რას ფიქრობს ტარიელ ხარხელაური თანამედროვე საქართველოს პრობლემებზე - გზაპრესი

რას ფიქრობს ტარიელ ხარხელაური თანამედროვე საქართველოს პრობლემებზე

ტარიელ ხარხელაურის პოეზია თითოეული ჩვენგანისთვის ძვირფასი და ახლობელია, რადგან მისი ყველა სტრიქონი საქართველოს სიყვარულით არის ნასაზრდოები! თანამედროვე ქართული პოეზიის პატრიარქი ჩვენი სამშობლოს წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე გვესაუბრება:

- ქართველმა ხალხმა კიდევ ერთი შობა-ახალი წელი იზეიმა. როგორი განწყობით შეეგებეთ თქვენ ახალ, 2024 წელს?

- რომ გითხრათ, ახალი წლისგან ბევრ რამეს ველოდები, მოგატყუებთ. მე დიდი შეცდომა მგონია, როცა გასულ წელიწადზე ამბობენ, ძალიან ცუდი წელი იყოო: თუ რაიმე არ გამოგვივა, რომელიმე წელს არ უნდა დავაბრალოთ. იმის მოლოდინიც არ მაქვს, რომ ეს წელი გასული წლისგან განსხვავებული იქნება, რატომ? - მსოფლიოში ორი უმწვავესი ომი მიმდინარეობს და მერე რა მოხდება, ხანძარი დედამიწის რომელ წერტილში გაჩნდება, არავინ იცის. ასე რომ, ყველაფერს ფხიზელი თვალით უნდა შევხედოთ და გონივრულად მოვიქცეთ, რადგან ახალი წელი ჩვენს გასაკეთებელ საქმეებს ვერ გააკეთებს. ფაქტია, რომ თანამედროვე ადამიანებმა ვერ შეძლეს ამ ომების თავიდან აცილება! ჩვენ მაინც უნდა შევძლოთ, რომ საქართველოში მშვიდობა შევინარჩუნოთ, რადგან ყველაფრის თავიდათავი სწორედ მშვიდობაა. დიახ, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შეძლოს, რომ მშვიდობა შეინარჩუნოს ჯერ საკუთარ თავში, მერე კი - ოჯახსა და თავის ქვეყანაში. საშინელებაა, როცა მთელი მსოფლიოს თვალწინ ასეთი ტრაგედია ხდება, მაგრამ უფრო დიდი საშინელებაა, რომ მსგავსი ტრაგედიები მსოფლიოსთვის ახალი არ არის, რომ ასეთი რამ ყოველთვის ხდებოდა... ჩვენი ხალხი არ არის ღირსი, რომ ასეთ დაძაბულ სიტუაციაში იცხოვროს, არც ასეთი დამანგრეველი ომების ღირსია!

- მართლაც ურთულეს ეპოქაში ვცხოვრობთ... ჩვენი ისტორიის რომელ მონაკვეთს გაგონებთ დღევანდელი საქართველო?

- ჩვენს ხანგრძლივ ისტორიას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ საქართველოს უარესი დღეებიც ჰქონია. მე-17 საუკუნის დასაწყისს შეგახსენებთ: ალექსანდრე II საკუთარმა შვილმა არ მოკლა?! ამის შემდეგ, მამის და ძმის მკვლელმა კონსტანტინემ თავი კახეთის მეფედ გამოაცხადა. ჩვენი ისტორიიდან კიდევ ერთ ეპიზოდს შეგახსენებთ: დავით აღმაშენებელმა საქართველოში, ყივჩაღთა 40 ათასი ოჯახი ჩამოასახლა. გადაამრავლეთ, ერთ ოჯახში რამდენი ადამიანი იქნებოდა და რამდენი უცხო ადამიანი შეემატა ჩვენს ხალხს, მაგრამ ამან საქართველო ვერ დაასუსტა, პირიქით, გააძლიერა და მე-12 საუკუნე ჩვენი აღზევების საუკუნედ იქცა. ბევრი რამ გადაგვიტანია, მაგრამ დღემდე მოვედით. ახლა კი, თითოეული მოქალაქე დამნაშავეა თუ ხელისუფლებაში ისეთი ვინმე მოვიყვანეთ, რომელიც ქვეყანას არ გამოადგა და სათანადოდ არ ემსახურა. გასულ საუკუნეებთან შედარება არ გამოგვივა და არც არის საჭირო, მთავარია, ჩვენს ქვეყანას ახლა ვუპატრონოთ, ეს კი, ნამდვილად შეგვიძლია - ქართველები თავიანთ გონებრივ რესურსს სრულად თუ გამოვიყენებთ, დამიჯერეთ, მთელი სამყაროს გაოცებას შევძლებთ!

