"ხან ერთი პოლიტიკური მხარე ცდილობს "მიმისაკუთროს" ან გამლანძღოს, ხან - მეორე" - გზაპრესი

"ხან ერთი პოლიტიკური მხარე ცდილობს "მიმისაკუთროს" ან გამლანძღოს, ხან - მეორე"

სახელი, გვარი: დოდონა ნამორაძე.

ასაკი: 22 წლის.

განათლება: დაამთავრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, აქვს ბაკალავრის ხარისხი ინგლისურენოვან მარკეტინგში.

ამჟამინდელი საქმიანობა: მომღერალი, ბიზნესლედი.

ჰობი: ბადმინტონი. არის ბადმინტონის ჩემპიონი ფილიპინებზე (რეგიონული მასშტაბით). ასევე, საქართველოში "უნივერსიადის" გამარჯვებულია.

ცხოვრების დევიზი: "ყოველთვის მახსოვდეს, რომ ვარ იღბლიანი და ცხოვრება ჩემ მხარესაა".

- წარმოიდგინეთ, რომ არავინ გიცნობთ. საზოგადოებას თქვენს თავს როგორ წარუდგენთ - ვინ ხართ?

- მე ვარ დოდონა. ძალიან გამიმართლა ოჯახსა და მეგობრებში. ამის გამო, ცხოვრებაში ისეთი გზები გავიარე, რომ მუსიკამდე მივედი და ახლა ვმღერი (იღიმის).

- პოპულარობის განცდა პირველად როდის დაგეუფლათ?

- სულ რამდენიმე კვირის წინ. მანამდე ვიცოდი, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიცნობდა. ამას ათენში მივხვდი: საბერძნეთის "ვოისში" მონაწილეობის პერიოდში, ომონიაზე გავიარე, სადაც ბევრი ქართველია. იქ აბსოლუტურად ყველა მიცნობდა, თუმცა ჩემი პოპულარობა ისეთი მასშტაბური არ ყოფილა, როგორიც - რამდენიმე კვირის წინ.

- პოპულარობის მასშტაბის გაზრდა რამ განაპირობა?

- ჩემი აზრით - "იუმორინაზე" ჩემმა გამოსვლამ.

- როგორ მოხვდით "იუმორინაში", სადაც ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი უნივერსალური მომღერლის როლში იყავით, რომელსაც "ქუჩის მუსიკოსების" მომავალ წევრად განიხილავდნენ?

- სხვათა შორის, მათთვის ნათქვამი მქონდა, რომ დაახლოებით 3 წელი მეც ქუჩის მუსიკოსი ვიყავი. ასე დაემთხვა (იღიმის)... "იუმორინაში" მოხვედრას რაც შეეხება, საბერძნეთში, ათენის ემიგრანტთა ცენტრის - "კავკასია" - დამფუძნებელმა ავთანდილ მიქაბერიძემ (რომელიც ათენში ჩემი კონცერტების ორგანიზატორიც გახლავთ) გია ბაღაშვილი ათენში დაპატიჟა. მითხრა, - შენც ჩამოდიო. ბატონი გიას საღამო იმართებოდა. 1 კვირით გავემგზავრე... ერთ დღესაც, ბატონი ავთოს ავტომობილში ვისხედით, როცა უცებ, 5 წუთში, "იუმორინასთვის" ჩემი სასცენო ნომრის მონახაზი შევქმენით. მანამდე "იუმორინაში" ჩემი ნომერი მოფიქრებული არ გვქონდა - მხოლოდ ის ვიცოდი, რომ კონცერტზე თუნდაც ერთი სიმღერით უნდა გავსულიყავი...

- წარმატების მიღწევაში ხასიათის რომელი თვისება გეხმარებათ?

