ქეთა ორბელაძის პროფესიული არჩევანი, დაფარული და გაცხადებული ემოციები - გზაპრესი

ქეთა ორბელაძის პროფესიული არჩევანი, დაფარული და გაცხადებული ემოციები

"მას არ უყვარს საკუთარი განცდების გამომზეურება. მოუსვენარი და აქტიურია. ხშირად უკიდურესი სიჯიუტე ახასიათებს, ზოგჯერ ცინიკოსია. თამამად ილაშქრებს ყოველგვარი უსამართლობის წინააღმდეგ. უჭირს შეცდომების აღიარება. უყვარს საიდუმლოებების შენახვა. ზოგჯერ უსაფუძვლო შიშები აწუხებს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ძაღლის წელში დაბადებულ კირჩხიბს, ეს კი ქეთა ორბელაძის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგიის მიმართ ინტერესი მაქვს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამ სფეროში ღრმად ჩახედული ვარ. ხშირია შემთხვევა, როდესაც ნიშნის დახასიათება ჩემს ხასიათს ემთხვევა და პროგნოზიც მართლდება.

- დღის რა მონაკვეთში ხარ დაბადებული? ასტროლოგები თვლიან, რომ დღის საათებში დაბადებულ ადამიანებს, ღამე დაბადებულებთან შედარებით, მშვიდი ცხოვრება აქვთ.

- გამთენიისას ვარ დაბადებული. შეიძლება ითქვას, რომ ასეა, პიროვნულადაც ძალიან მშვიდი ვარ.

- "საზოგადოების ნდობას მარტივად იმსახურებს".

- არაერთხელ უთქვამთ, რომ მენდობიან, იმედს არავის ვუცრუებ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთგული ვარ.

- "მოუსვენარი და აქტიურია".

- ბავშვობაში უფრო მეტად მოუსვენარი ვიყავი, ვიდრე - დღეს. რაც შეეხება აქტიურობას, ამ ნაწილში ასტროლოგებს ბოლომდე ვეთანხმები.

- "ხშირად უკიდურესი სიჯიუტე ახასიათებს".

- ვფიქრობ, სიტყვა "უკიდურესი" გადამეტებულია, ჯიუტი ნამდვილად ვარ. განსაკუთრებით იქ, სადაც საჭიროა.

- საჭირო? ეს ხომ ძალიან სუბიექტურია და ყველა ჩვენებურად ვსაზღვრავთ.

- მართალია, ზოგჯერ ამას ისინი უფრო ხვდებიან, ვისაც ვეჯიუტებით, ჩვენ კი საკუთარი თავი სულ მართალი გვგონია. ყველაფერს ჩვენი გადმოსახედიდან ვსაზღვრავთ. მე ჩემი პრინციპები მაქვს, რომელსაც მივყვები.

- "თამამად ილაშქრებს ყოველგვარი უსამართლობის წინააღმდეგ".

- ეს მთავარი თვისებაა ჩემს ხასიათში, თითქმის ყველაფერში გეთანხმები (იცინის), ჩემი ზოდიაქო ძალიან მიყვარს.

- უსამართლობის წინააღმდეგ გალაშქრებას, შესაძლოა, უსიამოვნებაც მოჰყვეს, ამას არასდროს ერიდები?

- არა. ადამიანის შეურაცხყოფაზე თვალის დახუჭვა არ შემიძლია. რაც შეეხება მორიდებას, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, იმ ადამიანთან ლაპარაკის აზრს თუ ვერ დავინახავ. ზოგჯერ შეკითხვის დასმას, - "ასე რატომ იქცევი?" აზრი არ აქვს. შეიძლება ვერც იმ ადამიანმა შეიგნოს საკუთარი საქციელი და მეც ზედმეტი მომივიდეს, ამ დროს ვჩერდები.

- "უჭირს შეცდომების აღიარება".

- ასე არ არის. როცა ვხვდები, შემეშალა, ამას ყოველთვის ვაღიარებ, არც ბოდიშის მოხდის მრცხვენია. ზოგჯერ ასეც ხდება, შეიძლება სხვასთან არ ვაღიარო, რომ სწორად არ მოვიქეცი, მაგრამ საკუთარ თავთან ამას ყველა ვარიანტში ვაღიარებ.