- რატომ მოხდა, რომ ამდენი ბრძოლის და მსხვერპლის შემდეგ, ჩვენს სანუკვარ მიზანს ვერ მივაღწიეთ და ისეთი სახელმწიფო ვერ ავაშენეთ, როგორიც გვსურდა?

- ჩვენ ასეთი გენეტიკური კოდი გვაქვს: ომიც შეგვიძლია და შრომაც, ოღონდ სხვათა გასაკვირვებლად. ლუარსაბ თათქარიძის აზროვნებიდან როგორმე უნდა გამოვიდეთ და მივხვდეთ, რომ უჩვენოდ ჩვენი საქმე ვერ და არ გაკეთდება. ლუარსაბ თათქარიძეობა, ფეხის ფეხზე გადადება და ბუზების თვლა, სამწუხაროდ, ჩვენი ბუნების ნაწილია. ილია ჭავჭავაძემ ეს პერსონაჟი ჭაობიდან შემთხვევით როდი ამოიყვანა: დიდმა ილიამ დაგვანახვა, რომ ლუარსაბ თათქარიძეობა არა მარტო ერთი ოჯახისთვისაა დამღუპველი, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ამის წყალობით, დღეს უკვე გათითოკაცებული ერის შვილები ვართ, რომელიც ყველასთვის ადვილად დასამტვრევი და წასაქცევია. ფაქტია, რომ ერთ მუშტად შეკვრა გაგვიჭირდა და შემკვრელიც არ გამოჩნდა, რომ გაგვაერთიანოს. ყველაფრის მიუხედავად, ზუსტად ვიცი, რომ ჩვენ უფრო მეტის ღირსები ვართ და იმ რეალობაში ცხოვრებას, რაშიც ახლა ვცხოვრობთ, არ ვიმსახურებთ. ალბათ, ჩვენი მკითხველი იკითხავს, რატომო: საქართველო ჟიული შარტავას, გიორგი ანწუხელიძის, ზურაბ იარაჯულის, შინდისის გმირების მშობელი ქვეყანაა და ეს გმირი ბიჭები ნებისმიერ ეპოქას დაამშვენებდა! ცუდია, რომ ამაზე ნაკლებად ვსაუბრობთ. ქართულმა პრესამ და ტელევიზიამ ყველაფერი უნდა იღონოს, რომ ეს სახელები ხშირად ისმოდეს და მომავალ თაობას მაგალითად ექცეს. ამ სახელებს უნდა მოვუფრთხილდეთ, მაგრამ რატომღაც, აქცენტი იმაზე გადაგვაქვს, ვინც არ გამოგვადგა და ვინც ვერ ივარგა. ეს მცდარი მიმართულებაა, რადგან ისეთი ხალხი უფრო მეტი გვყავს, ვინც ქვეყანას გამოადგა, ვინც მისთვის თავი გაწირა. ყველაზე ხშირად, სწორედ ღირსეული ქართველები უნდა გავიხსენოთ. ამაში დიდი როლი აქვს ელექტრონულ და ბეჭდურ მედიას: ჩვენს საზოგადოებას მათი გმირობის ამბები უფრო ხშირად უნდა შევახსენოთ.

- თქვენი აზრით, რატომ შემორჩა საქართველოში ხალხი, რომელსაც საბჭოთა წყობის ნოსტალგია აქვს და რუსეთის გარეშე არსებობა ვერ წამოუდგენია?

- წეღან ლუარსაბ თათქარიძე ვახსენე... ეტყობა, ამ ხალხს დღევანდელობამ უკეთესი მატერიალური მდგომარეობა ვერ მისცა და საბჭოთა პერიოდს ამიტომ მისტირის. როცა ქვეყანაში ყველა თავისი ცხოვრების მოწყობაზე ფიქრობს და საერთო მიზანი არ არსებობს, უკეთეს ყოფას არც უნდა ველოდეთ. როცა ადამიანს სურს, რომ ყველაფერი ხელის გაუნძრევლად მიიღოს, ის ყოველთვის ნატრობს "უფროს ძმას" და მფარველს, რომელიც დაეხმარება. ასეთები საკუთარ თავს არ ეკითხებიან - შენ რა გააკეთე ამ ქვეყნისთვის, რა შეცვალე, ან რა შექმენიო?

