"ფერადი საქმის" სამსახურში... - გზაპრესი

"ფერადი საქმის" სამსახურში...

წელს თებერვალში ერთი წელი გახდება, რაც თელავში მცხოვრები ახალგაზრდა ქალბატონი, ფოამირანის მასალისგან სხვადასხვა აქსესუარს ქმნის, როგორც ბავშვებისთვის, ისე ზრდასრულთათვის. ამ ეტაპზე მისი ნამუშევრები თმის სამაგრებს, აბადოკებსა და გულსაბნევებს მოიცავს. ფერების არჩევანი საკმაოდ დიდია, ისევე როგორც ყვავილების ჯიშები მისი ხელით შექმნილ აქსესურებში. ფერები ქმნიან განწყობას", - ამბობს ანა ბაბიშაშვილი და ეს მისი დევიზია. სოციალურ სივრცეში შექმნილ გვერდზე, ეტაპობრივად ახალ-ახალ ნამუშევარს ათავსებს და მათ რეალიზაციასაც ინტერნეტის მეშვეობით ახერხებს. ყვავილების მოყვარულ ქალბატონს პირველი ორი ნივთი, რომელიც ფოამირანის მასალისგან შექმნა, დღემდე არ ეთმობა და ისინი მისთვის გამორჩეულად ძვირფასი აქსესუარია.

2-1707068597.jpg

- გერმანული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი ვარ, მაგრამ პროფესიით არასდროს მიმუშავია. წარმოშობით თელავის რაიონის სოფელ რუისპირიდან გახლავართ, მაგრამ დაოჯახების შემდეგ, ბოლო ხუთი წელია თელავში ვცხოვრობ. მყავს მეუღლე და ერთი შვილი - 3 წლის ალექსანდრე. მიუხედავად იმისა, რომ მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება მაქვს, ჩემი სპეციალობით დასაქმების სურვილი არასოდეს გამჩენია. 5 წელი ვმუშაობდი ერთ-ერთი კლინიკის მიმღების რეგისტრატორად, შემდეგი ჩემი სამსახური იყო ორი ბანკი: ერთ-ერთში გაყიდვების მენეჯერად ვმუშაობდი, მაგრამ ბავშვის გაჩენის შემდეგ, ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. გადავწყვიტე სამსახურიდან წამოვსულიყავი, რადგან არ მინდოდა ჩემი შვილი ძიძას გაეზარდა, მინდოდა მთელი ჩემი დრო ბავშვისთვის დამეთმო. რასაკვირველია, შეურაცხყოფას არ ვაყენებ იმ დედებს, რომლებიც მუშაობენ და პარალელურად ბავშვებს ზრდიან, უბრალოდ, ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა და ამას სრულიად არ ვნანობ. სწორედ ის პერიოდი დამეხმარა ჩემს თავში ახალი შესაძლებლობები აღმომეჩინა. ხელოვნება ბავშვობიდან მიზიდავდა, ვხატავდი, ლექსებს ვწერდი. ჯერ საახალწლო დეკორაციები და ხელნაკეთი ნაძვის ხეები შევქმენი, მაგრამ საახალწლო ფუსფუსმა რომ გადაიარა, კვლავ საკუთარი საქმის გარეშე დავრჩი. ყვავილები მიყვარს, ეს ჩემს "სუსტ წერტილად" შეიძლება ჩაითვალოს. ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ ცელოფანის პარკების დამუშავება და ამ მასალით ხელოვნური ყვავილების დამზადება დავიწყე. თუმცა, ხელოვნურ ყვავილებზე დიდი მოთხოვნა არ არის, მეც "ცოცხალ ყვავილს" ვამჯობინებ, ამიტომ რამით რომ ჩამენაცვლებინა, ძიება დავიწყე. ინტერნეტსივრცეში პოლიმერული თიხისგან დამზადებული ნამუშევრები ხშირად მხვდებოდა, მე კი ალტერნატივის მოძიება მსურდა და სრულიად შემთხვევით გადავაწყდი ფოამირანს, რაც ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა გამოდგა. ეს არის ანტიალერგიული, ანტიტოქსიკური მასალა, რომელზეც მუშაობა სიამოვნებას მანიჭებს. თითოეული დეტალი, იქნება ეს ყვავილის ფურცელი თუ ფოთოლი, ხელით მუშავდება, ყოველგვარი ყალიბის გარეშე.

5-1707068608.jpg

ჩემი ნაკეთობები ყველა ასაკის ქალბატონზეა გათვლილი. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დიდი ინტერესია გულსაბნევებზე. საგაზაფხულოდ პროდუქციას მეტი ყვავილი მინდა შევმატო. წინ არაერთი გეგმა მაქვს. ყოველდღიური მუშაობისას სიახლეების აღმოჩენაში ვარ და მინდა მეტად განვვითარდე. მგონი, ეს ნამუშევრებსაც ეტყობა. მალე ერთი წელი გახდება, რაც ამ ფერად საქმეს ვემსახურები და გაჩერებას არ ვაპირებ (იღიმის).

ანა კალანდაძე