"ამათ ვერ წარმოუდგენიათ, ექიმი თუ ხარ, სხვა ქვეყანაში მომვლელად რატომ უნდა იმუშაო"
ეკა შერგელაშვილი პროფესიით პედიატრია. მისმა ოჯახმა წლების წინ "მწვანე ბარათი" მოიგო და ცოლ-ქმარი სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ამერიკაში გაემგზავრა... მას მერე წლები გავიდა და... უფროსმა გოგონამ იქ დიდხანს ვერ გაძლო და სამშობლოში დაბრუნდა, უმცროსი - ვაჟი ხშირად ჩამოდის საქართველოში, მასაც სურვილი აქვს, აქ დამკვიდრდეს, შუათანა გოგონა კი ჰოლივუდში კარიერის აწყობას ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს, წარმატებებიც აქვს ამ სფეროში, რაზეც სახალხოდ ჯერ ბევრს არ საუბრობენ... ქალბატონი ეკაც სულ მალე, საბოლოოდ აპირებს შინ დაბრუნებას.
- ვინაიდან შინ სამი მცირეწლოვანი შვილი მყავდა, არ ვმუშაობდი. მეუღლე ვეტექიმი იყო, დასაქმებული და ოჯახის რჩენა არ უჭირდა. დედაც მეხმარებოდა. კარგად ვიყავით, არსად წასვლაზე არ ვფიქრობდით, მაგრამ ისე მოხდა, რომ ე.წ. მწვანე ბარათი მოვიგეთ და წამოვედით. 2008 წლიდან უკვე აქ ვართ. სხვათა შორის, არ მინდოდა ამ გათამაშებაში მონაწილეობა, მაგრამ მეუღლემ, - გინდა თუ არა, შევავსოთო. მისი და ცხოვრობდა აქ და ალბათ ამიტომაც მოუწევდა გული ამერიკისკენ. მე არ მინდოდა, რადგან მამა გარდაცვლილი მყავს, დედისერთა ვარ და მისი მარტო დატოვება არ მსურდა... მაგრამ ასე აეწყო ჩვენი ცხოვრება და პირადად მე, იძულებული გავხდი, წამოვსულიყავი. თან ისიც გაცნობიერებული მქონდა, რომ ბავშვების მომავლისთვისაც ასე აჯობებდა. ძალიან გამიჭირდა დედის დატოვება, თუმცაღა ყოველ წელს ჩავდიოდი მასთან, დღეში უამრავჯერ ვურეკავდი, ვსაუბრობდით...
- ემიგრაციაში ყოფნის პირველი დღეები გაიხსენეთ...
- გულახდილად გითხრა, საკმაოდ გამიჭირდა ახალ რეალობასთან შეგუება. აბსოლუტურად განსხვავებულ გარემოში მოვხვდი... დაახლოებით ერთი თვის შემდეგ მუშაობა დავიწყე მოხუცთან, 24 საათით. მანამდე შვილები არასდროს დამიტოვებია და ახლა იძულებული გავხდი, დღეები მათგან მოშორებით გამეტარებინა. მაშინ უფროსი 13 წლის იყო, შუათანა - 11-ის და უმცროსი 9-ის. ჩემთვის ეს კატასტროფა იყო. როგორ შეიძლება, რომ დედა, რომელსაც არასდროს დაუტოვებია ოჯახი, შვილები, 24 საათით წავიდეს და სხვას ემსახუროს?!. ორ კვირაში ერთხელ მქონდა თავისუფალი დღე, მხოლოდ 24 საათით. მივდიოდი და ის დროც ფაქტობრივად რეცხვაში, სახლის ლაგებაში და სადილების კეთებაში გადიოდა. ისე გამოვიდა, რომ მე და მეუღლემ როლები გავცვალეთ: თუ მანამდე მეუღლე მუშაობდა თავისი პროფესიით და მე შინ ვიყავი, ამერიკაში ჩემი მეუღლე დაჯდა სახლში, ბავშვებზე რომ ეზრუნა, მე კი დავსაქმდი. ამერიკაში მცირეწლოვანს ვერ დატოვებ უმეთვალყურეოდ, აქ ეს კანონით აკრძალულია... გადასახადები, ბინის ქირა, საჭმელი - ყველაფერზე ზრუნვა საკუთარ მხრებზე ავიღე, რადგან უბრალოდ, სხვა გზა არ იყო. ლეგალურად ვიყავით ჩამოსულები და მიუხედავად ამისა, კაცისთვის სამუშაოს შოვნა მაშინ მაინც გაჭირდა.
