ზურა გორგაძის სასიამოვნო "საწამლავი", თამამი გადაწყვეტილებები და გასვლა კომფორტის ზონიდან
"ამ ადამიანს აქვს მძაფრი მოთხოვნილება, იყოს სოციუმის თვალსაწიერზე, იბრწყინოს, იყოს ლიდერი. გამუდმებით განიცდის ადამიანების მისდამი დამოკიდებულებას. ზოგჯერ ფიცხი და უტაქტოა. მარტივად უყვარდება, მაგრამ ძალიან ძნელია მოანდომო ოჯახის შექმნა, დამოუკიდებლობა არ ეთმობა", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები დრაკონის წელში დაბადებულ მორიელს, ეს კი მსახიობისა და ტელეწამყვანის - ზურა გორგაძის ზოდიაქოს ნიშანია.
- ზურა, დრაკონის წელში რომ ხარ დაბადებული, ეს ფაქტი 2024 წლისგან განსხვავებულ მოლოდინს გიქმნის?
- სასიამოვნო შეგრძნებაა, გარკვეულ გავლენას კომპეტენტური ადამიანებისგან მოსმენილი სიტყვებიც ახდენს. თითქოს მოტივაციაც გეძლევა. ამბობენ, წელს იმ ადამიანებს, რომლებიც დრაკონის ნიშნით არიან დაბადებულები, განსაკუთრებით გაუმართლებთო. რა ხდებოდა 12 წლის წინ, ვერც ვიხსენებ, ადრე ასტროლოგიას ასეთი ყურადღება არც ექცეოდა.
- ასტროლოგები ამბობენ, რომ დრაკონი მორიელი - ეს რთული კომბინაციაა, გამომდინარე იქიდან, რომ დრაკონის სილაღე და გახსნილობა წინააღმდეგობაში მოდის მორიელისთვის დამახასიათებელ ფრთხილ და ეჭვიან ბუნებასთან.
- კლასიკური მორიელებისგან განვსხვავდები, 24 ოქტომბერს ვარ დაბადებული, მორიელის ნიშნის პირველ დღეს. შეიძლება ამიტომაა, რომ მორიელისთვის დამახასიათებელი შურისმაძიებლობა არ მაქვს ხასიათში, თუმცა ამ ნიშნის ბევრი სხვა თვისება ჩემში ნამდვილად არის. ყველაფერი ზოდიაქოზე ხომ არ არის დამოკიდებული? წლების მატებასთან ერთად, ადამიანი საკუთარ თავში გარკვეულ თვისებებს აბალანსებს, ცვლის.
- იმ ემოციას, რომელსაც გულით ატარებ, ხშირად გამოხატავ თუ ნიღბავ?
- ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა შეიძლება ის იყოს, რომ ძალიან ემოციური ვარ, სათქმელს გულში არასდროს ვიკლავ, ზოგჯერ ხისტადაც კი გამოვხატავ, პირდაპირობა მჩვევია. შემიძლია ღიად ვთქვა, რა მომწონს, რა არ მომწონს, ეს ხანდახან კარგი არ არის. ზოგჯერ თავშეკავებულობა უფრო მომგებიანია. ის ადამიანები, რომლებიც ჩემს ცხოვრებაში არიან, კარგად მიცნობენ და მიღებენ ისეთს, როგორიც ვარ. უმჯობესია ემოციების კონტროლი თუ შეგეძლება.
- "ზოგჯერ ფიცხი და უტაქტოა".
- ფიცხი გარკვეულწილად ვარ, მაგრამ არ ვთვლი, რომ ტყუილად ვფიცხდები. ჩემი აზრით, კონკრეტულ სიტუაციებში ადეკვატური ვარ. დიპლომატია თუ გესაჭიროება, ე.ი. რაღაც კარგად ვერ არის. ვფიქრობ, დიპლომატიური სვლები არ უნდა გვჭირდებოდეს, უნდა ვიყოთ გახსნილები, ჩვენი ემოციებით, ყოველგვარი თამაშის გარეშე. დიპლომატია ხომ თავის არსში თამაშსაც მოიცავს. თამაშია, როდესაც რაღაცას ალამაზებ, ისეთი ფორმით არ ამბობ სათქმელს, როგორც ფიქრობ, რაღაცას გვერდს უვლი.
- "დრაკონი ბევრი პიროვნული ღირსებით გამორჩეული ადამიანია, მაგრამ ხშირად, მორიდებული ბუნების გამო, ამას ვერ ამჟღავნებს".
- მორცხვი და მორიდებული არ ვარ, მაგრამ როცა კომპლიმენტს მეუბნებიან, თავს უხერხულად ვგრძნობ. როდესაც ჩემზე იწყებენ ლაპარაკს და საქებარ სიტყვებს არ დაინანებენ, ამ დროს კომფორტის ზონაში ნამდვილად არ ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ხშირია ასეთი შემთხვევა და შეიძლებოდა შევჩვეოდი.
- გულის სიღრმეში არ გიხარია?
- როდესაც ვგრძნობ სიტყვები გულწრფელია, გულის სიღრმეში არის სიხარულიც.
