საბერძნეთის ლამაზი კუნძულიდან შინ დაბრუნება და სოფელში მეურნეობის გაძღოლა - გზაპრესი

საბერძნეთის ლამაზი კუნძულიდან შინ დაბრუნება და სოფელში მეურნეობის გაძღოლა

"ჩე­მი ცხოვ­რე­ბა ძალ­ზე ცა­რი­ე­ლი იყო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ირ­გ­ვ­ლივ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ტრი­ა­ლებ­და. ვცხოვ­რობ­დი და ვმუ­შა­ობ­დი სა­ოც­რად ლა­მაზ კუნ­ძულ­ზე, რო­მელ­საც სან­დო­რი­ნი ჰქვია. იშ­ვი­ა­თია ასე­თი სი­ლა­მა­ზი­სა და ის­ტო­რი­ის კუნ­ძუ­ლი... მო­ნატ­რე­ბამ მოს­ვე­ნე­ბა და­მა­კარ­გ­ვი­ნა და რო­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა გა­დავ­წყ­ვი­ტე, არა მგო­ნია, იმ მო­მენ­ტ­ში ვინ­მე ჩემ­ზე ბედ­ნი­ე­რი თუ იქ­ნე­ბო­და", - ამ­ბობს ნა­თია ჩი­ბუ­ხაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც თა­ვის რთულ, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო და შთამ­ბეჭ­დავ ცხოვ­რე­ბა­ზე გვი­ამ­ბობს...

- ქალაქ რუსთავში დავიბადე და სოფელ ძალისში გავიზარდე... ჩემს ბავშვობაში ძალიან გვიჭირდა, როგორც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას. ჩვენი ოჯახი მცირე სოფლის მეურნეობას ყოველთვის ეწეოდა. გვყავდა შინაური ფრინველი, ერთი ან ორი ძროხა, ვამუშავებდით ნაკვეთს, სადაც ბაღჩეული მოგვყავდა. მაშინ ბევრად რთული იყო მიწასთან მუშაობა, ახლა კი დამხმარე ტექნიკას აქტიურად ვიყენებ საქმის გაიოლების მიზნით...

- რა პროფესიის ხართ?

- სკოლის დამთავრების შემდეგ უცხო ენების ფაკულტეტზე ჩავაბარე, გერმანულის განხრით. არაჩვეულებრივი ჯგუფელები და კურსელები მყავდა... ლექტორი, ქალბატონი ნანა ძალიან საყვარელი, სამართლიანი და მეგობრული გახლდათ... ჩემი და ალბათ ყველა ადამიანის ცხოვრებაში, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და საინტერესო სტუდენტობის წლებია. დღემდე მაქვს ურთიერთობა მაშინდელ მეგობრებთან, ისინი ჩემთვის ძალიან ძვირფასები არიან და ბევრი გასახსენებელი გვაქვს. ხან 20 თეთრიც არ გვქონდა, სახლში სამარშრუტო ტაქსით რომ წავსულიყავით და ფეხით დავადგებოდით ხოლმე გზას. რამდენჯერ შეგვიგროვებია ფული, რომ ერთი ხაჭაპური მაინც გვეყიდა...

- ოჯახი როდის შექმენით?

- ოჯახის შექმნამ მთელი ჩემი გეგმები თავდაყირა დააყენა... მესამე კურსის სტუდენტი გავთხოვდი. ჩემი მომავალი მეუღლე ძალიან მომწონდა და ვფიქრობდი, რომ მთელი ცხოვრება საყვარელ ადამიანთან ერთად, ბედნიერი ვიქნებოდი... თავიდან ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, მალე დავორსულდი კიდეც. მეოთხე კურსზე ვიყავი, პირველი შვილი - თამთა რომ შემეძინა. ჩვენს სადაქალოში პირველს მე მეყოლა ბავშვი და ყველას ძალიან უყვარდა. პრაქტიკებზე რომ დავდიოდი, პატარას ჩემი მეგობრების დედები იტოვებდნენ: ხან მზია დეიდას ჰყავდა, ხან - ნანი დეიდას. დღემდე მადლობელი ვარ იმ ადამიანების, რომლებიც მეხმარებოდნენ, რომ როგორმე, სწავლა დამესრულებინა და დიპლომი ამეღო... რამდენიმე წლის მერე მე და ჩემს მეუღლეს ურთიერთობაში პრობლემები შეგვექმნა. აზრთა სხვადასხვაობამ, საერთო ინტერესების არქონამ ურთიერთობის კრიზისულ მომენტამდე მიგვიყვანა და ამ ყველაფრის დასრულება გადავწყვიტე...

- საზღვარგარეთ ამიტომ წახვედით?

