ექსკლუზივი: დავით გაფრინდაშვილის გულახდილი ინტერვიუ
დავით გაფრინდაშვილი, იგივე ბზიკო "პრაიმ ჰაუსში" იმ დროს შევიდა, როცა მის მიმართ ბევრი უარყოფითად იყო განწყობილი. მათი ასეთი დამოკიდებულების მიზეზი ბზიკოს და თი მაჭავარიანის დაშორება გახლდათ... ამჟამად რა ხდება ბზიკოს ცხოვრებაში, როგორ შეიცვალა სიტუაცია და რა მოხდა მანამდე? - ჩვენი რესპონდენტი გულახდილად გვესაუბრა:
- პროექტის დასრულების შემდეგ გარეთ ცხოვრების გაგრძელება იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, რეალითი შოუს მონაწილეები, რომელი პროფესიის წარმომადგენლებიც უნდა ვყოფილიყავით და როგორი წარმატებისთვისაც უნდა მიგვეღწია, ხალხისთვის "პრაიმჰაუსელებად" დავრჩით. ამ საზოგადოებაში ჩემი პროფესიით ადაპტაცია ძალიან გამიჭირდა, რადგან ყველა მაინც პროექტთან გვაკავშირებს. "პრაიმ ჰაუსიდან" ეგზისტენციალური კრიზისით გამოვედი: იქაურობას მიჩვეული, საბოლოო ჯამში, ვეღარც იმას ვიღებ, რასაც იქ ვიღებდი, ვეღარც - იმას, რასაც მანამდე გარეთ ვიღებდი. ამის საფუძველზე, ჯერჯერობით, ცოტა არ იყოს, ეს წელი არეულად დამეწყო (იღიმის).
- პროექტში შესვლამდე რას საქმიანობდით?
- პროფესიით წამყვანი, ანიმატორი და დიჯეი ვარ. 13-წლიანი კარიერა მაქვს, აქედან 4 წელი - საქართველოში, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებში გავატარე. სამშობლოში პანდემიის დროს ჩამოვედი. და მას მერე აქ ღონისძიებებზე მუშაობას აქტიურად ვაგრძელებ, როგორც ბავშვებთან, ასევე - უფროსებთან და ადამიანების განწყობის ამაღლებაზე ვზრუნავ.
- ამ სამუშაო სფეროში როგორ მოხვდით, რატომ დაინტერესდით?
- ჯერ კიდევ 14 წლის ვიყავი, როდესაც ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა, ვისაც თეატრში მუშაობა ახალი დაწყებული ჰქონდა, სამსახურში წამიყვანა, რომ უბრალოდ, მუშაობის პროცესისთვის მეყურებინა. მაშინ თეატრს გამოძახების სერვისი ჰქონდა - მხოლოდ ბავშვებისთვის მუშაობდნენ. ისე მოხდა, რომ ადამიანი დააკლდათ და მე, სრულიად გამოუცდელმა, ჯამბაზის ფორმაში გამოწყობილმა ვიმუშავე. ზუსტად მახსოვს, ჩემი ჰონორარი 5 ლარს შეადგენდა. მას შემდეგ არ გავჩერებულვარ, განვითარების სხვადასხვა საფეხური გავიარე...
- ოფიციალური განათლებით, რომელი პროფესიის წარმომადგენელი ხართ?
- დრამის მსახიობი. თეატრალური უნივერსიტეტი დავამთავრე. თეატრალურში იმიტომ ჩავაბარე, რომ უბრალოდ, განათლება მიმეღო. საქართველოში ამ პროფესიის გაგრძელება იმაზე რთული ყოფილა, ვიდრე წარმომედგინა. ყოველთვის ვამბობ, - ერთადერთი, რაც არ მინდა, ისაა, რომ ჩემმა შვილმა საქართველოში ხელოვნების სფერო აირჩიოს, რადგან ფინანსური კუთხით, ყველაზე დაჩაგრული პროფესიის წარმომადგენლები ვართ. მიუხედავად ამისა, თუ ოდნავ მშრომელი, მიზანდასახული ადამიანი ხარ, გიწევს სხვადასხვა საქმეს მიედ-მოედო, ამის საფუძველზე საკუთარი სურვილიც დაიკმაყოფილო და ფინანსურადაც მყარად იყო.
- უცხოეთში სად გიმუშავიათ?