- "მას უყვარს საიდუმლოებების შენახვა".

- თან ისე შენახვა, რომ ზოგჯერ საკუთარ თავთანაც არ ვამხელ. გარშემო ბევრი კირჩხიბი მყავს და ვიცი, ეს ჩვენი თვისებაა.

- ქეთა, პერიოდულად მაინც თუ გაქვს განცდა, რომ ადამიანებს შენი ნაკლებად ესმით?

- არც ოჯახში და არც სამეგობრო წრეში, არ მაქვს ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, ჩემი ემოციების გამოხატვა ვერ შევძლო და სწორად ვერგაგების ალბათობა არსებობდეს. თანაგრძნობა, რომელიც ადამიანებისგან მაქვს, შეიძლება ზედმეტიც (კარგი გაგებით) კი იყოს.

- სარკაზმი გჩვევია?

- (იცინის) უცხო ადამიანებთან სარკაზმი უზრდელობა მგონია. სამეგობროში როცა "ვღადაობთ", მჩვევია.

- შრომისმოყვარე ხარ?

- ვარ, მაგრამ არა გადაჭარბებულად. მიზანს თუ დავისახავ, ყველანაირად ვეცდები, იმ მიზნამდე მივიდე. როცა ვინმე რამეს დამავალებს და ის რაღაც ჩემს ინტერესებში არ შედის, შეიძლება ამ დროს საქმეს თავი არ შევაკლა, არ დავისტრესო.

- "თითქმის არასდროს აქვს პრობლემა ფულის შოვნასთან დაკავშირებით".

- ბავშვობიდან მაქვს ჩემი შემოსავალი, დაახლოებით 5-6 წლიდან.

- "მისი სულიერი მდგომარეობა მთვარის ფაზებზეა დამოკიდებული, რის მიხედვითაც ხასიათი ხშირად ეცვლება".

- მართალია. ძალიან მგრძნობიარე და ემოციური ვარ, ყველაფერი გულთან მიმაქვს. ზოგჯერ უმნიშვნელო ამბავსაც კი იმდენად განვიცდი, რომ საკუთარი თავით ვიღლები.

- "ის ხშირად მელანქოლიის ტყვეობაშია".

- ასეც ხდება. როცა ბევრი საქმე მაქვს, საამისოდ დრო არ მრჩება. როცა საკუთარ თავთან მარტო ვრჩები, საქმე არაფერი მაქვს და უბრალოდ, ტელეფონში ვსქროლავ, ამ დროს შეიძლება შემომიტიოს მელანქოლიამ.

- "მას არ უყვარს საკუთარი განცდების გამომზეურება".

- ასეა, არ მინდა ადამიანებს ჩემი განცდები თავს მოვახვიო. ვფიქრობ, თავად გავუმკლავდები, სხვას არ შევაწუხებ.

- როდესაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებ, ინტუიციაზე დაყრდნობით უფრო მოქმედებ თუ გონებით?

- გული რას მეუბნება, მაგას ყოველთვის ყურადღებას ვაქცევ, ჩემს შემთხვევაში, ეს მიდგომა ამართლებს.

- "თუ ტკბილად მოეპყრობი, მისი მართვა ადვილია, რამეს თუ აიძულებ, ადგილიდან არ დაიძვრება".

- თუ რაც მინდა, იმას არ ვაკეთებ, ამ შემთხვევაში დაძალებას აზრი არ აქვს. თხოვნით შეიძლება უფრო გავაკეთო; იმასაც გააჩნია, ვინ მთხოვს. ჩემთვის მშობლების აზრი მნიშვნელოვანია.

- "ძალიან მოსიყვარულე ნიშანია. თუ ვინმეს შეიყვარებს, სამუდამოდ, მაგრამ შეუძლია, სასტიკი მტერიც იყოს".

