"დედა ბოლომდე მენდობოდა, არასდროს არაფრით მაკომპლექსებდა" - გზაპრესი

"დედა ბოლომდე მენდობოდა, არასდროს არაფრით მაკომპლექსებდა"

ახალი წლის დღესასწაულს ანა ქურდაძე განსაკუთრებულად ბედნიერი შეხვდა - "პრაიმ ჰაუსის" 4-სეზონიანი არსებობის განმავლობაში, ქალმა პირველად გაიმარჯვა...

- უბედნიერესი ვარ! ძალიან მიხარია, რომ გულშემატკივრების არმიამ შესაძლებლობა მომცა, გამემარჯვა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მაგალითად, არა ბინის მოგება, არამედ - ის, რომ ხალხმა შეძლო მცირე-მცირე წვლილით ამხელა გამარჯვებისთვის მიმეღწია.

- კიდევ რომელი ახალი წელი გახსენდებათ, რომელსაც ასეთი ბედნიერი და წარმატებული შეხვდით?

- ასეთი - არც ერთი, ეს პირველი იყო... ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ. იმედია, ცხოვრებაში მსგავსი სიხარული კიდევ განმეორდება. მგონია, ადამიანს მსგავსი შეგრძნებები იშვიათად გეუფლება ცხოვრებაში...

- 2023 წელს რა სურვილი ჩაუთქვით? თქვენი შარშანდელი სურვილი რეალითი შოუში გამარჯვებას ხომ არ უკავშირდებოდა?

- საერთოდ, სურვილები სულ მაქვს ხოლმე, მაგრამ მისი ახდენა ძალისხმევის შედეგია და არა - ლატარიაში მოგების მსგავსი. შოუში შევედი, ვიბრძოლე, ხალხიც გვერდში დამიდგა და გამამარჯვებინა - ეს მათი დამსახურებაა. საერთოდ, მიმაჩნია, რომ სურვილები სურვილებად დარჩება, თუკი მათ განხორციელების საშუალება არ მიეცი - ფეხი ფეხზე გადაიდე და არ იმოქმედე.

- "პრაიმ ჰაუსის" პირველი გამარჯვებული ქალი ხართ. თქვენი აზრით, სხვა სეზონების მონაწილე ქალები შოუში რა შეცდომებს უშვებდნენ, გამარჯვება რატომ ვერ მოახერხეს?

- საერთოდ, არა მგონია, რომ რამე შეცდომებს უშვებდნენ. უბრალოდ, ისინი შოუში ისეთები იყვნენ, როგორებიც რეალურად არიან. პროექტში მონაწილეობისას მეც ის ვიყავი, ვინც ვარ. უბრალოდ, ისე ხდება, რომ ადამიანებს შენში რაღაც მახასიათებლები მოსწონთ, საკუთარ თავთან გაიგივებენ და შემდეგ მოსწონხარ. წინა სეზონებს თვალყურს დიდად არ ვადევნებდი. ვიცი, სამივეჯერ მამაკაცმა გაიმარჯვა. ძირითადად, მონაწილეებისთვის ხმის მიმცემი ძალა ქალები არიან. მეც და წინა სეზონის მონაწილე ბიჭებსაც ქალებმა გაგვამარჯვებინეს. ხმის მისაცემად მონაწილეებს მამაკაცები ნაკლებად ურეკავენ და უმესიჯებენ - ეს ნამდვილად ასეა. შეიძლება გიყურონ, გიგულშემატკივრონ, მაგრამ არ დარეკავენ. სავარაუდოდ, მაყურებელმა ქალბატონებმა წინა სეზონების გამარჯვებულ მამაკაცებში ის თვისებები დაინახეს, რაც მოეწონათ, მონაწილე გოგონებთან კი საკუთარი თავი ნაკლებად გააიგივეს. ჩემი გულშემატკივრების დიდ ნაწილსაც ქალები შეადგენენ. ძირითადად, გულშემატკივრებს შინაგანი ძლიერების, პრინციპულობის გამო მოვწონვარ. უმრავლესობა მწერს, - მე რომ შენი ხასიათი მქონოდა, ამას და ამას გავაკეთებდიო... ზოგი თავის თავთან მაიგივებს - მეც ასეთი ვარო... თუკი წინათ, სხვადასხვა პროექტში მონაწილეები საზოგადოებაზე სენსიტიურად მოქმედებდნენ - მაყურებლებს თავს აცოდებდნენ (პირობითად - სახლი არ აქვს, გავამარჯვებინოთო) და ასე გადიოდნენ ფონს, ახლა რადიკალურად პირიქით აღმოჩნდა: ხალხმა ძლიერებით გამიყვანა ფონს, ანუ ხალხის გრძნობებზე არასოდეს მიმოქმედია, პირიქით - ინტერვიუ რომ ჩამომართვეს, მოვყევი, რომ დედა ემიგრაციაში უნდა წასულიყო - საბუთებს აწესრიგებდა, მაგრამ არ გავუშვი და მუშაობა დავიწყე, თუმცა ეთერში სიტყვა "ემიგრაცია" არ ვახსენებინე, ამაზე აქცენტი არ გავაკეთე, რადგან არ მსურდა, ვინმეს ეფიქრა, ხალხის ემოციებზე ვთამაშობდი... ხალხმა მგონი ჩემი გულწრფელობა დაინახა...

