"ახალი წლის ღამეს მამა სად ქრება და თოვლის ბაბუა ტუალეტიდან რატომ გამოდისო?!." - გზაპრესი

"ახალი წლის ღამეს მამა სად ქრება და თოვლის ბაბუა ტუალეტიდან რატომ გამოდისო?!."

ხვიჩა მაღლაკელიძისთვის ახალი წელი ერთ-ერთი მიზეზია, რომ კომფორტის ზონაში მოხვდეს - მშობლიურ ბათუმს ეწვიოს, თავისი ბინის აივანზე დრო გაატაროს, საღამოობით კი ოჯახის წევრებთან ერთად, ზღვის ნაპირას მზე "გააცილოს" და დილით ამოსვლაზე "შეითანხმოს"... მუსიკოსმა და იუმორისტმა ახალი წელი ამჯერადაც ბათუმში გაატარა, თუმცა ბინაში მისულს "სიურპრიზი" დახვდა...

- ჩემს ოჯახში წლის სიახლის შესახებ მოგახსენებთ: საახალწლოდ ბათუმში ჩამოვედით. აქ სახლი დაკეტილი გვაქვს ხოლმე. ამიტომ ცოტათი ხელის შევლება, განიავება ხომ სჭირდება, არა? კარადის უჯრა გამოვაღე და დავინახე, რომ პატარა, შავი წერტილები ეყარა. გამოიცანით, რა იყო? თაგვის ცურცლი! გავგიჟდი, გადავირიე! თან, ცურცლს ზომაზე ეტყობა, რომ პატარა თაგვისაა, თუმცა გუშინ დიდიც ვნახე: არ ვიცი, ის თაგვი გაიზარდა თუ ვირთხაც შემოვიდა. მოკლედ, საახალწლო კერძების სამზადისის გარდა, ახალი საზრუნავი გაგვიჩნდა - თაგვთან ბრძოლა! თან, არ ვიცით, ერთი თაგვია თუ ორი... ოჯახის ყველა წევრმა თავი დავაჯერეთ, რომ მხოლოდ 1 თაგვია. ჩვენი ბინის წინ, საცხოვრებელი კორპუსი დაანგრიეს, ახალს აშენებენ. კორპუსის დანგრევის შემდეგ, თუ რამე ნაგავი და უბედურებაა, იქიდან ჩნდება თაგვი, ტარაკანი... შემდეგ მეზობლისგან გავიგე, რომ უბანში ბევრი თაგვი ყოფილა - 12 ბარტყი დავინახეო (ალბათ, თაგვის შვილს "ბარტყს" მხოლოდ აჭარაში ეძახიან)... მოკლედ, თაგვების შესახებ ყველანაირი ინფორმაცია მოვიძიე, მათ შორის ისიც, თუ რა ერქვა "დისნეის" მიკი მაუსს თავდაპირველად... დავაკვირდი და "ჩვენი" თაგვი იმ ადგილებს არ ეკარება, სადაც საკვებია - მხოლოდ პარკებს ღრღნის. ჩემმა ცოლმა დაასკვნა: ჩვენთან, მეოთხე სართულზე თაგვი უკვე გამძღარი ამოდის, მხოლოდ ცურცლავს და მიდისო (იცინის). ვერ დავიჭირეთ. ვირტუალურად სახელი - ლუდმილა დავარქვით. კარადას რომ გავხსნი, ზოგჯერ შევშფოთდები ხოლმე, - უი, დღეს ცოტა მოუცურცლავს. ნეტავ, ხომ კარგადაა-მეთქი? ბოლოს წერილი დავუტოვე: ლუდმილა, ერთმანეთი მაინც გავიცნოთ. ჩემს სახლში საჭმელს პირს არ აკარებ, მხოლოდ მოსასაქმებლად დადიხარ-მეთქი. ეტყობა, ჩემსავით იმერელია - მორიდებულია, მიპატიჟება უყვარს, რომ რამე მიირთვას.... შინ რობოტი მტვერსასრუტი გვაქვს, რომელიც დილის 8 საათზე თავისით ჩაირთვება და სახლის დალაგებას იწყებს. ეტყობა, თაგვს მტვერსასრუტის ხმა რომ ესმის, ეშინია და გარბის. ახლა მტვერსასრუტი უნდა გამოვრთო - თაგვის გაცნობა მინდა!..

