"იქაურებს დიდი ბრძოლის ფასად უხდებათ სარწმუნოების შენარჩუნება" - გზაპრესი

"იქაურებს დიდი ბრძოლის ფასად უხდებათ სარწმუნოების შენარჩუნება"

ნუგბარა როსტიაშვილი რამდენიმე წელია აქტიურად მუშაობს ადვოკატად. ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებულმა ადვოკატმა ამ სფეროში უკვე შეძლო თავის დამკვიდრება და არაერთი პროცესი მოიგო. ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი საქმე დაასრულა წარმატებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ გააუქმა პოლიციის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერი. აღნიშნული საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგია, რადგან სასამართლოში დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, პოლიციის შემაკავებელი ორდერის გაუქმება იშვიათად ხდება, ეს შედეგი კი, ადვოკატების: ნუგბარა როსტიაშვილისა და გიორგი ქათამაძის განსაკუთრებულმა ძალისხმევამ განაპირობა. სასამართლო პროცესზე მათ პოლიციის ყველა არგუმენტის გაბათილება მოახერხეს, რომელიც მათი დასაცავისთვის შემაკავებელი ორდერის გამოცემას ედო საფუძვლად.

ნუგბარა როსტიაშვილი:

- ადვოკატების ოჯახში გავიზარდე, მაგრამ ჩემი მშობლები შვილების პროფესიის არჩევაში არასოდეს ჩარეულან. ბავშვობიდან სულ მესმოდა, რა მაგარი ადვოკატია ციცო ცხვედიანი, რა მაგარია ზურაბ როსტიაშვილი, მაგრამ არც ამ ფაქტორს უმოქმედია. სკოლის დასრულებამდე ოჯახის წევრებმაც არ იცოდნენ, იურიდიულზე რომ ვაბარებდი. ეს გადაწყვეტილება ბოლო წუთს მივიღე. თუმცა, ამ სფეროსთან შეხება ფაქტობრივად, მას შემდეგ მქონდა, რაც პერსონალური კომპიუტერი შევიძინეთ, მახსოვს, ზურას სჭირდებოდა განცხადების ტექსტის აკრეფა კომპიუტერში და უცებ ვერ გაერკვა. 12 წლის ვიყავი მაშინ და დახმარება შევთავაზე. თითქოს არაფერი, ერთგვერდიანი განცხადება იყო, მაგრამ ისე მომეწონა ეს პროცესი, რომ შემდეგში, როცა რაღაც დასაწერი ჰქონდა, ტექსტს მე ვკრეფდი. ამან სისტემატური სახე მიიღო, მერე თვითონაც მეუბნებოდა, ახლა ეს დამიბეჭდეო და ისე გავთამამდი, მის ტექსტში წინადადებების წყობასაც კი ვცვლიდი, ეს ზურას მოწონებას იმსახურებდა. ერთი ასეთი შემთხვევა გამახსენდა, მაშინ ალბათ 14-15 წლის ვიქნებოდი, ზურამ სხვა ადვოკატის დაწერილი შუამდგომლობა მომცა და კომპიუტერში აკრეფა მთხოვა. ისინი ერთ საქმეზე ერთად გამოდიოდნენ და ამ საქმის შესახებ მანამდე ზურას დაწერილი არაერთი ტექსტი მქონდა წაკითხული და ასე თუ ისე ვიცოდი საქმის დეტალები. შუამდგომლობა რომ წავიკითხე, ისე იყო შედგენილი, არ მომეწონა და ზურასთან შეთანხმების გარეშე, როგორც საჭიროდ ჩავთვალე, ისე გადავაკეთე, მერე ზურას მივეცი წასაკითხად. ძალიან მოეწონა და ის ადვოკატი შეაქო, რა კარგად დაუწერიაო, ამის მერე მივუტანე ორიგინალი და ვუთხარი, - აბა, ახლა ეს წაიკითხე-მეთქი. - ეს რა არისო? - გაუკვირდა. განცხადებების წერიდან, შუამდგომლობებს, დასკვნით სიტყვას შევყევი და მივედი გადაწყვეტილებამდე, რომ ადვოკატობა მინდოდა. ამ დროს ჩემს დას, თამთას სამსახიობო ჰქონდა არჩეული, ბაქარი კი ბავშვობაში სპორტს მისდევდა, მერე ფილოსოფოსობა გადაწყვიტა. ვფიქრობ, მშობლები გაახარა ჩემმა არჩევანმა.