- სულ 3 ქვეყანაში ვმუშაობდი: თურქეთში, ეგვიპტესა და ჩინეთში. თავდაპირველად თურქეთში გავემგზავრე. იქ ვმუშაობდი, როგორც უბრალოდ ანიმატორი საბავშვო მინი-კლუბში. 2-3 თვის შემდეგ, უკვე ღამის შოუს წამყვანი გავხდი, რაც იმ ქვეყანაში კარიერულადაც და ფინანსურადაც დიდი წარმატებაა... ეგვიპტიდან საქართველოში დავბრუნდი, დაახლოებით 1 წელიწადში კი ჩინეთში გავემგზავრე. იქ ერთ-ერთი დიდი ღამის კლუბის "ივენთ ჰოსტი" და დიჯეი ვიყავი. იქიდან "კოვიდის" გავრცელების დროს გამოგვიშვეს. სიმართლე გითხრათ, პანდემია რომ არ ყოფილიყო, ალბათ, ჩინეთიდან წამოსვლას დიდხანს არ გადავწყვეტდი, რადგან კარიერული განვითარების თვალსაზრისით და ფინანსური კეთილდღეობისთვისაც იქ ყოფნა ჯობდა...
- გვიამბეთ, ჩინეთში როგორი რეჟიმით მუშაობდით?
- იქ ყოფნა რთული იყო. ბევრი მეკითხება ხოლმე, - ჩინეთში ესა და ეს ღირსშესანიშნაობა ნანახი გაქვსო? საერთოდ არაფერი მინახავს, რადგან მუშაობას ღამით ვიწყებდი, დილით ვასრულებდი. კლუბშივე, საერთო საცხოვრებელში (-2 სართულზე) ვცხოვრობდით. ეს ყველაფერი რუტინული იყო. უბრალოდ, ჩემს სურვილებს ვიკმაყოფილებდი, რაც საქართველოში ძალიან მაკლდა, ანუ ყოველდღიური სამუშაო რეჟიმი და იმ საქმის კეთება, რაც მიყვარს, პლუს - ისეთი შემოსავალი, რომ ადამიანს შრომა გიღირდეს და შემოსავლის დამატებით წყაროებზე ფიქრი აღარ გიწევდეს... ჩინეთში დაახლოებით 7 თვე გავატარე.
- იქ დაბრუნებaს ფიქრობთ?
- ახლა ყველაფერი ძალიან უცნაურად მიმდინარეობს: ისეთი გადაწყვეტილებების წინაშე ვდგავარ, რომ წასვლაზე ფიქრი ძალიან გადავდე - არსად წასვლა აღარ მინდა. წინათ ასაკით ცოტათი პატარაც ვიყავი, რაღაცებს ძალიან ზედაპირულად ვაფასებდი. ახლა ჩემი შვილის, ამჟამინდელი ურთიერთობის და სამომავლო გეგმების გამო, მირჩევნია, საქართველოში დავრჩე.
- ასეთმა მშრომელმა ადამიანმა დაოჯახება როდის მოასწარით?
- 19 წლის ვიყავი, როცა ჩემი შვილი ლუკასი დაიბადა. ამ ეტაპზე მასთან ურთიერთობას კვირაში რამდენიმე დღით ვახერხებ: რაკი აუტიზმის სპექტრის მქონეა, ჩემთან ვერ წამოვიყვან. ის სპეციფიკურ მოვლას და გარკვეული საკითხების სწორად ცოდნას საჭიროებს. "მშრომელი ბიჭი" სწორად აღნიშნეთ: ვერც საქართველოში გავჩერდი, სულ ჩემი გეგმები მქონდა, გადარჩენისთვის ვიბრძოდი. ამიტომ იმის ფუფუნება არ მქონია, რომ შვილთან ერთად, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა ცენტრში მევლო და მესწავლა. ახლა ვაკითხავ ხოლმე და კვირაში 2-3 დღეს მასთან ვატარებ. ამ ეტაპზე, ჩვენი ურთიერთობა სულ ეს არის. ლუკასი პირველი მეუღლისგან მყავს. ჩვენი დაოჯახება ძალიან უცბად მოხდა. ვინც "პრაიმ ჰაუსს" უყურებდა, თითქმის ყველამ გაიგო, რომ მშობლების სახლიდან ნაადრევი ასაკიდან წამოსული ვარ. გარკვეული პერიოდი მარტომ გამოვიარე: სამსახური, კარიერა, თავის გადარჩენა, ფინანსებზე ნერვიულობა... როგორც კი პირველი ურთიერთობა დავიწყე, ვიფიქრე, მარტო ცხოვრებას აღარ გავაგრძელებ. რაღაცნაირად, საქმეს და პირადს დავაბალანსებ-მეთქი. მაშინ ცხოვრება მარტოს რომ გამეგრძელებინა, შეიძლება დღემდე ისევ მარტო ვყოფილიყავი და მხოლოდ კარიერაზე მეზრუნა - კარიერისტი ვარ. ოჯახის დანგრევის მიზეზი მაინც ეს აღმოჩნდა: საქმეში ერთ ადგილას გაჩერება არ შემიძლია. სულ განვითარებისკენ ვისწრაფვი, მომთაბარე ცხოვრების სტილს მივყვები. ოჯახურ ურთიერთობაში ბევრ პრობლემას მიქმნიდა თუნდაც ჩემი სამუშაო რეჟიმი: მოგეხსენებათ, დიჯეიც და "ივენთის" წამყვანიც დღისით ვერ იმუშავებს, ანუ ღამის თენება მიწევდა. ამიტომ ურთიერთობა მალევე დაგვენგრა.
