მერაბ ყოლბაია: „მინდა ყველას შევახსენო, რომ აფხაზეთი კვლავ საქართველოა" - გზაპრესი

მერაბ ყოლბაია: „მინდა ყველას შევახსენო, რომ აფხაზეთი კვლავ საქართველოა"

მერაბ ყოლბაია წარმოშობით აფხაზეთიდანაა. მსახიობი სოხუმის თეატრში 1985 წლიდან მუშაობს. XX საუკუნის 90-იან წლებში ამ მხარეში დატრიალებული ტრაგედიისა და ცნობილი ისტორიული მოვლენების გამო, კოლეგებთან ერთად, თავის კუთხის დატოვებამ მასაც მოუწია. თავდაპირველად დევნილი თეატრი რუსთაველის თეატრმა შეიფარა, შემდეგ ეს ჯგუფი წარმოდგენებს რუსთაველის, მარჯანიშვილისა და თავისუფალ თეატრებში მართავდა. ბოლო წლებში კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის, სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი მაყურებელს თბილისში, დიმიტრი უზნაძის 68-ში მასპინძლობს.

- არ ვიცი, რის გამო და რა მიზეზით, მაგრამ ბავშვობაში დამებადა სურვილი, რამდენიმე წლით უმცროსს მეზობლებთან ერთად, წარმოდგენები გამემართა. მაშინ 13-14 წლის ვიქნებოდი და ჩემივე ფანტაზიით შექმნილ „პიესებს“ ვრეჟისორობდი. თოკს გავჭიმავდით, ზედ ფარდას დავკიდებდით და მაყურებლებად მეზობლებს ვიწვევდით. ეს იყო ჩვენი დღესასწაული. სკოლაში სწავლის პერიოდში, ლექსებსა და მოთხრობებს ვწერდი. მქონია ისეთი შემთხვევაც, როცა ნაწერი პედაგოგს წაურთმევია. წლების შემდეგ, როცა „ვაჟიშვილი“ დავდგი, ფურცლის ჩამორთმევის ეპიზოდი გამახსენდა და სპექტაკლში ეს სცენა გავაცოცხლე.

- ვის თვლით თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად, ვინც თქვენს პროფესიაში დიდი როლი შეასრულა? არაერთი პედაგოგიდან, ერთი ყოველთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ხოლმე...

- დიახ, რა თქმა უნდა. შემიძლია ვთქვა, მიხარია და გამიმართლა, რომ ჩემი პედაგოგი გახლათ ქალბატონი ზინა კვერენჩხილაძე. ის როგორი შესანიშნავი მსახიობიც იყო, ასეთივე პედაგოგიც გახლდათ. მასთან სწავლა ძალიან ადვილი და საინტერესო იყო. გამომრჩა მეთქვა, რომ ბავშვობიდან კინორეჟისურაც მაინტერესებდა. მაშინ ძალიან რთული იყო აპარატის შეძენა და ამაზე ვოცნებობდი. კი, თეატრი მიტაცებდა, მსახიობობა მსურდა, მაგრამ ამავდროულად, კინო ძალიან მიყვარდა. ერთხელაც, თეატრალურ ინსტიტუტში სწავლისას, ქალბატონ ზინას ვუთხარი, რომ კინოსარეჟისოროზე სწავლა მინდოდა. როგორც ჩანს, ვერ გამიმეტა და მირჩია, ჯერ მსახიობი ვყოფილიყავი და შემდეგში შემეძლო ბედი რეჟისურაშიც მეცადა. ახლა რომ ვაკვირდები, ვფიქრობ, მისი მხრიდან ეს სწორი მოსაზრება იყო.

- თქვენი ახალგაზრდობა - ეს ის პერიოდია, როცა სწავლის დასრულების შემდეგ, მსახიობებს თეატრებში ანაწილებდნენ და თქვენც ასე აღმოჩნდით სოხუმის თეატრში...