ზოგადად ხელმარჯვე ვარ, ხატვა მიყვარს, ხატვაზე მეტად - ქარგვა, ქსოვა, კერვა, ხელნაკეთ თოჯინებსაც ვაკეთებდი, მაგრამ ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს საქმეები ძირითადი პროფესიის პარალელურად შემეძლო მეკეთებინა. უცხო ენების შესწავლაც მიყვარდა, საკუთარი სურვილით ვისწავლე იტალიური. ჩვენთან, დასახლებაში ბევრი რუსი ეროვნების ბავშვი ცხოვრობდა და პატარა ასაკში რუსული იმიტომ ვისწავლე, რომ ეზოში მათთან ერთად მეთამაშა. მერე სხვა ენებიც შევისწავლე...

- რატომ ადვოკატობა და არა ვთქვათ პროკურორობა, მოსამართლეობა?

- ვხედავდი, ადვოკატები საკუთარი თავის ბატონ-პატრონები იყვნენ და დამოუკიდებლად იღებდნენ გადაწყვეტილებას. შენ თავად წყვეტ, ვის დაიცავ და ვის არა. როცა პროკურორი ხარ ან მოსამართლე, რაღაც კუთხით შეზღუდული ხარ, ჩარჩოში ექცევი. დილიდან საღამომდე უნდა იჯდე და ერთი და იგივე აკეთო. აქ კი უფრო ქაოსური რეჟიმი გაქვს, თავისუფალი პროფესიაა და შენ ირჩევ თუნდაც დაცვის სტრატეგიას. გარდა ამისა, ადამიანებს რომ ეხმარები, ეს ცალკე სიამოვნებას განიჭებს... სასამართლო პროცესებზე პირველად რომ მივედი, 19 წლის ვიყავი, ზურას და ციცოს პროცესს კი უფრო გვიან ასაკში დავესწარი. მათ ყოველთვის გადატვირთული გრაფიკი ჰქონდათ. ცეკვას რომ მოვრჩებოდი ან სხვა მეცადინეობას, მერე მივდიოდი ოფისში, ან ოფისიდან წამიყვანდნენ წრეებზე და მომიყვანდნენ უკან. თითოეულ სტაჟიორთან, ვისთანაც მათ უმუშავიათ, კარგი ურთიერთობა მაქვს დღემდე. მხიარული და ოჯახური დამოკიდებულება ჰქონდათ ოფისში, დაძაბული გარემო არ იყო და მართლა დადებითად მახსენდება ის წლები. ვაკვირდებოდი, როგორ მართავდნენ კონსულტაციებს დასახმარებლად მოსულ ადამიანებთან. ზურა ყოველთვის მთელი ემოციებით იყო ჩართული, ხელებით საუბრობდა, ყველა დეტალს უხსნიდა კლიენტს. ციცო აუღელვებლად, დინჯად უწევდა კონსულტაციას...

giorgi-da-nugbara-1706263207.jpg

- სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და ბავშვთა უფლებების კუთხით მუშაობთ, მაგრამ არა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. არადა, ამბობთ, რომ ძირითადად ზურას ეხმარებოდით. ბატონი ზურაბი სისხლის სამართლის ცნობილი ადვოკატია და არაერთ ხმაურიან საქმეში მონაწილეობს.

- დიახ, ზურას ვეხმარებოდი და მეტი პრაქტიკული გამოცდილება მართლა სისხლის სამართალში მქონდა, მაგრამ მე სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეები უფრო მხიბლავს. თუმცა, ზურა დღემდე იმედოვნებს, რომ სისხლის სამართალშიც გადავდგამ ნაბიჯებს.

- პირველ პროცესზე ნერვიულობდით?