- თქვენი მეუღლე როგორ გაუმკლავდა შეცვლილ როლს?
- სიმართლე გითხრა, ძალიან უჭირდა, მაგრამ გაუმკლავდა, სხვა გზა არც ჰქონდა. თუმცა, თავისი პროფესიით აქაც იმუშავა ცოტა ხანს და ამით ძალიან ბედნიერი იყო. გერმანელი ვეტექიმის განცხადება წაიკითხა, ვაკანსია ჰქონდათ. გასაუბრებაზე მივიდა და მიიღეს. თავისი საქმის ძალიან კარგი სპეციალისტია. 3 დღეში დაახლოებით 8 ოპერაცია გააკეთეს ერთად. ის გერმანელი კმაყოფილი იყო მისი მუშაობით, მაგრამ მერე იძულებული გახდა, შვილების გამო საყვარელ საქმეზე უარი ეთქვა.
- ახლა რას საქმიანობს?
- სამწუხაროდ, გარდაცვლილია... 5 წლის წინ ავტოავარიაში მოყვა... საქართველოში გადავასვენეთ, სამშობლოში დავკრძალეთ.
- შვილებზე მიამბეთ...
- საკმაოდ წარმატებულები არიან. უფროსი ქალიშვილი გათხოვდა და უკვე 8 წლის შვილი ჰყავს. მეოთხე წელია, თბილისში ცხოვრობს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ყველანი ამერიკის მოქალაქეები ვართ და აქაც შეეძლო დარჩენა... შუათანა - ნუცა საკმაოდ ცნობილი გოგონაა ამერიკაში. მსახიობია. უნივერსიტეტი დაამთავრა წითელ დიპლომზე (კალიფორნიაში, დიზაინისა და ხელოვნების უნივერსიტეტში სწავლობდა), მაგრამ პროფესიით არ მუშაობს. ის სხვადასხვა ფილმში, ეპიზოდურ როლებშია გადაღებული. ასევე მონაწილეობდა mtv-ის ლაივშოუში, მეშვიდე სეზონში. ერთადერთი ქართველია, ვინც ამ შოუში გამოვიდა და მისთვის ეს დიდი ტრამპლინი იყო. მეც და განსაკუთრებით ჩემი მეუღლე წინააღმდეგი ვიყავით, ამ შოუში მონაწილეობა რომ მიეღო, მაგრამ მერე ბავშვებმა გვითხრეს: ნუცასთვის ეს დიდი ტრამპლინი იქნება, თუ უნდა სამსახიობო კარიერა აიწყოსო და, - დაგვითანხმეს. გავუშვით და მართლაც, ამ რეალურმა შოუმ მას პოპულარობა მოუტანა. შემდეგ ნუციკომ ამ სფეროში გაიჩინა მეგობრები, კინოვარსკვლავები. საკმაოდ ბევრი კარგი შემოთავაზება აქვს. სარეკლამო რგოლებში, ეპიზოდურ როლებში იღებენ. ერთხელ ეპიზოდური როლის გადასაღებად დაბარებული, რეჟისორს ისე მოეწონა, მთავარი გმირის შემსრულებლის შეყვარებულის როლი ანდო. ახლა ჰოლივუდში, ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ იწყობს კარიერას... ვაჟი - თორნიკე, რომელიც უკვე 25 წლის არის, ერთ-ერთი ცნობილი სტრიმერია. ახლა ისიც თბილისშია, ერთი-ორი წელი მანდ იქნება და მერე ვნახოთ...
- ანუ ყველანი ნელ-ნელა მოდიხართ, ნუცას გარდა...
- ასეა, ნუცას უკვე აქ სურს თავის დამკვიდრება... მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილები აქ გაიზარდნენ, შინაგანად ქართველები არიან და ეს ძალიან მახარებს. ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ბავშვებს არ დაეკარგათ საკუთარი ენა, ადათ-წესები, სარწმუნოება... თუმცა, ამ ქვეყანამ ჩემს შვილებს თავისებური დაღი მაინც დაასვა... იცით, უფროსი ვერაფრით შეეგუა აქაურობას, ბავშვობიდანვე ძალიან პატრიოტი იყო. რამდენჯერმე სკოლაში კონფლიქტიც კი მოუვიდა.
