ვინ არის გოგო, რომელსაც "აღმოჩენა" უწოდეს - გზაპრესი

ვინ არის გოგო, რომელსაც "აღმოჩენა" უწოდეს

მომღერალ ლიზი დარასელიას უკვე უწოდეს "გოგო აღმოჩენა", ის სახელოვანი ფეხბურთელის - ვიტალი დარასელიას შვილიშვილია. ამბობს, რომ ეს სტატუსი მისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. ლიზი და მისი ReActive Band "პაატა გულიაშვილის და ნიკა არაბიძის შოუს" მუსიკალურ გაფორმებაზე ზრუნავს. როგორ აღმოჩნდა ტელევიზიაში, რა გზა გაიარა დღემდე, როგორი ურთიერთობა აქვს პაატასa და ნიკასთან? - ამ ყველაფერზე ლიზი თავად გვესაუბრება.

- "გზაში" ეს თქვენი პირველი ინტერვიუა, ჩვენს მკითხველს გაეცანით.

- მადლობა რომ დაინტერესდით, მე ვარ ლიზი დარასელია, 21 წლის, ძალიან შრომისმოყვარე, კეთილი და მიზანდასახული ადამიანი. ბავშვობიდან ასეთი ვარ, როგორც ჩემი მშობლები ამბობენ, რასაც ვიტყოდი, ყოველთვის ვასრულებდი და მომავალშიც ასე იქნება. ადამიანმა საკუთარ ნათქვამს ფასი არ უნდა დაუკარგო.

- სიტყვის თქმამდე ბევრს ფიქრობ?

- აუცილებლად! უნდა იცოდე, რას ლაპარაკობ, შენს ნათქვამს რა შეიძლება მოჰყვეს. არ შეიძლება სიტყვები ჰაერში გაისროლო, ასე არაფერი გამოვა.

- მუსიკით რა ასაკში დაინტერესდით?

- 5 წლის ვიყავი, "ბასტი ბუბუს" კარაოკე, მიკროფონი და დინამიკები მიყიდეს. "თუ თუ თუ" რომ ვიმღერე, დედამ აღმოაჩინა, - მგონი, ჩემი შვილი მღერისო. ლალიკო ბერაძე იყო ის ადამიანი, რომელმაც ჩემში დიდი შრომა ჩადო, მისი მადლიერი ვარ. საკუთარ თავზე გამუდმებით ვმუშაობდი, ვახურებდი ყელს, ვიცოდი, რა და როგორ უნდა გამეკეთებინა.

- თვლით, რომ მუსიკალურ სამყაროში პირველი ნაბიჯები დამოუკიდებლად გადადგით?

- ასეა. არა მხოლოდ მუსიკაში, ცხოვრებაშიც ყველაფერს დამოუკიდებლად ვაკეთებ. ახლახან პროექტში "გვაჩვენე შენი ხმა" რომ გავდიოდი, მშობლებმაც კი არ იცოდნენ. ბენდი, პატარა პოპულარობა, რაც გამაჩნია, ეს ყველაფერი ჩემი დამსახურებაა, მარტო ვუმკლავდები ყველა გამოწვევას, თუმცა იმასაც ყველგან აღვნიშნავ, რომ ვიტალი დარასელიას შვილიშვილი ვარ.

- ეს სტატუსი ალბათ, ძალიან გეხმარებათ, არა?

- რა თქმა უნდა, ბაბუის სახელს იმხელა პატივს სცემენ, ძალიან უხერხული იქნება, არ დაგეთანხმოთ. როდესაც ასეთი ადამიანის შვილიშვილი ხარ, როდესაც მის სახელს და გვარს ახსენებ, საზოგადოებას შენ მიმართ დადებითად განაწყობ.

- როგორ მიიღეთ გადაწყვეტილება პროექტის "გვაჩვენე შენი ხმა" მონაწილე გამხდარიყავით?

- სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამდი, ბევრი ვიფიქრე, თითქოს ტელევიზიაში მისვლა არ მინდოდა. ადრე "ვოისის" კასტინგზე ვიყავი, პირველი ტური წარმატებით გავიარე, მეორე ტურში ბოლო გამომსვლელი ვიყავი, ადგილები აღარავის ჰქონდა, რომ შემობრუნებულიყვნენ. ეს გულში ძალიან ცუდად ჩამრჩა. ვფიქრობდი, სატელევიზiო პროექტში აღარასდროს გავალ-მეთქი, მაშინ პატარაც ვიყავი, 15 წლის. მერე საკუთარ თავს ვუთხარი, - შენ ხომ ის ადამიანი არ ხარ, პირველივე დაბრკოლებაზე რომ უკან იხევს-მეთქი? საკუთარ თავზე მუშაობა და განვითარება არასდროს შემიწყვეტია. რომ წამოვიზარდე, ვფიქრობდი, არავის და არაფრის გამო არ დავნებდები-მეთქი და აი, ეს პატარა ნაბიჯიც გადავდგი, წინ დიდი და კარგი გეგმები მაქვს.

- ამ პროექტში "გოგო აღმოჩენა" გიწოდეს. წლების წინ განცდილი უსიამოვნების შემდეგ, ეს რა განცდა იყო?

- ძალიან ბედნიერი ვიყავი. სცენაზე რომ გავდივარ, ძალიან თამამი ვარ, საერთოდ არ ვნერვიულობ. ასე მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, დარბაზში ჩემი ოჯახის წევრები თუ მეგულებიან. დედა ამ საკითხში იმდენად კრიტიკულია, ტონალობა, ერთი ნოტიც რომ შემეშალოს, მის მიმიკებზე ეგრევე ვხვდები.

- ამ წარმატებული გამოსვლის შემდეგ, თავდაჯერებულობა მოგემატა?

- თავდაჯერებულობა სულ მქონდა. ვინც უნდა მითხრას, ვერ გააკეთებ, არ გამოგივაო, შეუძლებელს შევძლებ და მიზნამდე მაინც მივალ. ცოტათი ხისტიც ვარ და ამბიციურიც, მარტივად არ ვნებდები. ჩემი ხასიათი ბრძოლაში ძალიან მეხმარება. სხვათა შორის, მინდა აღვნიშნო, ჩემი ოჯახის დამსახურებაა, რომ დამოუკიდებლად ცხოვრება მიყვარს. ერთხელ დედას ვუთხარი, 18 წლის რომ გავხდები, ჩემი სამსახური მექნება და მინდა ფინანსურადაც დამოუკიდებელი ვიყო-მეთქი. შემომხედა და, - ყველა ეგრე ამბობს და მერე არავინ აღარაფერს აკეთებსო. აი, ამას დაგიმტკიცებ-მეთქი და ეს მართლა შევძელი. შეიძლება თამამად ვთქვა, რომ ამ ასაკიდან დავიწყე დამოუკიდებლად ცხოვრება, ყველაფერს ჩემით ვაკეთებდი, საკუთარ თავს მატერიალურად უზრუნველვყოფ. ოჯახი ყოველთვის დაგეხმარება, მაგრამ ამაზე უარი თავად მქონდა ნათქვამი. ჩემი ოჯახის მიმართ უდიდესი სიყვარული და პატივისცემა მაქვს, განსაკუთრებით დედაზე ვარ ჩაციკლული, ის სამაგალითო ადამიანია. სულ ვეუბნები, შენ ჩემთვის მისაბაძი ხარ, მინდა შენნაირი ვიყო-მეთქი და ის გამუდმებით მიმეორებს, რომ მე მასზე უკეთესი უნდა ვიყო. ჩემს მშობლებს არ უნდოდათ საცხოვრებლად ცალკე გადავსულიყავი, ანგარიში გავუწიე, ახლაც მათთან ვცხოვრობ, მაგრამ სხვა მხრივ ყველანაირად ცდილობდნენ, ჩემში დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა არ დაეთრგუნათ. 21 წლის გოგო ფინანსურად მშობლებზე რომ ვიყო დამოკიდებული, ეს ჩემთვის მიუღებელია. ასე ბევრი ცხოვრობს, მათ არ ვაკრიტიკებ, ამის უფლებას საკუთარ თავს არასდროს მივცემ. ვთვლი, რომ ყველას თავისი ცხოვრება და არჩევანი აქვს. მეგობრებსაც სულ ამას ვეუბნები, იშრომონ! არ მესმის, დრო ტყუილად რატომ უნდა დაკარგო?