სხვათა შორის, მე თვითონ, არასდროს მქონია ნოსტალგია არც ერთ დროზე, გარდა რუსთაველის ეპოქისა. ომის შემდგომი თაობის შვილი ვარ და შესანიშნავად მახსოვს, მაშინ როგორი ცხოვრება გვქონდა: 1950-1960-იან წლებში პური რომ გამოეცხოთ, დიასახლისები კარტოფილის ფქვილს ურევდნენ, რადგან საკმარისი პურის ფქვილი არ იყო. მიუხედავად ამისა, მოწუწუნე და ატირებული არც გლეხი მინახავს, არც მასწავლებელი და არც სხვა ვინმე... იმდენს შრომობდნენ, რომ ოფლიანი ბეჭებით დადიოდნენ, ერთი ხელი ტანსაცმელი ჰქონდათ და ისიც ტანზე ეხეოდათ, მაგრამ ღირსებას მაინც ინარჩუნებდნენ.

- ფიქრობთ, რომ დღეს საქართველოში უკეთესი მდგომარეობაა?

- რა თქმა უნდა, უბრალოდ, ეკონომიკა ადამიანურ მოთხოვნებს ვერასდროს დაეწევა. ადრე გლეხი თავის ოჯახს საკუთარი მარჯვენით ინახავდა, ახლა კი, თიანეთის რაიონის სოფლებს რომ გადახედო, დათესილ ხორბალს ვერსად ნახავთ, მარტო სიმინდი ითესება და ისიც მცირე რაოდენობით. ადრე ჩვენს მხარეში უამრავი ხორბალი, კარტოფილი და ლობიო მოჰყავდათ, დიდი რაოდენობით საქონელს ზრდიდნენ, დღეს ეს ყველაფერი წაიშალა, რაც დიდი შეცდომაა: შეიძლება წყობა შეიცვალოს, მაგრამ ის ქონება არ უნდა გაანიავო, რომელიც ადრე გქონდა, პირიქით, უნდა შეინარჩუნო, მოუარო და გაამრავლო. ნახევარ საათში შეიძლება მთელი ქვეყანა დაანგრიო, მაგრამ შენებას ასწლეულები სჭირდება.

- მაინც, რა არის ჩვენი ხალხის მთავარი პრობლემა დღეს?

- ჩემი აზრით, თანამედროვეობის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ქართველი კაცი მიწას მოსწყდა და დაშორდა. ცნობილია, რომ გლეხს მიწის მიმართ სულ სხვა სიყვარული აქვს, ის არ ცდილობს მიწისგან მხოლოდ მოგება მიიღოს, ახლა კი, მიწა გავიუცხოვეთ და მოხმარების საგნად ვაქციეთ, არადა, მას მზრუნველობა და მოვლა სჭირდება. ძალიან დიდი პრობლემაა დემოგრაფიაც: ქართველები სამშობლოს ტოვებენ და ემიგრაციაში მიდიან. ერთი შეკითხვა მაქვს: მოწინავე ქვეყნებში რომ ჩადიხართ, არ კითხულობთ, ეს ქვეყნები ვინ ააშენა? - ისინი თავიანთ სამშობლოს კი არ გაებუტნენ და სადღაც კი არ გაიქცნენ, პირიქით, იშრომეს, იბრძოლეს და საკუთარი მარჯვენით ააშენეს. ქართულ მიწას უპატრონოდ არავინ დატოვებს, შენ წახვალ და სანაცვლოდ, სხვა შემოვა. ეს ჩვენი ერის დიდი ტრაგედიაა: ჩვენს მიწაზე ის დასახლდება, ვინც ამ მიწის ფასი და ყადრი იცის. დღეს იმდენად არ ჭირს, რომ ადამიანმა იშრომოს და თავი ვერ ირჩინოს, მაგრამ ემიგრაციაში ერთმანეთის წამხედურობითაც მიდიან - ის თუ წავიდა, მე რატომ არ უნდა წავიდე, იმან თუ აიწყო ცხოვრება, მე რატომ არ უნდა ავიწყო? არ კითხულობენ, უცხოეთში ხალხი როგორ შრომობს, არც იმაზე ფიქრობენ, რომ უამრავი ადამიანი აქაც ნორმალურად ცხოვრობს. ბევრი ვიცი, ვინც ემიგრაციაში არ წასულა, მაგრამ ბედს არ უჩივის. კარგი, წახვედი, მაგრამ უკან დაბრუნება რომ არ გინდა, აი ეს არის ტრაგედია! შენი ქვეყნისკენ გამოხედვა რომ არ გინდა, ეს არის ჩვენი ეროვნულობის დამანგრეველი, უმძიმესი მოვლენა!

