"ჩემს ცოლს ცუდი არაფერი უთქვამს - მაინც ესიამოვნა, ჩამეხუტა..." - გზაპრესი

"ჩემს ცოლს ცუდი არაფერი უთქვამს - მაინც ესიამოვნა, ჩამეხუტა..."

მსახიობი მიშა არჯევანიძე სერიალში - "მარჯვენა სანაპიროში" მოსიყვარულე მეუღლის როლს ასრულებს, რომელსაც ცოლისთვის სიურპრიზების მოწყობა არ გამოსდის, თუმცა ამ საკითხში ძალიან მონდომებულია...

- სერიალის შემოქმედებითი გუნდის წევრები მიცნობდნენ და კონკრეტულ როლზე მიმიწვიეს. ჯერჯერობით ცოტათი შეზღუდული ფინანსური სიტუაცია გვაქვს - გარკვეულწილად ენთუზიაზმზეც ვმუშაობთ. შეიძლება რაღაც ძალიან საინტერესო გამოვიდეს... "მარჯვენა სანაპირო" მხიარული, გასართობი სერიალია: დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, შინ დაბრუნებულ ადამიანს შეუძლია მშვიდად დაჯდეს და უყუროს. განტვირთვისთვის ძალიან კარგია. ამ სერიალს დადებითი აურა აქვს. გადაღებაც ზუსტად ასე მიმდინარეობს: დადებითი განწყობით, ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე...

- თქვენს პერსონაჟთან - გიგუნასთან რა საერთო და განმასხვავებელი თვისებები გაქვთ?

- რა თქმა უნდა, ერთმანეთისგან განვსხვავდებით. ის საერთოდ სხვა მენტალიტეტის ადამიანია, სხვა გარემოში მცხოვრები. მდიდარი გახლავთ. იცის, ფული როგორ "აკეთოს"... ოჯახის წევრების მიმართ მისი დამოკიდებულება, მეუღლის მიმართ სიყვარული ჩემსას ძალიან ჰგავს: მეც 1 ბიჭი და ულამაზესი მეუღლე მყავს... ჩემს პერსონაჟს სიურპრიზების მოწყობა არ გამოსდის, მაგრამ მაინც სულ უნდა, მეუღლე გაახაროს (იცინის).

- მეუღლისთვის სიურპრიზების მოწყობა თქვენ კარგად გამოგდით?

- ყოველთვის არა. სხვათა შორის, ასე ვთქვათ, "აცდენები" მქონია, მაგრამ ჩემი პერსონაჟისას ვერ შეადარებ - ის უფრო უტრირებული, გამძაფრებულია... მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს სიურპრიზებს ხშირად ვუწყობთ, საჩუქრებს ვუძღვნით...

- რომელიმე ჩაშლილი სიურპრიზის შესახებ მოგვიყევით...

- 26 წელია, რაც მე და ჩემი მეუღლე ერთად ვართ. როცა ერთად ყოფნის 20 წელი შეგვისრულდა, ყუთით ფეიერვერკი ვიყიდე. მეგობარს (ვაკეში ცხოვრობს) ვთხოვე, - მე და ჩემი მეუღლე შადრევანთან რომ მივალთ, ფეიერვერკი აანთე-მეთქი. რაღაც პომპეზურს ველოდი (ძვირიც გადავიხადე) - ვიფიქრე, ჰაერში ქოლგებივით გაიშლებოდა... ეტყობა, ცუდი ხარისხის იყო: მხოლოდ 2-3 თუ ავარდა ოდნავ ზემოთ. პომპეზური აფეთქებების ნაცვლად, ძირითადად, "იფურთხებოდა" (იცინის). მიუხედავად ამისა, ჩემს ცოლს ცუდი არაფერი უთქვამს - მაინც ესიამოვნა, ჩამეხუტა...

- ახლა განსაკუთრებული, შემდგარი სიურპრიზის შესახებაც მოგვიყევით...