- მართლა არ მინერვიულია. არადა, ჩემი მეგობრებისგან მქონდა გაგებული, რომ ნერვიულობდნენ. მე ძალიან თავისუფლად ვიყავი და პირველ სხდომაზე იმდენად მომზადებული გახლდით, ერთი სული მქონდა სასამართლო პროცესში მიმეღო მონაწილეობა. საქმე, რომელიც ბავშვის უფლებების დაცვას ეხებოდა, მორიგებით დავასრულეთ - ამ ბავშვის ინტერესებში ყველაზე მეტად მორიგება შედიოდა.

- როცა ცნობილი ადვოკატების შვილი ხარ, ალბათ მაინც მათთან გაიგივებენ. კარიერულ წინსვლაში მშობლების პოპულარობა ხელს ხომ არ გიშლით?

- რა თქმა უნდა, ასე ხდებოდა თავიდან, როცა პროფესიაში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს კურსელები მეუბნებოდნენ, შენ რა გიჭირს, შენები ადვოკატები არიან და დაგეხმარებიანო, მაგრამ რეალობა ის იყო, რომ მათ ისეთი გადატვირთული რეჟიმი ჰქონდათ, ელემენტარული რჩევის მოსაცემადაც ვერ იცლიდნენ. 2018 წლიდან ამ პროფესიაში ვარ და ზოგჯერ ისეთი ამბები გადამხდენია თავს, რომ მათ გავლენას მაინც ვგრძნობ. ზოგჯერ განა ისე მაფასებენ, როგორც მათ კოლეგას, არამედ როგორც ზურას და ციცოს შვილს, ისე მიყურებენ, თუმცა ეს მაინც არ მწყინს, იქიდან გამომდინარე, რომ მათ თავიანთი სიტყვა თქვეს ამ პროფესიაში, მაგრამ ვინც ამას ხაზს უსვამს - ეს ნამდვილად არაკოლეგიალურად გამოსდით. კონფერენციაში ვმონაწილეობდი და ერთმა ადვოკატმა მკითხა, დედიკომ გამოგგზავნაო? გამაოცა ამ შეკითხვამ, მაგრამ მხოლოდ გავუღიმე. არის შემთხვევები, როცა მეორე მხარის ინტერესს ვინც იცავს, ისინი მირეკავენ და მეუბნებიან, - მე შენი დედიკოს მეგობარი ვარ, მე შენი მამიკოს მეგობარი ვარო. როგორც პატარა ბავშვს, ისე მელაპარაკებიან და არა როგორც კოლეგას. თითქოს მარიგებენ, კარგად უნდა მოვიქცე, რადგან ჩემს მშობლებს იცნობენ. ეს ცოტა უხერხული მომენტია, მაგრამ იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში მსგავსი დამოკიდებულება შეიცვლება.

არ ვიცი, ვინ ვის იცნობს, ჩემთვის მთავარია კლიენტის ინტერესები დავიცვა. ყოველი საქმე თავის კვალს ტოვებს, უამრავ სხვადასხვა დავაში ვმონაწილეობ და ბევრი საქმე მომიგია, მაგრამ ჩემს მეხსიერებაში დარჩა ერთი განსაკუთრებული ფაქტი: საქმე არასრულწლოვანს ეხებოდა. ბავშვს დედასთან ერთად უნდოდა ცხოვრება, მამა არ უშვებდა. დედა იყო ემიგრაციაში და არასდროს დამავიწყდება ამ ბავშვის ბედნიერი თვალები, როცა ეს საქმე სასამართლოში მოვიგეთ. მოზარდი გავგზავნე საზღვარგარეთ. ძალიან ბედნიერი იყო, აეროპორტშიც მე მივიყვანე და ისე უხაროდა, მისი მოციმციმე, ბედნიერი თვალები არასოდეს დამავიწყდება. ასეთი გამარჯვებები მიხარია. ბევრი კარგი მოგებული საქმე მქონია, ფინანსური დავებიც მომიგია, საკმაოდ მსხვილი საქმეები, მაგრამ როცა ვმონაწილეობ ბავშვის უფლებების დაცვაში, ეს დიდ ემოციებთანაა დაკავშირებული. ყოველთვის ვცდილობ და იმ ჯაჭვს ვეძებ, ნაპერწკალს, რაც ბავშვისთვის უკეთესი იქნება.

