როგორ შეიტყუეს ლევან გვაზავა "მარჯვენა სანაპიროში" - გზაპრესი

როგორ შეიტყუეს ლევან გვაზავა "მარჯვენა სანაპიროში"

ლევან გვაზავა სერიალში - "მარჯვენა სანაპირო" სიმღერის მოსურნე რომას როლს ასრულებს. მართალია, სერიალში მისი გმირი ვერ მღერის, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში, მსახიობს მუსიკასთან მჭიდრო კავშირი აქვს...

- ლევან, როგორ ხართ?

- კარგად ვარ. ბევრი სამუშაოს გამო, ძალიან დაძაბული წელი მქონდა. რაც თეატრში მიუზიკლების სერია გავაკეთე, მას მერე არ დამისვენია. ამიტომ გამოვიდა, რომ 5 წელი ვიმუშავე. ახლა სრული ისტერიკა მაქვს. მარტში კიდევ ერთი მიუზიკლი უნდა გამოვუშვა, მერე კი დავისვენებ.

- რომელ თეატრთან თანამშრომლობთ?

- მიუზიკლების წერა მოზარდ მაყურებელთა თეატრში, "ურჩხული და ლამაზმანით" დავიწყე (2018 წელს) - ჩემივე თარგმანით, ლიბრეტოთი და მუსიკალური გაფორმებით... ბოლოს ჩარლz დიკენსის "საშობაო სიმღერა" "გავაკეთე". მანამდე იყო "ფრთხილად, ადამსები" და "ალადინი"... სულ რაღაც 1 თვეა, რაც გრიბოედოვის თეატრში "მერი პოპინსი" გამოვუშვი.

- თქვენს მიუზიკლებში მსახიობის ამპლუაშიც ხართ, არა?

- ამაზე ხშირად მეუბნებიან, - ლევან, რატომ თამაშობ, როცა მიუზიკლს დგამო? სულ ვამბობ, - მიუზიკლს იმიტომ ვდგამ, რომ მასში თავად ვითამაშო, სხვანაირად არ მინდა (იცინის). კი, "მერი პოპინსის" გარდა, ყველგან ვთამაშობ.

- მიუზიკლების შექმნის იდეა როგორ გაგიჩნდათ?

- მოზარდ მაყურებელთა თეატრში საახალწლო სპექტაკლი უნდა დაედგათ, რომელსაც ბავშვები უყურებდნენ დეკემბრიდან იანვრის ჩათვლით. "ურჩხულის და ლამაზმანის" თარგმნა გადაწყვეტილი მქონდა, ოღონდ - აბსოლუტურად სხვა პროექტისთვის და არა - თეატრისთვის. მსურდა, უბრალოდ, ორკესტრის თანხლებით, მომღერლებს გვემღერა. თეატრში მიუზიკლის დადგმა შემომთავაზეს. მსახიობებთან მუშაობა დავიწყე... ნელ-ნელა რეჟისორის ამპლუა მოვირგე და როგორც ამბობენ, ეს საქმე გამომდის. მიუზიკლების დადგმას მივყავი ხელი, ოღონდ - ამაში იგულისხმება პიესების თავიდან დაწერა, სიმღერების თარგმნა ან ახალი ტექსტის მორგება, არანჟირებებზე, მსახიობების ვოკალზე მუშაობა, საკუთარი როლის "გაკეთება" და ა.შ. რაღაცნაირად, ისე მოხდა, რომ ერთდროულად ბევრი ფუნქცია შევითავსე...

- საინტერესოა, როცა რეჟისორი ხართ, თქვენს როლს როგორ არჩევთ? ცოტათი მორიდების ფაქტორიც ხომ არ მოქმედებს?