- ალბათ, სიჯიუტე (იღიმის). ბავშვობიდან ძალიან ჯიუტი ვარ. სიტყვა "დანებება" არ მიყვარს. ბევრი მცდელობიდან სასურველი შედეგი ვერ მივიღე, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან სიჯიუტე ჩემთვისაც და სხვებისთვისაც ცუდია ხოლმე, ბევრ რამეში მადგება კიდეც: არ დავნებდი და ყველაფერი ვცადე, რომ თავი წარმომეჩინა და ხალხისთვის ცნობილი ადამიანი ვყოფილიყავი. ამერიკაშიც ზუსტად ამის გამო არ წავედი, სადაც ახლა ჩემი მშობლები და ძმა არიან. ისინი წელიწად-ნახევრის წინ გაემგზავრნენ. შესაძლებლობა მქონდა, მეც წავსულიყავი, მათთან მეცხოვრა და ალბათ, ბევრი რამისთვის მიმეღწია, მაგრამ გადავწყვიტე, საქართველოში დავრჩენილიყავი და აქ გამეკეთებინა იგივე...

- ამჟამად მარტო ცხოვრობთ?

- მე და ჩემი დაქალი ერთად ვცხოვრობთ.

- მშობლებისგან დამოუკიდებლად ცხოვრება როგორია?

- ჯერ მე და ჩემი ძმა ვცხოვრობდით ერთად, მშობლები კი - ცალკე, სხვა სახლში, დაახლოებით 1 წელი ასე ვიყავით. მანამდე, რა თქმა უნდა, ყველანი ერთად ვცხოვრობდით... დამოუკიდებლად ცხოვრება ძალიან მიყვარს, ჩემთვის ეს უმნიშვნელოვანესია... დაქალთან ცხოვრებას რაც შეეხება, ძალიან გამიმართლა, რადგან სახლის საქმეების კეთება არაფრით შემიძლია: რის გაკეთებასაც სხვა ნახევარ საათს ანდომებს, შეიძლება თავად 5 საათშიც ვერ გავაკეთო. თან, მძულს (იცინის). სიმღერის გარდა, ბიზნესსაც ვმართავ. სახლის საქმეებს დროს თითქმის ვერ ვუთმობ. ამიტომ დაქალთან ასეთი შეთანხმება მაქვს: თითქმის ყოველდღე სხვადასხვა ჯანსაღ კერძს ვამზადებ, სახლს კი დაქალი ალაგებს. მეც ვეხმარები ხოლმე, ოღონდ - სულიერად (იღიმის).

- კვირის განმავლობაში, მხოლოდ ერთი კერძის ჭამის უფლება რომ გქონდეთ, რომელს აირჩევდით?

- შქმერულს, ოღონდ - თონის პურით. ამ შეკითხვაზე სწრაფად იმიტომ გიპასუხეთ, რომ ერთხელ ზუსტად ასე დამემართა: სამსახურში საჭმელს ვუკვეთდი. შემდეგ გავაცნობიერე, რომ კვირის განმავლობაში, ყოველდღე შქმერულს ვჭამდი (იცინის)...

- თქვენთვის კომფორტის ზონა რა არის?

- დამღლელი დღის შემდეგ, მეგობრებთან, საყვარელ ადამიანებთან ერთად მყუდრო გარემოში ყოფნა და უბრალოდ, უაზრო თემებზე საუბარი...

- ადამიანებს რა ნიშნით აფასებთ?

- უპირველეს ყოვლისა, ერთგულებით, ოღონდ - გამოცდას თავად ვერ მოვუწყობ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას ცხოვრება თავისთავად გამოცდის. ახლობელი, ვის შესახებაც შემიძლია ვთქვა, რომ დაქალი ან ძმაკაცია, ბევრი არ მყავს: სამეგობროში ოთხნი ვართ. ერთ-ერთ მათგანთან ერთად ვცხოვრობ. კიდევ 1 საოცარი დაქალი და 1 ძმაკაცი მყავს. ჩვენს სამეგობროს "მადაგასკარს" ვუწოდებთ. თავად ლომი ალიკა ვარ და გლორიასთან ერთად ვცხოვრობ (იცინის)...

