ხელნაკეთი ჩანთების დიზაინერი, რომელსაც ხელსაქმე სკოლის მასწავლებელმა შეაყვარა - გზაპრესი

ხელნაკეთი ჩანთების დიზაინერი, რომელსაც ხელსაქმე სკოლის მასწავლებელმა შეაყვარა

გამორჩეული დიზაინის ორიგინალური პროდუქცია ნატურალური ტყავისგან ხელით მუშავდება და მზადდება. მათი ავტორი ნატალია ბეროძეა, რომელიც ჩანთების შექმნით მეექვსე წელია, აქტიურად არის დაკავებული. არაერთი ფერის, ზომისა და დიზაინის ჩანთას შორის, შეგხვდებათ როგორც სადა, ისე სხვადასხვა კომპოზიციით გაფორმებული, ხან მოხატული და ხანაც გრავირებული აქსესუარი. მას შემდეგ, რაც ჩანთების კერვა დაიწყო, მხოლოდ საკუთარ ნახელავს იყენებს. მათი ტარებისას ქუჩაში ყურადღებაც მიუქცევია და უცნობებისგან კომპლიმენტიც მიუღია.

3-1708331904.jpg

- ხელსაქმე ბავშვობიდან მიზიდავდა. ხელოვნებისადმი სიყვარული ჩემმა შრომის მასწავლებელმა, ქალბატონმა გიულიმ გამიღვივა და შემასწავლა: ქსოვა, ქარგვა, კერვა. დღემდე მისი მადლიერი ვარ და ძალიან მენატრება. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლაც ამ მიმართულებით გავაგრძელე. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის დიზაინის ფაკულტეტი დავამთავრე. სწავლის დასრულების შემდეგ დავოჯახდი, მყავს შესანიშნავი მეუღლე და სამი ვაჟი: 9, 11 და 13 წლის. ხელოვნებისადმი სიყვარული არასდროს მასვენებდა, ამიტომ შინ, პატარებისგან აღზრდის პარალელურად, თავისუფალ დროს ვამზადებდი: თმის აქსესუარებს, დიადემებს, გულსაბნევებს. ტყავს გულსაბნევების უკანა მხარეს ვიყენებდი. ერთ დღესაც ტყავის სამაჯურები გავაკეთე. რადგან ტყავთან შეხება მიწევდა, ჩანთის შეკერვაც ვცადე. ამას მეორე, მესამე მოჰყვა და პარალელურად, გამოფენებში დავიწყე მონაწილეობა, რაც დღესდღეობით ძალიან კარგი შესაძლებლობაა ხელოვანი ადამიანებისა და მათი პროდუქციის საზოგადოებისთვის წარსადგენად. ხალხის გაოცებამ, აღფრთოვანებამ, თბილმა სიტყვებმა და რაც მთავარია, ნივთების რეალიზაციამ გამაძლიერა და მომცა ძალა, კიდევ უფრო მეტი შემექმნა. ჩემი საქმისა და პატარა ბიზნესის ქონის სურვილით, 2020 წელს ფართობი ვიქირავე, გავხსენი პატარა სახელოსნო-შოურუმი და ინტენსიურად დავიწყე ნატურალური ტყავისგან ჩანთების კერვა. შევქმენი ბრენდი, ჩემი შვილების სახელების ინიციალებით. ის ჩემი მეოთხე პირმშოა - შვილივით მიყვარს და ვუფრთხილდები, ხოლო ლოგოდ ავირჩიე ნემსიყლაპია: ნემსი ხელსაქმესთან ასოცირდება, ამავდროულად ეს უფარფატესი მწერი, შრომისმოყვარე და ჩემი აზრით, ულამაზესია.

2-1708331891.jpg

ჩემი ინსპირაციის წყარო მოგზაურობიდან მიღებული შთაბეჭდილებებია. ასევე ვფიქრობ, რომ ბუნებისადმი უდიდესი სიყვარული ჩემს ნამუშევრებში აისახება. მიყვარს მცენარეები და ჩანთებზე ეს დეტალებიც შემაქვს. უმთავრესად ქართული ტყავით ვმუშაობ და ვიყენებ საქონლის, კამეჩის ტყავს. შეძენისას ყოველთვის სხვადასხვაგვარს ვირჩევ. ზოგჯერ ასაკოვანი ცხოველის ტყავიც მომაქვს, რომელიც ნაოჭებს იკეთებს. მომწონს დანაოჭებული მასალით ჩანთების წინა მხარის გაფორმება. უნდა აღინიშნოს, რომ იდენტური ნივთები არასოდეს გამოდის, სურვილის შემთხვევაში მხოლოდ მსგავსის შექმნა შემიძლია. ზოგჯერ სხვადასხვა ბრენდის ჩანთების ფოტოებს მიგზავნიან და მეკითხებიან, შემიძლია თუ არა ისეთივე შევქმნა, მაგრამ ყველას უარს ვეუბნები, რადგან რაც მე მომწონს და მსიამოვნებს, მხოლოდ ისეთ ნივთებს ვამზადებ. თან მირჩევნია, ხარისხიანი და ექსკლუზიური ნივთები შევკერო, ვიდრე მასობრივი და დაბალი ხარისხის მასალით ვიმუშაო.

მომავალში ძალიან ბევრი გეგმა მაქვს. პირველ რიგში, მინდა ყველაზე მოთხოვნადი მოდელების მასობრივი წარმოება დავიწყო, თუმცა, ექსკლუზიური მოდელებიც მუდმივად მექნება. ჩემი ოცნებაა, ჩანთებთან ერთად, ფეხსაცმელი და ტანსაცმელიც ვაწარმოო.

დაბოლოს, უდიდესი მადლობა ჩემს მომხმარებლებს, რადგან ჩემი თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯი მათი დამსახურებაა.

ანა კალანდაძე