- არა, არანაირად, რადგან ეს სპეციფიკური ჟანრია: სამსახიობო ოსტატობის გარდა ან კარგად უნდა მღეროდე და მოძრაობდე, ან ისეთი როლი უნდა შეარჩიო, რომელზეც დრამატულ მსახიობს დააკავებ და სიმღერაზე პრეტენზია ნაკლებად ექნება, თუმცა სამაგიეროდ, თავის როლს კარგად შეასრულებს. ჩემთვის ისეთ სამღერს ან სათამაშოს არასოდეს ვიღებ, რაც არ შემესაბამება. შეიძლება, მთავარი გმირს არ განვასახიერებდე, მაგრამ ზუსტად იქ ვარ, სადაც საჭიროა ანუ ვცდილობთ, სიმღერის ხარისხი არ დავაგდოთ. საერთოდ, მოზარდ მაყურებელთა თეატრში გვყავს მსახიობები, რომლებიც კარგად მღერიან - რაღაცნაირად, ასეთი დასი ჩამოყალიბდა. ამიტომ არც მუშაობა მიჭირს და არც მერიდება...

- სერიალში - "მარჯვენა სანაპირო" როგორ მოხვდით?

- ძალიან სასაცილოდ: მეგობარმა, რომელიც "კომედი ჯგუფში" პროდიუსერია, დამირეკა და რომას როლი შემომთავაზა. თავდაპირველად უარი ვთქვი. ძალიან დაკავებული გრაფიკი მქონდა. საბოლოო ჯამში, ასე შემიტყუეს: რომას როლისთვის კი არა, კასტინგზე ისე მაინც მოდი, რომ სამომავლოდ, თუ დაგვჭირდები, აგიყვანოთო. როცა მივედი, ამიყვანეს (იცინის).

- როგორ შექმენით თქვენი პერსონაჟი - რომა?

- თავდაპირველად, სცენარისტებს ჩაფიქრებული ჰქონდათ, რომ რომა ჩვეულებრივი გეი სტილისტი ყოფილიყო. საბოლოოდ, იმ სტილისტიდან ალბათ, 30% დარჩა, რადგან მგონი, სალონში მხოლოდ 1 სერიაშია, დანარჩენში - გოგონებს უფრო დაჰყვება, ვიდრე სალონში მუშაობს. სამივე გოგო ძალიან უყვარს და მათთან მეგობრობს. საბოლოო ჯამში, გადავწყვიტეთ, ხაზი არ გაგვესვა, რომ პერსონაჟი გეი იყო. რომა ცოტათი ქალაჩუნა, გოგონების დაქალია, რომელიც შეიძლება, სულაც არ არის გეი. ამას საიდუმლოდ ვტოვებთ, ჯერჯერობით.

- გადაღებებზე, 3 ლამაზი გოგოს გარემოცვაში თავს როგორ გრძნობთ?

- შესანიშნავად! შეშურდეს ყველას (იცინის)!.. ნუცა თოფურიას მისი ბავშვობიდან ვიცნობ: "ახალი ხმის" ერთ-ერთი ფინალისტი ვარ და იქ გავიცანი. შემდეგ უკვე აღმოჩნდა, რომ ჩემი შვილის სკოლელი ყოფილა, ახლა კი სერიალში ჩვენი პარტნიორია. სალომე კოკუაშვილსაც ვიცნობდი. ალექსანდრა პაიჭაძე სერიალზე მუშაობისას გავიცანი. გადასაღებ მოედანზე დროს ძალიან კარგად ვატარებთ.

- რეალურ ცხოვრებაშიც ასე კარგად უგებთ გოგონებს, როგორც სერიალში თქვენი პერსონაჟი?