- თქვენი ხასიათის დადებით და უარყოფით თვისებებად რას მიიჩნევთ?

- ძალიან პირდაპირი ვარ. რასაც ვფიქრობ, ვამბობ. ეს ხალხს არ მოსწონს და არც არის საჭირო, ადამიანს ყველაფერი პირში მიახალო. ზოგჯერ ჩემს პირდაპირობას უტაქტობად აღიქვამენ, რადგან პირდაპირობას მიჩვეულები არ არიან, მაგრამ ჩემთვის უტაქტობა კი არა, სიმართლეა, როცა იმას ამბობ, რასაც ფიქრობ. მოკლედ, ჩემი ეს თვისება ერთდროულად, დადებითიც არის და უარყოფითიც... ძალიან უშუალო და გულწრფელი ვარ - მგონი, ჩემი დადებითი თვისება ეს არის.

- საინტერესოა, როგორი მოსწავლე იყავით? მასწავლებლებთან კამათი თუ მოგდიოდათ?

- ყოველთვის კარგად ვსწავლობდი. ოქროს მედალოსანი ვარ. მასწავლებლებთან კამათი არასდროს მომსვლია. ერთადერთი, ლოგიკური ამოცანები მიყვარდა. მათემატიკის და ფიზიკის მასწავლებლებთან ერთად, მართლა ბევრი გვიმსჯელია, მთელი დღე დაგვითმია - არა, ეს ასეა, არა, ისე-თქო (იღიმის)...

- როგორ გარემოში იზრდებოდით?

- მოსიყვარულე, მზრუნველ გარემოში. დედა მზრდიდა. მართლა არაფერს მაკლებდა, მისი შესაძლებლობის ფარგლებში, თორემ ისე, ბევრი რამე მაკლდა (იღიმის), მაგრამ არასოდეს მიგრძნია, რომ რაღაც არ მქონდა. ძალიან გვიჭირდა, მიუხედავად ამისა, დედას შეიძლება ჩემთვის ბევრი ტანსაცმელი არ ეყიდა, მაგრამ ყოველთვის ცდილობდა, ყველა ექსკურსიაზე წავსულიყავი, კინოთეატრშიც, ბევრი რაღაც მენახა, ბევრ ადამიანთან მქონოდა ურთიერთობა, შემოქმედებითი ვყოფილიყავი... 2 წლის ვიყავი, როცა მამა ჩვენი ცხოვრებიდან წავიდა. დედაჩემი დედამთილ-მამამთილთან ცხოვრობდა, სანამ მესამე კლასში გადავიდოდი. ჩემს გაზრდაში მამას მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია, არც კი ვუნახავვარ. მასთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია...

- როგორც ვიცი, იურისტის პროფესია აირჩიეთ, თუმცა სტუდენტობისას საჭირო გახდა, შემოსავალი გქონოდათ და სწავლას თავი დაანებეთ...

