"მახრჩობელა ილეთის დროს მიკბინეს, მაგრამ ასეთ რაღაცებზე მეღიმება" - გზაპრესი

"მახრჩობელა ილეთის დროს მიკბინეს, მაგრამ ასეთ რაღაცებზე მეღიმება"

17 თებერვალს 21 წლის სპორტსმენმა ელენე ლოლაძემ MMA-ს პროფესიულ კარიერაში პირველი შეხვედრა გამართა და 27 წამში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა თურქი მეტოქე... ელენე კიკბოქსიორი, მუაი ტაის და შერეული საბრძოლო ხელოვნების მოკრივეა. მან მსოფლიო თასი მოიგო კიკბოქსინგში, არის ევროპის პრიზიორი კრივში, MMA-ის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატების გამარჯვებული, ჯიუ ჯიცუს მსოფლიოს ჩემპიონი, ასევე ევროპული თამაშების პრიზიორი მუაი ტაიში. ენერგიული, ლამაზი, მიზანდასახული, სიცოცხლით სავსე გოგონა ცდილობს, კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწიოს და ყველა გაგვახაროს.

- გილოცავთ გამარჯვებას. 27 წამში შეძელით მეტოქის დამარცხება. გვიამბეთ ამ შეხვედრაზე.

- ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ბოლო ტურნირი, რომელიც 17 თებერვალს ჩატარდა, რადგან ეს ჩემი სადებიუტო ბრძოლა გახლდათ პროფესიულ MMA-ში - შერეული საბრძოლო ხელოვნება, ბრძოლა წესების გარეშე, ასეც უწოდებენ მას. კარგი მომზადება მქონდა გავლილი და ჩემს შესაძლებლობებში დარწმუნებული გავედი, აქედან გამომდინარე, ძალიან სწრაფად მოვახერხე მიზნის მიღწევა.

- როგორ ემზადებოდით მეტოქესთან შესახვედრად?

- რა თქმა უნდა, ასეთი შეჯიბრების წინ აკვირდები მეტოქის თამაშებს, მოძრაობებს. დაგეგმილი მქონდა, რომელი კომბინაცია უნდა გამეკეთებინა. მივყვებოდი გეგმას, რომელიც მწვრთნელთან ერთად შევიმუშავე.

- რა ასაკიდან დაიწყეთ ვარჯიში კიკბოქსინგში?

- ძალიან აქტიური ვიყავი. 4 წლისა მიმიყვანეს ცეკვაზე. პატარა ვიყავი, მაგრამ ისეთი მონდომებული, რომ მაინც მიმიღეს. 12 წელი ვცეკვავდი, მუსიკალურში 11 წელი ვიარე და ფორტეპიანო კარგად შევისწავლე. ვსწავლობდი ფიგურულ სრიალს. 16 წლისას ახალი გატაცება გამიჩნდა და კიკბოქსინგზე დავიწყე ვარჯიში, იმ პერიოდში ბევრმა გოგონამ, მათ შორის მოდელებმაც დაიწყეს ვარჯიში, რათა კარგ ფორმაში ყოფილიყვნენ. მამაჩემთან ერთად რამდენიმე დარბაზში ვიყავი და საბოლოოდ არჩევანი იმ დაწესებულებაზე შევაჩერე, სადაც ჩემი მწვრთნელი ნიკა ბეგოიძე იყო. 2 ვარჯიშის შემდეგ მივხვდი, ძალიან საინტერესო და სახალისო იყო კიკბოქსინგის გაკვეთილები. მანამდე არც ის ვიცოდი, გოგონები რინგზე თუ გამოდიოდნენ. მწვრთნელმა რომ მითხრა, რინგზე უნდა გახვიდეო, შევშფოთდი, ეს მართლა ვერ წარმომედგინა და არც სურვილი მქონდა. ჩემს მწვრთნელს დიდი შრომა დასჭირდა საიმისოდ, რომ რინგზე გავეყვანე. როცა ეს მოხდა, პირველი ბრძოლა მოვიგე და მერე უკვე მოტივაცია გამიჩნდა, ტურნირებზე გასვლა მომინდა.

- გაიხსენეთ პირველი წარმატება.

- 16 წლის ვიყავი, ვარჯიში რომ დავიწყე და ერთი წლის შემდეგ, მსოფლიოს თასი მქონდა უკვე მოგებული.

- როგორ შეხვდა ოჯახი თქვენს ამ ნაბიჯს?