- დღეს სასამართლოები გადატვირთულია და სამოქალაქო დავები ხშირად წლების მანძილზე გრძელდება. ახლა აქტიურად განიხილება დავების ალტერნატიული გზის, მედიაციის გამოყენება. როგორც ვიცი, ამ მიმართულებითაც გაიარეთ გადამზადება. გაამართლებს ეს გზა?

- კლიენტი რომ მოდის, მას პირველ რიგში აინტერესებს, რა ვადაში დასრულდება დავა და ვერ ვპასუხობ, რადგან ძალზე გადატვირთულია სასამართლოები. მედიაცია მართლა ალტერნატივაა, სადაც მხარეებს შეუძლიათ უმტკივნეულად, ურთიერთშეთანხმებით მიიღონ გადაწყვეტილება. ასევე არსებობს სავალდებულო მედიაციაც. თუ ამ გზას ბევრი აირჩევს დავის მოსაგვარებლად, სასამართლოც განიტვირთება და მხარეებიც შეძლებენ მორიგებით დაასრულონ კონფლიქტი. მედიაციაშიც ადვოკატს თავისი როლი აქვს. აუცილებელია ნათლად გამოიკვეთოს მხარეების ინტერესები. მედიატორი არ წყვეტს დავას, ის უბრალოდ ცდილობს მხარეების პოზიცია ერთმანეთთან დააახლოოს, მოლაპარაკება რომ შეძლონ. 18 წელს მიღწეულ ნებისმიერ პირს შეუძლია იყოს მედიატორი, ამისთვის არ არის აუცილებელი იურისტობა. გადიხარ სწავლებას, გამოცდას, რაც გეხმარება გახდე მედიატორი. მთავარია, მიკერძოებული არ იყო. სტატისტიკის მიხედვით, შრომითი დავები უფრო წარმატებულად წყდება მედიაციის გზით. თუმცა ცხადია, ყველა სფეროში მედიაციას ვერ გამოიყენებენ. ამ ეტაპზე ეს გზა ყველაზე წარმატებულად ითვლება შრომით დავებში. ვფიქრობ, საზოგადოებას სჭირდება ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით.

cico-nugbara-da-zura-copy-1706263221.jpg

- როგორც ვიცი, ხშირად თქვენი სახელის გამო განმარტებების გაკეთება გიწევთ...

- კურიოზები ძირითადად, ჩემი სახელიდან გამომდინარეა. რამდენჯერმე იყო შემთხვევა, როცა ქალის ინტერესებს ვიცავდი, მოსამართლე შემოვიდა პროცესზე და იკითხა, თქვენი ადვოკატი როდის მოვაო? ხანდახან მოუმართავთ, - ქალბატონო ნუგზარაო (იცინის). ერთმა ისე საყვარლად თქვა, ქალბატონ ნუგზარასთან იმდენი საქმე მქონიაო, გამეღიმა. ნუგბარა ერქვა მამაჩემის დედას და ციცომ შემირჩია მისი დედამთილის სახელი. ბევრჯერ უკითხავთ, - გავიგე ნუგბარას გეძახიან, მაგრამ დაბადების მოწმობაში ნამდვილი სახელი რა გიწერიაო?.. ერთხელ ძაღლი მივიყვანე ვეტექიმთან, სადაც როდესაც ანალიზს აბარებ, ძაღლის სახელსაც გეკითხებიან და პატრონის სახელსაც. ანალიზის პასუხები შევუტანე ვეტერინარს, სადაც ეწერა "ნუგბარა". ვეტერინარმა დაიწყო: ვაიმე, რა საყვარელი ხარ, ნუგბარაო. თავიდან დავიბენი, მე რატომ მეფერება-მეთქი? მაგრამ მერე მივხვდი, ძაღლის სახელი რომ ეგონა და ვუთხარი, - ნუგბარა მე ვარ-მეთქი. გაშრა (იცინის). უკვე შევეჩვიე ასეთ კურიოზულ სიტუაციებს და ვცდილობ დამარცვლით, კარგად წარმოვთქვა ხოლმე ჩემი სახელი...