- დიახ, მაშინ სწავლა შევწყვიტე. აუცილებლად უნდა მემუშავა, რადგან დედა აღარ მუშაობდა და საარსებო წყარო გვჭირდებოდა. იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლისას, სტაჟირებას გავდიოდი, მაგრამ ხელფასი არ მქონდა. ჩემმა კურსელებმა სტაჟირება ისე გაიარეს, რომ წლების განმავლობაში, ხელფასი არ ჰქონიათ. ამიტომ მომსახურების სფეროში გადავედი, სადაც ანაზღაურება იყო... ყველამ იცის, თსუ-ში სწავლა როგორც მიდის - ლექციებს ვერ გააცდენ, რადგან ქულა დასწრებაშიც გეწერება. ისე არ ხდება, რომ მიხვიდე და გამოცდა ჩააბარო. ამიტომ მაშინ აკადემიური ავიღე... იურიდიულზე სწავლა ვეღარ გავაგრძელე, სამსახურს შევყევი, თუმცა, რადგან სწავლის გაგრძელება მინდოდა (უკვე 5 წელი იყო გასული და "სტუდენტის" სტატუსი აღარ აღმიდგინეს), პანდემიის პერიოდში, უნივერსიტეტში ხელახლა ჩავაბარე, ოღონდ - ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე. ასე რომ, ამჟამად, სტუდენტი ვარ, ერთი სემესტრიღა დამრჩა...

- თავის დროზე იურისტობა რატომ აირჩიეთ?

- ოჯახის წევრები, გარშემო მყოფები სულ მეუბნებოდნენ - შენ ძალიან მაგარი იურისტი, მაგარი ადვოკატი, პროკურორი იქნებიო! ამას პირველი კლასიდან შთამაგონებდნენ. ეროვნული გამოცდები ისე ჩავაბარე, სხვა პროფესია არც განმიხილავს. სავარაუდოდ, ჩემი არჩევანი იმან განაპირობა, რომ შთაგონებული ვიყავი, კარგი იურისტი ვიქნებოდი.

- პროექტში ყოფნისას აღნიშნეთ, ბიზნესის მიმართულებით ვმუშაობ, მაგრამ თითქოს ეს საქმე "ჩემი" არ არისო...

- ბიზნესი ძალიან მომწონს - ისაა, რაც მინდა, რომ ვაკეთო. უბრალოდ, როცა ამ სფეროში მუშაობა დავიწყე, ჩემთვის ძალიან იოლი იყო რასაც ვაკეთებდი, თუნდაც - მენეჯმენტი, მაღაზიის გახსნა... თავად უფრო დიდი იდეების განხორციელება მინდა, რასაც დიდი რესურსი სჭირდება. რადგან ეს რესურსი არ მქონდა, იმას ვაკეთებ, რაც მარტივია...

- როცა უკვე გარკვეული მატერიალური ბაზა გქონდათ, მაინც ბიზნესის ადმინისტრირების შესწავლა რატომ გადაწყვიტეთ?

- იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლას ვეღარ გავაგრძელებდი: სწავლა ხელახლა უნდა დამეწყო, სტაჟირებები გამევლო... ისეთი პროფესიაა, რომ 5-6 წელი მაინც გჭირდება დასაწინაურებლად, კარგი თანამდებობის დასაკავებლად... ბიზნესის სფეროში ბევრი ტრენინგი გავიარე და უკვე ჩემი საქმე მაქვს. მსურს, შემდგარი ვიყო... სამართლის სფეროს რომ მივბრუნებოდი, უამრავი დრო დამჭირდებოდა, რომ წარმატებისთვის მიმეღწია.

- რომელიმე გახმაურებულმა საქმემ ხომ არ მიიქცია თქვენი ყურადღება, რომელზეც სიამოვნებით იმუშავებდით, როგორც იურისტი?

- არა. უფრო საჯარო სამართალი და პოლიტიკა მომწონდა. პროფესიული განვითარება საერთაშორისო სამართლის მიმართულებით მინდოდა. ამ კუთხით ახლა რომ იმუშაო, საკმაოდ დიდი პროფესიული გამოცდილება გჭირდება, ასეთი გამოცდილება კი - უკვე ბიზნესში მაქვს...

- თუმცა პოლიტიკაში მოსვლაზე ხომ არ გიფიქრიათ? ხალხის დიდი ნაწილის სიყვარულიც გაქვთ...

- არა, ეს სიყვარული გაფუჭებად არ ღირს. ხალხს ისე ვუყვარვარ, მათგან ისეთ გულთბილ დამოკიდებულებას ვგრძნობ, რომ ამას არასოდეს გავაფუჭებ.

- თქვენი პიროვნების ჩამოყალიბებაზე განსაკუთრებული ზეგავლენა ვინ ან რამ მოახდინა?

