევაში ჩემი პროფესიული კარგი ამბები ვიგულისხმე, მაგრამ ჯერ ვერ ვილაპარაკებ.
- საინტერესოა... მომავალში სად უფრო წარმოგიდგენია შენი თავი - პროფესიაში (გიორგი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ბიზნესმენეჯმენტის მიმართულებით სწავლობს) თუ გადასაღებ მოედანზე?
- უფრო, სამსახიობო მიმართულებით. თუმცა, ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ვარ.
- ხომ არ ნანობ ამ ფაკულტეტზე რომ არ ჩააბარე ან მომავალში ხომ არ აპირებ?
- არა, მაგრამ არ ვიცი, მომავალში რა იქნება, რადგან ამ სფეროს მიმართ ინტერესი უფრო გამიმძაფრდა, ვიდრე წლების წინ მქონდა.
- სერიალის გადაღებები უკვე დაიწყეთ?
- დავიწყეთ, ჯეკო თავისუფალია, წინ საინტერესო სერიები გელოდებათ.
თამუნა კვინიკაძე