"სულ 5 გოგო ვიყავით, ვინც ახალ წელს ბავშვები გავაჩინეთ" - გზაპრესი

"სულ 5 გოგო ვიყავით, ვინც ახალ წელს ბავშვები გავაჩინეთ"

20 წლის წინ მსახიობი - მანანა აბრამიშვილი ახალი წლის დღესასწაულს სამშობიაროში შეხვდა. იმ დროს მისი პირადი ტრაგედიიდან 9 თვე იყო გასული. დიდი გულისტკივილის მიუხედავად, მსახიობისთვის ის ახალი წელი განსაკუთრებულად შთამბეჭდავი იყო...

- ახალი წლის დღესასწაული განსაკუთრებულად მიყვარს, რადგან რაღაცნაირად, ისეთი შეგრძნება მეუფლება, რომ ყოველი მომდევნო წელი აუცილებლად სიახლეებით სავსე იქნება, რასაც თავად უნდა შევუწყოთ ხელი, თორემ ისე, მხოლოდ ბედ-იღბალს რომ მიენდო ადამიანი, არაფერი მოხდება... უბრალოდ, წლის ბოლოს ყოველთვის ვაჯამებ, რა გავაკეთე და ვცდილობ, მომდევნო წელს იმაზე მეტი გავაკეთო, ყველა სფეროში.

- თოვლის ბაბუის არსებობის რომელ ასაკამდე გჯეროდათ?

- მგონი, თოვლის ბაბუის არსებობის არც ერთ ასაკში არ მჯეროდა. ჩვენს ბავშვობაში ისე ხდებოდა, რომ მშობლები საახალწლო საჩუქრებს ნაძვის ხის ძირას დებდნენ - აი, თოვლის ბაბუმ მოგიტანათო... თან მჯეროდა, თან - არა. ვხვდებოდი, რომ ამას მშობლები აკეთებდნენ...

- თქვენს შვილებსაც არ სჯეროდათ?

- კი, მათ თოვლის ბაბუის და კიდევ ბევრი რამის სჯეროდათ. მაგალითად, გაღვიძებისას უცებ ზემოდან კანფეტებს ვაყრიდი და ვეუბნებოდი, - მამამ ჩამოგიყარათ-მეთქი. ჩემი უფროსი ქალიშვილი - თეკლა ძალიან პატარა გახლდათ, როცა მეუღლე გარდამეცვალა, გაგუნა კი დაბადებულიც არ იყო - მასზე ორსულად ვიყავი. ბავშვებს მამასთან გარკვეული, ასე ვთქვათ, კონტაქტი რომ ჰქონოდათ, ასეთ რამეს ვაკეთებდი და მათაც სჯეროდათ, რომ კანფეტები მამამ ჩამოყარა (იღიმის)...

- როგორც ვიცი, თქვენს ცხოვრებაში მისტიკური ამბებიც ყოფილა...

- მაგალითად - სიზმრები: არ მინდა, ამ თემას ღრმად შევეხოთ, მაგრამ სიზმარში ვნახე ის ყველაფერი, როგორც ჩემი მეუღლე გარდაიცვალა და მეორე დღეს, 3-ის ნახევარზე ეს ამბავი რეალურად მოხდა. ალბათ, ეს უფრო წინასწარმეტყველებაა... ამ ამბიდან 20 წელი გავიდა. დიდი ხნის განმავლობაში ყველას ვეკითხებოდი (განსაკუთრებით, სასულიერო პირებს), - ეს რა არის-მეთქი? პასუხი არავის აქვს. ეკლესიაში ასე ხსნიან: 3 ტიპის სიზმარი არსებობს - რაზეც ფიქრობ, გონებაში ჩაგყვება და დაგესიზმრება; წინასწარმეტყველური, რასაც "ხილვა" ჰქვია და მესამე - ბოროტისო... არასოდეს მიფიქრია, რომ ჩემი ქმარი უნდა გარდაცვლილიყო...

- წინასწარმეტყველური სიზმრები დღესაც გაქვთ?

- კი და თან, იცი, როგორ ხდება? გააჩნია, როგორი განწყობით ვიღვიძებ: როცა სიზმარი მახსოვს და დარწმუნებით ვიცი, რომ უნდა ახდეს, ახდება. ყოფილა შემთხვევა, რაღაც დამსიზმრებია, ვერ გამიხსენებია, მაგრამ მცოდნია, რომ კარგი სიზმარი არ იყო - ასეთი რამ არ ახდება ხოლმე. რაც ერთი ერთში მახსოვს, ის ყოველთვის ცხადდება. მაგალითად, წლების წინ, თბილისში დიდი მიწისძვრა მოხდა. მანამდე დამესიზმრა, რომ თბილისის გარშემო ზღვა იყო და ქალაქს ტალღები ურტყამდა... საშინელი მიწისძვრა, დიდი ხმით, მეორე დღეს, საღამოს მოხდა... მაშინ ბავშვი ვიყავი. არ მავიწყდება...