- თუმცა მას მერე, კიდევ ორჯერ დაოჯახდით...
- (იცინის) მეორედ რაც იყო, "დაოჯახება" არ ჰქვია. უბრალოდ, ჩვენს ქვეყანაში ისე ხდება, რომ ვისთან ერთადაც იცხოვრებ, ავტომატურად "მეუღლეს" არქმევენ. რეალურად, ხელი მოწერილი მქონდა პირველ მეუღლესთან, მესამესთან კი - ჯვარი დაწერილი. მეორესთან უბრალოდ, ურთიერთობაში ვიყავი, თანაცხოვრების რეჟიმით. საკუთარი ბიზნესი გვქონდა... მოკლედ, ასე, რაღაცნაირად, 3 ქორწინება "მომაკრეს", თორემ რეალურად, დაოჯახებული ორჯერ ვიყავი.
- სწორედ მესამე ქორწინების, რომელიც თი მაჭავარიანთან გაკავშირებდათ, დანგრევისას შეხვედით რეალითი შოუში, დიდი აჟიოტაჟის ფონზე. დღეს თქვენ და თის რაიმე სახის ურთიერთობა გაქვთ?
- ჩვენს ურთიერთობას ვერც "ძალიან ცივილიზებულს" დავარქმევ, ვერც - "ქაჯურში გადასულს". სტანდარტულად, არის საკითხები, რომლებიც ჯერჯერობით, ერთად გვაქვს მოსაგვარებელი, გარკვეული ვალდებულებების მხრივ. კომუნიკაცია ამ დონეზე გვაქვს, თუმცა რამდენი წელიც უნდა გავიდეს, ჩემი მხრიდან ეს ურთიერთობა გულით, სულით, მოკითხვის დონეზე იქნება. ცხოვრება გრძელდება. ყველას ჩვენი გზა, არჩევანი გვაქვს. ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, ბედნიერად ამყოფოს...
- როგორც ამბობდნენ, თის უღალატეთ, რაც მგონი, შოუში ყოფნისას თქვენც დაადასტურეთ...
- ჩემთან დაკავშირებულ ნებისმიერ ბრალდებას ვადასტურებდი. თან, სტანდარტულად, ადამიანი ოდნავ ცნობილი თუ ხდები, ავტომატურად, ბოროტის მსურველები ჩნდებიან, რომლებსაც ფანტაზიის უნარი აღარ აქვთ და ყველაზე (მსახიობი, მომღერალი...) ერთსა და იმავე ინფორმაციას ავრცელებენ, რომ ვითომ განსხვავებული ორიენტაციისა, ვითომ მეუღლეს უღალატა და ა.შ. პროექტში, მთელი საქართველოს წინაშე ახსნა-განმარტებას, - ეს ასე არ ყოფილა-მეთქი, ვამჯობინე, ყოველთვის ყველასთვის თავი დამექნია. თავადვე დაიღალნენ და ეს თემა "ჩაკვდა"... პროექტში ჩემი შესვლის მიზანი ეს იყო: როცა "ტიკტოკზე", "იუთუბზე" კონტენტს ვქმნიდი, თუკი 1 ნეგატიურ კომენტარს მაინც დაწერდნენ, გულზე ძალიან მხვდებოდა, სახლიდან გასვლა აRaრ მინდოდა, ცუდად ვხდებოდი. შემდეგ, როცა ბოლო მეუღლესთან დაშორების ამბავი გახმაურდა, სოციალურ ქსელში საშინელი ბულინგის მსხვერპლი გავხდი. სასწაული