"სწრაფი კვების ობიექტში ვმუშაობდი" - გზაპრესი

"სწრაფი კვების ობიექტში ვმუშაობდი"

სახელი, გვარი: ნინი ცაგარეიშვილი.

ასაკი: 17 წლის.

ამჟამინდელი საქმიანობა: არის სკოლის მოსწავლე, აბიტურიენტი, მონაწილეობს სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები".

ჰობი: ცხენზე ჯირით, ქსოვა, გიტარაზე დაკვრა.

განტვირთვის საუკეთესო საშუალება: ძილი და საღამოს, თბილისის ქუჩებში სეირნობა.

- ნინი, პოპულარობა პირველად როდის იგრძენი?

- "პოპულარულობა" ცოტათი ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ როცა ქუჩაში, ფოტოს გადასაღებად პირველად გამაჩერეს, ყურადღება ვიგრძენი...

- როგორი რეაქცია გაქვს, როცა შენი პერსონაჟის (სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები") სახელით - ტასიკო მოგმართავენ?

- თუ ასე იმიტომ მომმართავენ, რომ პერსონაჟთან მაიგივებენ, არ ვიცი, მაგრამ ცუდი რეაქცია არ მაქვს. ალბათ, ხალხი ჩემი როლით მიცნობს.

- ბოლოს შენიშვნა ვისგან და რის გამო მიიღე?

- ისტორიის მასწავლებლისგან, თუმცა ეს შენიშვნა კი არა, საყვედური იყო: დრო არ მქონდა, რომ მემეცადინა, ამის გამო მისაყვედურა... სხვათა შორის, მშობლები შენიშვნებს დიდად არ მაძლევენ - მათგან რჩევებს უფრო ვიღებ...

- მშობლებთან დაძაბული ურთიერთობა მოზარდობის საწყის ეტაპზეც არ გქონია?

- გარდატეხის ასაკში პატარ-პატარა დაძაბულობები იყო, რა თქმა უნდა, ოღონდ - ისეთი უმნიშვნელო, რომ კონკრეტულად რის გამო, არც მახსოვს... მაგრამ მთავარია, მშობლებთან დღემდე ძალიან ახლო, მეგობრული ურთიერთობა მაქვს.

- მშობლები მოფერებით რა მეტსახელით მოგმართავენ?

- ბავშვობაში და ხანდახან დღესაც "ბუტას" მეძახიან: მცირე ასაკში, როცა ჯერ ვერ ვლაპარაკობდი, ვბურტყუნებდი - ბუტა-ბუტა-მეთქი. თან, ბუტია ვიყავი - თითქმის ყველაფერი ძალიან მწყინდა. ჩემი მეტსახელი - "ბუტა" ამას უკავშირდება. კიდევ, მამა "ნაცარას" მეძახის, დედა - "ნამცუცას" (იცინის).

- ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხე?

- ჯემალ ქარჩხაძის "ანტონიო და დავითი".

- შენს დადებით და უარყოფით თვისებებად რას მიიჩნევ?

- დადებით თვისებებად მივიჩნევ, რომ კეთილი, გულწრფელი ვარ, გულში წყენას არასოდეს ვიდებ; უარყოფითი ის არის, რომ ყველაფერზე ზედმეტად ბევრს ვნერვიულობ, განცდები გულთან ზედმეტად ახლოს მიმაქვს...

- "ჩემი ცოლის დაქალებში აღებულ ჰონორარს" ძირითადად, რაში ხარჯავ?

- საერთოდ, ყოველდღიურ ცხოვრებაში რაც დამჭირდება, ვანაწილებ და ასე ვხარჯავ, მაგრამ ბოლოს მე, ჩემმა დამ და ძმამ თანხა შევაგროვეთ და დედას ტელეფონი ვაჩუქეთ.

- "ჩემი ცოლის დაქალები შენი შემოსავლის პირველი წყაროა?

- არა, არა!.. მანამდეც მიმუშავია, რადგან საკუთარი თავის განვითარება ჩემთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესია: 16 წლის როცა ვიყავი, დაახლოებით 4 თვის განმავლობაში, სწრაფი კვების ცნობილ ობიექტში ვმუშაობდი.

- შენს ინიციატივას მშობლები როგორ შეხვდნენ?

- მე და ჩემმა მეგობარმა მუშაობა ერთად დავიწყეთ. უპირველეს ყოვლისა, გვინდოდა, მუშაობის გამოცდილება გვქონოდა, საკუთარი თანხის განაწილება გვესწავლა, ხელფასის აღებასთან დაკავშირებული ემოცია განგვეცადა. რა თქმა უნდა, მშობლები თავიდანვე თანახმა იყვნენ - არაფერი აუკრძალავთ, რადგან ალბათ, მშობლებისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, როცა ბავშვი საკუთარი თავის განვითარებაზე ფიქრობს.

- ისეთი საქციელი თუ ჩაგიდენია, რომლის გახსენებისას დღესაც გრცხვენია?

- ბევრი პატარ-პატარა რაღაცაა, რისიც მრცხვენია, მაგრამ კონკრეტული დიდი სირცხვილი არ მახსენდება.

- დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად ვის ესაუბრები?

- დედაჩემს და ჩემს საუკეთესო მეგობარს - თეკლას. სადაც უნდა მივდიოდე, რომელიმეს ვურეკავ და ველაპარაკები, რადგან მარტო სიარული არ მიყვარს. ეს 2 ადამიანი აკლებული მყავს (იცინის).

- ამჟამად რომელ სერიალს უყურებ?

- სერიალების ყურების დრო დიდად არ მაქვს, მაგრამ აბიტურიენტი ვარ, ძალიან ვიღლები და განსატვირთად Fრიენდს-ს ვუყურებ, რადგან კომედია მაცინებს, კარგ ხასიათზე მაყენებს.