- დედა ემიგრაციიდან სამშობლოში იყო ჩამოსული და ვთხოვე, დამხმარებოდა, ბავშვები დაეტოვებინა და ჩემთვის საშუალება მოეცა, რომ გარემოს გამოცვლაზე მეზრუნა, საკუთარ თავში გავრკვეულიყავი. ემიგრაციაში გამგზავრება დავგეგმე, რადგან ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოვჩნდი. ბავშვებს ბევრი რამ სჭიდებოდათ, ოჯახშიც პრობლემები გვქონდა და ერთადერთი საუკეთესო გამოსავალი სამშობლოდან ჩემი წასვლა იყო. გამიმართლა იმ მხრივ, რომ საბერძნეთში ძალიან კარგ და მეგობრულ გარემოში მოვხვდი. ჩემზე ზრუნავდნენ და მამხნევებდნენ. პედაგოგი მომაძებნინეს, რომელიც ბერძნული ენის შესწავლაში დამეხმარა. ჩემთვის სასარგებლო იყო იქ წასვლა იმ მხრივაც, რომ განსხვავებულ, სრულიად სხვა გარემოსა და სოციუმში მომიწია ყოფნამ... თუმცა, მაშინ მივხვდი, თუ რა რთულ გზას გადის ყველა ემიგრანტი, ვინც ფულის საშოვნელად მიდის.

- განსაკუთრებით რთული რა იყო?

- ბავშვებთან დამშვიდობება... ეს ჩემთვისაც და ბავშვებისთვისაც რთული იყო, რადგან ჩვენ სულ ერთად ვიყავით, მანამდე ერთი ღამეც კი არ გაუთევიათ ჩემ გარეშე. დედაჩემმა ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ მათ უჩემობა არ ეგრძნოთ, რისთვისაც მადლობელი ვარ... ძალიან რთული იყო შვილების გარეშე ცხოვრება, მაგრამ ვცდილობდი, თავი ხელში ამეყვანა და საქმეზე გადავრთულიყავი... ბედნიერი ვიყავი, როცა ჩემს გამოგზავნილ საჩუქრებს იღებდნენ. შვილებიც ყოველთვის ცდილობდნენ, დედა გაეხარებინათ, ძალიან კარგად სწავლობდნენ და ამით მაბედნიერებდნენ... თამთამ ჩემი ემიგრაციის ყოფნის პერიოდში სიგელი აიღო - "ყველაზე ჭკვიანი მეოთხეკლასელი" გახდა. ძალიან დიდი მოტივაცია და სიხარული გახლდათ ჩემთვის ეს ყველაფერი.

- წამოსვლა როდის გადაწყვიტეთ?

- საბერძნეთში ცხოვრებამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემი, როგორც პიროვნების ჩამოყალიბებაში. ძალიან კარგი სამეგობრო და სანაცნობო წრე მყავდა, ბევრ დადებით ემოციას ვიღებდი. ასევე კარგი, შემოსავლიანი სამსახური მქონდა, მაგრამ ყველაფრის მიტოვება გადავწყვიტე, რის გამოც ახლა გული მწყდება... თუმცა, ყოველთვის ვთვლიდი და დღესაც ვფიქრობ, რომ ჩვენ, დედებს შვილების სიახლოვე, ჩახუტება და მათი გაზრდის პროცესის ყურება ძალიან გვჭირდება. ჩემი ცხოვრება ცარიელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ირგვლივ უამრავი ადამიანი ტრიალებდა, ვცხოვრობდი და ვმუშაობდი საოცრად ლამაზ კუნძულზე, რომელსაც სანდორინი ჰქვია. იშვიათია ასეთი სილამაზის და ისტორიის კუნძული... მონატრებამ მოსვენება დამაკარგვინა და როცა საქართველოში დაბრუნება გადავწყვიტე, არ მეგონა, იმ დროს ჩემზე ბედნიერი ვინმე თუ იყო. ამ ემოციის და სიხარულის გაზიარება მხოლოდ ემიგრანტებს შეუძლიათ... ბედნიერება იყო ბავშვებისთვისაც, შინ რომ დავბრუნდი. წარმოიდგინეთ, ამით ჩემი შვილის მეგობრებიც კი ბედნიერები იყვნენ. ყველა მათგანი ძალიან მიყვარს და მათაც ვუყვარვარ. სკოლაში შვილებს რომ მივყვებოდი, მეზობლის ბავშვებიც გველოდებოდნენ და დიდი ჟივილ-ხივილით გავდიოდით გზას. ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა ბავშვებს უყვარხარ და შენი დანახვა უხარიათ.

ვახსენე, რომ გული მწყდება, მაგრამ თან კმაყოფილი ვარ ჩემი ამ გადაწყვეტილებით. ამაყი გახლავართ, რომ ვზრდი სამ არაჩვეულებრივ ადამიანს: ჭკვიანებს, ლამაზებს, მხიარულებს და რაც მთავარია, თავდაჯერებულებს. ვფიქრობ, როგორც დედა, ჩემს მოვალეობას კარგად ვასრულებ!

