"უნდა გავძლიერებულიყავი და მათთვის დამემტკიცებინა, რომ შეცდნენ"
დაბრკოლებებთან მებრძოლი ადამიანებისთვის მაგალითის მიცემა სოფი ნურაშვილის ერთ-ერთი ბავშვობის დროინდელი სურვილი გახლდათ. მართლაც, რეალითი შოუს ნახევარფინალისტის ცხოვრება ბევრისთვის შესაძლოა, მოტივაციის მიმცემი აღმოჩნდეს...
- 2024 წელი იმაზე უკეთ დაიწყო, ვიდრე ველოდი. ეს "პრაიმ ჰაუსს" უკავშირდება, რადგან როგორც ჩემი გულშემატკივრები მეუბნებოდნენ, 4 სეზონის განმავლობაში, ფინალისტების გარდა, ერთადერთი მონაწილე ვიყავი, ვინც დაასაჩუქრეს; შევხვდი გულშემატკივრებს, რომლებიც ჩემ მიმართ დიდ სიყვარულს გამოხატავენ, საკუთარი ბიზნესიც წამოვიწყე, ბევრი საქმიანი შემოთავაზება მივიღე...
- ბავშვობაში შენი მომავალი როგორ წარმოგედგინა? დღევანდელ რეალობას შეესაბამება?
- გააჩნია, რა ასპექტით შევხედავთ. ბავშვობაში ვოცნებობდი, ტელეწამყვანი ვყოფილიყავი: სარკის წინ ვიჯექი და თავზე კოლჰოტებს ვიკეთებდი - წარმოვიდგენდი, რომ გრძელი თმა მქონდა და ტელეეკრანზე ვჩანდი... ასევე, რატომღაც, სულ წარმომედგინა, რომ 25 წლამდე ოჯახს შევქმნიდი. ეს ვერ ავისრულე, მაგრამ მინდოდა, სხვებისთვის მაგალითი მეჩვენებინა, ვინც ცხოვრებაში გარკვეულ დაბრკოლებებს უმკლავდება. მსურდა, წარმატებული, დამოუკიდებელი (ფინანსურადაც) ქალი ვყოფილიყავი, საკუთარი თავის, გრძნობების, ემოციების მართვა შემძლებოდა, ბევრი მემოგზაურა... ჩემი სურვილების თითქმის 90% ავისრულე.
- დამოუკიდებლობის შეგრძნება პირველად როდის გაგიჩნდა?
- როცა სამსახურში პირველად ავიღე ისეთი ანაზღაურება, რომლითაც შემეძლო გადასახადებიც დამეფარა, დანაზოგიც გადამედო და მაღაზიაში ის მეყიდა, რაც მსურდა. მშობლები ასე მზრდიდნენ: როცა საკუთარი ფინანსები გექნება, უკვე შეგეძლება, გადაწყვეტილებები თავად მიიღოო. სულ ამაზე ვიყავი მოტივირებული...
- ფინანსურ დამოუკიდებლობას რომელ ასაკში მიაღწიე?
- იმ დროს 18 წლის ვიყავი და უძრავი ქონების აგენტად ვმუშაობდი...
- როგორც ვიცი, ჰერეთში გაიზარდე...
