გიორგი ძოწენიძის შოკის მომგვრელი ამბავი და უცნაური კომპლიმენტები - გზაპრესი

გიორგი ძოწენიძის შოკის მომგვრელი ამბავი და უცნაური კომპლიმენტები

"სანამ ცოლს მოვიყვანდი, მშობლები ამბობდნენ, ამას ვინ გაუძლებსო? მიაჩნდათ, რომ რთული ხასიათი მქონდა, მაგრამ მოვიყვანე ცოლი და აღმოჩნდა, რომ მშობლებს მცდარი წარმოდგენა ჰქონიათ", - ამბობს მომღერალი გიორგი ძოწენიძე. ვინ აყენებს ყოველთვის კარგ ხასიათზე, რა თვისებებს ებრძვის საკუთარ თავში, რა ისწავლა შეცდომებზე და რა აკვირვებს ყველაზე მეტად? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1991 წლის 1-ლი სექტემბერი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მოცეკვავე და ფეხბურთელი (იცინის), მაშინ სიმღერაზე არ ვფიქრობდი. ფეხბურთზეც დავდიოდი და ცეკვაზეც. ცეკვიდან გასტროლზე რომ ვიყავი, ჩვენთან ერთად სიმღერის ჯგუფიც იმყოფებოდა და მათმა პედაგოგმა აღმოაჩინა ჩემში სიმღერის ნიჭი. მთხოვა, გაკვეთილებზე სიარული დამეწყო. ისე მოხდა, რომ ზუსტად იმ დროს ტრავმა მივიღე და ფეხბურთიდან სიმღერაზე გადავერთე. სხვათა შორის, ჩემი პირველი კონცერტი ბაღში იყო, 4 წლის ვიყავი, დუეტში ერთ გოგონასთან რომ ვიმღერე.

- ჩემზე ამბობენ...

- ...სანამ ცოლს მოვიყვანდი, მშობლები ამბობდნენ, ამას ვინ გაუძლებსო? მიაჩნდათ, რომ რთული ხასიათი მქონდა, მაგრამ მოვიყვანე ცოლი და აღმოჩნდა, მშობლებს მცდარი წარმოდგენა ჰქონიათ. შეგიძლია, ეს ჩემს მეუღლესთან გადაამოწმო (იცინის). მეგობრები უმეტეს შემთხვევაში, ხაზს ჩემს ნიჭიერებას უსვამენ.

- "ურსას" ბიჭები რას ამბობენ?

- ადრე ხშირად ვიგვიანებდი და სულ ამის გამო მსაყვედურობდნენ. რაც წლები მომემატა, პასუხისმგებლობის გრძნობა მეტად განმივითარდა, უკვე აღარ ვიგვიანებ და ცუდსაც ვეღარაფერს ამბობენ.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...დიდი სიამოვნებით გავივლიდი იმ გზას, რომელიც გავიარე.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...2016 წელს "X ფაქტორის" ფინალში ავთო აბესლამიძესთან ერთად "გელინო" ვიმღერეთ, მეორე დღეს რუსთაველზე მოვდიოდი, ჩემკენ ერთი ადამიანი გამოიქცა, სრულიად უცნობი და მითხრა, ძალიან მაგარი ხარო! ეს ჩემთვის შოკის მომგვრელი ამბავი იყო. ზუსტად 3 წამის შემდეგ, მეორე ადამიანი მოვიდა, - აღფრთოვანებული ვარო. გავიფიქრე, ჩემს თავს რა ხდება-მეთქი? საოცარი განცდა იყო.

- ბოლო დღეებში საზოგადოებამ აიტაცა თქვენ მიერ შესრულებული "მინდა ფრთები გავშალო", ინტერნეტსივრცეში ძალიან ბევრი აზიარებს, ეს რა განცდაა?

- ძალიან სასიამოვნოა, მიუხედავად იმისა, რომ ეს პირველი შესრულება არ იყო. ნინო ბაშარულის შექმნილი სიმღერაა, მისამღერის ავტორი მისი მეუღლე გახლავთ. ძალიან მალე მსმენელი ამ სიმღერის ახლებურ ვერსიას მოისმენს. ტექსტი ირმა ჯანანაშვილმა დაგვიწერა. 14 თებერვალს პრემიერა გვექნება.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს მშობლები, ოჯახი, მეგობრები, უსაყვარლესი და უძვირფასესი ჯგუფი "ურსა".