- დღესასწაულებზე საჩუქრებს ყოველთვის ვუძღვნი, მაგრამ განსაკუთრებული - არ მახსოვს. ჩემი პერსონაჟის მსგავსად, თავის დროზე, მეუღლეს ავტომობილი მეც ვაჩუქე, მაგრამ თავად აირჩია - მისთვის იყო განკუთვნილი. თავად ავტომობილის მართვა არ ვიცი. შესაბამისად, ამ საკითხში ის უფრო ერკვევა - მე გაგებაში არ ვარ.

- როგორ მოხდა, რომ ავტომობილის მართვა დღემდე არ იცით?

- რაღაც ასე აეწყო: ყოველთვის დაკავებული ვიყავი და არც მეცალა, რომ მესწავლა. ეტყობა, ჩემს ბავშვობაში ეს საკითხი მშობლებსაც გამორჩათ... მერე, ისეთი პერიოდი იყო, რომ ავტომობილს ვერ შევიძენდი, ამის ფინანსური საშუალება არ მქონდა. როცა მანქანის ყოლის საჭიროება დადგა, იმ დროს ჩემს ცოლს კარიერაში დიდი პაუზა ჰქონდა, მე - დატვირთული სამუშაო რეჟიმი. ვუთხარი, - წადი, ავტომობილის მართვა ისწავლე. სახლში 1 მძღოლი ხომ უნდა იყოს-მეთქი? წავიდა, ფანტასტიკურად ისწავლა, პირველივე გამოცდაზე მართვის მოწმობა მიიღო და დღეს შინ არაჩვეულებრივი მძღოლი გვყავს. როცა ნასვამი ვარ, ავტომობილით მაკითხავს და წამომიყვანს ხოლმე. მოკლედ, სწორი არჩევანი გავაკეთე.

- თქვენი მეუღლე რომელი პროფესიის წარმომადგენელია?

- ისიც მსახიობი გახლავთ. ამჟამად თოჯინების თეატრში და ასევე, მოზარდ მაყურებელთა თეატრში მუშაობს.

- 26-წლიანი თანაცხოვრების განმავლობაში, კრიზისული პერიოდები გქონიათ?

- ურთიერთობაში - არა. საერთოდ, პრობლემები გვქონია. ამას ყოველთვის ვიტანდით. შემდეგ ბავშვი გაგვიჩნდა და მთელი ყურადღება მასზე გადავიდა... ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ჩვენი ოჯახი, ურთიერთობა... ერთმანეთი გვიყვარს - მთავარი ესაა.

- შვილი რა ასაკის არის, რა ინტერესები აქვს?

- 18 წლის არის. რა თქმა უნდა, ისიც მსახიობობას აპირებს. სხვათა შორის, სერიალში - "შუა ქალაქში 10 წლის შემდეგ" ჩემი ვაჟი ქეთევანის შვილის როლს თამაშობდა. ამჟამად საზღვარგარეთ სწავლობს.

- მეუღლე როგორ გაიცანით?

- ჩემთან, სამსახიობო სტუდიაში დადიოდა, როგორც მოსწავლე. მაშინ 22-23 წლის გახლდით. მერე ნელ-ნელა ისიც გაიზარდა. 17 წლის ხდებოდა, როცა ხელი მოვაწერეთ - მაშინ ეს შეიძლებოდა, თუკი მშობლები წინააღმდეგი არ იყვნენ... როცა დავქორწინდით, უნივერსიტეტში მაშინ ჩააბარა, დაამთავრა... ერთმანეთს ყოველთვის გვერდით ვედექით.

- ეკრანულ პარტნიორთან - სალომე კოკუაშვილთან მუშაობა კომფორტულია?

- სალომესთანაც და ალექსანდრასთან მუშაობაც ძალიან კომფორტულია. მაგალითად, სალომე ტექსტს ძალიან მალე იმახსოვრებს. მე ასე სწრაფად დამახსოვრება არ შემიძლია. ტექსტი კარგად რომ "გაჯდეს" და სიტუაცია გათამაშდეს, შემიძლია სალომესთან ერთად წყნარად, სცენა 10-ჯერ "გავიარო"...

