საქართველომ ორ საერთაშორისო პროექტს უმასპინძლა - გზაპრესი

საქართველომ ორ საერთაშორისო პროექტს უმასპინძლა

წლებია, საერთაშორისო ფესტივალი და დაჯილდოების ცერემონია - "მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავი" საქართველოში ტარდება, რომელსაც სამოდელო სააგენტო "კატრინის" ხელმძღვანელი - ქალბატონი ეკატერინე მგალობლიშვილი მასპინძლობს. ტრადიცია წელსაც არ დარღვეულა, თუმცა ამჯერად, "მსოფლიოს ამომავალ ვარსკვლავთან" ერთად, "მისის პლანეტაც" გაიმართა...

img-3289-1706517939.jpg

ეკატერინე მგალობლიშვილი:

- მერვე წელია, საქართველოში საერთაშორისო ფესტივალი და დაჯილდოების ცერემონია - "მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავი" იმართება და საქართველოს 20-30 ქვეყნის წარმომადგენელი (სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში) სტუმრობს, ასევე - დიზაინერები, წარმატებული ქალბატონები, საერთაშორისო ჟიური და სტუმრები. წელს, ჩემი კოლეგის - ირინა პაპაზოვას მიმართვის საფუძველზე, პროექტს კიდევ ერთი საერთაშორისო კონკურსი - "მისის პლანეტა" დაემატა. ეს არის საქმიანი ქალბატონების კონკურსი, რომლის ჩატარებაც საქართველოში გადაწყდა. ასე რომ, საქართველომ 2 საერთაშორისო პროექტს უმასპინძლა. "მისის პლანეტა" საქართველოში პირველად გაიმართა. მასში 18 ქვეყნის წარმომადგენელი ქალბატონი მონაწილეობდა, გამარჯვებული კი - "მისის სინგაპური" გახდა...

17-დან 22 იანვრის ჩათვლით, დელეგაცია თბილისის ზღვისპირა სასტუმროში დაბინავდა - მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით ნოდარ გიორგაძეს. გვქონდა სხვადასხვა ტური და აქტივობა: ინტერვიუ ჟიურისთან, ფოტოსესიები, "მეგობრობის საღამო"... ვინც არ იცის, მეგობრობის საღამოზე" ფესტივალის მონაწილეები თავიანთი ქვეყნის სამზარეულოს, ცეკვას, სიმღერას, ნაციონალურ სამოსს აცნობენ ერთმანეთს, ბოლოს კი სამახსოვრო საჩუქრებს უძღვნიან. 20 იანვარს, მაყურებლების წინაშე წარდგა 14 ქართველი და უცხოელი დიზაინერი სამოდელო სააგენტო "კატრინის" და საერთაშორისო მოდელებთან ერთად. "ფეშენ შოუც გვქონდა", რომელიც ნინი შერმადინმა სიმღერით გახსნა და ქეთი ორჯონიკიძემ დახურა. ფინალი 21 იანვარს გაიმართა, სადაც იმღერეს ნინი შერმადინმა, "ვოკალის აკადემიის" უნიჭიერესმა ბავშვებმა (ვაჩე, ოთო, გეგა, ნიკოლოზი), ქეთი ორჯონიკიძემ, მარკუს მეტრეველმა, ანასტასია ბაკურაძემ... გაიმართა დიზაინერის - ხათუნა კობახიძის და "ლაქშერი" ბრენდის - "ანასტასიას" სამოსის ჩვენებაც.

img-3363-1706517952.jpg

"მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავის" ფინალზე ყველა ბავშვი დავაჯილდოეთ გვირგვინით, დიპლომით და სამახსოვრო საჩუქრებით... ასევე, 50-მდე საპატიო სტუმარი დავაჯილდოეთ. რა თქმა უნდა, მათ შორის იყო, არის და იქნება ჩვენი საყვარელი ჟურნალი "გზა". მადლობა, რომ არ "ბლოკავთ" ბავშვებს და მათ წარმატებას აშუქებთ. თვეში 1 კვირას მაინც სხვადასხვა ქვეყანაში ვატარებთ - ჩვენს პროექტებს უცხოური მედია აქტიურად აშუქებს, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი წარმატება საზღვარგარეთაც გაშუქდეს და ჩვენს ქვეყანაშიც, ინფორმაცია ყველამ მიიღოს და შრომა დაფასდეს: ალბათ მკითხველები დამეთანხმებიან, რომ 200-მდე სტუმრის აეროპორტში დახვედრა, სასტუმროში დაბინავება, 6 დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობის განხორციელება იოლი არ არის, რომ ბოლოს უცხოელი მონაწილეებისგან თუ სტუმრებისგან ეს სიტყვები გაიგონო: "საქართველო ჩვენი მეორე სახლია". ფესტივალი ჯერ არ დამთავრებულა და უკვე მეკითხებიან, - საქართველოში კიდევ როდის მოვდივართო (იღიმის)? ეს მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის - თითოეული თქვენგანის დამსახურებაა, ვინც 2015 წლიდან დღემდე, საერთაშორისო თუ ადგილობრივ კონკურსებს გვერდში უდგას... დადებითი ემოციებით დატვირთული ვარ. მადლობა სამყაროს და თითოეულ თქვენგანს! შრომა არასოდეს მეზარება. პირობას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ სტუმრებს ყოველთვის ღირსეულად დავხვდეთ და რომელ ქვეყანაშიც გავფრინდებით, იქაც ღირსეულად წარვადგინოთ ჩვენი პატარა, ლამაზი და დიდი ისტორიის მქონე ქვეყანა... სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, მალე მივფრინავთ მილანში, პარიზში... თვეში ერთხელ სხვადასხვა კონკურსზე, ფესტივალსა თუ მოდის კვირეულზე მივემგზავრებით. საქართველოშიც ძალიან ბევრ პროექტს განვახორციელებთ!..

ეთო ყორღანაშვილი