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ...ხმა. მგონია, განსხვავებული ხმა მაქვს, ნებისმიერ მომღერალს ინდივიდუალიზმი უნდა ჰქონდეს.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...არ გავჩერდე, მიღწეულით არ დავკმაყოფილდე, არ დავტკბე და სულ წინსვლაზე ვიფიქრო.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...პრინციპული ვარ. შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში ეს ხელსაც მიშლიდეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ საჭირო თვისებაა.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...რაღაც კარგი იდეა რომ მომივა, ჩემს ფიქრებში მივყვები, ვავითარებ, ვავითარებ, მწვერვალზე ამყავს და მერე ინტერესი მინელდება. ეს საშინელი თვისებაა, ძალიან ვებრძვი. ბოლო დროს ვცდილობ, კარგი იდეა თუ მომივა, პირდაპირ განხორციელება დავიწყო და მის მხოლოდ გონებაში განვითარებას შევეშვა.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ბევრი რამ და მიუხედავად ამისა, ცხოვრებაში მაინც ბევრ შეცდომას ვუშვებ. ვისწავლე, რომ ყველა ადამიანი უნდა გავითვალისწინო, სანამ ნაბიჯს გადავდგამ; როგორი აჟიტირებულიც უნდა ვიყო, კარგად ავწონ-დავწონო და გადაწყვეტილება ყოველთვის ცივი გონებით მივიღო.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ამ პატიებით უფრო მნიშვნელოვან საკითხებს წავადგები. შეიძლება კონკრეტული მომენტი ჩემთვის დამაზიანებელი და საწყენი იყოს, მაგრამ საერთო ჯამში, ამ წყენით უფრო დიდ საქმეს თუ გავაფუჭებ, მირჩევნია, ვაპატიო და იმ დიდ საქმეს ხელი არ შეეშალოს.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...მაქვს შეგრძნება, რომ მომავალი იქნება ძალიან პოზიტიური, ჩემს მეუღლესთან, შვილებთან და რა თქმა უნდა, ჩემს წარმატებულ მუსიკალურ კარიერასთან ერთად. დიდ წარმატებას ძალიან დიდი შრომის ფასად, აუცილებლად მივაღწევ.

- ვიბნევი...

- ...როცა უჩვეულო კომპლიმენტს მეუბნებიან.

- უჩვეულო კომპლიმენტებიდან რა გახსენდება?

- სოციალურ ქსელში ასეთი კომენტარი დამიწერეს: "ვაიმე, ჩემი ფუმფულატო ბიჭი. შენ - არა, მარცხნივ რომ ზის, ის". ერთმა მომწერა "ჩემო ღიპუცა", ახალი წელი ახალი ჩავლილი იყო (იცინის).

- ვნანობ...

- ...იმას, რომ წლებია მუსიკალური სკოლის გაკეთება მინდა და თავი ვერ მოვაბი. უაზრო მიზეზების გამო, ეს ნაბიჯი ვერ გადავდგი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, წელს ამ საკითხის მოგვარებას შევძლებ. ყოველთვის ვცდილობ, ცხოვრებაში შანსები არ "გავმაზო".

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...ჩემს ოჯახთან ერთად, სადმე დასასვენებლად. დღის დატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე, სულ მათთან ურთიერთობის დეფიციტს განვიცდი.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა...

- ...ადვილი არ არის, უდიდესი მოთმინების ფიალა მაქვს. შეიძლება ღირსების შემლახავ მოპყრობაზე, კონტროლი საკუთარ თავზე დავკარგო, თუმცა ამ დროსაც ვეცდები, სიმშვიდე შევინარჩუნო.

- სიყვარული ეს...

- ...არის ურთიერთპატივისცემა, თანადგომა, პასუხისმგებლობა...

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...ბაღელი გოგო მიყვარდა და დიდი ალბათობით, თმასაც ვწიწკნიდი, კარგად კი არ მახსოვს.

416118650-10219233153178034-3014246112613895199-n-copy-1707670451.jpg

- ოჯახზე მიამბე.

- ...ჩემი და მიას ურთიერთობა პანდემიის დროს დაიწყო. მია ძალიან ლამაზია. გარშემო ბევრი ლამაზი გოგოა, მგონია, რომ ამ ბოლო დროს, ერი ძალიან გალამაზდა. მია, გარდა იმისა, რომ ძალიან ლამაზია, ძალიან უბრალოცაა - აი, ეს სინთეზი იშვიათია, ამით ყველაზე მეტად მომხიბლა. ჩვენი ურთიერთობა მარტივად აეწყო. პანდემიამაც ხელი შეგვიწყო, ერთმანეთისთვის დრო სულ გვქონდა, მალე დავქორწინდით.