- ბენდი ReActive Band როგორ შეიქმნა?

- სოციალურ ქსელში ჩემი სიმღერა ავტვირთე, იმ დროს იტალიაში ვიყავი. მომწერეს, ბენდს ვკრებთ და სოლისტი გვჭირდებაო. ვიფიქრე: რატომაც არა? საკუთარ თავს გამოვცდი-მეთქი. მანამდე სოლო მომღერალი ვიყავი. თბილისში რომ დავბრუნდი, შევიკრიბეთ, გავისაუბრეთ, ყველას მოვეწონე და ჩვენი ბენდიც შეიკრა. მერე ისე მოხდა, რომ 2 ადამიანი შევცვალეთ და დანარჩენი ყველანი სახეზე ვართ: მე, გიორგი გვანცელაძე, გრიგოლ შახნაზიანი, ალექსანდრე მანაგაძე და მიხო არახამია.

- "პაატა გულიაშვილის და ნიკა არაბიძის შოუს" მუსიკალურ გამფორმებლად როგორ აღმოჩნდით?

- როდესაც პროექტში "მაჩვენე შენი ხმა" გამოვედი, ჟიურიში პაატა გულიაშვილი იყო. სცენაზე რომ გავდივარ და სიმღერას ვასრულებ, პირველ რიგში, სიამოვნებას თავად ვიღებ და ვფიქრობ, ამას გრძნობს მაყურებელი. სიმღერა თუ ვერ მივიღე, ვერ შევიგრძენი, ვერ შევასრულებ. პაატას იმდენად მოვეწონე, მეორე დღესვე დამირეკეს და მითხრეს, ახალ შოუზე მუშაობას ვიწყებთ და სურვილი თუ გექნებათ, ბენდთან ერთად მოდით, გავისაუბროთო. მივედით, ვილაპარაკეთ, მერე ბენდის წევრები ცალკე შევიკრიბეთ, ვის უნდოდა, ვის - არა, მოვილაპარაკეთ და ტელევიზიასთან თანამშრომლობის გადაწყვეტილება მივიღეთ. თავად ეს ძალიან მინდოდა, რადგან ვაცნობიერებ, ტელევიზია ადამიანის პიარისთვის მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია.

- პაატასა და ნიკასთან ურთიერთობა როგორი აღმოჩნდა?

- ყველაზე მეტად რაც არ მიყვარს, დილით ადრე ადგომაა, მაგრამ როდესაც ვიცი, იმ დღეს პაატასa და ნიკასთან უნდა წავიდე, ისეთი განწყობით ვდგები და იქ ისე მიმიხარია, ვერ აღგიწერთ. შევდივარ თუ არა, ნიკა მეძახის, - ვიტალი მოვიდაო (იცინის). ისეთი განწყობა სუფევს, ისე ლაპარაკობენ, წარმოუდგენელია არ გაგეცინოს და კარგი განწყობა არ დაგეუფლოს. ძალიან უბრალოები და მეგობრულები არიან. პაატა და ნიკა უფრო კარგები აღმოჩნდნენ, ვიდრე შორიდან წარმომედგინა.

- პოპულარობამ ხომ არ შეგცვალა?

- პატარა რომ ვიყავი, ჩემები სულ მეუბნებოდნენ, ვინც უნდა იყო და რა სიმაღლესაც უნდა მიაღწიო, არც ერთ ადამიანს ზემოდან არ დახედოო. ბაბუას ხომ მსოფლიო იცნობდა, მაგრამ ის, გარდა იმისა, რომ დიდი ფეხბურთელი იყო, ძალიან უბრალო და თავმდაბალი ადამიანიც ყოფილა. ვფიქრობ, პოპულარობა პიროვნულად არ შემცვლის. ვიცი ადამიანები, რომლებსაც ვიღაცის შვილობა და შვილიშვილობა თავში აქვთ ავარდნილი, ცოტათი სხვა სიმაღლიდან იყურებიან, ეს ძალიან არ მიყვარს.