- რის ნიადაგზე?
- ერთხელ მაისური ჩაიცვა, რომელზეც "დავით აღმაშენებელი" ეწერა და ისე წავიდა სკოლაში. პედაგოგმა შენიშვნა მისცა, თან დასძინა: თუ ასეთი პატრიოტი ხარ, ასე გიყვარს და გენატრება, შეგიძლია წახვიდე შენს ქვეყანაშიო. ამაზე ეს გაგიჟდა, პედაგოგს უთხრა, - აქ მობრძანდითო და მთელი კლასის წინაშე ჩაართვევინა კომპიუტერი, მერე მონიტორზე ჩართო საქართველოს რუკა და კლასელებსა და პედაგოგს შეძლებისდაგვარად გააცნო ჩვენი ისტორია. ჩემები პირველ კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდნენ, სანამ ამერიკაში წამოვიდოდით. ჰოდა, მათ აუხსნა: მარტო ჩემს სკოლას აქვს იმდენწლიანი ისტორია, რაც ამერიკასო. მოკლედ, ძალიან გაბრაზებულმა, "ლექცია" თურმე ასე დაასრულა: ახლა კიდევ მეტყვით რაიმეს ჩემს სამშობლოზე აუგადო? ასეთი ტიპია (იცინის).
- თქვენს პირველ სამუშაო გამოცდილებაზე მიამბეთ...
- 4 წელი ბებიასთან ვიმუშავე, რომლის ოჯახმაც შემისისხლხორცა, როგორც საკუთარი ოჯახის წევრი ისე მიმიღო და დღემდე მირეკავენ. ამ ქალს სწორი ნაწლავის პრობლემა ჰქონდა და ეძებდნენ ექთანს, მათთან აგენტის დახმარებით მოვხვდი. თავიდან არ ვამხელდი, რომ პროფესიით ექიმი ვარ. ამათ ვერ წარმოუდგენიათ, ექიმი თუ ხარ, სხვა ქვეყანაში მომვლელად რატომ უნდა იმუშაო? როდესაც კარგად გავუმკლავდი საქმეს, ეჭვი შეეპარათ და მერე გამოვუტყდი, - ტყუილი არ შემიძლია. გაფრთხილებული ვიყავი, არ მეთქვა თქვენთვის, მაგრამ სინამდვილეში, პროფესიით ექიმი ვარ-მეთქი. გაგიჟდნენ... მათთან ყოფნისას ერთი კურიოზიც მოხდა: აქ ფორტეპიანოზე დაკვრა იშვიათობაა, ფუფუნებაა. ერთ დღეს ბებიას ქალიშვილმა მითხრა, - აი, ჩემი შვილიშვილები ფორტეპიანოზე უკრავენო. წამომცდა: ვაიმე, ახლოს რომ ცხოვრობდნენ, უფასოდ მოვამზადებდი და მეც გავერთობოდი-მეთქი. როგორო? - ლამის გადაირია. - კი, შვიდწლედი მაქვს დამთავრებული, ვკომპოზიტორობდი, ლექსებსაც ვწერდი-მეთქი. გაჩუმდა. ეტყობა იფიქრა, რომ იმ მომენტში ვიტყუებოდი ან რაღაცას ვაჭარბებდი... გავიდა რაღაც დრო და ერთხელაც ოჯახურ შეკრებაზე მეც წამიყვანეს. ახლობლებს გააცნეს ჩემი თავი: ეს ეკაა, ჩვენი უსაყვარლესი ადამიანი, გაგვიმართლა, რომ გვყავსო. ოთახში რომ შევედით, ბებიას ბიჭმა გადამხვია ხელი და მეუბნება, - ეკა, პიანინოს ხედავო? - კი, ვხედავ-მეთქი. მისთვის არაფერი მქონდა ნათქვამი, მაგრამ მივხვდი, ეტყობა დამ უთხრა, პიანინოზე დაკვრის შესახებ რაც ვისაუბრეთ. ჰოდა, მეუბნება: მიდი ახლა და რამე დაუკარი. ხომ ხედავ, ყურადღებას არავინ გაქცევსო. ეს არასდროს დამავიწყდება. გავშრი. მერიდებოდა, მაგრამ ისიც ვიფიქრე, ახლა უარი რომ ვთქვა, იფიქრებენ, რომ მოვიტყუე-მეთქი და თავი შევაგულიანე, მაინც არავინ გაქცევს ყურადღებას, მიდი, დაუკარი-მეთქი...
