მოცეკვავე, მოდელი და ეკონომისტი
მოცეკვავე ანნა ბირთველიშვილი "ცეკვავენ ვარსკვლავების" გამარჯვებულის - თედო ბექაურის მეწყვილე გახლდათ. გადავწყვიტეთ, ანნა მკითხველებისთვის უკეთ გაგვეცნო...
- "ცეკვავენ ვარსკვლავების" დასრულებისთანავე, პირველი, რაც გავაკეთე, ის იყო, რომ გამოვიძინე, შემდეგ კი საკუთარ თავზე მუშაობას შევუდექი. მე და საბა დევდარიანმა წყვილში ვარჯიში გავაგრძელეთ. მომავალ ტურნირებს მოუთმენლად ველოდებით... მოკლედ, ჩემი ყოველდღიურობა სტუდია "თელას" უკავშირდება.
- ცეკვის სფეროში როგორ მოხვდი?
- დედამ მიამბო, რომ მთელი ბავშვობა უნდოდა, სამეჯლისო სპორტული ცეკვების მოცეკვავე ყოფილიყო, თუმცა ამ ცეკვების სტუდია არ არსებობდა. მითხრა, - მხოლოდ ტელევიზორში თუ ვუყურებდი და სულ გული მწყდებოდაო... აი, ამის საფუძველზე, 7 წლისა დედამ სამეჯლისო სპორტული ცეკვების აკადემიაში - "თელა" შემიყვანა. დღემდე აქ ვმუშაობ.
- ცეკვის გარდა, სხვა სერიოზული გატაცება თუ გქონია, რომელსაც შენს სამომავლო საქმიანობად განიხილავდი?
- ცეკვის პარალელურად, ძიუდოზე დავდიოდი და ძალიან მომწონდა. ახლაც, ძიუდო ჩემთვის სპორტის მეორე საყვარელი სახეობაა, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერს ერთად ვერ შევძლებდი - ვარჯიშებიც და ტურნირებიც ერთმანეთს ემთხვეოდა, ამიტომ ერთის დათმობამ მომიწია...
- "ცეკვავენ ვარსკვლავებში" როგორ მოხვდი?
- ერთ დღესაც "ცეკვავენ ვარსკვლავების" პროდიუსერი, ბატონი ნოე სულაბერიძე დამიკავშირდა - პროექტში მონაწილეობა შემომთავაზა. მეც მოვიფიქრე და დავთანხმდი.
- პროექტში მონაწილეობისას, შენს პარტნიორებთან (ალესანდრო კარუზო, თედო ბექაური) მუშაობის სპეციფიკაზე გვიამბე: რა სირთულეებს აწყდებოდი?
- ოო, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული (ასაკი, ენა, კულტურა, ფიზიკური მონაცემები...) მეწყვილეები მყავდა. ორივე სეზონი ურთულესი იყო. ჩემთვის პირველ სეზონზე, ჯერ პროექტთან შეგუების ეტაპი მქონდა. მაშინ ასეთი "გახსნილი" არ ვყოფილვარ, ცოტათი უფრო მორცხვი ვიყავი. ყველაზე დიდი პრობლემა ენობრივი ბარიერი იყო: იტალიურის გარდა, ჩემს მეწყვილეს სხვა ენა არ ესმოდა, მე კი 3 ენა ვიცი, თუმცა მათ შორის იტალიური არც ერთია (იცინის). შესაბამისად, ხელებით, ფეხებით და "გუგლი თრანსლეითით" სწავლება ძალიან გამიჭირდა... მეორე სეზონს რაც შეეხება, ურთულესი იყო იმ მხრივ, რომ მეც და თედოსაც უზარმაზარი პასუხისმგებლობა დაგვეკისრა: აბა, ყველაზე მაგრები უნდა იყოთ, ყველაზე საოცარი და განსაკუთრებული ნომერი თქვენი უნდა იყოსო!.. მოკლედ, საზოგადოება ისე გვგულშემატკივრობდა, რომ ხალხისთვის იმედის გაცრუება წარმოუდგენელი იყო! "იმედში" ვათენებდი და ვაღამებდი, რომ ყოველ კვირას რაღაც განსაკუთრებული მომეფიქრებინა. "ლაივების" შემდეგ ნერვიულობისგან ვერ ვიძინებდი: ვფიქრობდი, - აი, ახლა რა ვაცეკვო? ნეტავ, ახლა რა იქნება უფრო მომგებიანი, კრეატიული, შედეგის მომტანი-მეთქი? ძალიან დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა და ყველა ნომერში მართლა მთელი გული და სული ჩავდე.
- როგორც ვიცი, სტუდენტი ხარ. კიდევ რომელ პროფესიას ეუფლები და რატომ?