- დიახ, ბატონ გოგი ქავთარაძესთან. მიხარია, რომ მეც ვიყავი იმ პერიოდის მონაწილე, რომელსაც სოხუმის თეატრის „ოქროს ხანად“ მოიხსენიებენ და თეატრის შემოქმედებით ცხოვრებაში ჩემი მცირე წვლილი შევიტანე. ბატონ გოგისთან ერთად 9 დაუვიწყარი წელი გავატარეთ, გვქონდა შესანიშნავი სპექტაკლები, გასტროლები და ყველანი ერთ დიდ ოჯახად ვიყავით შეკრული.

- სოხუმის დაცემის შემდეგ, თქვენი ჯგუფი მუშაობას აგრძელებდა და თბილისში სპექტაკლებს სხვადასხვა თეატრის სცენაზე წარმოადგენდით. დაგითვლიათ, რამდენი სცენა მოიარეთ?

- ახლა დავთვალოთ: პირველი იყო რუსთაველის თეატრი, სადაც კარი რობერტ სტურუამ გაგვიღო. იქ დაახლოებით 9-10 წელი, სრულიად უსასყიდლოდ ვიყავით და ეს ძალიან დასაფასებელია. მერე ვიყავით ახმეტელის თეატრში, მარჯანიშვილის მცირე სცენაზე, თავისუფალი თეატრში. რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე წარმოვადგინე ჩემი პირველი რეჟისორული ნამუშევარი, ლექსებზე აგებული სპექტაკლი - „სხვა საქართველო სად არის?!“ 4 წლის განმავლობაში გალაკტონის, შოთა ნიშნიანიძის, ანა კალანდაძის და სხვა პოეტების ლექსებს ნელ-ნელა ვკრეფდი და წარმოსახვაში საქართველოს შესახებ სპექტაკლის დადგმის იდეაც გაჩნდა. 5 მსახიობი იყო დაკავებული და მათ შორის მეც გახლდით.

- საზოგადოების ნაწილმა იცის, მაგრამ ბევრს შეიძლება არ ჰქონდეს ინფორმაცია, რომ წლებია უკვე სოხუმის თეატრი ერთ სივრცეში მუშაობს და მართავს წარმოდგენებს...

- დიახ, ეს ყველაფერი ბატონების: დიმა ჯაიანისა და ვახტანგ ყოლბაიას ძალისხმევით მოხდა. დევნილობის მძიმე პერიოდი თეატრის ხელმძღვანელმა დიმა ჯაიანმა იტვირთა. როცა ის აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი იყო, ხოლო ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, დიმიტრი უზნაძის ქუჩის 68-ში შენობა გადმოგვეცა. შემდეგ ამ საქმეში დადებითი როლი ითამაშა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ. მან მოგვიწყო სცენაზე განათება და ა.შ. აუცილებლად უნდა აღვნიშნო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით საყვარელიძის დამსახურება. მან თეატრისა და ოფისის შენობა, სხვადასხვა ადგილიდან თუ ოჯახიდან მოტანილი ნივთებით, ავეჯით, ნოხებით, აქსესუარებით გაალამაზა და დაამშვენა.

- აქვე, თქვენ დადგით სპექტაკლი „ვაჟიშვილი“, საკმაოდ აქტუალური პრობლემით და ყველასათვის ნაცნობი თემით - დაშორებული წყვილებისა და შვილების ურთიერთობებზე...

- ვფიქრობ, სპექტაკლის თემა ყველას სატკივარია. ის ძველსა და ახალ თაობათა შორის ურთიერთობაზეა და რაც მთავარია, ისეთ ოჯახებში მცხოვრები ბავშვებისა და მოზარდების ყოფაზე, ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, სადაც დედ-მამა ცალ-ცალკე ცხოვრობს. რა უნდა გავაკეთოთ, რომ უფროსებსა და შვილებს შორის განსხვავებული ხედვები არ არსებობდეს?! ვფიქრობ, მშობლებსა და შვილებს შორის წყვეტა რომ არ მოხდეს, მათ მეტი ყურადღება სჭირდებათ, ამავდროულად, გვერდით გავდგეთ და თავისუფლება, განვითარების საშუალება მივცეთ.

