"სტერვული იუმორი მაქვს" - გზაპრესი

"სტერვული იუმორი მაქვს"

"მამას ყოველთვის შეუძლია, კარგ ხასიათზე დამაყენოს. როგორი ცუდი განწყობაც უნდა მქონდეს, მისი ორი სიტყვა საკმარისია, ეგრევე ხასიათზე მოვდივარ, მისი მხარდაჭერა უდიდეს ძალას მმატებს, მერე აღარაფრის მეშინია", - ამბობს მსახიობი მარიამ გოგოლაძე. რას თვლის თავის ყველაზე დიდ სისუსტედ, ბოლოს რის გამო იტირა, რა არის მისი ბედნიერება, ვინ ენატრება, რას შეცვლიდა საკუთარ გარეგნობაში და რას აკეთებს, როდესაც დაძაბული პერიოდი აქვს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...2001 წლის 20 ოქტომბერი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი. ამ პროფესიისადმი ინტერესი იმიტომ მქონდა, რომ ბევრნაირი ადამიანის თამაში მომიწევდა და ვფიქრობდი, რომ ეს ძალიან საინტერესო იქნებოდა. შეიძლება ითქვას, სწორი მოლოდინი მქონდა.

- თუმცა სამსახიობოზე არ ჩააბარე, რატომ?

- ამ შეკითხვაზე კონკრეტული პასუხი არ მაქვს. ალბათ იმიტომ გადავიფიქრე, რომ საქართველოში ეს პროფესია დიდად დაფასებული არ არის და მე ჯერ წასვლას არსად ვაპირებ. სოციალურ მეცნიერებებზე ჩავაბარე.

- ჩემზე ამბობენ...

- ...რომ მაქვს ძალიან გაწონასწორებული ხასიათი, დიპლომატი ვარ.

- თავადაც ასე ფიქრობ?

- დიახ, ვეთანხმები.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

-...არაფერს შევცვლიდი. სადაც ახლა ვარ და როგორც ვარ, იმ გზის დამსახურებაა, რომელიც გამოვიარე.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...სამსახიობო სფეროში არის ნათიას როლი სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები".

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...

- ...მშობლებს, ბაბუას. ბავშვობაში სამსახიობო სფეროს მიმართ ინტერესი რომ მქონდა, ჩემი ამ გატაცებით ოჯახის წევრები დიდად მოხიბლულები არ იყვნენ, ბაბუ კი სულ მხარში მედგა. ამბობდა, რომ ჩემში ამ საქმის ნიჭს ხედავდა. თურმე ახალგაზრდობაში მასაც უნდოდა მსახიობობა, მაგრამ სრულიად განსხვავებული მიმართულებით წავიდა, ახლაც მოსწონს ეს პროფესია, ჩემი პირველი გულშემატკივარია. ხშირად მისგან ძალიან საჭირო რჩევებსაც ვიღებ. ყველა სერიის მერე მირეკავს და მეუბნება, - ბაბუ, ამ ეპიზოდში მომეწონე, მაგრამ ამ დროს ასე რომ გაგეკეთებინა, ხომ არ აჯობებდაო?

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...გვერდით მყავს ის ადამიანები, რომელთა იმედიც ნებისმიერ დროს შეიძლება მქონდეს, ეს ზუსტად ვიცი.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ...დაფასება შემიძლია იმ ადამიანების, ვინც მყავს და იმ ყველაფრის, რაც მაქვს. სამწუხაროდ, ეს ბევრს არ შეუძლია.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...მოგზაურობის, ამას უარს არასდროს ვამბობ და არც ვიტყვი.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...დაფასების უნარია.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...სიზარმაცე. ზოგჯერ საქმეს გადავდებ, გადავდებ და ბოლო მომენტამდე მიმყავს. ჩემში ამის გამოსწორებას სულ ვცდილობ.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...რომ ბევრ ადამიანს არ უნდა ვენდო, ჩემთვის ყველას კარგი არ უნდა - სამწუხაროდ, ეს გამოცდილება მაქვს.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ადამიანი ისეთ რამეს არ გამიკეთებს, რაც ჩემს მორალს ეწინააღმდეგება.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...საკუთარი თავი სად წარმომიდგენია? არ ვიცი, ჩემი მიზანია, რასაც უნდა ვაკეთებდე, იმ საქმეში ვიყო ძალიან წარმატებული და ავიხდინო ყველა ის სურვილი, რომელიც იმ მომენტში მექნება.