422749586-7295175867207470-6217676292331201288-n-1707669897.jpg

- თუ საიდუმლო არ არის, მაშინ საიდან მოვიდა სინანულის გრძნობა?..

- ჩემს ჩამოსვლას პანდემია დაემთხვა, რამაც ჩემი სოფლის საქმეებისადმი უფრო დიდი ინტერესის გაღვივება განაპირობა. გადავწყვიტე, სოფლის მეურნეობის ყველა ის მიმართულება განმევითარებინა, რაც კი გვქონდა. იმ გაზაფხულზევე დავხანი მიწა და დავთესე იონჯა, საქონლისთვის საკვები რომ მქონოდა. ყველა ხბო დავიტოვე, რაც ძროხებმა გააჩინეს. დავრგე ხეები, რომელთა ნერგებშიც საკმაოდ ძვირი გადავიხადე, მაგრამ გამიხმა, რადგან სარწყავი წყალი ნაკვეთამდე ვერ ჩამოვიყვანე. გული კი დამწყდა, მაგრამ ვერაფერი ვუშველე... ასევე, შევიძინე ქათმები.

ამ ეტაპზე "ვაშრობ" ძროხებს, ხბოები რომ გააჩინონ... საერთოდ, თავად ვწველი, ყველსაც ვამზადებ, კარაქსაც და ერბოსაც. თუმცა, ოჯახის სარჩენად ეს საკმარისი ნამდვილად არ არის.

ვნანობ, რადგან რთულია იყო ქალი საქართველოში. ბევრი პრობლემაა, რომელიც მარტო იმიტომ გხვდება, რომ ქალი ხარ. მძიმე საქმეების კეთებაც მიწევს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც არ მიკარგავს ხალისს! სინანულიც წამიერია ხოლმე... ბედნიერი ვარ, რომ მყავს შვილები, მაქვს საშუალება ვაკეთო ის, რაც სიამოვნებას მანიჭებს, ვიზრუნო ცხოველებზე და ჩემს მცენარეებზე; გაზაფხულზე ჰამაკში წამოვწვე, ვუსმინო ბულბულისა და შაშვის გალობას. ეს ყველაფერი ბედნიერებაა, დიდ სულიერ სიმშვიდეს მანიჭებს.

- როგორც ვიცი, ძაღლები, ფისოები გყავთ...

- სამწუხაროდ, პანდემიის პერიოდში ძალიან ბევრი ძაღლი გამოყარეს ქუჩაში. ორი ძაღლი შევიფარე, ძალიან საყვარლები არიან. ერთმა ლეკვები გააჩინა და ძლივს გავაშვილე, მერე კი მათი დედა გავასტერილე. შემეცოდა, შვილები რომ აღარ ეყოლება, მაგრამ ძალიან რთული იქნებოდა ჩემთვის ამდენი ძაღლის მოვლა... ჩემს შვილს, ტყუპისცალ ლალიკოს ძალიან უყვარს ცხოველები და მისი დამსახურებით, ორი დედა ფისო მყავს. ლამაზ და საყვარელ კნუტებს აჩენენ.

- წინ მნიშვნელოვანი გეგმები გაქვთ მეურნეობაში...

- დიახ, მეფუტკრეობაში ვგეგმავ საკუთარი თავის გამოცდას და იმედია, გამომივა. ინტენსიურად გავდივარ ტრენინგებს და მასალას ვეცნობი. ასევე ვგეგმავ როგორც ხორბლის, ასევე ქერის საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე დათესვას. უკვე შევუდექი საშემოდგომო სამზადისს... სხვათა შორის, ემიგრანტებისგან, საფრანგეთიდან მივიღე საჩუქრები - ელექტროხელსაწყოების ნაკრები გამომიგზავნეს და მინდა თქვენი ჟურნალის მეშვეობითაც გადავუხადო მათ მადლობა...

ზამთარში ბევრად რთულია სოფლის საქმეების კეთება, ქარსა და წვიმაში, მით უმეტეს. დილა იწყება 8 საათზე ძროხების მოწველით და მერე მათი მინდორში გადევნით. ასევე ქათმების გამოშვებით, მათი გამოკვებით, შემდეგ ძაღლებიც უნდა დააპურო. ორი დღე მე და ჩემი შვილები ძაღლებისთვის სახლებს ვაგებდით, ზამთარში რომ თავშესაფარი ჰქონოდათ... იმედია, შევძლებ მიზნების მიღწევას და ფეხზე მყარად დადგომას ჩემსავე ქვეყანაში...

მანანა გაბრიჭიძე