- საერთოდ, მგონია, რომ გოგონებთან რომას ბევრად ჭკვიანად მოაქვს თავი. არადა, ზუსტად ისეთი ქარაფშუტა და სულელია, როგორიც - გოგონები არიან სერიალში. როგორც გითხარით, ნუცას და სალომეს მანამდეც ვიცნობდი, ალექსანდრა პაიჭაძე კი ჩემთვის აღმოჩენა იყო. ადამიანში ყველაზე მეტად შრომისუნარიანობას ვაფასებ. ჩემთვის აღმოჩენა და დიდი "პლუსი" იყო, რომ ალექსანდრას შეუძლია, 24/7-ზე იმუშაოს! როცა "კომედი შოუს" საახალწლო კონცერტისთვის სიმღერა ჩავწერეთ, ნუცა თოფურიასგან განსხვავებით, ალექსანდრას სიმღერა უჭირდა - მომღერალი არ გახლავთ, მაგრამ საკუთარ თავზე იმდენი იმუშავა, სანამ ბოლომდე არ ჩაწერა და სხვათა შორის - საკმაოდ კარგად.

- სამეგობროში ბევრი გოგონა გყავთ?

- სამეგობრო წრეში არც ბიჭების ნაკლებობას ვუჩივი, მაგრამ საკმაოდ ბევრი გოგო მეგობარი მყავს. თან, თეატრში ვმუშაობ, სადაც როგორც ამბობენ, უფრო "გახსნილი" ატმოსფეროა. ჩემი შვილის ნათლიებიც სულ გოგონები არიან. რაღაც-რაღაცებთან დაკავშირებით, გარშემო მყოფები დამცინიან - მგონი, რომას როლს კი არ თამაშობ, საკუთარ თავს ასახიერებო (იცინის).

- რომას შოპინგი, ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს. ამ მხრივ, თქვენს შემთხვევაში, როგორ არის საქმე?

- ახალნაყიდ სამოსზე ვგიჟდები, ისე მიყვარს! ჩემი ცხოვრებისეული რიტმი საშუალებას არ მაძლევს, ისე "ვიშოპინგო", როგორც ამას რომა აკეთებს, რადგან შეიძლება გადაღლილი, წვერგაუპარსავი, თმააწეწილი ვიყო. განსაკუთრებით, როცა სპექტაკლს ვდგამ, დარბაზიდან თითქმის არ გამოვდივარ. ამიტომ სერიალში, ჩემი სამოსის 40% კოსტიუმების მხატვრის - მიმის მიერაა შერჩეული. ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯინსის შარვალსა და მაისურში გამოწყობილი დავდივარ.

- როცა ახალი სამოსი გაცვიათ, მაგრამ მეგობრები ვერ ამჩნევენ, თქვენც ცხარდებით?

- არა, ყოველთვის ამჩნევენ, დამიჯერეთ (იცინის)!..

- რა საერთო და მკვეთრად განმასხვავებელი თვისებები გახასიათებთ თქვენ და რომას?

- ალბათ, რომას უფრო ქალური მანერები აქვს და ჩემზე მეტად მხიარულია. მეც კი ვიცინი და ვხარხარებ ხოლმე, მაგრამ უფრო მელანქოლიისკენ მიდრეკილი ვარ. მგონია, რომას უფრო მეტი შეუძლია, ვიდრე - მე: საქმის კეთებაც, მეგობრებთან ერთად ყოფნაც... თავად ამის ფუფუნება არ მაქვს. ჩემსა და რომას შორის ეს განსხვავებებია. კიდევ, ისე იცვამს, როგორც თავად არ ჩავიცვამდი. საერთო თვისებებს რაც შეეხება. მასაც უყვარს მეგობრები, ხითხითი, ყველაფრის მოგვარება - ორგანიზებასთან დაკავშირებულ საკითხებს საკუთარ თავზე იღებს ხოლმე. ასევე, დიდი დოზით ყავის სმა უყვარს.

- სერიალში ნუცას გმირი მომღერალია, თქვენი კი - სიმღერის მოსურნე...

- რა დრო დამიდგა, ხვდებით, ხომ (იცინის)?

- სერიალში თქვენი სიმღერის ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობა გექნებათ?

- ყველაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: არსებობდა იდეა, რომ რომას ემღერა. ვნახოთ, ამას როგორ ამისრულებენ. საახალწლო კონცერტზე კი ვიმღერეთ მე და გოგონებმა, მაგრამ სერიალში ახლა რა მოხდება, არავინ იცის. თავად ეს ვარიანტიც მომწონს, რომ სინამდვილეში ვმღერი, სერიალში კი - ვერა. რაღაცნაირად, საინტერესოდ მიმაჩნია...

- ეკრანზე თქვენი პერსონაჟი როგორ მოგწონთ?

- საშინელებაა, როცა ეკრანზე 7 კილოთი მეტი ჩანხარ. ახლა 18-საათიან დიეტას ვიცავ... ერთადერთი, ეს მაწუხებს, რომ წონა საკმაოდ მომატებული მაქვს, დანარჩენს არ ვუჩივი... რა თქმა უნდა, "მარჯვენა სანაპიროს" პირველ სერიას ცალი თვალით ვუყურებდი, ვიმალებოდი... მერე, ნელ-ნელა პერსონაჟი უფრო "გავიგე" - მეორე, მესამე სერიაში უფრო მივხვდი, რა უნდა გამეკეთებინა... ახლა ეკრანზე ჩემს პერსონაჟს ჩვეულებრივად ვუყურებ. ზოგჯერ სერიის ნახვას ვერც ვახერხებ, მაგრამ შვილი ჩამირთავს ხოლმე - აი, ეს სერია ნახეო და შიგადაშიგ ვუყურებ - ჰო, მამა, კარგია-მეთქი...

401139904-18399823828034112-336839371756286819-n-1705909785.jpg

- თქვენი შვილი ვინ არის, რა ინტერესები აქვს?

- ნუცა უკვე 14 წლისაა. ახლა "საშობაო სიმღერაში" მყავს დაკავებული. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩემი შვილი მიუზიკლში მოვიყვანე - თავად მოინდომა და ამიტომ. საკმაოდ კარგად ცეკვავს, მღერის, ხატავს. უფრო ხატვისკენ არის მიდრეკილი, თუმცა სპექტაკლებში მონაწილეობა ძალიან მოსწონს. როცა დამჭირდა, "მერი პოპინსში" ბალეტში ავიყვანეთ. ბედნიერია, რადგან მამასთან ერთად ასე მაინც არის: მუშაობას ბევრი დრო სჭირდება და შვილს ხშირად ვერ ვხედავ ხოლმე...

- პროფესია არჩეული აქვს?

- მის თაობას ბევრი ინტერესი აქვს. აღმოვაჩინე, რომ თურმე, ძალიან კარგები არიან, სხვაგვარად ფიქრობენ, "სხვაგან არიან", ჩვენ კი "სად ვყოფილვართ"?! მის ასაკში მეგონა, მსახიობობის გარდა, არაფერს გავაკეთებდი. მისი თანატოლები, რომლებთანაც ვმეგობრობ, ჩამოუყალიბებელი ტიპები არ არიან, თუმცა ყველას თავისი, რამდენიმე არჩევანი აქვს. კონკრეტულად, მხოლოდ 1 მიმართულებით მუშაობაზე არ ფიქრობენ. ალბათ, ჩემი შვილის შემთხვევაში, გენები თავისას იზამს, რადგან მამაჩემიც მსახიობია, მამიდაჩემი - რეჟისორის თანაშემწე. ფაქტობრივად, ნუცა თეატრში გაიზარდა...

- თქვენი სამომავლო გეგმები როგორია?

- სერიალის პირველი სეზონი იანვარში სრულდება. ვიცი, რომ მეორე სეზონიც იქნება. გეგმებს რაც შეეხება, ჩემი პრიორიტეტი მიუზიკლი "მატილდაა", რომელიც სავარაუდოდ, თავისუფალ თეატრში, მარტში ან აპრილში აუცილებლად უნდა გამოვიდეს, ჩემივე რეჟისურით და მონაწილეობით.

- წარმატებას გისურვებთ!..

ეთო ყორღანაშვილი