- კი. თბილისში დავიბადე და ჰერეთში გავიზარდე. იქ დაახლოებით 14 წელი ვცხოვრობდი. სკოლაც ჰერეთში, 16 წლისამ დავამთავრე. ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი, რაშიც დიდი დამსახურება ჩემს მშობლებს აქვთ: ისინი არასდროს არაფერში მზღუდავდნენ - სულელურ იდეებშიც კი თავისუფლებას მანიჭებდნენ, მხარს მიჭერდნენ; ასევე, ჩემს პედაგოგებსაც დიდი წვლილი მიუძღვით... ჰერეთში, #2 სკოლა-ლიცეუმში დავდიოდი, სადაც 3 სექტორი იყო: ქართული, აზერბაიჯანული და რუსული. სექტორები ერთმანეთთან სულ კონკურენციაში ვიყავით, თუ ვინ იქნებოდა საუკეთესო. სწორედ ამ სურვილის გამო, მოსწავლეების უმეტესობა ძალიან კარგად სწავლობდა. მასწავლებლები ყოველთვის ცდილობდნენ, რომ წიგნებთან ერთად, ჩვენი ინფორმაციის წყარო ინტერნეტიც ყოფილიყო. 5 წლიდან კომპიუტერი მქონდა... მოკლედ, განათლების მიღების ჩემი ჟინი სწორედ აქედან "მოდის". რა თქმა უნდა, ჰერეთში მცხოვრებ ქართველებს არც რჯული შეგვიცვლია, არც - ენა, arc სარწმუნოება - მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ. ჰერეთში ჩვენი კულტურის წარმოჩენას, პოპულარიზაციას ყოველთვის ვცდილობდით, დიდ, ქართულ კონცერტებს ორგანიზებას ვუკეთებდით, რომელზეც წარმოდგენილი იყო ქართული ნაციონალური ცეკვები, პიესები, ლექსები... შემდეგ, თბილისში ჩამოსული, როცა ვამბობდი, ჰერეთიდან ვარ-მეთქი, მეუბნებოდნენ, - აა, აზერბაიჯანელი ხარო? ამის გამო გული მწყდებოდა და ისტორიის მოყოლას ვიწყებდი, მაგრამ მაინც ვერ იგებდნენ... მშობლების მადლიერი ვარ, რადგან ცხოვრებაში ყველაფერს ლანგრით მორთმეულს არ ვარ მიჩვეული. მასწავლიდნენ, რომ თუ რამის მიღება მსურდა, ამისთვის უნდა მეშრომა... ასევე, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში ჩემმა წონამაც დიდი როლი ითამაშა.
- რას გულისხმობ?
- დაახლოებით მეხუთე კლასამდე ძალიან გამხდარი ვიყავი. საზოგადოება ჩემკენ თითს იშვერდა, - ვაიმე, ეს ბავშვი ასეთი გამხდარი რატომაა? ავად არის? მშობლები რა ცუდად ექცევიან, რატომ არ ჭამსო?.. ამის გამო, დედა ფორსმაჟორულ სიტუაციაში იყო და სულ ვიტამინებს მასმევდა, საჭმელს მაძალებდნენ, რამაც შედეგი გამოიღო: მადა მომემატა, წონაში მატება დავიწყე, რაც მერე უკვე თვალსაჩინო გახდა და სხვა ბავშვებისგან სხეულის დიდი წონით გამოვირჩეოდი. საზოგადოებისგან ჩემს წონაზე "ხაზგასმა" ძალიან ცუდად ხდებოდა. ქუჩაში ბიჭებისგან ბულინგს ვიღებდი, სხვადასხვა მეტსახელს მარქმევდნენ, ჭარბი წონის გამო მახინჯად მიმიჩნევდნენ... ჩემი თვითშეფასება ნულამდე იყო დაყვანილი, რადგან გინდა თუ არა, ადამიანები სოციალური არსებები ვართ და სოციუმიდან როგორი მესიჯებიც მოდის, ასე თუ ისე, ამის გვჯერა ხოლმე. სარკეში