- დღე-ღამეში რამდენი საათი გძინავთ?

- ზუსტად 8 საათი, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ დღეს ფუნქცია დაკარგული მაქვს. მაღვიძარას ზუსტად ისეთ დროს ვაყენებ, რომ 8 საათი მეძინოს.

- რომელი ზებუნებრივი ძალის ფლობას ისურვებდით?

- ამაზე ბევრი მიფიქრია: ერთია ფრენის უნარი, მაგრამ ვფიქრობ, გარკვეული პერიოდის შემდეგ მომწყინდება... ალბათ, უჩინმაჩინობას ვისურვებ.

- ამ უნარს რაში გამოიყენებდით?

- ბოროტი ადამიანი რომ ვიყო, ვიტყოდი, ბანკში ჩუმად შევიდოდი-მეთქი, მაგრამ ასეთი არ ვარ... არა, გადავიფიქრე, ეს უნარი აღარ მომწონს, რადგან ბანკს ვერ გავძარცვავ (იცინის). ალბათ, სხვისი აზრების წაკითხვის უნარს ვისურვებ. ეს ყველაზე მაგარია!

- ამ უნარის ბოროტად გამოყენებაც შეიძლება...

- ალბათ, ბოროტად არ გამოვიყენებდი... მაგალითად, ჩემი შეყვარებულის ტელეფონის პაროლები ვიცი, თუმცა მისი პირადი მესიჯების წაკითხვის სურვილი არასოდეს გამჩენია - ადამიანის პირად სივრცეს პატივს ვცემ, თუმცა ბიზნესმოლაპარაკების დროს, სხვისი აზრების წაკითხვის უნარს სიამოვნებით გამოვიყენებდი, რომ საქმიანი მოლაპარაკება ჩემთვის სასურველი შედეგით დასრულდეს.

- ცხოვრების მთავარ მიღწევად რას მიიჩნევთ?

- ალბათ, საბერძნეთის "ვოისში" მეორე ადგილზე გასვლას. "იუმორინაში" მონაწილეობაც მიღწევად მიმაჩნია, მაგრამ "ვოისი" მაინც სხვა მასშტაბის იყო - სხვადასხვა კონკურსზე გულდაწყვეტის შემდეგ, წარმატებას სხვა ქვეყანაში მივაღწიე.

- საქართველოში ჩატარებულ კონკურსებზე გულისწყვეტას გულისხმობთ?

- კი. "იქს-ფაქტორში" გამარჯვებაზე ლაპარაკიც არ ყოფილა, ვაღიარებ, რადგან მცირე ასაკის გახლდით... "ნიჭიერს" რაც შეეხება, იქ უკვე მომდევნო ტურში გადასვლა მაყურებელთა ხმების რაოდენობაზე იყო დამოკიდებული. ვერ გადავედი - ამაში ვერავის დავადანაშაულებ, მაგრამ მაინც ვფიქრობ, ისეთი რესურსები მქონდა, რომ ჩემ მიმართ რაღაც დაინტერესება მაინც ყოფილიყო... საბერძნეთში რომ გავემგზავრე, იქ სიტუაცია ცოტათი სხვაგვარად წარიმართა და მივხვდი, ეს ის წარმატება იყო, რომლის მიღწევაც საქართველოში მინდოდა (იღიმის).

- რომელიმე პოლიტიკური პარტიის სარეკლამო კლიპში მონაწილეობას თუ მიიღებდით?