- პირველი ორი ბრძოლა ჩავატარე საქართველოს მასშტაბით და მხოლოდ ამის შემდეგ გაიგეს ოჯახის წევრებმა, რომ ტურნირებზე გასვლას ვაპირებდი. სხვა გზა არ იყო, ეს უნდა მეთქვა, რადგან ქვეყნიდან გასვლა მიწევდა, ბაქოში მივდიოდით პირველ საერთაშორისო ტურნირზე და იქიდან გახარებული დავბრუნდი, ქამარი ჩამოვიტანე... ბევრი წარმატება მქონდა და ყველა ტურნირი მნიშვნელოვანი იყო. მსოფლიოს ჩემპიონატები, ევროპის ჩემპიონატები და ა.შ. ბოლოს ავირჩიე MMA-ის მიმართულება, შერეული საბრძოლო ხელოვნება, ბრძოლა წესების გარეშე. ამ სპორტს სჭირდება როგორც კიკბოქსინგის ტექნიკა, ასევე ჭიდაობა და ა.შ. ჯიუ ჯიცუზეც იმისთვის წავედი, რომ ამ მიმართულებით გამოცდილება დამეგროვებინა, ჩემი თავი შემემოწმებინა და საკუთარ შესაძლებლობებში დავრწმუნებულიყავი. დავიწყე ჯიუ ჯიცუს ტურნირებზე გამოსვლა და 2023 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოვიგე - ეს შეხვედრა იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ პირველი ქართველი გოგო ვიყავი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო ჯიუ ჯიცუში...

- ახლა რა გეგმები გაქვთ?

- ახლახან გავაფორმე ხელშეკრულება ერთ-ერთ ევროპულ ორგანიზაციასთან, რომელთანაც დაახლოებით წელიწადნახევრიანი კონტრაქტი მექნება და 4 ბრძოლას ჩავატარებ. ვფიქრობ, ამის შემდეგ გზა გამეხსნება - ჩემი მიზანი UFჩ-ას ჩემპიონობაა. მოწვევებიც მაქვს. ტაილანდში მსოფლიოს ჩემპიონატი რომ გაიმართა და მოვიგე, მათგან და სხვა დარბაზებიდანაც მივიღე შემოთავაზებები, მაგრამ ჯერ განხილვის ეტაპზე ვარ. საქართველოში ძალიან ცოტა გოგონაა ამ სპორტით დაკავებული, ამიტომ ბევრი სპარინგ პარტნიორი არ მყავს და სხვადასხვა ქვეყანაში მიწევს წასვლა მოსამზადებლად. ქვეყნის დატოვება არ მინდა და ვცდილობ აქაურობას მოვერგო, ამიტომ პერიოდულად მივდივარ სავარჯიშოდ და ისევ ჩამოვდივარ.

- გვიამბეთ ოჯახზეც...

- ჩემი ოჯახი ჩემი დიდი გულშემატკივარია. მხოლოდ ერთი ძმა მყავს, ჩემზე უფროსია და ძალიან აქტიურად არის ჩართული იმაში, რომ სპორტულ კარიერაში მიღწევები მქონდეს. ცდილობს ხელი შემიწყოს, სულ ჩემ გვერდითაა და მამხნევებს. თვითონ არ არის სპორტსმენი.

დედაჩემის როლი ჩემს კარიერაში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ფსიქოლოგიურადაც მეხმარება. სპორტი რთული სფეროა და ვფიქრობ, განსაკუთრებით რთულია ქალებისთვის - გარდა იმისა, რომ ასეთ დროს ფიზიკური ტრავმების რისკი დიდია, მამაკაცებისგან განსხვავებული ფიზიოლოგია გვაქვს და ზოგადად, ფსიქიკაზე, ნერვულ სისტემაზე სხვანაირად აისახება. ამ დროს ძალზე მნიშვნელოვანია, ოჯახი როგორ გიდგას გვერდით. დედაჩემი ის ადამიანია, რომელიც ცდილობს, სიმშვიდე შემინარჩუნოს და ყველაფერს აკეთებს, რათა უფრო ჯანსაღად შევხედო ყველაფერს.

- აღნიშნეთ, რომ პატარა ასაკში გქონდათ წარმატება, როგორ უყურებდნენ სკოლაში სიფრიფანა კიკბოქსინგელ გოგონას?

- მართლა გაოგნებული იყო ყველა. ჩემგან მსგავს რამეს ვერც წარმოიდგენდნენ, ეს შოკი გახლდათ მათთვის. მერე უკვე ამასაც შეეგუვნენ და ახლა ძალიან ამაყობენ ჩემით, მგულშემატკივრობენ.

- ბიჭებს ხომ არ აფრთხობს თქვენი ტიტულები? როგორც ვიცი, სტუდენტი ხართ...