5-vazhishvili-copy-1706265326.jpg

- სოხუმის თეატრის მიმდინარე სეზონზე ახალი სპექტაკლის დადგმას გეგმავთ...

- დიდი ხანია აფხაზეთზე არაფერი დაგვიდგამს. გახმაურებული სპექტაკლი გვქონდა ბატონი თემურ ჩხეიძის „ზღვა, რომელიც შორია“. მსგავსი წარმოდგენა რეპერტუარში აღარ არის და ვფიქრობ, საჭიროა შეხსენება. სწორედ ამან მომცა ახალი სპექტაკლის გაკეთების ბიძგი. ჯონ ოსბორნის პიესის ადაპტაცია გავაკეთე და მოქმედება გადმოვიტანე აფხაზეთში. ეს არის შერეული ოჯახი, სადაც მამა აფხაზია, დედა ქართველი, ხოლო შვილს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. მინდა ეს ბიჭი იყოს დღევანდელი აფხაზეთის სიმბოლო... სპექტაკლში კიდევ რამდენიმე მოქმედი პერსონაჟია, თუმცა მეტ დეტალზე საუბრისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ.

- მძიმე თემაა და ალბათ, განსაკუთრებით მათთვის, ვინც აფხაზეთიდან გახლავთ. ან მასთან მჭიდრო კავშირი ჰქონია, თუმცა, მაინც გკითხავთ, გაქვთ იმედი, რომ ეს მხარე ოდესმე კვლავ ჩვენი იქნება?

- ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე. ცხადია, დიდი სურვილი მაქვს, მჯერა და ინტუიციურად ვგრძნობ, რომ ოდესმე ასე მოხდება, მაგრამ როგორ, როდის და რა გზით, არ ვიცი...

- ბატონო მერაბ, ცოტა ხნის წინ საუბარი მქონდა ერთ სოხუმელ ქალბატონთან, არასამთავრობო ორგანიზაციის „აფხაზეთი ჩვენი“ დამფუძნებელთან, რომელიც გულისტკივილით აღნიშნავდა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ სულ უფრო ნაკლებად ვსაუბრობთ ამ კუთხეზე. მოდის თაობა, რომელსაც ინფორმაციაც აღარ აქვს აფხაზეთზე. რჩება შთაბეჭდილება, თითქოს აფხაზეთის დაკარგვას შევეგუეთ, მივივიწყეთ. თქვენ თუ გაქვთ იგივე განცდა?

- ვფიქრობ, სწორად უთქვამს, რადგან ადრე, როცა სოხუმიდან თბილისში ჩამოვედით, ყველამ დიდი სითბოთი მიგვიღო და ადამიანებს ჰქონდათ განცდა, თითქოს შინ მალე დავბრუნდებოდით. ამის ყველას გვჯეროდა და ჩვენც სულ ვიმეორებდით: „დავბრუნდებით“, „დავბრუნდებით“, მაგრამ ბოლო წლებია, ამაზე არავინ საუბრობს. ახალ თაობას სულ უნდა შევახსენოთ, რომ აფხაზეთი ჩვენი ნაწილია.

- თქვენი თეატრის ერთ-ერთი დანიშნულება და მისიაც ეს არის, რომ რეპერტუარში გქონდეთ სპექტაკლი, რომელიც ძველ თაობას აფხაზეთს გაახსენებს, ხოლო ახალს - გააცნობს. ჩანაფიქრის განხორციელებაში წარმატებას გისურვებთ...

- გმადლობთ. მინდა ამ სპექტაკლით ყველას შევახსენო, რომ აფხაზეთი კვლავ საქართველოა. სპექტაკლის სახელწოდებაც სწორედ ამ ქვეტექსტის მატარებელია: „იქ, ჩვენთან“...

ანა კალანდაძე