- გამოსავალს რაში ხედავთ?

- მე სულ ვამბობ: სანამ ქართველი ქალი, ქართველი დედა არ აიღებს პასუხისმგებლობას ამ ქვეყანაზე, ჩვენ სულ ამ ჯოჯოხეთურ წრეში ვიტრიალებთ. ქართველი დედა უნდა დავუბრუნოთ საქართველოს და სწორედ მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საქართველოზე. ყველა ეპოქაში ასე იყო და მომავალშიც ასე იქნება. იყო დრო, როცა 1 მილიონიც არ ვიყავით, მაგრამ მაშინაც დედამ აიღო პასუხისმგებლობა. ჩემს სოფელში 200 ოჯახი იყო და არც ერთ ოჯახში ხუთ შვილზე ნაკლები არ იზრდებოდა. 7-8 შვილიც ბევრს ჰყავდა, სწორედ ქართველი დედის თავგანწირვამ მოიყვანა ეს ერთი მუჭა ერი და ქვეყანა 21-ე საუკუნემდე.

- როგორ ფიქრობთ, რას მოუტანს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი? არის თუ არა ეს წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოსთვის?

- გამოგიტყდებით, რომ ამ წოდებას დიდი მოლოდინით არ შევხვედრივარ. მე კარგად მახსოვს, ცხონებულმა ზურაბ ჟვანიამ, მოსკოვში გამართულ ყრილობაზე რომ თქვა, მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელიო, ზურაბ ქაფიანიძე ასე შეეხმიანა: მე ვარ ქართველი და არავითარი მაშასადამეო... უპირველესად ქართველები უნდა ვიყოთ და არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ ვინმე მუქთად შეგვინახავს. ზოგს სჯერა, რომ ადრე კომუნისტური წყობა გვაცხოვრებდა, ზოგს იმის იმედი აქვს, რომ ახლა ევროპამ უნდა გვაცხოვროს... ეს ხომ ილუზიაა? - ვერც ევროპა გაცხოვრებს, ვერც მეზობელი და ვერც ნათესავი, ერთხელ გაჭმევს, მეორედ და მერე მოჰბეზრდები თუ შენც არ ცდილობ და არაფრის გამკეთებელი ხარ! სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებას განათლება აკლია და ამას ვერ ხვდება, რადგან გაუნათლებელი საზოგადოება ადვილი სამართავია.

tariell-copy-1705416072.jpg

- დაბოლოს, რა გაძლევთ იმედს იმ რთულ სიტუაციაში, რომელშიც დღევანდელი საქართველო იმყოფება?

- უკეთესი მომავლის იმედს ჩვენი შვილიშვილების და შვილთაშვილების თაობა მაძლევს! მე ხშირად მაქვს შეხვედრები სკოლებში, ბავშვებთან და მიხარია, ისეთი თაობა მოდის: ამ ბავშვებს ჩვენზე მეტი მოთხოვნილება აქვთ ეროვნულობაზე, მათ თავისუფლების გემო და ფასი იციან, აზროვნებენ და საოცარ შეკითხვებს სვამენ... ბათუმსა და ქუთაისში საბავშვო თეატრების ფესტივალი ჩატარდა და გაოგნებული ვუყურებდი ამ საოცარ ბავშვებს! მათთან შეხვედრებზე იმიტომ კი არ დავდივარ, რომ ტაში დამიკრან, თითოეულ მათგანს ყურადღებით ვაკვირდები. ჩემი შვილების თაობა ისეთ შეკითხვებს არ სვამდა, როგორიც თუნდაც, ერთმა პატარა გოგონამ დამისვა: იცით, რა მკითხა? - როგორ ვუშველოთ ჩვენში დაგროვილ აგრესიასო... ამაზე მე არასდროს მიფიქრია, ალბათ, არც ჩემი შვილების თაობას, ამიტომაც ვამბობ, რომ ძალიან ნიჭიერი თაობა მოდის. ჩვენი გენეტიკური კოდი ამ ბავშვებში ძალიან მკაფიოდაა გამოვლენილი და მიხარია, რომ სწორედ მათი თაობა ემზადება ასპარეზზე გამოსასვლელად. ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენი ინტერვიუ ამ დადებითი განწყობით უნდა დავასრულოთ!

ხათუნა ჩიგოგიძე