ხდებოდა! არც მეგონა, რომ ეს ოდესმე დამთავრდებოდა. დავფიქრდი, ეს ხალხი უფრო მეტად როგორ გავაღიზიანო, რომ სულ თვალში მოვხვდე, ჩემზე ზიზღი ყოველდღიურად ანთხიონ-მეთქი? "პრაიმ ჰაუსი" გამახსენდა. პროექტში შევედი და ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც ვფიქრობდი: პირველი 2-3 კვირა მლანძღავდნენ, მაფურთხებდნენ... თავადვე დაიღალნენ, მერე კი ჩემი რადიკალურად სხვა მხარე ("პლუსებით") ყველამ დაინახა. პროექტი სწორედ ამისთვის მჭირდებოდა. ბოლო მეუღლისგან განსხვავებით, სოციალურ ქსელში ყოველთვის ნაკლებად ვაქტიურობდი. ამ მხრივ, ის ყოველთვის "წინ იყო", დიდი პლატფორმა ჰქონდა. თუნდაც "სთორიში" 1 ამბავს რომ მოჰყვებოდა, ლამის ნახევარი საქართველო ნახავდა, ჩემ მიერ მოყოლილს კი - 10-15%. ამიტომ პლატფორმა მჭირდებოდა, სადაც ადამიანები ცოტათი სხვა რაკურსით გამიცნობდნენ. "პრაიმ ჰაუსში" მონაწილეები სულ "ურეიტინგოს" მიწოდებდნენ, ჩემთან დაკავშირებით სულ "ჰეითი" იყო. საბოლოო ჯამში, როცა გარეთ გამოვედი, აღმოჩნდა, რომ ხალხის ყველაზე დიდი სიყვარული და ყურადღება მე დავიმსახურე. ჩემზე ცუდის მთქმელი ჯერ არავინ შემხვედრია. კომენტარებში ვინ რას წერდა, არ ვიცი.
- და მაინც, თქვენი და თის დაშორების მიზეზი რა გახდა?
- ჩვენი ურთიერთობა ძალიან სწრაფად დაიწყო. ერთმანეთზე გადამეტებული მოლოდინები დავამყარეთ... უბრალოდ, ერთმანეთს ვერ გავუგეთ. ცხოვრების განსხვავებული სტილი გვაქვს. შევეცადეთ, ერთმანეთს მოვრგებოდით, რაღაცები დაგვეთმო. საბოლოო ჯამში, ამ დათმობებმა ერთიანად იფეთქა და ერთმანეთისგან ძალიან გავუცხოვდით. მიმაჩნია, რომ იმ დროს თის დაშორება სჭირდებოდა კიდეც. თავად ეს ამბავი რთულად მივიღე, მაგრამ ახლა რომ ვფიქრობ, მეც მჭირდებოდა. ალბათ, ასეც უნდა მომხდარიყო. ერთმანეთს უკვე შეჩვეულებივით ვიყავით და თუნდაც, დაშორებაზე საუბარი გვიჭირდა ბავშვების, ერთმანეთთან შეჩვევის, კომფორტის ზონის გამო...
- როგორც ვიცი, თის შვილებს ძალიან უყვარხართ...
- სიყვარულთან დაკავშირებით - გიდასტურებთ, მაგრამ კონკრეტულად ბავშვებზე საუბარი არ მინდა, რადგან თის განცხადება ჰქონდა გაკეთებული, - არ მინდა, ჩემი შვილები გამოიყენონო...
- კარგი. ისევ ავტომობილში ცხოვრობთ თუ სიტუაცია შეიცვალა?