- ვიბნევი...

- ...როცა ვინმე მომწონს და მასთან ვსაუბრობ.

- ემოციების კონტროლი გიჭირს?

- არა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ემოციებს ყოველთვის ვაკონტროლებ.

- ვნანობ...

- ...მძაფრი სინანული არაფრის გამო არ მაქვს.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...ჩემს ძმასთან ერთად გერმანიაში. ის ევროპაში სასწავლებლად არის წასული და ძალიან მენატრება.

- მეზარება...

- ...ბევრი რამ მეზარება, სახლის საქმე - განსაკუთრებით. დედა დახმარებას რომ მთხოვს, უარს ვერ ვეუბნები, მაგრამ ძალიან მეზარება.

- სიყვარული ეს...

- ...არის გრძნობა, რომელიც გვამოძრავებს; გრძნობა, რომლის გარეშეც ადამიანი ადამიანი ვერ იქნებოდა.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...ვიყავი აფორიაქებული, ამაღლებული, აღფრთოვანებული.

- ახლა შეყვარებული...

- ...არ ვარ.

- მაკვირვებს...

- ...ადამიანების არაადამიანური საქციელი. როგორ შეუძლიათ, ცუდად მოეპყრან ერთმანეთს, ცხოველებს... ძაღლებზე ძალადობის შემთხვევები ჩემზე ძალიან მოქმედებს.

365824226-682406450571821-2625983776921783964-n-copy-1694509928-copy-1706518377.jpg

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...მამას. როგორ ცუდი განწყობაც უნდა მქონდეს, მისი ორი სიტყვა საკმარისია, ეგრევე ხასიათზე მოვდივარ; მისი მხარდაჭერა უდიდეს ძალას მმატებს, მერე აღარაფრის მეშინია.

- ვრისკავ...

- ...თამამად, ოღონდ ყოველთვის გააზრებულად ვმოქმედებ.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტეა...

- ...ხშირად საკუთარ თავზე წინ სხვას რომ ვაყენებ. ამის გამო გული არაერთხელ მტკენია.

- ბოლოს ვიტირე...

- ...რამდენიმე დღის წინ, ქუჩაში მყოფი მიუსაფარი ძაღლის გამო, რომელიც ისე გამოიყურებოდა, რომ შემეცოდა.

- როდესაც საჯაროდ მაქებენ...

- ...მიხარია, თან თავს უხერხულად ვგრძნობ.

- მეშინია...

- ...საყვარელი ადამიანების დაკარგვის.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...ცოტათი მაღალი ვიქნებოდი.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...მწარე ენა გაქვსო, - ამას მეგობრები და ოჯახის წევრები მეუბნებიან. მწარე ენა ხუმრობით მაქვს ხოლმე, ცოტათი "სტერვული" იუმორით გამოვირჩევი.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...თხილამურებით კარგად სრიალი.

- ვიტყუები...

- ...არასდროს. ტყუილი არ მიყვარს, მეზიზღება. მირჩევნია, ადამიანს სიმართლის გამო ვაწყენინო, ვიდრე მოვატყუო.

- თავისუფლება...

- ...არის გადაწყვეტილებების მიღების უფლება - იმ გადაწყვეტილებების, რომელიც სხვას არ დააზიანებს.

- როცა მარტო ვარ...

