რა სჭირდება სრული ბედნიერებისთვის „ერისიონის“ სოლისტს - გზაპრესი

რა სჭირდება სრული ბედნიერებისთვის „ერისიონის“ სოლისტს

მსახიობ-მოცეკვავე ლიკა წიფურიას ცეკვის 36-წლიანი სტაჟი აქვს. აქედან 2008 წლიდან დღემდე სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლის - „ერისიონი“ მოცეკვავეა. ბოლო 4 წელია ანსამბლის დუბლების რეპეტიტორია და ამავდროულად, ცეკვის შესწავლის მსურველთათვის ინდივიდუალურ გაკვეთილებს ატარებს. ამბობს, რომ მოცეკვავის პროფესიაში ფიზიკური და ფსიქოლოგიური დატვირთვა თანაბრადაა, 50/50-ზე. თუმცა, მიუხედავად ურთულესი რეჟიმისა, ყოველდღიური არაერთსაათიანი ვარჯიშისა და პასუხისმგებლობისა კოლეგებისა და მოსწავლეების წინაშე, სხვა პროფესიაზე არასდროს უფიქრია და ცეკვაა ის, რაც მას სრულად აბედნიერებს.

- 5 წლის ვიყავი, როცა ბიძამ ცეკვაზე მიმიყვანა. ჩემი აზრით, ყველა მოცეკვავე ღმერთისგან ბავშვობიდან არის ცეკვის ნიჭით დაჯილდოებული. ბიძაჩემი პროფესიით მსახიობია და ალბათ თავს ამ მიმართულებით იმდენად ვავლენდი, რომ ჩემი მიდრეკილება „დაიჭირა“ და გადაწყვიტა, მაშინდელ პიონერთა სასახლეში მივეყვანე. მახსოვს ძალიან ლამაზი დარბაზი და კონცერტმაისტერი, მაგრამ ტირილი დავიწყე. მშობელთან განშორება არ მინდოდა და თავდაპირველად გაკვეთილებზე სულ ვტიროდი, ამიტომ დედა დარბაზშიც შემოდიოდა. შემდეგ დამარწმუნა, რომ დარბაზის კართან იდგა და არ მტოვებდა. ჩემი პირველი ცეკვის მასწავლებელი გახლდათ ქალბატონი თამარ ჩხაიძე. დღეს მეც მყავს მოსწავლეები და როცა გაკვეთილზე პირველად მოდიან და ტირიან, იმ დროს სულ ჩემი თავი მახსენდება. ვფიქრობ, ასეთ დროს მშობელმა არ უნდა დათმოს. ალბათ დედაჩემს ჩემთვის რომ დაეჯერებინა და ცეკვაზე არ ვეტარებინე, დღეს მოცეკვავე არ გავხდებოდი და ვერც ანსამბლ „ერისიონში“ ვიქნებოდი. მინდა გითხრათ, აქამდე რომ მოვედი და ჩემი კარიერა შედგა, ეს ჩემი მშობლების დამსახურებაა. ჩვენი ქვეყნის ურთულეს წლებში ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მეცეკვა, რეპეტიცია არ გამეცდინა და გასტროლებზე მევლო. თუ მეტრო არ მუშაობდა, საბურთალოდან ნახალოვკაში ფეხით დავდიოდით. აქედან გამომდინარე, მშობლების და ბიძის უაღრესად მადლიერი ვარ.

- ერთია, როცა ბავშვი ცეკვავს, მაგრამ მეორე, როცა პროფესიულ გადაწყვეტილებას იღებ. როდის გადაწყვიტეთ ეს გზა და მოცეკვავის კარიერა აგერჩიათ?

- პატარა რომ ვიყავი და მაისის ბოლოს საზაფხულო არდადეგები იწყებოდა, დედაჩემი სამეგრელოში, სოფელში მიშვებდა. დაახლოებით 6-7 წლის ვიქნებოდი, როცა დედის საპატარძლო კაბა გადავჭერი და მოვირგე. ახლაც მახსოვს, ამ საქციელზე დედას მძაფრი რეაქცია და გულისწყვეტა. იმ კაბას ვიცვამდი და ორსართულიანი სახლის ერთმანეთთან დამაკავშირებელ კიბეს შორის „მოედანზე“ კონცერტებს ვმართავდი. ჩემს წარმოსახვაში ეზოში, მინდორზე მაყურებლები ისხდნენ და მე მათთვის ვცეკვავდი. როლში იმდენად შევდიოდი, რომ ბოლოს აპლოდისმენტების ფონზე, მაყურებელს თავს ვუხრიდი. რამდენიმე შემთხვევა იყო, გული ისე ამიჩუყდა, რომ ვიტირე. ზუსტად მაშინ მივხვდი, სცენა იქნებოდა ის ადგილი, სადაც ვიდგებოდი, ცეკვა ჩემი პროფესია და ცხოვრების წესი გახდებოდა.