- მშობლებმა: მამამ იმ მხრივ, რომ ჩემ გვერდით არ იყო, დაბრკოლებების გადალახვა მარტოს მიწევდა. ბევრი მიფიქრია, ჩვენთან რომ ყოფილიყო, რა მოხდებოდა-მეთქი?.. რადგან ყველაფერს მარტო ვაკეთებდით, ამან მეც და დედაც გაგვაძლიერა. დედამ ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაზე ზეგავლენა იმ მხრივ მოახდინა, რომ არასდროს ყოფილა ჩემთვის არ დაეჯერებინა და ეთქვა, - ეს არ გამოგივაო, პირიქით - სულ მეუბნებოდა, - "აუცილებლად შეძლებ, გამოგივა!" ყოველთვის უნდოდა, კარგ წრეში, კარგი საზოგადოების გარემოცვაში ვყოფილიყავი. სულ გვერდში მედგა. ჩაცმულობასთან დაკავშირებითაც არასოდეს შევუზღუდივარ. ბავშვობაში სადმე გაშვებას რაც შეეხება, აუცილებლად მიშვებდა - ბოლომდე მენდობოდა. არასდროს არაფრით მაკომპლექსებდა და თავადაც არასდროს აინტერესებდა ხალხის აზრი. მთავარი იყო, მე მომწონებოდა, რასაც გავაკეთებდი. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მშობელთან წინაღობების გადალახვა არ მიწევდა, პირიქით - დედა ყოველთვის ჩემი ზურგი იყო.

- შოუში შესვლამდე რას საქმიანობდით?

- ქალის სექსუალური თეთრეულის ჩემი ძალიან პატარა მაღაზია მქონდა. ამჟამად მაღაზიას 2 ფილიალი აქვს - პეკინზე და ვაკეში. ვაკეში მაღაზია 2 თვის გახსნილი მქონდა, როცა პროექტში შევედი... პარალელურად, ერთ-ერთ კომპანიაში ქსელის მენეჯერად ვმუშაობდი. ასევე, როგორც გითხარით, ვსწავლობდი...

- ანა, როგორი ბიჭები იქცევენ თქვენს ყურადღებას? გულის სწორი გყავთ?

- ახლა საერთოდ არავინ მომწონს - თავისუფალი ვარ. ურთიერთობაში ერთადერთხელ ვიყავი... მომწონს ჭკვიანი, თავდაჯერებული, ჩამოყალიბებული ადამიანები.

340097251-663266995566788-559443077392863037-n-1705416260.jpg

- თქვენი მთავარი გულშემატკივარი დედაა?

- არა მხოლოდ: დეიდაშვილები მყავს, ვისთან ერთადაც გავიზარდე. ჩემთვის ისინი დები არიან, ასევე - ბიძაშვილი (მამის მხრიდან), რომელიც იტალიაშია. მგონი პროექტში ჩემი მონაწილეობისას, დედაჩემზე მეტად მგულშემატკივრობდნენ, ყველაფერს ჩემზე მეტად განიცდიდნენ. დედა მხოლოდ გადაცემას უყურებდა. კომენტარსაც არ აწერინებდნენ (იცინის)...

- ახლა რას აპირებთ, როგორი გეგმები გაქვთ?

- პროექტში იმიტომ შევედი, რომ მინდოდა, ცნობილი ვყოფილიყავი, რადგან ჩემი ბრენდი "გამეპიარებინა": მაღაზიები ძალიან მცირე რესურსით გავხსენი. საჭირო თანხები არ მქონდა, რომ რეკლამირებაში კარგად "ჩამედო". ვიფიქრე, თუ ცნობილი ვიქნები, ჩემი ბრენდიც პოპულარული გახდება-მეთქი. ამ მიმართულებითაც ვაპირებ ვიმუშაო: ჩემი ბრენდი გავზარდო, გავაფართოვო, გავალამაზო, ხალხს გავაცნო.ასევე, სამსახურს ვუბრუნდები... ჩემი მიზანი მაგისტრატურაში ჩაბარება და საზღვარგარეთ სწავლაა. შემდეგ, საქართველოში დაბრუნებულმა ის იდეები განვახორციელო, რაც მაქვს და რის შესახებ საუბარი ჯერ არ მინდა...

- წარმატებას გისურვებთ!..

ეთო ყორღანაშვილი