- მაკვირვებს...

- ...ბევრი რამ. მია ანიტაზე ორსულად რომ იყო, ბუნებრივია, მასთან ერთად დავდიოდი კონსულტაციებზე და გაკვირვებული ვიყავი, როგორ ხდება ადამიანად ჩამოყალიბება, ეს რა საოცარი პროცესია, რა სასწაულია. ამაზე მანამდე არასდროს მიფიქრია. ყველას ვუსურვებ, ეს ბედნიერება განიცადოს.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...ანიტას აქვს ამის შესაძლებლობა.

- ანიტას დაბადებას დაესწარი?

- რა თქმა უნდა, რომ იტირა, ვუთხარი, - მამა, ნუ ტირი-მეთქი. მართლა ასე ვუთხარი (იცინის), მაგრამ რატომ, არ ვიცი.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ხშირად განვითარებისთვის საჭიროა მყარი ნაბიჯები გადგა, ვიცი, ეს რამდენად მნიშვნელოვანია, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ამ ნაბიჯებს ვერ ვდგამ. ამ მიმართულებით საკუთარ თავზე სულ ვმუშაობ. ჩემი ცუდი თვისებაა ისიც, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მიჭირს.

- ვრისკავ...

- ...იშვიათად, ძალიან ფრთხილი ადამიანი ვარ. იმ საქმეში, რომელშიც ვფიქრობ, კომპეტენტური ვარ, უფრო მიადვილდება. მუსიკის "გაკეთების" დროს ბევრ რისკზე წასვლა და სულ ბეწვის ხიდზე სიარული გვიწევს. ქართულ ფოლკლორთან შეხება უდიდეს პასუხისმგებლობას და ყურადღებას მოითხოვს.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...უხერხულობის შეგრძნება მაქვს. შექება არ მაფერხებს, მაგრამ არ მინდა, ტკბობაში შევიდე. ამაზე დიდხანს თუ ვიფიქრე, მერე ვეღარაფერს გავაკეთებ. საკუთარ შექებას ბევრად მირჩევნია, "ურსას" ქება მესმოდეს, ამ დროს დიდ უხერხულობას არ ვგრძნობ.

- მეშინია...

- ...ახლობლების ავადმყოფობის და სულ ვნატრობ, ყველა კარგად და ჯანმრთელად მყავდეს.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...უარის თქმა. ეს ძალიან ცუდია. მია რომ არ მყავდეს, არ ვიცი, რა მეშველებოდა. ყველას ყველაფერზე თავს ვუქნევ, როცა უარის თქმა მინდა, ჩემს ცოლთან ვამისამართებ.

- როცა მარტო ვარ...

- ...ადრე "ფლეისთეიშენს ვთამაშობდი", რომელიც ჩემმა მეუღლემ სხვა სახლში წაიღო. ახლა გიტარაზე ვუკრავ. მინდა, კარგად ვისწავლო.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...აუცილებლად გავაკეთებდი ძალიან კარგ სტუდიას, კარგ სკოლას, როგორც თბილისში, ასევე - რეგიონებში. ზუსტად ვიცი, მექნებოდა საქველმოქმედო ფონდი. სხვა ადამიანებზე ზრუნვა სასიამოვნოა. იმედი მაქვს, ოდესმე დიდი ფული მექნება და ამ ყველაფერს შევძლებ. მთავარი ხომ მონდომებაა.

ursa-copy-1707670441.jpg

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...შვილთან ურთიერთობა და ინსტრუმენტზე დაკვრა "წამალია". პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და საქმეზე გადართვა, ამ დროს ადამიანს ყველაზე მეტად შველის.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ერთხელ მაღაზიაში სრულიად უცნობმა ადამიანმა მითხრა, როცა რაღაც გიყვარს და გულით გინდა, ყველაფერი უნდა გადადო და მიზანს მაინც მიაღწიოო. ნასვამი იყო, რაღაცნაირი განსხვავებული ადამიანი ჩანდა, მაგ დროს რაღაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაზე ვჭოჭმანობდი და მისი ნათქვამი ძალიან დამეხმარა.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...გვიყვარდეს ერთმანეთი, დავაფასოთ, არ შეგვშურდეს, პატივი ვცეთ ერთმანეთის საქმიანობას. ისედაც ცოტანი ვართ და გთხოვთ, ერთმანეთს მოვუფრთხილდეთ!

თამუნა კვინიკაძე