7-copy-1708333556.jpg

- „ერისიონში“ როგორ მოხვდით?

- „ერისიონამდე“ საკმაოდ დიდი და საინტერესო გზა გავიარე. პიონერთა სასახლის შემდეგ, მივედი ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლში „ფერხული“, რომლის ქორეოგრაფები იყვნენ: ნინო ტურიაშვილი და რომეო ტატიშვილი. სკოლაში მეცხრე კლასის დამთავრების შემდეგ, თეატრალური უნივერსიტეტის კოლეჯში ჩავაბარე, რომ სამწლიანი მომზადების მერე, იმავე უნივერსიტეტში ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის სპეციალობით მესწავლა. კოლეჯში ჩემი ჯგუფის ხელმძღვანელი იყო ბატონი ჯანო ჯანიაშვილი, ხოლო შემდეგ უმაღლესში რომ ჩავირიცხე, ბატონი ბესიკ სვანიძე. სტუდენტობის წლებში ვცეკვავდი თეატრალური უნივერსიტეტის ანსამბლში „როკვა“, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი დღემდე გახლავთ ბატონი უჩა დვალიშვილი. დღეს რომ ვფიქრობ, მართლა გამიმართლა, რომ ყველა იმ მოცეკვავესთან ურთიერთობამ მომიწია, ვინც ჩამოვთვალე. თითოეული მათგანი თითქოს ერთმანეთში მოლაპარაკებული იყვნენ, როცა ცეკვაზე საუბრობდნენ, შრომისმოყვარეობას პირველ ადგილას ასახელებდნენ. ამ ბუმბერაზმა ადამიანებმა ჩემი საქმის მიმართ დიდი სიყვარული ჩამინერგეს და მათი უაღრესად მადლიერი ვარ.

ვფიქრობ, ყველა მოცეკვავის ოცნებაა თავის კარიერა აკადემიურ ანსამბლში გააგრძელოს. ამიტომ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, იმ გარდამტეხ პერიოდში, ოჯახის წევრებთან ერთად მსჯელობის შედეგად გადავწყვიტე, ბედი მეცადა. დღემდე მახსოვს ძალიან თბილი მიღება. აქ დამხვდნენ: ბატონი ჯემალ ჭკუასელი, რეზო ჭოხონელიძე, ეკა და შერმანდი ჭკუასელები და პირველივე დღეს ანსამბლში მიმიღეს.

- ანსამბლში ახალი მოცეკვავეების მიღება იყო გამოცხადებული თუ საკუთარი ინიციატივით მიხვედით?

- ქალბატონ ეკას დავუკავშირდი და ჩემი სურვილის შესახებ ვაუწყე. დათქმულ დღეს „გასინჯვაზე“ მოვედი. ვიცეკვე, ფორმა ჩამაცვეს, პროფილში დამაყენეს და ა.შ. ანუ გავიარე ყველა ის ეტაპი, რასაც აკადემიური ანსამბლის წევრობის მსურველი გადის. გამიმართლა, რომ უდიდესი სიმპათიით შემხვდნენ და ეს რომ ვიგრძენი, მეტი სტიმული მომეცა. ის დღე და ეს ფაქტი ჩემს კარიერასა და ცხოვრებაში დიდი ნახტომი იყო. 2008 წლიდან დღემდე, „ერისიონის“, ამ დიდი და ქართული ტრადიციების მატარებელი ანსამბლის ოჯახის წევრი ვარ.

- და არა მხოლოდ ანსამბლის, არამედ ჭკუასელების ოჯახის წევრი - რძალიც გახდით, ხომ?

- დიახ, ასეა (იღიმის). თითქმის მთელი ოჯახი „ერისიონში“ ვართ: ბატონი შერმანდი, ქალბატონი ეკა, ბატონი ვანო, მაგრამ იმდენად ბუნებრივად არის ოჯახური და სამსახურებრივი ურთიერთობები დაბალანსებული, ზოგჯერ მავიწყდება, რომ ოჯახის წევრი ვარ. ეს ფაქტი მსიამოვნებს. ამავდროულად არ მინდა რამით ვიყო გამორჩეული, პრივილეგირებული და ვფიქრობ, არც ვარ. ამას ალბათ ყველა ჩემი მეგობარი და კოლეგა დამიდასტურებს. ამით იმის თქმა მინდა, რომ სამსახური სამსახურია და ოჯახი - ოჯახი.