- ახალი წლის თემას დავუბრუნდეთ: დღესდღეობით, თქვენი "თოვლის ბაბუა" ვინ არის ხოლმე?

- ჩემი შვილები. მათ საოცარი სიურპრიზების მოწყობა იციან. რასაც ბავშვობაში მე ვუკეთებდი, ახლა თავად მანებივრებენ. არ არსებობს, რომ ბებიას, ბაბუას, ოჯახის ყველა წევრს საჩუქრები არ გაუკეთონ, თან - სიურპრიზის სახით: ყოველ წელს საჩუქარს სხვადასხვანაირად გვჩუქნიან, მაგალითად - კარზე ზარის ხმა გაგვიგონია. გავსულვართ და კურიერს საჩუქარი გადმოუცია... მოკლედ, ყოველ წელს სხვადასხვა ვერსიას იგონებენ.

- საახალწლო სუფრის სამზადისში მონაწილეობთ?

- ძირითადად, საახალწლო სუფრას მაინც დედა ამზადებს (მშობლებთან ერთად ვცხოვრობ), მაგრამ სუფრის გაწყობა, გაფორმება და სალათების მომზადება ჩემზეა, ასევე - ნამცხვარსაც ვაცხობ, გოზინაყსაც ვაკეთებ. გოზინაყის გარეშე ახალი წლის დღესასწაული წარმოუდგენლად მიმაჩნია (იღიმის)... ჩემ გარდა, ნაძვის ხეს არავინ რთავს, რადგან მის აწყობა-მორთვაზე ვგიჟდები, ისე მიყვარს! ოჯახის წევრებმა ამის შესახებ იციან. ამიტომ არ უნდა დამასწრონ... ყოველ წელს, ნაძვის ხეს ახალ-ახალ სათამაშოს ვამატებ - განახლება აუცილებელია, მაგრამ რა თქმა უნდა, ძველებსაც ვიყენებ.

400593075-6879715285401245-7006631472737879389-n-1705910270.jpg

- როცა 12 საათი შესრულდება და ახალი წელი იწყება, თქვენს ოჯახში რა ხდება?

- ახალი წლის დღესასწაულს ყოველთვის სახლში ვერ ვხვდები, რადგან ზოგჯერ ღონისძიებების წამყვანი ვარ. ერთი პერიოდი ისე აეწყო, რომ 5 წლის განმავლობაში, ახალ წელს სახლში ვერ შევხვდი. შემდეგ 2-3 წელი შემოთავაზებებზე უარს ვამბობდი - მინდოდა, შინ ვყოფილიყავი. ამიტომ როცა ღონისძიებების წამყვანობას მთავაზობდნენ, შობას ან ძველით ახალ წელს ვთანხმდებოდი. თან, 31-ში ჩემი ბიჭია დაბადებული...

- გამოდის, რომ 20 წლის წინ, ახალი წლის დღესასწაულს სამშობიაროში შეხვდით...

- კი, ახალი წელი სამშობიაროში გავატარე... მეუღლე რომ გარდაიცვალა, სანამ დავასაფლავებდით, დამესიზმრა და მითხრა, - ორსულად ხარ, ბიჭი გეყოლებაო. რეალურად, არ ვიცოდი, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. მერე, მართლაც აღმოჩნდა, რომ ორსულად ვყოფილვარ... ტრაგედიიდან 9 თვის მერე, სამშობიაროში აღმოვჩნდი. სულ 5 გოგო ვიყავით, ვინც ახალ წელს ბავშვები გავაჩინეთ. სამშობიაროს სამზარეულოში სუფრა გავშალეთ და კარგად გავერთეთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დიდი ტრაგედია და წარსული ძალიან მტკიოდა, მაინც გენიალური ახალი წელი იყო!.. ხომ არის შემთხვევები, როცა დაბადების დღის წვეულებას ვერ იხდი ადამიანი, არა? ჩემი ბიჭის შემთხვევაში ასე არაა: მის დაბადების დღეზე ყოველთვის სუფრაა გაშლილი. 31 დეკემბერს გაგუნას დაბადების დღით ვიწყებთ: 7-8 საათისკენ სუფრასთან ვსხდებით, ჯერ დაბადების დღეზე ვქეიფობთ, შემდეგ - ზუსტად 11 საათზე, ყველას წამოვაყენებ, - აბა, სუფრა უნდა განვაახლოთ-მეთქი და ახალი წლისთვის ვამზადებ. ყოველ წელს ასეთი რიტუალი გვაქვს...

ეთო ყორღანაშვილი