ვიყურებოდი და ვფიქრობდი, - ლამაზი ცხვირი, ტუჩი, თვალები, აღნაგობა მაქვს, "მახინჯს" იმიტომ მიწოდებენ, რადგან დიდი ვარ-მეთქი?!. მოზარდობის პერიოდში, საკუთარ თავში ჩავიკეტე, რადგან ჩემი პირველი შეყვარებული ჩემ გამო ჰერეთში ჩამოვიდა (წარმოშობით ჰერეთიდან გახლდათ, თუმცა სხვაგან ცხოვრობდა), მისმა მეგობრებმა კი დასცინეს - მსუქანი და მახინჯი შეყვარებული გყავსო. ჩემთან დაშორების მიზეზი პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ თავად გავიგე... ჩემთვის ეს ყველაფერი ტრავმული იყო. გარეთ ვეღარ გავდიოდი. რა თქმა უნდა, იძულებული ვიყავი, სკოლაში მევლო, მაგრამ სულ ქუდი მეფარა - ვცდილობდი, დავმალულიყავი. მეტყველების პრობლემაც შემექმნა, რადგან მეგონა, როცა დამინახავდნენ, დამცინებდნენ - მსუქანია, რამდენს ლაპარაკობსო?! მოკლედ, "ჩავიკეტე", მაგრამ შემდეგ უკვე ასპარეზზე სოციალური ქსელები გამოვიდა, სადაც მეგობრები გავიჩინე - მათ საერთოდ არ აინტერესებდათ, როგორ გამოვიყურებოდი... მერე სკოლაში სწავლა დავასრულე. ასე თუ ისე, შევძელი, ძალიან მსუქანი აღარ ვყოფილიყავი - წონაში დავიკელი, უნივერსიტეტში ჩავაბარე, სადაც დიდ სირთულეებს შევეჩეხე.
- რასთან დაკავშირებით?
- აქაც კონკურენციის ამბავი იყო: ძალიან კარგად ვსწავლობდი. საგნების ათვისება არ მიჭირდა, პირიქით - გახსნილი გონება მქონდა, რადგან როცა ცხოვრებაში მიჩვეული ხარ, ყველაფერს თავად უნდა მიაღწიო, ტვინი ძალიან გიnვითარდება. ყოველთვის მახასიათებს კრიტიკული აზროვნება, ძლიერი ზოგადი განათლება მაქვს. შესაბამისად, სტუდენტებს შორის ლექტორები ყოველთვის გამომარჩევდნენ, რაც სხვებში გარკვეულ შურს იწვევდა. რატომღაც, ერთ დღეს მთლიანი ჯგუფი ამიმხედრდა: ლანძღვა, ბულინგი დამიწყეს - ეს მსუქანა რამდენს ბედავს? სულ ლექტორებს შესციცინებს თვალებში! ამხელა წონა რომ მქონდეს, სწავლის ნაცვლად, დიეტაზე ვიფიქრებდი, რას ჰგავსო?! მოკლედ, ძალიან ცუდი სიტყვები მიწოდეს... ამან "ჩამკეტა", მაგრამ ჩემი ბრძოლისუნარიანობის და გონებრივი შესაძლებლობების საფუძველზე, მივხვდი - ცხოვრება ამით არ იწყებოდა და არ მთავრდებოდა. გავაცნობიერე, რომ სწავლაზეც უნდა მეფიქრა, მაგრამ ამავდროულად, უნდა გავძლიერებულიყავი და მათთვის დამემტკიცებინა, რომ ჩემთან ძალიან შეცდნენ. თუ კარიერულად წარმატებული, ფინანსურად წელში გამართული ვიქნებოდი, ჩემს დამცირებას ვეღარავინ შეძლებდა. ვაკანსიების ძებნა დავიწყე... ჩემი პირველი სამსახური ცუდად მახსენდება: ხელფასი 200 ლარი მქონდა. მოლარეც თავად ვიყავი, კონსულტანტიც, დაცვის თანამშრომელიც, დამლაგებელიც, ფსიქოლოგიც... მონდომებით ვმუშაობდი, მაგრამ ამას არ აფასებდნენ. ბონუსურ სისტემაზე საუბარიც ზედმეტი იყო: იმხელა დანაკლისები "მომაწერეს" მაღაზიაში, რომელსაც "დაცვაც" კი არ ჰყავდა, რომ ჩემი 200 ლარიდან ხელფასი 10 ლარი ჩამირიცხეს. სამწუხაროდ, დამსაქმებლები თანამშრომლების მიმართ მსგავს არაადამიანურ დამოკიდებულებას დღესაც იჩენენ... რა თქმა უნდა, მაშინვე მივხვდი, რომ მათთან საქმის დაჭერა არ შეიძლებოდა და სხვა სამსახურის ძებნა დავიწყე... ბაზარზე სხვებისთვის კონკურენციის გაწევის საშუალება ინგლისური ენის ფლობამ მომცა, თუმცა მაშინ თეორიულ დონეზე ვიცოდი და რაღაცნაირად, "ვეწვალებოდი", ენის ადგმას ვცდილობდი... მოკლედ, ერთ-ერთ დიდ მარკეტში მუშაობა დავიწყე, სადაც ხელფასი 530 ლარი მქონდა. გაოცებული ვიყავი, - ღმერთო, 530 ლარი რამხელა ფულია, რაში უნდა დავხარჯო-მეთქი?!. გეგმებს ვაწყობდი... სამწუხაროდ, ახალი წლის პერიოდი დამემთხვა და მუშაობისას, 18 საათი ფეხზე დგომა მიწევდა. იქაც დანაკლისები "გვეწერებოდა". 2-3 თვე ვიმუშავე... კარიერა ხომ კიბეა, არა? მასზე უნდა ადიოდე... მუშაობისას ჩემთან ყოველთვის რიგი იდგა - ყველას სურდა, პროდუქტი ჩემთან "გაეტარებინა", გამსაუბრებოდა... მეუბნებოდნენ, - ბევრად მეტი შეგიძლია, შენ აქ არ უნდა იყოო. ეს დავიჯერე და "სივის" ბევრგან გაგზავნა ისევ დავიწყე. მახსოვს, კორეელ-ამერიკელმა პიროვნებამ, რომელსაც ონლაინმაღაზია ჰქონდა, ე.წ. ქოფირაითერის პოზიციაზე სამსახურში ამიყვანა. იქიდან მოყოლებული, კარიერული განვითარება დავიწყე და დავიწყე: გარკვეული პერიოდი უძრავი ქონების აგენტი გახლდით, შემდეგ გაყიდვების სფეროში გადავედი... უკვე სტაბილური შემოსავალი მქონდა, დანაზოგის გაკეთებაც შემეძლო...
- როგორც ვიცი, პროფესიით იურისტი ხარ. გაყიდვების სფეროში შენი საქმიანობა მთლიანად პრაქტიკას ემყარება თუ ოფიციალური განათლება ამ მიმართულებითაც მიიღე?
- პრაქტიკას. ნეტავ, ადრევე მცოდნოდა, რომ განათლების მიღება ზედმეტი ფულის გადახდის გარეშე შეგიძლია ადამიანს, თუკი შენი მიზანი პრაქტიკული განათლება და გაძლიერებაა. მამაჩემი იტყოდა ხოლმე: ნურასდროს მოგინდება, რომ #1 იყო, რადგან შენ გარდა, ეს 100 ათას კაცს უნდა. იყავი ჩაუნაცვლებელიო. ეს ყოველთვის "ოქროს რჩევად" მიმაჩნია. ვკითხულობდი წიგნებს, რომლებიც გვასწავლის უნარებს, ფსიქოლოგიას, გაყიდვების ძლიერ ტექნიკებს... ტრენინგებს "იუთუბზე" გავდიოდი - ვიდეოებს ვუყურებდი... თავდაპირველად, გაყიდვების სფეროში სამუშაოდ რომ გადავედი, ღამით ბალიშს ცრემლებით ვასველებდი, - ეს საქმე რატომ არ გამომდის-მეთქი?! ნელ-ნელა, იუთუბ ტრენიგებით, წიგნების კითხვით გავძლიერდი. კომპანიები სამსახურს უკვე თავად მთავაზობდნენ, მე კი ჩემი პირობები მქონდა, მათთან თანამშრომლობაზე დათანხმებამდე...
- სოფი, რატომ გადაწყვიტე, ბარიატრიული ქირურგიისთვის მიგემართა?