- ადამიანი, რომელიც გიყვარდა, არა მგონია, მტრად აღიქვა ან პირიქით. უბრალოდ ურთიერთობა წყდება და სულ ესაა.

- "შურისძიებაზე ისე მალულად მიდის, ხშირად ამას ვერავინ ხვდება".

- ასე ვერ ვიტყოდი. ადამიანისგან გული დამწყვეტია, ძალიან მტკენია და ეს გამომიხატავს, მაგრამ შურისძიების სურვილი არასდროს გამჩენია.

80363d718d87430ce92102eb98e244c1-copy-1707670801.jpg

- ნივთების თუ ადამიანების ამოჩემება იცი?

- ერთი ფუმფულა სათამაშო მაქვს, 4 წელია მის გარეშე ვერ ვიძინებ, მართლა ყველგან დამაქვს. მაგალითად, ოჯახი ზაფხულობით ზღვაზე ვისვენებთ, შემდეგ - ზესტაფონში და ჩემი ფუმფულაც მუდამ ჩემთან არის.

- "მას ზოგჯერ უსაფუძვლო შიშები აწუხებს".

- ახლა აბიტურიენტი ვარ, გამოცდებისთვის ვემზადები და სულ ვფიქრობ, როგორ წარმოვაჩენ საკუთარ შესაძლებლობებს, როგორ ჩაივლის გამოცდები. მგონი, ამ ეტაპზე ეს ღელვა ნორმალურია. სხვა შემთხვევაში, უსაფუძვლო ნერვიულობა და შიშები არ მახასიათებს.

- პროფესიულ არჩევანზე რას იტყვი?

- წლებია საერთაშორისო სამართალი მაინტერესებს. ადრეულ ბავშვობაში ვიზაჟისტობა მინდოდა, გადაღებების დროს, მაკიაჟის გაკეთებას რომ ვუყურებდი, ვგიჟდებოდი, ეს საქმე ისე მომწონდა. რომ წამოვიზარდე, ინტერესი შემეცვალა, კანონებით, საერთაშორისო სამართლით დავინტერესდი.

- მსახიობობის სურვილი არასდროს გქონია?

- მსახიობობა ყოველთვის იქნება ჩემში, როგორც პირველი პროფესიული გამოცდილება, მაგრამ არასდროს გამჩენია სურვილი, ეს საქმე პროფესიად ამერჩია. საქართველოში სათანადოდ დაფასებულიც არ არის, რაც ძალიან ცუდია.

- ქეთა, ემოციების კონტროლს ახერხებ? შინაგანი მდგომარეობა, განწყობა ყოველთვის სახეზე "გაწერია" თუ შეგიძლია დაფარო?

- თუ მოვინდომებ, შემიძლია დავფარო, თანაც იმდენად, რომ საკუთარი თავიც დავარწმუნო, თითქოს არაფერი მჭირს, კარგად ვარ. ხანდახან, როდესაც ემოციებისგან გადაღლილი ვარ, ამ "დაფარვას" საკუთარ თავსაც აღარ ვაძალებ. ვფიქრობ, ცოტა ხნით ასეთი სახით ამიტანონ-მეთქი. რთული პერიოდები ყველას აქვს. სულ ვცდილობ, ადამიანებს გავუღიმო, ჩემი მოწყენილი სახე არ დავანახვო.

- "მას ჰაერივით ესაჭიროება გვერდით მდგომი ადამიანის ნუგეში და თანადგომა".

- ბავშვობიდან მშობლები მაძლევენ უდიდეს მოტივაციას. დედას ფასდაუდებელი ამაგი აქვს. პატარა რომ ვიყავი, ლამის 10 წელი გადაღებებზე დამყვებოდა, იქ იყო და მელოდებოდა. ხშირად ღამეების თენებაც უწევდა. ჩემთან ერთად მუშაობდა კი არა, ის უფრო რთულ სამუშაოს ასრულებდა. მამა სპორტსმენია, სულ ვარჯიშობს, დატვირთულია. ის საკუთარი ცხოვრებით მაძლევს მოტივაციას და მეუბნება, არაფერია შეუძლებელი. ადამიანი თუ მოინდომებს, ყველაფრის მიღწევას მოახერხებს.