- როგორ სიზმრებს ხედავ?

- სხვათა შორის, ბოლო დროს სიზმრებს ვეღარ ვხედავ, მაგრამ საერთოდ - უცნაური, ალოგიკური სიზმრები მაქვს. მათ მოყოლას აზრიც არ აქვს...

- როგორ ფიქრობ, სამყაროსთვის რა სარგებლობის მოტანა შეგიძლია?

- ალბათ, საკუთარ თავში ყველა ადამიანმა მიზანი უნდა აღმოაჩინოს, რატომაც დაიბადა, შემდეგ კი სამყაროს განვითარებაში თავის პატარა წვლილს შეიტანს. შეიძლება, საკუთარი დანიშნულება გვიან აღმოვაჩინო, მაგრამ ჯერჯერობით, რასაც ვაკეთებ (ვსწავლობ, საკუთარი თავის განვითარებაზე ვფიქრობ), ამასაც რაღაც სარგებელი მოაქვს.მთავარია, ჩემგან სიკეთე, დადებითი ენერგია და ემოციები მოდიოდეს.

- ბოლოს რის გამო იტირე?

- ხშირად ვტირი, რადგან ძალიან ემოციური ვარ. მაგალითად ძაღლის შესახებ დღეს ვიდეო შემხვდა, სევდიანი მუსიკა "ედო"... ამ ვიდეოს გამო ვიტირე. 2 ძაღლი მყავს - ბეკი და გუნდა (დედა-შვილი). როცა წარმოვიდგენ, რომ შეიძლება აღარ მყავდეს ან რამე მსგავსი, მეტირება... ჩემი ოთხფეხა მეგობრები ისე ძლიერ მიყვარს, რომ ძაღლების ვიდეოების ნახვისას გული მიჩუყდება.

- ახალი წლის ღამეს, ფეიერვერკების გამო, შენმა ოთხფეხა მეგობრებმა ძლიერი სტრესი განიცადეს?

- სიმართლე გითხრათ - არა. თან, ისეთ ადგილას ვცხოვრობთ, რომ ძაღლებს ხმაური დიდად არ აწუხებთ, მაგრამ საერთოდ, მომხრე არ ვარ, რომ ფეიერვერკების გამო, ძაღლები სტრესს განიცდიდნენ.

- ოქროს თევზის ამბავი რეალური რომ იყოს, რომელი 3 სურვილის შესრულებას სთხოვდი?

- ბანალური პასუხი იქნება, მაგრამ ერთადერთი სურვილი მაქვს: იმ ასაკის რომ ვიქნები, როცა უკვე რაღაცას მივაღწევ, შედეგს "დავდებ", მინდა საქართველოში, მთაში, სადმე მყუდრო ადგილას სახლი მქონდეს დიდი ეზოთი და ცხენი მყავდეს. ყველაზე მეტად ამ სურვილის ახდენა მსურს.

- როცა სარკეში იყურები, ვის ხედავ?

- დიდი იმედებით, ოცნებებით, ყველაფერი კარგის მოლოდინით სავსე ადამიანს.

- პროფესია არჩეული გაქვს?

- არ ვიცი, როგორ გამომივა, მაგრამ გამოცდაზე მაინც გავალ და დიდი იმედი მაქვს, თეატრალურ უნივერსიტეტში, სამსახიობო ფაკულტეტზე ჩავაბარებ. ამისთვის მაქსიმუმს გავაკეთებ - ვემზადები... თუ არ გამომივა, კიდევ ვცდი... მომავალში, მინდა მომღერალიც ვიყო. ბავშვობაში ვიოლინოზე დავდიოდი. ვიოლინო ძალიან მიყვარს, მაგრამ შემდეგ ვოკალზე გადავედი. პედაგოგმა - თამარ სარვაზიშვილმა კლასიკური ვოკალი ძალიან შემაყვარა. მას მერე მიზნად დავისახე, რომ ოპერის სცენაზე არიები შევასრულო. მოკლედ, ჩემს მიზნებში ორივე პროფესიის - მსახიობობის და მომღერლობის დაუფლება შედის.

dsc00249-1706518133.jpg

- ახლახან გადაცემა "აკუსტიკაში" იმღერე. გვიამბე, იქ როგორ მოხვდი?

- ჩემი სიმღერის ამსახველ ვიდეოებს "ტიკტოკზე" ხშირად ვდებდი, მაგრამ მაშინ დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ. ახლა, რაკი ხალხმა ცოტათი გამიცნო, ვიდეოები უფრო მეტმა ადამიანმა ნახა და "აკუსტიკიდანაც" მომწერეს. მივედი და ინოლა გურგულიას "საქანელა" შევასრულე. უბედნიერესი ვიყავი, რადგან "აკუსტიკაში" სიმღერა მართლა ოცნებად მქონდა.

- ადამიანებს ადვილად უმეგობრდები?

- ნამდვილი მეგობარი, ვინც ჩემს გულისტკივილს და სიხარულს გაიზიარებს, ბევრი არ მყავს. ისე, ძალიან კომუნიკაბელური ვარ. ბევრი მეგობარი მყავს, ადამიანებთან ურთიერთობა მსიამოვნებს და მგონი, ჩემთან ურთიერთობა მათაც სიამოვნებთ (იღიმის).

- ნინი, ცხოვრებაში შენს ქმედებებს რა მთავარი ფასეულობა განსაზღვრავს?

- ყოველთვის იმაზე ვნერვიულობ, რამე გულში ისე არ ჩამრჩეს, რომ რაღაც გავაფუჭე, ბოროტება ჩავიდინე... ჩემი ყველაზე დიდი მამოძრავებელი ძალა სიკეთეა...

ეთო ყორღანაშვილი