- ახალი წლის დღესასწაულები როგორ გაატარეთ?

- მთელი 31 დეკემბერი კერძების მომზადებაში გავატარე - სამზარეულოში "ალფაც" მე უნდა ვიყო და "ომეგაც"! მეუღლეს მხოლოდ "ოლივიეს" მომზადება ვანდე... საახალწლო სუფრას ადრიანად (დაახლოებით საღამოს 6 საათზე) მივუსხედით, რადგან ბოლო პერიოდში, ყოველ ახალ წელს ბათუმში საღამოების წამყვანი ვარ, თან - მუსიკალურადაც ვაფორმებ... მოკლედ, ოჯახური გარემო გვქონდა. ასეთ დროს სტუმარი რომ დაპატიჟო, მაინც არ მოვა - საკუთარ ოჯახში ყველას თავის წილ საცივში აქვს თითები ჩაწყობილი (იცინის)... შემდეგ დავისვენეთ და დაახლოებით 11-ის ნახევარზე, მთელი ოჯახი საახალწლო საღამოზე ვიყავით - დილამდე "ვიგუგუნეთ"... დილით სახლში დაღლილი, გაკეთებული საქმით კმაყოფილი დავბრუნდი. ასეთ დროს ადამიანი ყველა წესსა და დიეტას არღვევ და დილის 5 საათზე ჭამას იწყებ. კორპორაციული საღამოს წამყვანობისას ჭამა-სმა არ შემიძლია: ყოველ წუთს თუ ტუალეტში ვირბინე, საქმე არ გაკეთდება!.. პირველი იანვრის დილას, ძმაკაცთან, ჩემი შვილის ნათლიასთან, მევიოლინე გუჯა მარდალეიშვილთან ("ქუჩის მუსიკოსების" ერთ-ერთი სოლისტი) ერთად "შევუბერე" სახლში. დაახლოებით 7 საათზე დავიძინეთ. დღის 5 საათზე გავიღვიძეთ, უკვე ღამდებოდა. - უი, "საუზმის" დროაო, - ვთქვით და წინა ღამით მორჩენილ საცივში ისევ "შევყავით თავი"... საერთოდ, აუცილებელი პირობაა, რომ ბედობა დღეს რამე შეიძინო, რათა რამის შეძენა დაგებედოს, მაგრამ 2 იანვარს საქართველოში ყველა მაღაზია დაკეტილია, ვერაფერი ვიყიდე. ბოლოს, ვიღაც ბოშა ქალმა ცოცხი ჩამოატარა. ის ცოცხი ვიყიდეთ - სისუფთავე დავიბედეთ. საერთოდ, რაც გინდა, რომ მთელი წელი აკეთო, 2 იანვარს უნდა დაიბედო. სამუშაო არაფერი იყო, მაგრამ საკუთარ თავს საქმე მაინც მოვუძებნე: სიმღერა მქონდა ჩასაწერი. შებინდებისას კომპიუტერთან დავჯექი და სიმღერაც "გავაკეთე", ანუ მუშაობაც დავიბედე. მერე ოჯახი ზღვის პირას გავედით - მზე "გავაცილეთ": ტრადიციულად, როცა ბათუმში ვართ და კარგი ამინდია, საღამოობით მზეს "ვაცილებთ" - სხვაგვარად "არ ჩავა". ბათუმი ისეთი ლამაზია, მზესაც კი ენანება, რომ თუნდაც 1 ღამით მიატოვოს... 3 იანვარს მაინც დღის 2 საათზე გავიღვიძეთ. მთელმა ოჯახმა აღმოვაჩინეთ, რომ რაც მთელი წლის განმავლობაში ვიწვალეთ, ვიშრომეთ და დავიღალეთ, ახლა ერთიანად, კონცენტრირებულად ვისვენებდით. პატარა კორპორაციული საღამოს წასაყვანად გავიქეცი. შინ ისე გვიან დავბრუნდი, რომ მერე, მეუღლესთან ერთად, განთიადს შამპანურის ჭიქით ხელში შევხვდი. ჩემი აივნიდან ულამაზესი განთიადია ხოლმე... შემდეგ ლოგინში შევწექით და დავიძინეთ... 4 იანვარს, ერას მოედანზე კონცერტი მქონდა. როცა საღამოს წამყვანი ვარ, არ ვნერვიულობ - იქ ყველაფერი იმპროვიზებულად ხდება, სასაუბრო თემებს იქვე ვიგონებ, მაგრამ როცა კონცერტი მაქვს, მთელი დღე განვიცდი, რადგან სერიოზულად უნდა დავუკრა, თან - ღია ცის ქვეშ, სიცივეში, წვიმაში.... ცივი და წვიმიანი ამინდის მიუხედავად, კონცერტზე ხალხი მაინც მოვიდა. ცეცხლის და ბორბლის შემდეგ, კაცობრიობის ყველაზე დიდ გამოგონებად ქოლგა მიმაჩნია: კონცერტზე ყველა ქოლგის ქვეშ იყო შეყუჟული. ძალიან კარგი კონცერტი გაიმართა. ეს მოვალეობის მოხდის მიზნით ჩატარებული არ ყოფილა - ყველა გამომსვლელმა თავის სასცენო ნომერში სული და გული ჩადო. სიცივეში დაკვრა, სიმღერა ძნელია, მაგრამ ჩემი მეთოდები მაქვს. მაგალითად - ამჯერად, სამოსის შიგნით, სპეციალური თერმოტანსაცმელი მეცვა, რომ არ შემცივებოდა, თითები არ გამყინოდა... თერმოტანსაცმელი ცოტათი ქავილს იწვევს, ამიტომ დაკვრისას სულ "ვიქექებოდი" და სცენაზე უცნაურ მოძრაობებს ვაკეთებდი.