- მეუღლე არ ეჭვიანობს, გადასაღებ მოედანზე ასეთ მშვენიერ გოგონებთან ერთად ყოფნა რომ გიწევთ?

- ისიც მშვენიერ ბიჭებთან ერთადაა. ყველამ ერთმანეთზე თუ ვიეჭვიანეთ, ასე წინ ვერ წავალთ. ერთმანეთზე სერიოზულად არასოდეს გვიეჭვიანია.

- ასევე, მონაწილეობდით სერიალებში: "ჩვენი ოფისი", "შუა ქალაქში", "ჩემი ცოლის დაქალები"... როგორ ფიქრობთ, მაყურებლებს ყველაზე უკეთ რომელი სერიალიდან ახსოვხართ?

- რა თქმა უნდა, "ჩვენი ოფისიდან". ძალიან პოპულარული და კარგი სერიალი იყო: საინტერესო პერსონაჟებით, კარგი იუმორით... ჩემი პერსონაჟი ბოლო სეზონისკენ გამოჩნდა - "ჩვენს ოფისში" მხოლოდ წელიწად-ნახევარი ვთამაშობდი. უბრალოდ, ისე მოხდა, რომ ერთ-ერთი როლის სათამაშოდ მიმიწვიეს. ისეთი ხასიათის პერსონაჟი (დაკომპლექსებული, სათვალიანი ტიპი) შევქმენი და მისი რეიტინგი ისე "ავარდა", რომ შემდეგ, კიდევ 2 სერიაში გადასაღებად მიმიწვიეს. მერე ალბათ მიხვდნენ, რომ ჩემი პერსონაჟი სერიალში უნდა დაეტოვებინათ და მომდევნო (ბოლო) სეზონზეც მიმიწვიეს.

- სერიალებში მონაწილეობა თქვენთვის სასიამოვნო სამუშაო პროცესია?

- მომწონს, რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც მსახიობს, თეატრზე მეტად არაფერი მიყვარს. ჩემთვის თეატრი ყველაზე საინტერესოა. ჯერ ერთი, მსახიობისთვის თეატრი ისედაც უმაღლეს ხელოვნებად მიიჩნევა - ჰოლივუდის ვარსკვლავები მასში პრესტიჟის გამო თამაშობენ...

- ამჟამად რომელ თეატრთან თანამშრომლობთ?

- გრიბოედოვის თეატრში ვმუშაობ. ასევე, თავისუფალ თეატრში, 5 სპექტაკლში ვთამაშობ. 2023 წლის ბოლოს, მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლისთვის (სპექტაკლში - "გუშინდელნი დღეს" პაპუნას როლი) თავისუფალი თეატრის პრიზი - "კომედიანტები" მივიღე. ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო!..

- რატომ?

- რა ვიცი, ამაზე საერთოდ არ მიფიქრია... სიმართლე გითხრათ, დაჯილდოების ცერემონიაზე დამაგვიანდა, რადგან სტუდიაშიც ვმუშაობ (ბავშვებთან). იქიდან თეატრში მისულს დაჯილდოება უკვე ჩატარებული დამხვდა. შევედი თუ არა, ყველამ მომილოცა. მითხრეს, - შენი სახელის გაჟღერებისას დიდი ოვაციები იყოო. სამწუხაროდ, ეს კამერით არავის გადაუღია. მაინტერესებდა (იცინის)... ჩემი დაჯილდოება ყველას ესიამოვნა. მათი ასეთი დამოკიდებულება ჩემთვის ერთ-ერთი ძვირფასი რამეა.

- გარკვეული პერიოდი თითქოს თეატრი პოპულარული არ იყო, ახლა კი, როგორც ვიცი, ბევრი ბილეთი იყიდება. როგორ ფიქრობთ, ასეთი ცვლილება რამ განაპირობა?