- ...ხმამაღლა ვფიქრობ, საკუთარ თავთან დიალოგი მაქვს.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...საყვარელ ადამიანებთან ერთად ბევრს ვიმოგზაურებდი. აუცილებლად მოვაწყობდი ცხოველების თავშესაფარს.

- მენატრება...

- ...საზღვარგარეთ წასული ჩემი მეგობრები, რომლებსაც იშვიათად ვნახულობ.

- ყველაზე მეტად მახარებს...

- ...ყველა ჩემიანის კარგად ყოფნა და ბედნიერება.

- მაბრკოლებს...

- ...ის, რაც ჩემს ხასიათში არ მომწონს, სხვებს ჩემზე წინ რომ ვაყენებ. ჩემს ცხოვრებაში ეს დამაბრკოლებელი არაერთხელ გამხდარა.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...პირველ რიგში, ვიწყებ პრობლემის საკუთარ თავთან განხილვას, ეს გააზრებაში მეხმარება, მერე ვფიქრობ გზებს, როგორ გადავჭრა. შემდეგ ამ პრობლემაზე აუცილებლად ვსაუბრობ დედასa და მამასთან, მათი აზრი ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...მამას სიტყვები ბავშვობიდან მახსოვს. წყნეთში ვისვენებდით, სადილის, საუზმის, ვახშმის დროს სულ ვიღებდი ერთსა და იმავე ჩანგალს, რომელსაც კბილი ჰქონდა გაღუნული. ერთხელ ვთქვი, რა უბედურებაა, სულ ამ ჩანგალს ვიღებ-მეთქი. 5-6 წლის ვიქნებოდი, მამამ შემომატრიალა და მითხრა, აღარ თქვა, რომ უბედური ხარ. განსხვავებულს რომ იღებ და ეს შენ გხვდება, მაგან უნდა გაგაბედნიეროსო. ამის შემდეგ სულ ვცდილობ, ნებისმიერ ამბავში, თუნდაც განსხვავებულში ან უსიამოვნოში პოზიტივი დავინახო.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...ალბათ ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ, ოდნავ უკეთ გამიცანით. იმედია არ იფიქრებთ, რომ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა მაქვს.

420048686-692663152891243-1952653398025100438-n-copy-1706518262.jpg

- სერიალში შენი პერსონაჟის და ჯეკოს ურთიერთობა საინტერესოდ ვითარდება, არა?

- ჯეკო რომ დაკავებული იყო, სადაც არ უნდა წავსულიყავი, პირველი შეკითხვა იყო, - ჯეკოს გამოუშვებენ? ამის შემდეგ მეკითხებოდნენ, - შენ და ჯეკო ერთად იქნებით?

- როგორი გოგოა ნათია, საკუთარ პერსონაჟს როგორ აღიქვამ?

- დადებითი პერსონაჟია. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე ცხოვრება გამოიარა, უფლებას არ აძლევს, რამეში ხელი შეუშალოს. ნათია არ გაბოროტდა, არ დაკომპლექსდა, ისე მოახერხა გამოსულიყო მდგომარეობიდან. კეთილიც არის, მზრუნველია, სიყვარულიც შეუძლია. იმედი მაქვს, ასე გააგრძელებს.

- ნინასთვის მიუღებელი სარძლოა?

- ნინას შემიძლია გავუგო. შეიძლება მშობელს ეშინოდეს მისი შვილის ისეთ ადამიანებთან ურთიერთობის, როგორიც ნათიას ძმა და მამა ჩანს, მაგრამ თავად ნათიას ხომ არაფერი დაუშავებია? მისი ბრალი ხომ არ არის, ასეთი ცხოვრება რომ აქვს? ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ არ შეიძლება შეყვარებული იყოს? მაინც მგონია, რომ ნინას საქციელი ეგოისტურია. სასურველია, ადამიანები ნაკლებად ეგოისტები ვიყოთ!

თამუნა კვინიკაძე