- როდესაც სახლიდან წამოვედი, მაქსიმუმ 3 დღეში პროექტში შევედი. ისეთი პერიოდი დამემთხვა, როცა უამრავი საქმე მქონდა. თან, "პრაიმ ჰაუსთან" დაკავშირებულ ამბებს ვაგვარებდი. შეიძლებოდა ჩემი საქმეები დილის 5 საათზე დამესრულებინა, 9-10-დან კი მომდევნო სამუშაო დღე მეწყებოდა. მივიჩნიე, რომ ბინის დასაქირავებლად ხარჯების გაწევა საჭირო არ იყო. არც სამეგობროს შეწუხება მსურდა, რადგან უმეტესობა დაოჯახებულია. ამიტომ რამდენიმე საათს ავტომობილში ვატარებდი. საერთოდ, როცა რამეს მეკითხებიან, ყოველთვის რეალურ პასუხს ვცემ - არც შემოკლება შემიძლია, არც - გაზვიადება. პროექტში მკითხეს, - სად ცხოვრობო? - მანქანაში-მეთქი. პროექტიდან მხოლოდ პარასკეობით გვიშვებდნენ. იმ ერთ დღესაც ისეთი "გადარბენები" მქონდა, რომ ჩემს რეჟიმში ნემსს ვერ ჩააგდებდი. 1-2 საათის გამო, გადავწყვიტე, ხარჯი არ გამეწია და ბინა არ მექირავებინა (მოგეხსენებათ, თბილისში ბინის ქირა როგორი გაზრდილია). თან, "პრაიმ ჰაუსში" იმხელა ხელფასიც არ გვქონია, რომ დიდ ხარჯს გავწვდომოდი... მოკლედ, ჩემი პასუხი ვინ როგორ "შეფუთა", ცალკე საკითხია... ამჟამად ნაქირავებ სახლში ვცხოვრობ.
- თუ სწორად ვიცი, პირველი მეუღლე და შვილი თქვენს სახლში ცხოვრობენ, არა?
- არა, ჩემი მშობლების სახლში ცხოვრობენ. ის გოგონა თბილისიდან არ არის, ამიტომ ქირით ცხოვრება მოუწევდა. სახლიდან წამოვედი და ვუთხარი, - რამდენ ხანსაც გაგიხარდება, იმდენ ხანს იცხოვრე-მეთქი. მართლაც, ჩემი მშობლები თან ჰყვებიან მასაც, ბავშვსაც... საერთოდ, ბევრი წელია, მშობლებთან ახლო ურთიერთობა არ მქონია, თუნდაც - კარიერის გამო: როცა ჩემს პროფესიას მივყავი ხელი, მშობლები ამ ამბავს ცოტათი ნეგატიურად შეხვდნენ... ახლაც, ჩვენს ურთიერთობას "მშობლების და შვილის ურთიერთობას" ვერ დაარქმევ: შეიძლება, თვეში ერთხელ ან წელიწადში ორჯერ მოკითხვით შემოვიფარგლო.
- ახსენეთ, რომ ამჟამად ურთიერთობაში ხართ...
- ამას იმიტომ ვახმაურებ, რომ იქნებ ადამიანებმა გაიაზრონ, როდესაც რაღაც მთავრდება, მას რაღაც ახალი მოჰყვება. მთავარია, ცხოვრება გრძელდება. განსაკუთრებით, ჩემი ბოლო ქორწინების დასრულების შემდეგ ვფიქრობდი - ახალ ურთიერთობას რომ დავიწყებ, ის გოგონა სოციალურ ქსელში აქტიური არ უნდა იყოს-მეთქი. მინდა, პირადი პირადად დავტოვო. ამ გოგონას, ვისთანაც ახლა ურთიერთობაში ვარ, "სთორის", ფოტო-ვიდეოების გადაღება და მსგავსი რაღაცები ისე ეზიზღება, რომ როგორც კი ეს გავიგე, ვთქვი, - მორჩა, ეგ არის-მეთქი (იცინის)! წინა ურთიერთობებში მთელი ჩემი ცხოვრება სოციალურ ქსელებზე იყო აწყობილი, რაც სიმართლე გითხრათ, დამღლელი აღმოჩნდა - ვერ მივიღე. შეიძლება გაასაჯაროო, თუ ვისთან ხარ ურთიერთობაში - ეგ სხვა ამბავია, მაგრამ პირადი დეტალების საჯაროდ გამოტანა, თუ როდის სად რას ჭამ, ზედმეტია.
- რას გეგმავთ, ცხოვრებას როგორ წარმართავთ?
- ჯერჯერობით, გრანდიოზულ გეგმებს და მიზნებს ვერ ვისახავ, რადგან "პრაიმ ჰაუსის" საფინალო შოუ - Aლლ შტარ იწყება. ძალიან რთული გადაწყვეტილების წინაშე ვდგავარ... ვისთანაც ურთიერთობაში ვარ, ის მხარს მიჭერს, რომ პროექტში შევიდე... ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, როცა მონაწილეებს წინა ოთხი სეზონიდან არჩევენ და "ფროდაქშენი" მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე ვიყავი, ვისი ეკრანზე ხილვაც მაყურებელს კიდევ სურს...
ეთო ყორღანაშვილი