- დიახ, ასეა. წარმოიდგინეთ, ბილეთებს გადამყიდველები ყიდიან... კონკრეტულად, თავისუფალ თეატრს რაც შეეხება, ჯერ ერთი, ძალიან კარგი სპექტაკლები აქვს. ასევე, ვფიქრობ, რომ ხალხს კომპიუტერი, "ცივი" ეკრანი მოhბეზრდა. სურთ თეატრში მოვიდნენ და მსახიობი სცენაზე "ცოცხლად" ნახონ. სხვათა შორის, თეატრის პოპულარობა სერიალებმაც განაპირობეს: თავისუფალი თეატრის მსახიობები არიან თუნდაც, სერიალის - "შუა ქალაქში 10 წლის შემდეგ" მონაწილეები: თამუნა ნიკოლაძე, ჯაბა კილაძე, მარიამ ჯოლოგუა, გოგა ბარბაქაძე, თათული ედიშერაშვილი... თავისუფალი თეატრი განსხვავებული იმითაც არის, რომ ქართულ სპექტაკლებს გვთავაზობს. მაგალითად, ავთო ვარსიმაშვილმა ბერჯესის "მექანიკური ფორთოხალი" საქართველოში, 90-იან წლებში, როცა მართლა შავბნელი პერიოდი იდგა, "გადმოიტანა". 90-იანი წლები ზოგს ახსოვს, ზოგს - ამის შესახებ სმენია, აინტერესებთ და სპექტაკლის სანახავად მოდიან.

- როგორ ფიქრობთ, ქართულ რეალობაში თქვენი სამსახიობო რესურსის სრულად გამოყენებას ახერხებთ?

- არც ერთი მსახიობი არ გეტყვით, რომ თავისი შესაძლებლობა ბოლომდე გამოიყენა, მათ შორის - დიდი არტისტებიც კი. თითქოს რაღაც კიდევ აკლიათ - შეეძლოთ, კიდევ რაღაც გაეკეთებინათ...

423735541-326376350368738-182890574841361553-n-1708332966.jpg

- თქვენს შემთხვევაში ასეთი შეგრძნება რა დონეზეა, მძაფრად განიცდით თუ?..

- არა, მძაფრად არ განვიცდი. მოქმედი მსახიობი ვარ. ინტერვიუს შესახებ რომ დამიკავშირდით, მაშინაც თეატრში ვიყავი. ღმერთმა ისე ინება, რომ ვმუშაობ. ახლა გრიბოედოვის თეატრში, ჩეხოვის პიესაში ძია ვანიას როლს ვთამაშობ. დღეს ჩემთვის ამ როლის თამაში ბედის საჩუქარია, რადგან უცნობილესი პიესაა.

- რუსულენოვანი განათლება გაქვთ მიღებული?

- თავის დროზე რუსულ სკოლაში ვსწავლობდი. საბჭოთა ბავშვი ვარ. მამაჩემი მიიჩნევდა, რომ ყველას მოსკოვში უნდა გვესწავლა, რადგან იქ უკეთესი განათლების მიღება შეიძლებოდა. ამბობდა კიდეც, - არ შეგვიძლია, თორემ ჩემი შვილები ინგლისში ისწავლიდნენო. ჩემი დები მოსკოვში სწავლობდნენ, მე კი საქართველოში, რუსულ სკოლაში შემიყვანეს. მერე, 90-იან წლებში ყველაფერი ისე აირია, რომ ინსტიტუტში, ქართულენოვან ჯგუფში (ნუგზარ ბაგრატიონთან) ვიყავი. ქართული ისე ვიცოდი, ვერც შეამჩნევდა ვინმე, რუსული სკოლა მქონდა დამთავრებული თუ ფრანგული... მერე ქართულ თეატრს ვეზიარე... ამაზე უკეთესი არაფერი არსებობს! უზარმაზარი თეატრალური კულტურა გვაქვს. დღესდღეობით, კულტურაში თუ რამე მნიშვნელოვანია, ეს თეატრებში ხდება, რადგან კინო იმ დონეზე არ არის, როგორზეც წინათ იყო: ქართულ კინემატოგრაფში, მუნჯური ფილმიდან დაწყებული, შედევრებს ქმნიდნენ...

ეთო ყორღანაშვილი