დავიწყე დაკვრა და როლში ისე შევიჭერი, სულ დამავიწყდა, სად ვიყავი. შევამჩნიე, რომ ბებიას შვილთაშვილები გვერდით მომისხდნენ, მაგრამ სხვას ვერაფერს ვხედავდი და ვამჩნევდი. როცა დაკვრას მოვრჩი, აპლოდისმენტების ხმა გავიგონე, მოვიხედე და, გავოგნდი, უხერხულად ვიგრძენი თავი, რადგან ყველა ჩემ გარშემო იდგა და ტაშს უკრავდა. სტივენის ცოლი, ბებიას რძალი ცხარე ცრემლებით ტიროდა. ცუდად ხომ არ ხართ-მეთქი? - ვკითხე. - არა, ეკა, უბრალოდ, მადლობელი ვარ უფლის, რომ შენ ჩვენს ოჯახში მოხვდი, მაგრამო... ვერ გამიმეტა მოსამსახურედ, მომვლელად... ყოველ კვირას რესტორანში მიჰყავდათ ბებია და მეც დამატარებდნენ. ერთხელ სტივენმა, ბებიას ვაჟმა მითხრა: უკვე დავმეგობრდით, ჩვენი ოჯახის წევრივით ხარ და არ გეწყინოს, რასაც გკითხავო. თუ ექიმი ხარ, კარგად ფლობ ინსტრუმენტს, შეგიძლია მუსიკის დაწერა, აცხობ და შესანიშნავად ამზადებ სადილებს, ხარ კარგი ოჯახის შვილი, რატომ ჩამოხვედი აქ და რატომ მუშაობ ჩვენს ოჯახში? ეს საქმე არ შეგეფერება, თორემ ჩვენ ამით ბედნიერები ვართ, რა თქმა უნდაო. მათ ავუხსენი, რომ ჩვენი ქვეყანა პატარაა, რომ ჩვენ უბრალოდ მოვიგეთ ე.წ. მწვანე ბარათი და შვილების უკეთესი მომავლისთვის ამერიკაში ჩამოსვლა ამიტომ გადავწყვიტეთ... მის მერე მსგავსი კითხვა არ დაუსვამთ... ის ბებია 4 წლის შემდეგ თავშესაფარში გადაიყვანეს, რადგან ფული აღარ ჰქონდათ. ჰოდა, მასთან თავშესაფარში არაერთხელ მივსულვარ, რომ უბრალოდ მენახა. მისი ოჯახის წევრები დღემდე ახლობლად მთვლიან, ხშირად მეკონტაქტებიან... გამიმართლა იმ მხრივ, რომ ყოველთვის, როცა სამსახურის გამოცვლა მომიხდა, კარგ ხალხთან მოვხვდი. აქ განათლებას გიფასებენ და მეც ჩემი პროფესია არაერთხელ გამოვიყენე, სიცოცხლე ბევრს შევუნარჩუნე. ახლა კი დროა, სამშობლოში დავბრუნდე. ერთი-ორი თვეც და ოცნებას ავისრულებ.
- ემიგრანტების ნაწილმა, ვინც საქართველოში დაბრუნდა, აქ დიდხანს ვერ გაძლო და სამუშაოდ ისევ საზღვრებს მიღმა წავიდნენ. იმედგაცრუების არ გეშინიათ თუ ნიადაგი წინასწარ მოამზადეთ?..