- წინათ, ზამთრის სიცივეს როგორ უმკლავდებოდით, როცა ღია ცის ქვეშ კონცერტი გქონდათ ხოლმე?

- მაგალითად, 10 წლის წინ, თბილისში, ღია ცის ქვეშ, "ქუჩის მუსიკოსებს" სამთავრობო კონცერტი გვქონდა (მას მერე მთავრობას არ გავხსენებივართ). ძალიან ციოდა. ცოლს ვთხოვე - უამრავი "კალგოტკა” და "რეიტუზი" გაქვს. 1 მათხოვე, ვინ გაიგებს, ტანსაცმლის შიგნით რა მაცვია-მეთქი? - კარგიო, - მითხრა და 20-"დენიანი", "ლიკრა" კოლჰოტი მომცა. ჩაივიცვი, სარკეში ჩემს თავს შევხედე და მომეწონა - სხეული კარგად გამოიკვეთა. მსუქანი კი ვარ, მაგრამ ძალიან ლამაზი ტანი მაქვს - უბრალოდ, ჩემი საოცარი სხეული ქონებშია დამალული (იცინის). "კალგოტკის" ზემოდან შარვალი ამოვიცვი, სმოკინგი ჩავიცვი და კონცერტზე წავედი... სცენაზე ვიდექით, ვმუშაობდით, როცა "ქუჩის მუსიკოსების" ერთ-ერთმა წევრმა - მერაბ სამყურაშვილმა ჩუმად მკითხა: - ბიჭო, "კალგოტკა" ხომ არ გაცვიაო? უცებ შევშინდი - შენ რა იცი-მეთქი?! - რა და, ტანსაცმელს ყოველ წუთს ხელით ისწორებ, როგორც გოგონებს სჩვევიათო. თურმე, ისეთ მოძრაობებს ვაკეთებდი, როგორსაც - გოგონები, როცა "კალგოტკა" ჩამოუცურდებათ და ხელით ამოსწევენ ხოლმე (იცინის). მერაბი ცოლიანი კაცი გახლავთ. იცის, რა არის კოლჰოტი, როგორც ასეთი...