როცა პატარა ვიყავი, ჩემს სახელს ვერ წარმოვთქვამდი და კარგა ხანს მურაბას ვიძახდი. ზოგი დღემდე მურაბას მეძახის. იყო მომენტები, როცა ახსნაც მღლიდა და ერთმა მითხრა, იარე დაბადების მოწმობითო. ჩემები "დანაშაულშიც" უნდა ვამხილო. იცით, რომ მამა საინგილოდან არის და როცა ჰერეთში წასვლა და საზღვრის გადაკვეთა გვიწევდა, რამდენჯერმე პრობლემა შეგვექმნა ჩემი სახელის გამო. არ მიშვებდნენ, ვისი დაბადების მოწმობაც გაქვთ, ის ბიჭია და ეს გოგოაო. ამიტომ მერე დავდიოდი მეზობლის ბავშვის დაბადების მოწმობით...

ცხონებული ნათლიაჩემი მოსამართლე ზურაბ რუხაძე იყო. მე და ბაქარი ერთად მოგვნათლეს. ზურამ დაურეკა და უთხრა, - ნუგბარა უნდა მოგინათლოო. არ უთხრა, რომ გოგო ვიყავი. ნათლობაზე რომ მოვიდა, ზურამ დამიძახა, - მოდი, შენი ნათლია გაგაცნოო. მივედი მასთან პატარა, გამხდარი, გრძელთმიანი გოგო. მახსოვს, ისე შერცხვა, გაწითლდა. მაშინვე მივხდი მიზეზს. - თქვენ ალბათ ბიჭი გეგონეთ-მეთქი. - ვაიმე, მე ბიჭის ჯვარი ვიყიდეო. - არა უშავს, არ ინერვიულოთ-მეთქი, - მაშინ 12 წლის ვიყავი, მაგრამ სახელის გამო გაუგებრობებს უკვე მიჩვეული ვიყავი.

- რამდენად ხშირად დადიხართ საინგილოში?