- რას ნიშნავს თქვენთვის ვიტალი დარასელიას შვილიშვილობა?

- ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. როდესაც რაღაც ნაბიჯს ვდგამ, აუცილებლად ვფიქრობ ჩემს ოჯახზე. მე ხომ ოჯახის სარკე ვარ და არ მინდა, ოდესმე ამ სარკეს ბზარი გაუჩნდეს და გატყდეს.

- ბაბუას უბრალოებას ხაზი გაუსვით, ახლობლებისგან მასზე ყველაზე ხშირად კიდევ რა გესმით?

- ბაბუა უსაზღვროდ კეთილი, მზრუნველი, მშრომელი ადამიანი ყოფილა, კარგი მამა და კარგი მეგობარი. თურმე ყოველ დილით 6 საათზე დგებოდა (რაშიც მე ვერ დავემსგავსე) და ვარჯიშს იწყებდა. ბაბუა ოჩამჩირიდან იყო, ტრაგიკულად გარდაცვალების შემდეგ, მისი დედის სურვილით მოხდა ოჩამჩირეში გადასვენება და იქ დაკრძალვა.

- დღეს აფხაზეთში მყოფ ახლობლებთან ურთიერთობას რამდენად ახერხებთ?

- მამა ახერხებს, იქ ვიტალის ძალიან დიდი პატივს სცემენ. მამას აქვს საშუალება ჩავიდეს, ახლობლები ინახულოს. იქ ჩემი დიდი ბებიის ნათესავები არიან. ვიცი, რომ აფხაზეთში 6 ძმა მყავს.

- ფეხბურთი გიყვართ?

- მთელი ბავშვობა ფეხბურთს ვთამაშობდი, იმდენად მიყვარდა, რომ "დინამოზე" დავდიოდი და ბიჭებთან ერთადაც კი დიდი სიამოვნებით ვთამაშობდი (იცინის).

- ფეხბურთელი ძმა გყავთ, სახელოვანი ბაბუის მოსახელე და მოგვარე, მის შესახებ რას გვეტყვით?

- ჩემი ძმა 15 წლის არის, ფეხბურთში დიდი გეგმები აქვს. ბაბუამ რაც გააკეთა, მასზე ნაკლების გაკეთების უფლება არ აქვს. ძალიან მაგარი ბიჭია, ვიტოს ვეძახით. როგორც შვილი, ისე მყავს, ძმად ვერ აღვიქვამ, ჩემი გაზრდილია და მასზე დიდ იმედს ვამყარებ. ვიტო ხისტიც არის, ამბიციურიც, მიზანდასახულიც. მოკლედ, ძალიან კარგი ბიჭია.

1707644139866-copy-1708333190.jpg

- მამის შესახებ რას გვეტყვით?

- მამაც წარმატებული ფეხბურთელი იყო, მაგრამ მუხლზე ისეთი დიდი ტრავმა მიიღო, თამაში ვეღარ გააგრძელა. ახლა სამწვრთნელო საქმიანობას ეწევა. ჩემი ოჯახით ძალიან ვამაყობ.

- თუ შეიძლება, პირად ცხოვრებაზეც გკითხავთ. შეყვარებული ხართ?

- არა, ამ ეტაპზე ჩემს პირად ცხოვრებაში საინტერესო არაფერი ხდება, მთლიანად მუსიკაზე ვარ გადართული; სიყვარულისთვის სად მცალია, იმდენი რამ მაქვს გასაკეთებელი.

- თვლით, რომ სიყვარული კარიერაში ხელს შეგიშლით?

- ასე მგონია. სულ გადაადგილება მიწევს, ღამე ივენთები, ამ ეტაპზე პირადი ურთიერთობისთვის დროც არ მაქვს, კარიერაზე ვარ კონცენტრირებული.

- მადლობა ინტერვიუსთვის, წარმატებას გისურვებთ!

- დიდი მადლობა!

თამუნა კვინიკაძე