- ცხოვრების წესის გამო, ჯანსაღად კვებას ვერ ვახერხებდი - სულ ვმუშაობდი და არ მეცალა, საჭმელი თავად მომემზადებინა. უცნობი ადამიანებისგან უხეში რეპლიკებიც მომისმენია: მახინჯი, მსუქანა, ნებისყოფა რატომ არ გაქვს, ამდენს რატომ ჭამო?!. არადა, თავად ხომ ვიცოდი, როგორ ვიტანჯებოდი, რამდენი დიეტა დამიცავს, არა? ჟინი მქონდა, რომ ასეთი ადამიანებისთვის დამემტკიცებინა, ჩემი წონა მათი საქმე არ იყო - ყველას უნდა "მოვაკეტინო"-მეთქი (იცინის). სწორედ მაშინ გავიაზრე, კარიერულად წარმატებული, ძლიერი თუ ვიქნებოდი და არ გავბოროტდებოდი, ხალხი უკვე სხვა თვალით შემომხედავდა. ამას მივაღწიე, ბევრი ვიმოგზაურე, უამრავ ადამიანს მხარში ამოვუდექი. ვცდილობდი, ბოროტებისთვის იუმორით მეპასუხა. ხალხს ჩემთან ურთიერთობა სიამოვნებდა... მოკლედ, ჩემ ირგვლივ აღარ ისმოდა ფრაზები - მსუქანი ხარ, დაიკელიო. არ ვიცი, დანებდნენ თუ საზოგადოებამ მიმიღო. Pლუს შიზე მოდელიც გახლდით. სიმართლე გითხრათ, სხვების აზრი აღარც მაინტერესებდა...
ისე კი, ოპერაციაზე სულ ვფიქრობდი. ერთხელ ინტერნეტში გამხდარი ადელი დავინახე. ბარიატრიას მოვკარი ყური, "გამოძიება ჩავატარე"... მანამდე ოპერაცია არასდროს მქონდა გაკეთებული. ამიტომ მეშინოდა, მაგრამ დაქალის დახმარებით, რომელიც საავადმყოფოში მუშაობდა, ექიმმა კონსულტაცია გამიწია. მაინც ვყოყმანობდი... ექიმმა ფასდაკლება რომ შემომთავაზა, ბევრი აღარ მიფიქრია - მაგიდაზე პლასტიკური ბარათი დავუდე... პანდემიის პერიოდი იყო. ოპერაცია ისე გავიკეთე, ამის შესახებ ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ. კლინიკიდან 4 დღეში გამომწერეს. ბევრს ჰგონია, რომ ოპერაციის გაკეთების მერე, კლინიკიდან მაშინვე გამხდარი გამოდიხარ. ასე არაა: ექიმები მეუბნებოდნენ, - ეს ოპერაცია შენთვის ბიძგია, რომ ცხოვრების წესი შეიცვალოო. დაახლოებით 140 კილო ვიყავი. 80 კილო დავიკელი. როცა პუტკუნა ვიყავი, ჩაცმასთან დაკავშირებით, მაშინაც კომპლიმენტებს მეუბნებოდნენ. წინათ, წონებს შორის "ვთამაშობდი": ხან ძალიან დავიკლებდი, ხან - ორმაგად მოვიმატებდი... გარდერობში სხვადასხვა ზომის ტანსაცმელი მქონდა. ერთხელაც, მაღაზიაში სამოსი ისე ავიღე, არც დამიხედავს, რა ზომა ეწერა - უბრალოდ შევხედე და მივხვდი, ჩემი ზომა იქნებოდა. ჩავიცვი, მომერგო. იარლიყს დავხედე და Xშ არ ეწერა?! გასახდელში დავჯექი და ტირილი დავიწყე. ამიტომ ვამბობ, - ადამიანს იმაზე მეტი შეგიძლია, ვიდრე თავად წარმოგიდგენია. ჩაცმასთან დაკავშირებით, ახლა უფრო პრეტენზიული გავხდი. წინათ იმას ვიცვამდი, რაც მეტეოდა. სამწუხაროდ, საქართველოში ბევრ ბრენდს Pლუს შიზე სამოსი არ აქვს ან მხოლოდ მცირე რაოდენობით შემოაქვს, რაც მალევე იყიდება...