რაც შეეხება ჩემს დაოჯახებას, ანსამბლში მოსვლიდან ძალიან მალე ჩვენი სიყვარულის ამბავი დაიწყო. მართლაც წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ღმერთმა ინება და მოვლენები ისე განვითარდა, რომ დღეს გვაქვს ლამაზი ოჯახი და გვყავს პატარა იოანნა ჭკუასელი. უმცროსი ჯემალ ჭკუასელი ჩემს საქმეში ძალიან მიწყობს ხელს და ბავშვის აღზრდაში მეხმარება. ის რომ გვერდით არ მყავდეს, ვერაფერს შევძლებდი. ხშირად მეუბნება, რომ მე კიდევ დიდხანს უნდა ვიცეკვო და იმედია, ასეც იქნება. რაც შეეხება იოანნას, მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც 2 წლისაა, უკვე ნამდვილად ავლენს თავის მსახიობურ ნიჭსა და ცეკვისადმი მიდრეკილებას. იმედია, ისიც მოცეკვავე გახდება.

- გინდათ, რომ მოცეკვავე გახდეს?

- მიუხედავად იმისა, რომ ურთულესი პროფესიაა, უდიდესი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დატვირთვით, დიახ, ამის სურვილი მაქვს. მოსწავლეების, ჩემი ასაკისა თუ უფროსი თაობის კოლეგების, მაყურებლების აპლოდისმენტები, დაფასება და ხალხის სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანია, ამას ყოველდღიურად ვგრძნობ და ეს დიდი ბედნიერებაა. ამ ყველაფერს და ცეკვას ისეთი დიდი სიამოვნება მოაქვს, რომ რასაკვირველია ვისურვებდი, მომავალში იგივე ჩემს შვილსაც განეცადოს.

4-copy-1708333576.jpg

- ყოველდღე გიწევთ ცეკვა, მოსწავლეებთან მუშაობა და ა.შ. როდის იწყება თქვენი დილა და როგორია თქვენი დღის რეჟიმი?

- ჩემი დღე მზის ამოსვლასთან ერთად იწყება. იოანნადან გამომდინარე, მეც და ჩემი მეუღლეც მასთან ერთად ვიღვიძებთ. შემდეგ იოანნას ბაღში ვტოვებ. სანამ ანსამბლის რეპეტიცია დამეწყება, ინდივიდუალური გაკვეთილები მაქვს ჩანიშნული. „ერისიონის“ 4-საათიანი რეპეტიციის შემდეგ, ანსამბლის დუბლიორებს, სტაჟიორებს ვამეცადინებ, ანუ მათ, ვინც „ერისიონში“ გადასასვლელად ემზადება. პირველად, როცა ქალბატონმა ეკამ მითხრა, რომ სტაჟიორებთან უნდა მემუშავა, სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, რადგან დიდი პასუხისმგებლობაა შენს ხელში გაიაროს მოცეკვავემ, რომელიც შემდეგ უკვე აკადემიურ ანსამბლში გადადის. ერისიონის სტაჟიორების რეპეტიტორობა საკმაოდ მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, თავს წარმატებით ვართმევ. დუბლების რეპეტიციის შემდეგ კი კავკასიის ფრანგულ სკოლაში მივდივარ, სადაც ქართველი და ბევრი სხვა ეროვნების პატარა სწავლობს, მათ ქართული ცეკვის სიყვარულს ვუნერგავ. საკმაოდ დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, შინ დაბრუნებული საოჯახო საქმეებს თავად ვუმკლავდები.

- დაბოლოს, ისიც მითხარით, რომელიმე ქართული ცეკვის შესრულება გამორჩეულად თუ გიყვართ?

- რთული კითხვაა... ყველა ცეკვა მიყვარს, რადგან ერთმანეთისგან განსხვავდება. თითოეულ მათგანში სხვადასხვა ემოცია და განცდაა, განსხვავებული ისტორიითა და ყოფა-ცხოვრებით. ამიტომ ყველა კუთხის ცეკვებიდან უდიდეს და გამორჩეულ სიამოვნებას ვიღებ, ერთი მეორეს ავსებს და ეს ყველაფერი იმიტომ მიყვარს და მჭირდება, რომ თავი კარგად ვიგრძნო.

ანა კალანდაძე