- ნიადაგიც მოვამზადე და არც მეშინია. შევეჩვიე და შევეგუე ამ ქვეყანას, მაგრამ შინაგანად მაინც ჩემი ქვეყნის შვილი ვარ. ჰოდა, შეიძლება იქ სირთულეები შემხვდეს, მაგრამ მაინც საქართველოსკენ მიმიწევს გული... სხვათა შორის, აქ გამოვუშვი ორგანული სახის მკვებავი კრემი და ამაზე საქართველოშიც ვაპირებ ვიმუშაო. ასევე სურვილი მაქვს, გავიარო კოსმეტიკური კურსები, შევისწავლო ინიექციური კოსმეტოლოგიაც და გავხსნა კაბინეტი... საცხობის გახსნის იდეაც მქონდა, რადგან სამზარეულოში ყოფნა, ცხობა და კერძების მომზადებაც სიამოვნებას მანიჭებს. სამშობლოში ძალიან დიდი საახლობლო, სანათესავო, არაჩვეულებრივი მეგობრები მყავს და ვფიქრობ, არ მოვიწყენ (იღიმის)... თანაც, იდეა ბლომად მაქვს. ვფიქრობ, მანდ ბევრად ბედნიერი ვიქნები.
- დედაც ბედნიერი იქნება, სამშობლოში თქვენი დაბრუნებით...
- სამწუხაროდ, დედაც გარდაიცვალა... მისთვის ყველაფერს ვაკეთებდი შორიდან, არაფერს ვაკლებდი, მაგრამ ვიცი, მას სხვა არაფერი სჭირდებოდა, ჩემ გვერდით ყოფნის გარდა... რას ვიზამთ, ვერ მოვახერხე და ეს მტკივა...
12 წელი ნიუ-ჯერსიში ვიცხოვრეთ. უჩა, ჩემი მეუღლე რომ გარდაიცვალა, ნუცა უკვე ჰოლივუდში ცხოვრობდა და გადავწყვიტეთ, ყველა იქ გადავსულიყავით. ყველაფერი გადავყარეთ და გავაჩუქეთ, მერე კი ფაქტობრივად, ცხოვრება ისევ ნულიდან დავიწყეთ, უკვე კალიფორნიაში. თუმცა, იქ დიდხანს ვერ გავძელი და ნიუ-იორკში ჩამოვედი.
- ამერიკის კრიზისცენტრის ერთ-ერთი ექიმი ხართ. ამაზეც მიამბეთ...
- კალიფორნიაში ვიყავი, როცა კოვიდპანდემიამ იფეთქა. ჩემმა მეგობარმა ინა ასანიძემ ისე ჩამსვა ამ ჯგუფში, რომ არც მკითხა, შემეძლო თუ არა ვინმეს დახმარება. მადლობა მას ამ ნდობისთვის. რაღაც პერიოდის მერე დამირეკა, - ეკა, ჯგუფს ვქმნი და ვისაც ვენდობი, გამოცდილი ექიმია, ვაწევრიანებ. ერთ-ერთ ექიმად მოგიაზრებ, ვიცი, უარს არ მეტყვიო. ცხადია, უარი არ მითქვამს... იმ პერიოდში ერთდროულად 50 პაციენტი მყავდა, თან მოხუცთან ვმუშაობდი. ეს იყო კატასტროფა. ჩვენც არ ვიცოდით ამ ვირუსზე ბევრი რამ, მაგრამ სხვებისთვის დახმარება უნდა გაგვეწია. ფაქტობრივად, ჯგუფის წევრებს მთელი დღეები არ გვეძინა. ვინ იცის, დღეში რამდენჯერ ვურეკავდით თითოეულ პაციენტს, დანიშნულებას ვაძლევდით, რა და როგორ მიეღო, ვამოწმებდით სიტუაციას. 10-11 ექიმი ვიყავით და კონსილიუმებსაც იწვევდა ნიკა ჩხეიძე, ჩემი მეგობარი. გასწორებული გვქონდა დღე და ღამე, თან სკლეროზიან ადამიანთან ვმუშაობდი, სადაც მისი ოჯახის წევრებიც ცხოვრობდნენ და ლამის სამსახური დავკარგე მაშინ. მადლობა უფალს, ჩემი 50 პაციენტიდან არც ერთი არ დამძიმებულა, საავადმყოფოში გადაყვანა არ დასჭირვებია. ისინიც მადლიერები არიან და დღესაც, როცა რამე დასჭირდებათ, მირეკავენ ხოლმე, - ეკა ექიმოო... ექიმს ნუღარ მეძახით, ჩაიარა იმ ამბავმა-მეთქი, - ვეუბნები (იცინის).