- ახლა უკვე ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხის დიპლომიც მაქვს - კავკასიის უნივერსიტეტში სწავლა აგვისტოში დავასრულე. მართლა უბედნიერესი დღე იყო!.. რთული გზა გამოვიარე, თუმცა არ ვიწუწუნებ, რადგან საოცარი ადამიანები გავიცანი და საოცარი უნივერსიტეტი დავამთავრე, რითიც ძალიან ვამაყობ!.. მათემატიკა, ტექნიკური საგნები ყოველთვის მიზიდავდა. ბევრი ფიქრის შემდეგ და ასევე, ჩემი უსაყვარლესი მასწავლებლის - ლაშა შაშვიაშვილის რჩევა-დარიგების ნიადაგზე, ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაბარება გადავწყვიტე. მიხარია, რომ იმედები არ გამიცრუვდა - ამ პროფესიის დაუფლებით დიდი სიამოვნება მივიღე.
- სამოდელო საქმიანობას რაც შეეხება, ამჟამად, აქტიური მოდელი ხარ? ამ სფეროში რა მიზნები გაქვს?
- ამჟამად, აქტიური მოდელი ვარ IC Model Management-ში, თუმცა "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობის პერიოდში, რა თქმა უნდა, ვერც ერთ კასტინგზე ვერ გავედი და დროებით შეჩერებული ვიყავი. ახლა მუშაობა უკვე განვაახლე. რამდენიმე ფოტოსესიაც ჩავნიშნე. გადაღებები, ჩვენებები ძალიან მსიამოვნებს, რაც მართლა წარმოუდგენელი მეგონა, თუმცა ამ სფეროთიც ისევე "მოვიწამლე", როგორც ცეკვით. ცეკვის პარალელურად, სამოდელო კარიერას სიამოვნებით ვაგრძელებ.
- შენი მთავარი გულშემატკივარი ვინ არის?
- მთავარი გულშემატკივარი ყოველთვის არის და იქნება ჩემი ოჯახი, ასევე - ჩემი უსაყვარლესი მეგობრები. ძალიან ბევრნი არ არიან, მაგრამ საუკეთესოები არიან!..
- შენი ოჯახი გაგვაცანი...
- ჩემი ოჯახის წევრები არიან მშობლები და ჩემი ძმა. მთელი პროექტის განმავლობაში, გვერდში ისე მედგნენ, ვერ აღგიწერთ, - აბა, რამე დამჭირვებოდა!.. ყოველდღე, ჩემი ძმა მთელი დღის რაციონს მიმზადებდა, შეფუთავდა (იცინის). მოკლედ მშიერს არ მტოვებდა... დედა საუზმეს ყოველ დილით საწოლთან მიტოვებდა (ეს მაშინაც ასე ხდება, როცა პროექტში არ ვმონაწილეობ). მამას ყოველ დილით ვაღვიძებდი, რომ "იმედში" წავეყვანე. ერთხელაც არ დაუწუწუნია... მოკლედ, სახლში ზედმეტად "პრინცესა" ვარ, მაგრამ თან, ძალიან მომწონს და მიხარია, რომ ასეთი მზრუნველი ოჯახი მყავს.
- როგორი ბიჭები იქცევენ შენს ყურადღებას?
- ოო, ძალიან რთული კითხვა დამისვით, მაგრამ ვეცდები გარკვევით გიპასუხოთ: რაღაცნაირად რთულია, რომ ვინმემ ჩემი ყურადღება მიიქციოს. ბევრ დეტალს ვაკვირდები. შეიძლება ვიღაცისთვის გარკვეული დეტალი საერთოდ შეუმჩნეველი და უპრობლემო იყოს, ჩემთვის კი - უმნიშვნელოვანესი. ვგულისხმობ თავაზიანობას, ყურადღებას, ერთგულებას, გულწრფელობას და ა.შ. თითქოს ასეთი თვისებების მქონე ბიჭები არ არსებობენ ან უბრალოდ, მე ვერ ვხედავ, მაგრამ იმედი მაინც მაქვს, რომ "ის ერთი" სადღაც არსებობს (იცინის).
- შენთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება რა არის?
- სხვათა შორის, განსატვირთად რამე კონკრეტული საშუალება არ მაქვს. შეიძლება ძალიან ბანალურად გამომივიდეს, მაგრამ უმნიშვნელოვანესია, როცა ადამიანი სპორტით ხარ დაკავებული, მოწესრიგებული ძილის და კვების რეჟიმი უნდა გქონდეს. ამიტომ, ძირითადად, ჩემთვის განტვირთვა ეს არის. ვერ მოვიტყუები და ვერ ვიტყვი, რომ ჩემთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება მეგობრებთან გართობაა, რადგან რამდენჯერაც მათ სანახავად დაღლილი მივდივარ, სადღაც კუთხეში ჩამეძინება ხოლმე ან მეგობრებს ისე ვეცოდები, რომ თავადვე მთავაზობენ, - მოდი, სახლში წაგიყვანთ, ცოდო ხარო... ჰო, კიდევ, იმასაც გეტყვით, რომ მოგზაურობაზე ვგიჟდები, ისე მიყვარს - ჩემთვის განტვირთვის უსაყვარლესი საშუალებაა!..
- სამომავლო გეგმების შესახებ რას გვეტყვი?
- სამომავლო გეგმებზე არასდროს ვლაპარაკობ. საკუთარ თავზე ყოველთვის ვმუშაობ, შედეგი და განვითარება კი ამ პროცესს ყოველთვის თან სდევს...
ეთო ყორღანაშვილი