- დაბოლოს, სერიალთან დაკავშირებით გკითხავ. შენი პერსონაჟის ცხოვრებაში ახალი ეტაპია, შეყვარებული გოგოს თამაში საინტერესოა?

- ყველაფერი ახალი პერსონაჟისთვის საინტერესოა. ტასოს ცოტათი დაჩაგრული ცხოვრება ჰქონდა, არც მეგობრებში უმართლებდა, არც - ბიჭებში. ახლა თავისიანი იპოვა, მასთან ჰარმონიაშია და ბედნიერია.

- გივიკო ხახიძე როგორი პარტნიორია?

- ძალიან, ძალიან კარგი. გივიკოსთვის ეს არასდროს მითქვამს, მაგრამ ვაგრძნობინებ, რომ მასთან მუშაობა მსიამოვნებს. ჩვენ შორის არანაირი დაძაბულობა არ არის, ძალიან კარგი მეგობარია, კარგი მსახიობია. გივიკოს ადგილზე ცოტათი სხვაგვარი ბიჭი რომ ყოფილიყო, ასე გულიდან გადმოსული გრძნობის გამოხატვას ვერ შევძლებდი.

- მშობლები შენს არჩევანში ერევიან. ეს რა განცდაა?

- მშობელმა 15-16 წლის შვილს რჩევა-დარიგება ყოველთვის უნდა მისცეს, მაგრამ როგორც ნინა იქცევა და რასაც აკეთებს, ეს მიუღებელია. რადგან მისი შვილი, ბიჭის მშობლებს არ მოსწონთ, ამის გამო ურთიერთობის დაშლა არასწორი მგონია. არასწორია, რომ ნინა ამ ურთიერთობის დასაშლელად ათას მიზეზს იგონებს, რაც მისი ფანტაზიის ნაყოფია და სხვა არაფერი. ძალიან კარგად იცის, რომ დაჩი კარგი ბიჭია. ტასოს და ნინას დედაშვილობა ასე დაძაბულ მდგომარეობაში შეიძლებოდა არ გადასულიყო.

408757796-227429167049758-3081929878475136251-n-copy-1707670789.jpg

- მსგავსი ფაქტი შენს რეალურ ცხოვრებაში რომ ხდებოდეს, როგორ მოიქცეოდი?

- დედაჩემისგან ნინასნაირ ქცევას ვერ ვუშვებ. ტასოს დღეში არასდროს აღმოვჩნდები.

- ამ პერსონაჟთან ერთად გაიზარდე, ტასო შენთვის ვინ არის?

- ტასო არის გოგო, რომელიც ყველგან დამყვება. მისგან სრულიად განსხვავებული ვარ, მაგრამ ზოგჯერ ჩემს ცხოვრებაში ტასოს ქცევები "გამოხტება" ხოლმე. მას ვერავინ უგებს. ყველა ამბავში, რომელიც თავს გადახდა, მართალი იყო. უნდოდა თავი დაეცვა და ყოფილიყო ბედნიერი. ძალიან თბილია, მოსიყვარულე და სასწაულად მიზანდასახული. მისი ერთადერთი უარყოფითი ის არის, რომ ადამიანების ნდობა მარტივად შეუძლია. თავად რომ ცუდად არ იყოს, ადამიანების სწორად არჩევა უნდა შეეძლოს. ტასო ძალიან მიყარს, მაგრამ ხანდახან მისი არც მე მესმის. მაგალითად, არ მიყვარს, როდესაც შვილი მშობელს მაღალი ტონით ესაუბრება, ცუდად ეპყრობა. ნინამ ახლა დაიმსახურა კი არა, ისეთი დედა გახდა, დამსახურებაზე მეტი გააკეთა, მაგრამ წინა სეზონებზე იყო ასეთი რამდენიმე მომენტი, როცა ტასომ ხმას აუწია და მაშინ ვამბობდი, მე ტასოსნაირი არ ვარ.

თამუნა კვინიკაძე