- არა, არ აფრთხობს. დიახ, ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ვსწავლობ, მეოთხე კურსის სტუდენტი ვარ. ლექტორები ძალიან მიჭერენ მხარს, ჩემი დიდი გულშემატკივრები არიან. სტუდენტებიდან რამდენიმემ თავიდანვე მიცნო. ყველა მხარს მიჭერს, რაც დიდი სტიმულია ჩემთვის. სპორტი ჩემთვის ყველაფერია, მაგრამ დამატებით ვეუფლები პროფესიას, მიყვარს სწავლა. ასევე, წიგნის კითხვა, სიმღერა, ცეკვა, გართობა, ფორტეპიანოზე დაკვრა, ძალიან ხალისიანი ვარ, მაგრამ ბოლო დროს საერთოდ არაფრისთვის მრჩება დრო, გარდა სპორტისა. სპორტული კარიერა დიდხანს არ გრძელდება, რაღაც ასაკამდე გაქვს დრო წარმატების მისაღწევად, ამიტომ მთლიანად სპორტით ვარ დაკავებული. ეს რომ არა, ალბათ ათას რაღაცას მივედ-მოვედებოდი, ბევრი რამ მაინტერესებს და სულ სიახლის ძიებაში ვარ. მაგალითად, ძალიან მინდა მშვილდოსნობა, ნაოსნობა ვისწავლო.

img-20240116-204628-984-copy-1708933954.jpg

- ხომ არ გაიხსენებთ ამბებს შეჯიბრებებიდან, ტრავმაც ხომ არ მიგიღიათ?

- ტრავმა მიმიღია, მაგრამ არა - ისეთი სერიოზული, რაც გამოსვლებში ხელს შემიშლიდა. ერთხელ ტურნირზე გავიხეთქე წარბი და სისხლი მდიოდა; მეორედ თითი მოვიტეხე, მაგრამ რეაბილიტაცია ადვილად მოხდა. რაც შეეხება რინგზე უცნაურ ამბებს: ორჯერ მქონდა შემთხვევა, როცა ტურნირის დროს მოწინააღმდეგემ მიკბინა. ამას ახლა ღიმილით ვიხსენებ. საქართველოს ჩემპიონატი იყო კრივში, ქართველს ვხვდებოდი და მიკბინა. მერე ვხუმრობდი, - კიდევ კარგი, კბილზე კაპი ეკეთა, თორემ მხარს მომაჭამდა-მეთქი. კაპმა დამიცვა, მაგრამ მაინც უცნაური შეგრძნება იყო. ერთხელ კიდევ, ვარჯიშზე მახრჩობელა ილეთის დროს მიკბინეს, მაგრამ ასეთ რაღაცებზე მეღიმება, არ ვბრაზდები. ერთ ამბავს მოგიყვებით: მსოფლიო თასისთვის ვემზადებოდი. ჩემი კლასი ექსკურსიაზე წავიდა და მათ მეც გავყევი. ყაზბეგში ჩასულები ტრანსპორტიდან გადმოვედით და ტაძრის მოსალოცად ავდიოდით. ამ დროს ჩემი მწვრთნელი ნიკა ბეგოიძე მირეკავს, ადამიანი, რომელიც უდიდეს შრომას დებს ჩემს მომზადებაში და აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, საუკეთესო რომ ვიყო და მეუბნება, - საერთაშორისო ტურნირი იმართება თბილისში, თურქები არიან ჩამოსულები, მნიშვნელოვანი ტურნირია და კარგი იქნება, თუ მონაწილეობას მივიღებთო. ამხელა გზაზე ვიყავი კლასელებთან ერთად წასული, გული მწყდებოდა მეგობრების დატოვება რომ მიწევდა და იქაურობას ვერ დავათვალიერებდი, მაგრამ რადგან ეს ჩემი კარიერული წინსვლისთვის იყო საჭირო, დავთანხმდი და თბილისში წამოვედი. რომ გავემხნევებინე, ჩემმა მწვრთნელმა "ფეისბუკზე" სტატუსი გამოაქვეყნა: "ეს ფერია გოგონა, 16 წლის ელენე ლოლაძეა. დღეს მორიგი პროფესიული ბრძოლა აქვს თურქი გამოცდილი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ. ელენემ უმძიმესი ბრძოლა გადაიტანა და არც დასვენება მოინდომა, გუშინ შუაღამემდე დაუღალავად ივარჯიშა, დღეს კი ღამენათევი ლაშარობაში წავიდა კლასთან ერთად, ყაზბეგში. როდესაც შესაძლო ბრძოლის შესახებ გავიგეთ, არც კი გვიფიქრია, რომ ასეთ სიტუაციაში ელენე მოისურვებდა ბრძოლას, მაგრამ რომ ვიცოდით მისი ხასიათი, დავუკავშირდი ტელეფონით. ის ამ მომენტში ფეხით ადიოდა გერგეტის სამებაზე, კლასელებთან ერთად. მე ვიცოდი მისი გადაღლილობის, უძილობის და ამდენსაათიანი მგზავრობის შესახებ და რა თქმა უნდა, ასეთ ვითარებაში 99% ბრძოლაზე უარს იტყოდა, მაგრამ ელენემ არათუ უარი არ თქვა, არამედ მასწავლებლებს სთხოვა: მარტო გამიშვით უკანა გზაზეო და თბილისისკენ გამოემართა მიკროავტობუსით. ფერიას ჩვენი გამხნევება სჭირდება". მის ამ სტატუსს ბევრი დადებითი კომენტარი მოჰყვა, რომელიც გზაში წავიკითხე და ამდენი გულშემატკივრის ასეთი დადებითი განწყობა ფსიქოლოგიურად ძალიან დამეხმარა. გავედი შეჯიბრებაზე. ბრძოლა სისხლიანი აღმოჩნდა, რადგან წარბი გავიხეთქე. ჩემმა მწვრთნელმა სწორედ მაშინ შემარქვა სისხლის ფერია... ბრძოლაში ყველაზე მეტად ჩემი გაწონასწორებული ხასიათი მეხმარება. შეჯიბრების წინ გოგონები ცდილობენ, სხვადასხვა მიმიკით გამაღიზიანონ, მაგრამ მე მოთმინება მყოფნის, რომ ეს ყველაფერი ჩემს სასიკეთოდ გამოვიყენო.