- შენთვის აუცილებელია გვერდით ყოველთვის გყავდეს მოტივაციის მომცემი ადამიანი, რომელიც მუდმივად გიმეორებს: "შენ ეს შეგიძლია", "შენ ამას გააკეთებ"?
- მოტივაცია ყველა ადამიანს სჭირდება, ხშირ შემთხვევაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს მომავალ ნაბიჯებს განაპირობებს...
- დეპრესიული ხარ?
- ცხოვრებაში როგორი პრობლემაც უნდა მქონდეს, დეპრესიისგან შორს ვარ. ყველაზე ცუდ მდგომარეობაშიც ვცდილობ, სიტუაციის კარგი მხარე დავინახო. ვფიქრობ, იმ ცუდმა რეალობამ როგორ შეიძლება ჩემზე სასიკეთოდ იმუშაოს. ახლობლები მეუბნებიან, - შენი გვშურს, ამას როგორ ახერხებო? როგორი გამოუძინებელიც უნდა ვიყო, როგორი პრობლემის წინაშეც უნდა ვიდგე, გამორიცხულია, დილა რომ გათენდება, არ გავიღიმო, ცანცარის გარეშე დავიწყო. ეს თვისება წლებთან ერთად გამომიმუშავდა. თვალს რომ გავახელ, ყირაზე უნდა გადავიდე. ხშირად მეგობრები ერთად ვრჩებით, ერთად ვიღვიძებთ და ჩემი ეს "რიტუალი" ყველას აკვირვებს. მნიშვნელოვანია, რომ ამას ძალდატანებით არასდროს ვაკეთებ, თავისთავად მოდის.
- "ამაყი ბუნების გამო, დრაკონს არათუ სხვებთან, საკუთარ თავთანაც არ შეუძლია ბოლომდე გულახდილი იყოს".
- ასე წლების წინ უფრო იყო. ამაყი ვარ, მაგრამ წლები და გამოცდილება თავისას შვრება, უფრო რეალისტი გავხდი, საკუთარ თავს არასწორ მოლოდინებს არასდროს ვუქმნი, არც სხვას, არც ჩემს თავს გადაჭარბებულად არ ვაფასებ. ამაყები უნდა ვიყოთ, მაგრამ არა ამპარტავნები. შეიძლება ვიღაცამ თქვას, ზედმეტად ამაყიაო და ამას ვერ ვხვდებოდე, თავად ეს განცდა ნამდვილად არ მაქვს.
- "თავისუფლების მოყვარეა, გეგმებით ცხოვრება მისთვის "წყევლაა". შეზღუდვები "კლავს".
- ნამდვილად თავისუფლების მოყვარე ვარ. გეგმას გააჩნია, შორეულ გეგმებს არ ვისახავ, ხვალ და ზეგ რა უნდა გავაკეთო, ვიცი. არასდროს ვადგენ დროში გაწერილ გეგმას, შეიძლება ეს ცუდიც არის. ხშირ შემთხვევაში, დროის მენეჯმენტი კარგად მუშაობს, მაგრამ სამყარო იმდენად ცვალებადია, რაც უნდა გეგმა გავწეროთ, ისე ვერასდროს განვითარდება, როგორც ჩვენ გვინდა. დროთა განმავლობაში თავად ჩვენც ხომ ვიცვლებით?!
- "უყვარს მუშაობა, მაგრამ მუშაობაზე მეტად - ბრძანებების გაცემა".
- ბრძანებები მაღიზიანებს, ჩემთან ჰარმონიაში ვერასდროს მოვა. შრომისმოყვარე ვარ, ამაში ყველა დამეთანხმება, ვინც მიცნობს. ჩემთვის მთავარი ადამიანური ურთიერთობაა. სადაც მივდივარ და ახალ სტაფს ვეცნობი, შემდეგ როდესაც აზრების გაცვლა ხდება, ყველგან ვამბობ, ჩემთვის უმთავრესი არის ურთიერთობები. სამსახური არის ადგილი, სადაც ჩვენი ცხოვრების დიდ დროს ვატარებთ, წლები გადის და ყველაზე ღირებული, რაც გვრჩება, ურთიერთობები, შეძენილი მეგობრებია. გასაგებია, ფული ყველასთვის საჭირო რამ არის, მაგრამ ეს ურთიერთობები უფრო მნიშვნელოვანია.
- გადაწყვეტილებებს თამამად იღებ? რისკზე წასვლა მარტივად შეგიძლია?
- კი, შეიძლება კონკრეტულ სიტუაციაში მიღებულ გადაწყვეტილებას რისკადაც აღარ ვთვლიდე. ადამიანს თუ უნდა განვითარდეს, რაღაც ეტაპზე კომფორტის ზონიდან უნდა გამოვიდეს. არასდროს შემშინებია რადიკალური გადაწყვეტილებების მიღების. იყო მომენტი, როდესაც წავედი საქართველოდან და 3 წელი სხვა ქვეყანაში ვიცხოვრე, მერე, როცა უკვე ოფიციალურად შემეძლო დარჩენა, სულ სხვა მოცემულობაში, არც იმ გადაწყვეტილების მიღება გამჭირვებია, რომ უკან დავბრუნებულიყავი, რადგან იქ აღარ მინდოდა. გადაწყვეტილებებს ემოციურ ფონზე არ ვიღებ, მანამდე ბევრს ვფიქრობ და ვაანალიზებ. 100%-იანი სიზუსტით ვერასდროს გაიგებ, რა არის კარგი და რა ცუდი, მაგრამ მთავარია, რომ ჩემი გადაწყვეტილებები არასდროს მინანია.