- არასოდეს! პოლიტიკას ბოლომდე ვემიჯნები. ამასთან დაკავშირებით ჩემი აზრი მაქვს, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, თავს არავის მოვახვიო. სხვადასხვა გადაცემაში, თითქმის ყველა ტელეარხზე ვარ ნამყოფი. ყოველ ჯერზე, როგორც კი რომელიმე არხზე გამოვჩნდები, მეკითხებიან, - ამ არხზე რატომ გამოდიხარ? ამა და ამ პარტიის მხარდამჭერი ხარო? ხან ერთი პოლიტიკური მხარე ცდილობს "მიმისაკუთროს" ან გამლანძღოს, ხან - მეორე. თავდაპირველად მწყინდა, - მე ხომ თქვენთვის ვმღერი, თქვენ მიყვარხართ, ასე რატომ მექცევით-მეთქი?! ახლა ამაზე აღარ ვნერვიულობ, რადგან საქართველოში, ყველა საკითხთან დაკავშირებით მსგავსი სიტუაციაა... საბერძნეთის "ვოისში" მონაწილეობისას გადავწყვიტე, პოლიტიკასთან დაკავშირებით, საჯაროდ არაფერი ვთქვა ან დავწერო, რადგან იქ აბსოლუტურად სხვადასხვა აზრის, პარტიის წარმომადგენლები მიყურებდნენ. უფლება არ მაქვს, იმ ხალხს ჭკუის სწავლება დავუწყო. ამიტომ არც რომელიმე პოლიტიკური პარტიის სარეკლამო რგოლში მივიღებ მონაწილეობას. თუ ოდესმე ეს ნაბიჯი მაინც გადავდგი, შეგიძლიათ ჩემი ეს სიტყვები ძალიან მწარედ გამახსენოთ.

- ინტერნეტს რამდენ დროს უთმობთ?

- ძალიან ბევრს, განსაკუთრებით - ახლა, როცა "ფეისბუკზე" უკვე ჩემი ოფიციალური გვერდი გავაკეთე. ტელეფონი სულ თან მაქვს. ჩემს "ფეიჯზე" ყველა კომენტარს ვკითხულობ. ყოფილა შემთხვევა, დღეში 800 კომენტარი წამიკითხავს. მაქსიმალურად ვცდილობ, ყველას ვუპასუხო. მხოლოდ შეურაცხმყოფელ კომენტარებს ვშლი, ჯანსაღი კრიტიკა კი პირიქით - მახარებს... 2-თვე-ნახევარში, ჩემს გვერდს უკვე 21 ათასი გამომწერი ჰყავს. ამიტომ უბედნიერესი ვარ! მეგობრებს დავპირდი - 100 ათასი გამომწერი რომ მეყოლება, ძალიან მაგარ ადგილას წაგიყვანთ-მეთქი (იცინის)!..

dsc-0691-1707670262.jpg

- დღის განმავლობაში, ყველაზე ხშირად ვის ესაუბრებით?

- რა თქმა უნდა, შეყვარებულს. შეგვიძლია ნებისმიერ თემაზე ძალიან ბევრი ვილაპარაკოთ...

- ცხოვრებაში თქვენს ქმედებებს რა მთავარი ფასეულობა განსაზღვრავს?

- გულწრფელობა. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, რომ რეალური, ნამდვილი ვიყო. "პლუს ფონოგრამაზე" არასოდეს მიმღერია. ჩემი ენერგია, რასაც მაყურებელი გრძნობს, ნამდვილი უნდა იყოს. საერთოდ, ყველაფერში ვცდილობ, გულწრფელი ვიყო: ჩემი ხმამაღალი სიცილიც ნამდვილია... მსურს, სულ ასეთი ვიყო და არ შემცვალოს თუნდაც, ძალიან დიდმა პოპულარობამ... სხვათა შორის, მარტივად ვხვდები, ადამიანი გულწრფელია თუ ყალბი. თუკი ადამიანისგან სიყალბე ვიგრძენი, მასთან ახლო ურთიერთობა მიჭირს. მიხარია, რომ ჩემს ახლობლებს შორის ყალბი არავინაა...

პ.ს. ფოტოები გადაღებულია გადაცემისთვის "გვაჩვენე შენი ხმა".

ეთო ყორღანაშვილი