- საქართველოში არსებულ სიტუაციაზე რას ფიქრობთ ემიგრაციაში მყოფები?
- სხვების ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ვფიქრობ, ბევრი რამ შეიცვალა სასიკეთოდ, მაგრამ ხალხს მეტი ყურადღება სჭირდება. აუცილებელია ხელფასების მომატება, შრომის დაფასება. ხელისუფლებაში მყოფებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ ხალხის საკეთილდღეოდ და არა საკუთარი ჯიბისთვის. გასაკეთებელი ბევრია, მაგრამ ბევრიც გაკეთდა და ესეც უნდა დავინახოთ. უბრალოდ, ჩვენს ქვეყანაში შრომის დაფასებას თუ ისწავლიან, ამდენი ადამიანი ბედის საძიებლად სხვა ქვეყანაში არ წავა, სამშობლოს მოემსახურება.
- აქ ბევრი ფიქრობს, რომ ემიგრანტებს "რა ენაღვლებათ", რომ მათი უმეტესობა კარგ პირობებში ცხოვრობს და კარგი გასამრჯელოც აქვთ...
- იცით, აქ ბევრი ძალიან ცუდ პირობებში მუშაობს. არიან მოხუცები, რომლებსაც შეუძლიათ შეურაცხყოფა მოგაყენონ მხოლოდ იმიტომ, რომ ფულს გიხდიან. ფიქრობენ, რომ ეს მათ ყველაფრის უფლებას აძლევთ. ზოგიერთი ქართველის ტანჯვას რომ ვუყურებ, მეტირება ხოლმე, მაგრამ მათი ნაწილი ზოგჯერ რესტორანში კარგად გამოპრანჭული მიდის, რომ სხვებმა ვერაფერი შეატყონ და ამ დროს გულით რა დარდს ატარებენ, როგორი ზეწოლის ქვეშ არიან, კაცმა არ იცის.
მე გამიმართლა, ყველა ოჯახი, სადაც მუშაობამ მომიწია, ნამდვილად კარგი ხალხი აღმოჩნდა... იცით, სხვა ქვეყანაში რომ მიდიხარ, უნდა იცოდე, თუ მათი ენა არ იცი, ეს დაგაბრკოლებს... აქ არის მომვლელების საიტი, სადაც შენი დოსიე გაქვს ატვირთული, მერე დახასიათებასაც გიწერენ. ამ საიტზე შვილებმა დამარეგისტრირეს წლების წინ და ახლა იქ 5 ვარსკვლავი მაქვს. ერთმა მომწერა: ამა და ამ საიტზე თქვენი დახასიათება ვნახე, დედაჩემისთვის მომვლელს ვეძებ და რა განათლება გაქვთო? დედამისსაც ის პრობლემა ჰქონდა, რაც იმ ბებიას, ვისთანაც პირველად დავიწყე მუშაობა. ამ კაცს გავუგზავნე აბსოლუტურად ყველაფერი, დიპლომის ასლები და ის საბუთიც, რომელიც ადასტურებდა, რომ ჰარვარდის სამედიცინო კურსებიც გავიარე... გაგიჟდა ეს ბიჭი, საოცრებები მომწერა (შემიძლია მესიჯები განახოთ, თუ დაინტერესდებით) და ინტერვიუზე დამიბარა. ძმასთან ერთად დამხვდა გასაუბრებაზე და მერე მითხრა, შეიძლება, ხელით შეგეხოო? გამეცინა, - კი მაგრამ, რატომ უნდა შემეხოთ-მეთქი? - მე იურისტი ვარ. წარმოუდგენლად მომეჩვენა, რომ ასეთი განათლების მქონე ადამიანი მომვლელად მუშაობაზე თანახმა იქნებოდით და გადავამოწმე, სიმართლეს ამბობდით თუ მატყუებდით? გაოგნებული ვარო... - და ეს გაოგნება ეტყობოდა კიდეც. ამერიკა მომწონს იმიტომ, რომ აქ ადამიანს მიღებული განათლება და შრომა აუცილებლად დაუფასდება. მინდა საქართველოშიც ასე ხდებოდეს...
ლიკა ქაჯაია