- გამოუტყდით, რომ კოლჰოტი გეცვათ?

- კი, ვუთხარი, - მაცვია, აბა, გავიყინებოდი-მეთქი! ისეთი ყინვა იყო, რომ დაჯდებოდი, ფეხებს ვერ გამართავდი და რომ ადგებოდი, მერე ვეღარ მოკეცავდი. საშინელება იყო!..

- წლევანდელი საახალწლო არდადეგები როგორ გააგრძელეთ?

- კონცერტის დასრულების მერე, შინ დავბრუნდით და მთელმა ოჯახმა აივანზე ლოთობა გავაგრძელეთ. მეოთხე სართულის აივანზე ვენახი მაქვს. ზაფხულში კოღოს, ტარაკანს და კრაზანას ვერ ვიშორებ, მაგრამ მაინც კარგია. ალერგიის საწინააღმდეგო წამალი სულ თან მაქვს: ხან კრაზანა გვიკბენს, ხან - კოღო... იმხელა კოღოები გვყავს, რომ უკვე მოსაკლავად კი არ დავდევთ, არამედ მათთან ლამის მოსალაპარაკებლად ვსხდებით - დღეს ნუ გვიკბენ-თქო (იცინის)...

- თქვენთვის როგორი რეჟიმია კომფორტული?

- მე ხომ სულ თბილისში ვარ, სტუდია, გადაღებები იქ მაქვს, არა? ბათუმელი ვარ და სულ მიზეზს ვეძებ, ჩემს მშობლიურ ქალაქში ჩამოვიდე. ერთ-ერთი მიზეზი ახალი წელია, რომ ბათუმში არდადეგები მოვიწყო. მადლობა ღმერთს, ხანდახან სამუშაო აქაც არის: კორპორაციული საღამოები, კონცერტები... ვახერხებ, რომ ფინანსურად არ "ჩავვარდე" და არ "დავიშალო" - რასაც ვისვენებ, გადავიხადო. ბათუმში, ჩემი ბინის აივანზე ჯდომა და არაფრის კეთება ჩემი კომფორტის ზონაა. აივანზე ისეთი სიმყუდროვეა, სახლში შესვლა არ მინდა. სულ იქ "ვაგდივარ": ხან ყავას ვსვამ, ხან - სიგარეტს ვეწევი, ხან - ვისკის მოვწრუპავ... მეუღლე გამოვა, ჭიქას მომიჭახუნებს, მერე იტყვის, - დედა, რა სიცივეაო და სახლში შევარდება. მე მაინც იქ ვზივარ. მოპირდაპირედ მდებარე კორპუსის მცხოვრებლებმა ზეპირად იციან, რას ვჭამ, რამდენ ღერ სიგარეტს ვეწევი... ოჯახში ყველას ჩვენი კომფორტის ზონა გვაქვს. მაგალითად, ჩემი მეუღლე იატაკზე "აგდია" (იატაკის გათბობა გვაქვს), გვერდით ყავა უდევს და ტელევიზორს უყურებს. როგორც წესი, თბილისში ყოფნისას ტელევიზორს არ ვუყურებთ - ამის დრო არ გვაქვს... ჩემი უფროსი ბიჭი - ირაკლი არქიტექტორია. თავისი სამუშაო წამოღებული აქვს. სამზარეულოში მაგიდას "მცოცავი ოკუპირება" გაუკეთა - ფანქრები, სახაზავები, დაფები, კომპიუტერი ზედ უწყვია და 24 საათი მუშაობს. უმცროსი ბიჭი - ილიკო 13 წლისაა. გათენებული არაა, რომ უკვე კომპიუტერთანაა მიმჯდარი და "მაინკრაფტს" თამაშობს, რადგან ამას მთელი წელი ვუკრძალავთ, საახალწლო არდადეგებზე კი - უფლებას ვაძლევთ, ითამაშოს, გამოზოგილად.