- "მარტივად უყვარდება, მაგრამ ძალიან ძნელია მოანდომო ოჯახის შექმნა, დამოუკიდებლობა არ ეთმობა".
- (იცინის) ალბათ ასეა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მთლად მარტივად მიყვარდება, გააჩნია, მეორე მხარეს ვინ დგას. ერთი ნახვით სიყვარულიც არსებობს და ისეთიც - წლები რომ დასჭირვებია შეყვარებას. დღემდე არ გამჩენია სურვილი ოჯახი შემექმნა.
- მიზეზი დამოუკიდებლობის ვერდათმობაა?
- ალბათ ერთ-ერთი ესეც არის, თუმცა ბევრი ისეთი ოჯახიც ვიცი, სადაც ადამიანები ერთმანეთს დამოუკიდებლობას არ უზღუდავენ. ამ ეტაპზე ჩემთვის ეს პრიორიტეტი არ არის.
- "ნაკლებად მეოჯახეა, გარეთ ყოფნა ურჩევნია შინ გაჩერებას".
- წლების წინ, შინ ყოფნას მართლა გარეთ ყოფნა მერჩივნა. ცხოვრების სტილს და რეჟიმს გააჩნია, ახლა ხანდახან იმდენად გადატვირთული და გადაღლილი ვარ, შინ ყოფნას არაფერი მირჩევნია, რომ წამოწვები და არაფერს აკეთებ. საოჯახო საქმეები მეხერხება, შემიძლია ჩემი ხელით ბევრი რამ გავაკეთო. ყველანაირი ხელსაწყო, რაც შეიძლება არსებობდეს, შეძენილი მაქვს და როცა რაღაც ფუჭდება, წვრილმანების შესაკეთებლად ხელოსნის გამოძახება არასდროს მჭირდება.
- "ამ ადამიანს აქვს მძაფრი მოთხოვნილება, იყოს სოციუმის თვალსაწიერზე, იბრწყინოს, იყოს ლიდერი".
- დაგეთანხმები, ასეა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, როდესაც ვიდეოს ქვეშ მაყურებელი კარგ სიტყვებს მიწერს, ყველაფერს ვკითხულობ. როცა არ იზარებ, რაღაცას აკეთებ და მერე სრულიად უცხო ადამიანისგან სიყვარულს იღებ, ამაზე დიდი ძალა არაფერს აქვს, ალბათ ეს "საწამლავია", რომელიც ყველას სიამოვნებს. თავის დროზე მსახიობობა ალბათ იმიტომაც მინდოდა, რომ ჩემში ეს სურვილი სადღაც ქვეცნობიერში იყო. როდესაც ტელეწამყვანი ხარ, აუდიტორიას სხვადასხვა პლატფორმიდან ეკონტაქტები და შენი საქმისთვის ტაშს იღებ, ეს იმას ნიშნავს, რომ საქმე, რომელსაც აკეთებ, გამოგდის.
- "ის გამუდმებით განიცდის ადამიანების მისდამი დამოკიდებულებას".
- ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი სიტყვითაც კი შეიძლება ცაში აგაფრინონ ან ძირს დაგანარცხონ... მე იმ ადამიანების რიცხვს განვეკუთვნები, ვისაც ინტერნეტში "ჰეითერები" არ ჰყავს.
- როგორ ფიქრობ, ამას რა განაპირობებს?
- არ ვიცი, ათასობით კომენტარიდან შეიძლება, ერთი უარყოფითი ნახო, ისიც ისეთი, რომ გაგეცინება, კონტექსტიდან ამოვარდნილი. ინტერნეტი ძალიან თავისუფალი სივრცეა, ვერავის ვერაფრის დაწერას აუკრძალავ და როცა საჯარო პირი ხდები, იმისთვისაც მზად უნდა იყო, ვიღაცას შეიძლება უყვარდე, ვიღაცას ძალიან არ მოსწონდე. მთავარი არგუმენტირებაა. ვინმე თუ გამაქილიკებს, არგუმენტი მინდა, რით დავიმსახურე? გონივრულ არგუმენტს თუ მოვისმენ, შევეცდები გავითვალისწინო. არასდროს შემიზღუდავს სხვა ადამიანის თავისუფლება, მისი სივრცე არ დამირღვევია, ჩემი ქცევით ვინმესთან რადიკალურ კონფლიქტსა და წინააღმდეგობაში არ მოსულვარ. ისე ვცხოვრობ, როგორც სწორად მიმაჩნია.
თამუნა კვინიკაძე