- სპორტული კარიერის გამო ალბათ, ბევრ რამეზე გიწევთ უარის თქმა, ამაზე არ გწყდებათ გული?

- უკვე ვერსად მივდივარ, ასე გამოდის, პრაქტიკულად ყველაფერს ვეთიშები. გული დიდად არ მწყდება, რადგან ეს რეჟიმი, ვარჯიში, ჩემი ცხოვრების სტილად იქცა. ვიცი, წინ განსახორციელებელი მიზნები მაქვს და ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივაღწიო.

dsc00025-copy-1708933944.jpg

- ბოლო გამარჯვების შემდეგ ბევრი კომპლიმენტი მიიღეთ. გულშემატკივრის ასეთ მხარდაჭერაზე რას იტყვით?

- მართლა ძალიან დიდი მოტივაციაა ეს. დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩემს გამარჯვებას. აქამდეც ბევრი მნიშვნელოვანი ჩემპიონატი მოვიგე, მაგრამ ამხელა გამოხმაურება არ ყოფილა. ახლა მართლა ბუმი იყო. ბევრი დადებითი ემოცია, ბევრი შექება წამოვიდა, რაც სტიმულია სპორტსმენისთვის და ძალიან მიხარია, ყველა რომ მგულშემატკივრობს. ჯერ არ მინახავს ცუდი კომენტარი. ადრე იყო ასეთი დამოკიდებულება: გოგო ჩხუბობსო? და არ მოსწონდათ ეს; ზოგადად, გოგონებს რომ ხედავენ სპორტში, არ მოსწონთ. რა თქმა უნდა, ასეთი მოსაზრების მქონე ადამიანები ყოველთვის იარსებებენ, მაგრამ რას ვიზამთ. მთავარია, ასე ბევრი არ ფიქრობს და ეს მახარებს... 17 თებერვალს ჩატარებული ბრძოლა - ეს იყო წარმატებული დებიუტი და კიდევ მინდა მაქსიმალურ შედეგებს მივაღწიო. ზოგადად, გასული 2023 წელი იყო ჩემი კარიერისთვის ყველაზე კარგი წელი, რადგან 3 განსხვავებულ სპორტში გავხდი მსოფლიოს ჩემპიონი, მოვიგე ევროპული თამაშების მედალი და მრავალი სხვა უმაღლესი რანგის საერთაშორისო ტურნირი. ჯამში 30 ორთაბრძოლა გავმართე და აქედან 29 დასრულდა ჩემი გამარჯვებით, მათ შორის, 19 ორთაბრძოლაში გამარჯვება ვადამდე მოვიპოვე. ერთადერთი მარცხი, მსაჯთა "გაყოფილი" გადაწყვეტილებით, იყო შეხვედრა მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონთან და ამას არ ვთვლი მარცხად. ყველას დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გულშემატკივრობისთვის. ვეცდები, კიდევ ბევრჯერ გაგახაროთ.

თეა ხურცილავა