- საახალწლოდ, შვილების გამო, თოვლის ბაბუის როლი თუ მოგირგიათ?

- როცა ირაკლი პატარა იყო, რამდენჯერმე თოვლის ბაბუის ფორმა ჩავიცვი, მაგრამ ბავშვმა "ჩუსტებით" მიცნო - ეგ თოვლის ბაბუა არ ყოფილა, მამა იყოო. ისე, სულ უკვირდა - ახალი წლის ღამეს მამა სად ქრება და თოვლის ბაბუა ტუალეტიდან (ფორმას იქ ვიცვამდი) რატომ გამოდისო?!. მახსოვს, როცა ჯერ კიდევ ვატყუებდი, რომ თოვლის ბაბუა ვიყავი, ფორმაში გამოწყობილმა დაბოხებული ხმით ვუთხარი, - აბა, ირაკლი, მთელი წელი როგორ იქცეოდი, დედიკოს უჯერებდი, საბავშვო ბაღში სუპს ჭამდი-მეთქი? - კიო, - მპასუხობდა. ლექსიც თქვა... უცებ, ბავშვმა დაახველა. მეც სულ დამავიწყდა რომ თოვლის ბაბუა "ვიყავი" და ჩემი, ბუნებრივი ხმით ვუთხარი, - უი, რა იყო, მამიკო-მეთქი?.. ბავშვი ლამის გაგიჟდა, თვალები გადმოკარკლა, რეალობა დაემსხვრა (იცინის)!.. უმცროს შვილს რაც შეეხება, ისეთი "ვიკიპედია" დაიბადა, რომ თოვლის ბაბუის შესახებ სიმართლე უკვე იცოდა.

- სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ვიდოები თუ ვიმსჯელებთ, უმცროსი ვაჟი ოინებს ხშირად გიწყობთ, არა?

- კი. მაგალითად, მე და ჩემი ქვისლი აივანზე ვისხედით, რაღაცას ვყვებოდით. ზაფხულის ცხელი ამინდი იდგა. ილიკო მოვიდა, წებოვანი ლენტი გულზე დამაკრა და უცებ ამაძრო, ჩემი ბიძაშვილი - კახი მაღლაკელიძე კი - თურმე, ვიდეოს იღებდა. მერე ეს ვიდეო ვიღაცამ "გაატიკტოკა" სათაურით - "როგორ მოვხვდე იოლი გზით ბავშვთა სახლში" (იცინის). ილიკო ათას ოინს, უბედურებებს მიწყობს. ჩემი "ფეისბუქის" გვერდი მისი ვიდეოებითაა სავსე. "საშინელება" გვყავს (იღიმის). უფროსი ბიჭი ბავშვობიდანვე დინჯი იყო, ხატვა უყვარდა. ახლა თავისი სპეციალობა, საქმე აქვს. უმცროსი რა პროფესიის გამოვა, არ ვიცი - "ყველაფერშიკია" - გეგონება, ელიავაზე დგასო: "ციკლოვკაც" იცის, "ბარგალკის" გამოყენებაც, საბურავის გამოცვლაც, შპალერის გაკვრაც, ხატავს, უკრავს... უნიკუმია.

- ახლა გვითხარით, მეოთხე სართულის აივანზე ვაზი როგორ გააშენეთ, როგორ უვლით?