- ყოველთვის ვცდილობთ ვიაროთ, მაგრამ სამწუხაროდ, პანდემიის მერე საზღვრები რომ ჩაკეტეს, სახმელეთო მიმოსვლა დღემდე არ განუახლებიათ. 2023 წლის სექტემბერში წავედით ქორწილში, მოგვიწია ჯერ ბაქოში ჩაფრენამ და ბაქოდან 6 საათი მანქანით სიარულმა, არადა, ლაგოდეხიდან საათ-ნახევარი გვჭირდება ჩვენს სოფლამდე. ჩვენი ბიძაშვილი და მამიდაშვილი გათხოვდნენ, ორივემ ქორწილი ერთსა და იმავე პერიოდს დაამთხვია, რადგან იცოდნენ საქართველოდან 15 კაცი უნდა ჩავსულიყავით. ერთ კვირაში ორ უზარმაზარ ქორწილში ვიყავით. ძალიან მიყვარს იქაურობა. ლაგოდეხის გზას რომ დავადგებოდი, გული სიხარულით მევსებოდა ხოლმე. საზღვრიდან რომ გადიხარ, გრძნობ, რომ ქართული სოფელია, ქართული ბუნება შენარჩუნებულია; გრძნობ ქართულ სულს, მიუხედავად იმისა, რომ არ არის ქართული წარწერები და ყველგან ჰეიდარ ალიევის ძეგლი თუ სურათი გხვდება. მაინც არის რაღაცები, რასაც ვერ დაფარავ. შემორჩენილია თამარის დროინდელი ღობეები. ეცადნენ დაეფარათ, მაგრამ ვერ მოახერხეს. მიდიხარ და მიადგები სრულიად ქართულ სოფელს, სადაც ქართველებისთვის დამახასიათებელი სტუმარმასპინძლობით გხვდებიან. არ კარგავენ ისინი კავშირს საქართველოსთან, მაგრამ გულისტკივილიც ბევრია. იქ ყველა გვარს თავისი ეკლესია აქვს, მათ შორის ჩვენს გვარსაც, რომელიც VIII-IX საუკუნით თარიღდება, თუმცა აღდგენის საშუალებას არ გვაძლევს აზერბაიჯანის მთავრობა, ამიტომაც ნანგრევები და კულტურული ძეგლები ფაქტობრივად იკარგება. რამდენჯერაც ხატები შეიტანა მოსახლეობამ, იმდენჯერ გამოიტანეს აზერბაიჯანელებმა. იქაურებს დიდი ბრძოლის ფასად უხდებათ სარწმუნოების შენარჩუნება. არის ერთი მოქმედი ეკლესია კახის რაიონში, სადღაც 7 კილომეტრში ჩვენი სოფლიდან. სოფელი ალათემური კახის რაიონშია, სადაც ცხოვრობს ჩემი ერთი ბიძა, მეორე ბიძა და მამიდა კახში ცხოვრობენ. ბიძაშვილებიც იქ არიან, ქართული ოჯახები აქვთ და ქართული სულისკვეთებით ზრდიან შვილებს. კახში არის მოქმედი მართლმადიდებლური ეკლესია, მაგრამ არ აწერია, რომ ქართულია. იქ არის ქართველების ანუ მათი საფლავები, ვინც ჰერელები გააქრისტიანა. კიდევ არის ერთი ეკლესია, რომელიც მუზეუმად აქვთ გადაკეთებული. ასევე ცნობილია თამარ მეფის ხიდი, რომელსაც გვერდით მიუშენეს ახალი ხიდი, რომელიც სულ ინგრეოდა და რამდენჯერმე გაუკეთეს რეაბილიტაცია. თამარის ხიდი კი დღემდე შეუცვლელად "დგას". ქურმუხის ეკლესიაში არც ხატებია, არც არაფერი, თუმცა ყოველ გიორგობაზე ააბრძანებენ ხოლმე ხატს და მომლოცველები ტრადიციულად, ფეხშიშველები ადიან. შემხვედრს ყოველთვის ეუბნებიან, - "დაგიმადლოს", რაც ნიშნავს - "შეგეწიოს". ძალიან დიდი ისტორიის მქონე კუთხეა და ტრადიციებს ინარჩუნებენ, რაც მახარებს... ძალიან მდიდარი კუთხეა, თუ იშრომებ, კარგი მოსავალი გექნება. აქვთ ვენახებიც. ძალიან გვიყვარს იქაურობა და ვოცნებობ, საზღვარი გაიხსნას. იქ ისეთი სითბოთი და სიყვარულით გხვდებიან, ვერ წარმოიდგენთ.

- როგორც ვიცი, შეყვარებული გყავთ და დანიშნული ხართ. გიორგი ქათამაძემ თურქეთში, ბოსფორის სრუტეში მოგზაურობისას გთხოვათ ხელი, ისიც იურისტია.

- ერთმა ადვოკატმა მითხრა, ჩემი ყველაზე საყვარელი ტანდემი ზურა როსტიაშვილი და ციცო ცხვედიანია, ახლა ჩემი ცოლი ამთავრებს იურიდიულს და მე და ჩემი მეუღლე უნდა შევეჯიბროთ თქვენს ახალ ტანდემსო. გიორგი იურისტია და ბანკში მუშაობდა, ახლა ადვოკატურაში გადმოსვლა გადაწყვიტა და ორივე ერთადაც გამოვდივართ პროცესებზე, საკმაოდ წარმატებულადაც. ვფიქრობ, როცა ამ პროფესიაში ხარ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მეორე ნახევრის მხარდაჭერას. რადგან ერთ პროფესიაში ვართ, ეს პრობლემა მაქსიმალურად გადაწყვეტილი გვაქვს, უთქმელად გვესმის ერთმანეთის. გიორგის სისხლის სამართლის მიმართულებითაც ჩაბარებული აქვს გამოცდები და ვფიქრობ, წინ საინტერესო საქმეები, კარგი დღეები გველოდება.

თეა ხურცილავა