- შენი ცხოვრების განსაკუთრებულად შთამბეჭდავ ეპიზოდად რას მიიჩნევ?
- ბავშვობიდანვე ბიონსეს დიდი გულშემატკივარი გახლდით. ჩემი ცხოვრების იმ შავ დღეებში, როცა თვითრწმენა განულებული მქონდა და რაღაცნაირად, საკუთარი თავის მიმართ ზიზღს ვგრძნობდი, ბიონსეს "ლაივებს" ჩავრთავდი ხოლმე, სადაც ყოველთვის მოგვიწოდებდა, რომ საკუთარი თავი უნდა გვყვარებოდა... ერთხელაც, "ტიკტოკზე" წავაწყდი ინფორმაციას, რომ ბიონსე "რენესანსის ტურს" იწყებდა, ოღონდ - ეს ინფორმაცია ძალიან გვიან ვნახე. შესაბამისად, ბილეთში ათმაგი გადავიხადე. ვამბობდი, - თუკი ამხელა გზა უნდა გავიარო, ბრიუსელში ჩავიდე, ბარემ ბიონსეს ახლოდან ვნახავ, რადგან არ ვიცი, ეს ქალი კონცერტს კიდევ როდის გამართავს და მერე დასწრებას შევძლებ თუ ვერა-მეთქი... კონცერტზე, ვიაიპ-სექციაში, სცენასთან ძალიან ახლოს ვიყავი, შამპანურს ვწრუპავდი, გვერდით მედგა ჯეიზი, ბლუ აივი, ბიონსეს დედა... ბიონსემ თვალებში რომ შემომხედა და შევხედე, მაშინ ვიწამე, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შესაძლებელია. მეგონა გადავვარდებოდი, მაგრამ ვიფიქრე, - ამ ქალის წინაშე არ შევრცხვე-მეთქი და მედგრად ვიდექი, ვცეკვავდი (იცინის)... სხვათა შორის, შემდეგ ბიონსეს მოცეკვავეებმა "ინსტაგრამზე" მომწერეს. ვფიქრობდი, - ღმერთო, ასეთი რა გავაკეთე, რომ ასეთ ბედნიერებას მომასწარი-მეთქი?!.
- საუბრის დასაწყისში აღნიშნე, ბიზნესი წამოვიწყეო. რა სახის ბიზნესია, შეგიძლია, გვითხრა?
- ამაზე საუბარი დიდად არ მინდა, რადგან მთავარი მიზნისკენ ბევრი გზა მაქვს გასავლელი... გეტყვით, რომ "პრაიმ ჰაუსში" შესვლამდე, ევროპაში, "დროპშიფინგის" საკუთარი კომპანია მქონდა (მსოფლიო მასშტაბის). ბიზნესს განვითარება სჭირდებოდა. გადავწყვიტე, რომ მისი გაყიდვა სჯობდა, რაკი კარგ ფასს მთავაზობდნენ. შემდეგ მოვიარე იბიცა, ანტალია, ბათუმი და კარგად დასვენებული "პრაიმ ჰაუსში" შევედი: რეალითი შოუს მასშტაბი გავიაზრე და ვიფიქრე, საკუთარი თავი ეკრანზეც გამომეცადა. როგორ გამოვცადე, თავად განსაჯეთ (იღიმის)...
ალბათ, როცა ადამიანს კარგი გული გაქვს, მონდომებული ხარ და შრომობ, ამას ღმერთიც ხედავს და სამყაროში ყველაფერი ისე მოეწყობა, რომ თავადაც გიკვირს...
ეთო ყორღანაშვილი