"ვისაც მრავალფეროვნება უყვარს, მას ჩემი სამკაულის არ "ეშინია" - გზაპრესი

"ვისაც მრავალფეროვნება უყვარს, მას ჩემი სამკაულის არ "ეშინია"

- ამ უამრავი წვრილი დეტალისგან შემდგარი სამკაულის ავტორი მადლენა ჟორჟოლიანია. საკუთარ ნახელავს თავადაც სიამოვნებით ატარებს, მაგრამ ასე ამბობს: გონებაში იმდენად ბევრი ფერი მიტრიალებს, მგონია, აქსესუარი აღარც კი მჭირდებაო. "შარშან "ეთნოფესტში" ვმონაწილეობდი. გამოფენაზე დამთვალიერებელს შორის, ერთმა ფრანგმა ბლოგერმა ჩემი აქსესუარები რომ დაინახა, მკითხა, თავად რატომ არაფერს ვატარებდი? მხოლოდ ერთი ბეჭედი მეკეთა და მასაც იგივე ვუთხარი, - გონება იმდენად მაქვს ფერებით მოცული, საკუთარი სამკაულის ტარება, უკვე მეორე "პლანზე" ინაცვლებს-მეთქი"...

2-1708933575.jpg

- ვფიქრობ, ადამიანი შემოქმედებითი პიროვნება უნდა იყოს. ხელნაკეთი ნივთები ყოველთვის მომწონდა. სტუდენტი რომ ვიყავი, რუსთაველზე გავლისას, ხშირად ვყიდულობდი ხის, ტყავისა და სხვა მასალისგან შექმნილ აქსესუარს, რომლებიც დღემდე მაქვს შემონახული. ალბათ, რისკენაც ბავშვობიდან მქონდა მიდრეკილება, ახლაც იმას ვაკეთებ და იმ დროის გატაცებები ზრდასრულ ასაკში სხვადასხვა სახით იჩენს თავს...

3-1708933586.jpg

წარმოშობით წყალტუბოდან ვარ, მაგრამ ამჟამად თბილისში ვცხოვრობ. პროფესიით ეკონომისტი გახლავართ და საბროკერო ფირმაში ვმუშაობ. ჩემს ცხოვრებას პარალელურად, ხელსაქმე მოჰყვება. ჩემზე ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა მინერალები, ბისერები, ფერადი ძაფები. ბავშვობიდან სულ რაღაცას ვაკეთებდი: ვხატავდი, ვქსოვდი, ვკერავდი და ა.შ. ერთხანს, როცა სამსახურში რეფორმები მოხდა და მეტი თავისუფალი დრო გამომიჩნდა, ნატურალური ქვები შევიძინე და მარტივი კონსტრუქციებით საყურის, სამაჯურის და სხვა აქსესუარების აწყობა დავიწყე. მერე მათ ნაცნობ-მეგობრებს ვჩუქნიდი. შემდეგ რაღაცების აწყობა ფერადი ბისერებით ვცადე და თანდათან განვვითარდი. მაშინ ნამდვილად არ ვფიქრობდი, რომ ეს საქმე ასე გამიტაცებდა. ამ ტექნიკას "ბიდინგი" ჰქვია, რაც ბისერებით მოწვნა-მოქარგვას ნიშნავს. საქართველოში დიდად გავრცელებული არ არის, ასეთ აქსესუარებს ძირითადად საზღვარგარეთ ქმნიან. ხანდახან საერთაშორისო კონკურსებში ვმონაწილეობ, სადაც უამრავი უცხოელია. ამ საქმიანობამ ისე ჩამითრია, რომ თავი ვეღარ დავანებე. მუშაობის დროს უამრავი იდეა მომდის. ვაკეთებ როგორც პატარა გულსაბნევებს, რომელიც უფრო კომერციული ხაზია, ასევე გულსაკიდებს. გულსაბნევებში ნემსიყლაპიებისა და პეპლების თემას ბევრი აკეთებს, მწერები მეც მაქვს, ისევე როგორც ფრინველებისა და თევზების ხაზი, მაგრამ უპირატესობას მცენარეების ფორმის გულსაბნევებს ვანიჭებ.

4-1708933601.jpg

რაც შეეხება მასალას, ჩეხურ და იაპონურ ბისერს ვიყენებ, რაც საქართველოში ძნელი მოსაპოვებელია. საერთოდ, დიდი ზომის აქსესუარზე მუშაობა უფრო მსიამოვნებს და შედეგით კმაყოფილი ვრჩები. მიყვარს სიჭრელე და ვისაც მრავალფეროვნება უყვარს, მას ჩემი სამკაულის არ "ეშინია".

ერთი დიდი აქსესუარის დამზადებისთვის 2 თვე მჭირდება. ძალიან ძნელია თავდახრილი ჯდომა და პერიოდულად აუცილებელია სხვა რამეზე გადაერთო, თორემ ფიზიკურად ვერ გაძლებ. ფაქტობრივად, საავტორო სამკაულებს ვამზადებ, რაც ბუნებრივია, დიდ დროსა და რესურსს მოითხოვს. ეს საქმე ჩემთვის ერთგვარი თავშესაფარია.

5-1708933612.jpg

- მოსწავლეები ხომ არ გყავთ? ამ ტექნიკის შესწავლის სურვილი არავის გამოუთქვამს?

- რამდენიმე მსურველი იყო, 2 მოსწავლე მყავდა კიდეც, მაგრამ სამსახურის პარალელურად, საამისოდ არ მცალია. ვფიქრობ, ვინც ბუნებით ესთეტია, ჩემი ხელით შექმნილ სამკაულს განსაკუთრებული სიამოვნებით ატარებს.

ანა კალანდაძე