- ადესა, იგივე იზაბელა ველური ჯიშია. მოვლა არ უნდა. ხანდახან თუ გასხლავ და ეგ არის... ერთადერთი ჯიშია, რომლის ღვინო არის საწამლავი. გურულები სვამენ, მაგრამ არ შეიძლება. პირველი, რაც გაშტერებს, გაბრმავებს და გააბდლებს, არის ადესა. ისე, ყურძენი ჭამე, რამდენიც გინდა... ეს ვაზი ჩემმა მეზობელმა დაახლოებით, 45 წლის წინ დარგო. 1 ღერს მიმართულება მისცა და მეხუთე სართულზე "აიყვანა". სანამ ბინას აივანს მივაშენებდით, ფანჯარა გვქონდა, სადაც ადესის 1 ტოტი სარეცხის თოკს ველურად შემოეხვია. მამაჩემმა არ მოჭრა - იყოსო... ამასობაში, სარეცხის თოკმაც თავისი ფუნქცია დაკარგა, რადგან ზედ დიდი ვენახი გაიზარდა. დედაჩემი სარეცხს ვეღარ ჰკიდებდა. შემდეგ, აივანი მოვაშენეთ. მამას სოფელი ძალიან უყვარდა. რაღაცნაირად, ვაზს ფორმა მისცა - ადესა ძალიან დრეკადი, ელასტიკური და "დამჯერია". ახლა მთელ აივანზე ვაზი მაქვს. ზამთარში ფოთლები გასცვივდა, მაგრამ ზაფხულში გადასარევი ჩერო აქვს - სიგრილეა ხოლმე...

maxresdefault-1705416673.jpg

- ბატონო ხვიჩა, ჰოროსკოპის გჯერათ?

- არა. დრაკონის შესახებ მხოლოდ ის ვიცი, რომ 3 თავი და 1 უკანალი აქვს (იცინის). ყველა მეუბნება, - მაგარი ჰოროსკოპი გაქვსო. დრაკონის წელში ვარ დაბადებული, თან - თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ. ახლა ჩემი პერიოდია. რამდენჯერაც ასტროლოგი - მიხეილ ცაგარელი შემხვდა, იმდენჯერ მითხრა, - ო, შენ რა ხარ, რომ იცოდეო?!. - ე, ბიჭო, რა ვარ, მითხარი-მეთქი. - გამომიარე და გეტყვიო (იცინის)...

- ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას როდისთვის გეგმავთ?

- 2-3 დღეში ის რუტინა მომენატრება, რაც თბილისში მაქვს, რადგან დასვენებით დავიღალე, უკვე აღარ შემიძლია. გავსუქდი. არადა, მანამდე წონაში ძლივს დავიკელი... შარშანწინ მეუღლემ სარბენი ბილიკი მაჩუქა. პარალელურად, ჩემმა ძმაკაცმაც იგივე საჩუქარი გამიკეთა. მოკლედ, ჩემი წონით სამყარო შევაწუხე... ახლა ერთი სარბენი ბილიკი სამსახურში მაქვს, ერთი - სახლში, მაგრამ ზედ ვინ დგება?! სამსახურში პერანგის და შარვლის დასაკიდებლად ვიყენებ, სახლში კი - კედელზე მაქვს აყუდებული. ზრდილობის გამო, ხანდახან თუ შევდგები ხოლმე... თითქოს წონის დაკლება მინდა და ვგეგმავ. მსურს, 5 წლის წინ ნაყიდ პერანგებსა და შარვლებში "შევცურდე"... ახლა აბაზანაში ლამის მაშველით მტენიან. 10 კილო უნდა დავიკლო, მაგრამ ზოგჯერ წარმოვიდგენ: საცოდაობა იქნება, 10 კილო ხვიჩა დედამიწიდან რომ გაქრეს - ისეთი კარგი ვარ, ბევრი უნდა ვიყო. ცხადია, ვხუმრობ (იცინის)... მინდა ჩვენს მოსახლეობას ახალი წელი მივულოცო და ვუსურვო, თითოეული მათგანი ისეთ საქმეს აკეთებდეს, რაც სიამოვნებას ანიჭებს და საყვარელი საქმით დიდ შემოსავალს იღებდეს. თურმე, ცხოვრებაში ამაზე დიდი ბედნიერება არ ყოფილა, როცა საყვარელი საქმით ირჩენ თავს. ყველას ასეთი საქმის პოვნას ვუსურვებ, რადგან 3-დიპლომიანი ტაქსის მძღოლებით მსოფლიო დაიღალა: მინდა ის სამივე დიპლომი თავის საქმეში გამოიყენოს ადამიანმა...

ეთო ყორღანაშვილი