"შემეშინდა, როცა ჯარისკაცის ფორმაში გამოწყობილმა, შეიარაღებულმა ადამიანებმა დაკითხვა მომიწყვეს" - გზაპრესი

"შემეშინდა, როცა ჯარისკაცის ფორმაში გამოწყობილმა, შეიარაღებულმა ადამიანებმა დაკითხვა მომიწყვეს"

ასაკი: 31 წლის.

განათლება: დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, საესტრადო ვოკალის განხრით.

ამჟამინდელი საქმიანობა: მომღერალი.

ჰობი: ფოტოსესიებში მონაწილეობა.

განტვირთვის საუკეთესო საშუალება: მეგობრებისა და შვილების გარემოცვაში დროის გატარება.

ცხოვრების დევიზი: "იშრომე, იბრძოლე და მოგეცემა".

- თათია, რამდენიმე სიტყვით, საკუთარ თავს როგორ დაახასიათებ?

- მებრძოლი, მიზანდასახული და დაუმორჩილებელი.

- პოპულარობის განცდა პირველად როდის დაგეუფლა?

- უკრაინის "X ფაქტორში" მონაწილეობისას, როცა "ლაივ" კონცერტებზე მოვხვდით (თუ არ ვცდები, 5 ქართველი და 5 უკრაინელი ვიყავით). ჩემს ცხოვრებაში ეს ყველაზე ძლიერი შეგრძნება იყო, რადგან როცა გარეთ გავდიოდით, პროექტის მონაწილეებს ყველა გვცნობდა, მაგრამ ჩემ მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდნენ, რადგან ჩემ შესახებ ეთერში საკმაოდ დასამახსოვრებელი სიუჟეტი გავიდა... სუპერფინალში ვერ მოვხვდი - ხმები არ მეყო, მაგრამ პირველ "ლაივზე", ხმების რაოდენობით, პირველ ადგილზე გახლდით, რაც ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, რადგან უკრაინის "X ფაქტორზე" ჩასულებიდან, ალბათ, ერთადერთი გოგო ვიყავი, ვისაც საერთოდ არაფრის საშუალება არ ჰქონია. ზუსტად 2 დოლარით გავემგზავრე. თან, კარგად მახსოვს, საზღვარზე გამაჩერეს და არ მიშვებდნენ, რადგან არც ბარათზე მქონდა თანხა და არც - ნაღდი ფული. მოკლედ, დაკითხვა მომიწყვეს. ვუთხარი, - მომღერალი ვარ, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვედი-მეთქი. - არ გვჯერა, იმღერეო, - და აეროპორტში, რომელიღაც ოთახში შემიყვანეს, მამღერეს, შემდეგ კი აპლოდისმენტებით გამომიშვეს (იღიმის). მაშინ გამოუცდელიც ვიყავი და სიმართლე გითხრათ, დავიბენი, ძალიან შემეშინდა, როცა ჯარისკაცის ფორმაში გამოწყობილმა, შეიარაღებულმა ადამიანებმა დაკითხვა მომიწყვეს...

- რა იმღერე?

- ის სიმღერა, რომლითაც "X ფაქტორში" მოვხვდი: ჯენიფერ ჰადსონის One Night Only. დამავიწყდება მათი რეაქცია... კარი რომ გაიღო და გარეთ გამოვედი, ყველა მე მიყურებდა, - ვისი ხმა გამოდიოდაო (იცინის)?!. მერე, როცა უკვე საქართველოში ვბრუნდებოდი, აეროპორტში ყველა მცნობდა. მეუბნებოდნენ, რომ მგულშემატკივრობდნენ, ხელბარგის წაღებაში მეხმარებოდნენ, გულთბილად მეპყრობოდნენ.

- რამ შეიძლება ემოციებზე კონტროლის უნარი დაგაკარგვინოს?

- ტყუილმა. ვერ ვიტყვი, რომ თავად ფრთებშესხმული ანგელოზი ვარ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, ადამიანს სათქმელი პირდაპირ ვუთხრა, არ მოვატყუო. როცა მატყუებენ და ცდილობენ, იდიოტის როლში გამომიყვანონ, ჩემთვის ეს ყოვლად მიუღებელია.

- როდესაც ადამიანს პირადად ხვდები, შენს ყურადღებას მისი გარეგნობის რა დეტალი იქცევს?

- სიმართლე გითხრა, ვიზუალურ მხარეს ყურადღებას არასდროს ვაქცევ. ყოველთვის ადამიანურობას ვანიჭებ უპირატესობას. საერთოდ, კარგი იქნება, თუ ვიზუალი და შინაგანი ბუნება ერთმანეთთან თანხვედრაში იქნება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, არა მგონია, ასე იყოს. ამას პირადი გამოცდილების საფუძველზე ვამბობ: წეღანაც აღვნიშნე - ერთადერთი ადამიანი ვიყავი, ვისაც უკრაინის "X ფაქტორში" არაფრის საშუალება არ ჰქონდა. არ მრცხვენია და ვიტყვი, იქ მეორადების მაღაზიაში ნაყიდ კაბასა და გაცრეცილ ფეხსაცმელში გამოწყობილი ჩავედი. "გვერდიდან საუბარი" სულ მესმოდა, - რას ჰგავს, რა აცვია? ნეტავ, სარკეში არ იყურებაო? "რა აცვია" ჩემთვის მიუღებელია. შეიძლება ახლა კარგად მეცვას, მაგრამ იყო პერიოდები, როცა ამის საშუალება არ მქონდა. მიმაჩნია, ადამიანები ჩაცმულობით, გარეგნობით არ უნდა შევაფასოთ. პირადად მე, საუბრისას ადამიანური თვისებების "დაჭერას" ვცდილობ. თუ მეგობრობა დავიწყე, მთელი გულით ვმეგობრობ... რა თქმა უნდა, კარგად ჩაცმული ადამიანები მომწონს, მაგრამ პირველი შეხედვისთანავე გარეგნობას ყურადღება რომ მივაქციო, ვისაც კარგად ჩაცმის საშუალება არა აქვს, იმ ადამიანის შინაგანი "მეს" ძებნის ინტერესი დამეკარგება. ალბათ, ჩემი გულისტკივილიც მომყვება და ასე ამიტომ ვფიქრობ...

- შენ შესახებ გავრცელებული ჭორებიდან, ყველაზე მეტად, გულზე რა მოგხვედრია?

- ინტრიგანი არისო, - ჩემ შესახებ გამიგონია (იცინის). არადა, ასეთი არ ვარ. პირდაპირი უფრო ვარ, ვიდრე ინტრიგანი...

- შენთვის კომფორტის ზონა რა არის?

- სცენა, მიკროფონი, სიმღერა... სცენაზე ყველაფერი მავიწყდება - შემიძლია ყველა ემოცია სიმღერაში გადავიტანო და ნეგატიური ენერგიისგან დავიცალო. სიმღერის გარეშე ჩემთვის დღე წარმოუდგენელია!

- საქართველოში უფრო დაფასებულად გრძნობ თავს თუ მის საზღვრებს გარეთ, რომელიმე ქვეყანაში?

- საზღვრებს გარეთ. საქართველოში თავს დაფასებულად საერთოდ ვერ ვგრძნობ, მაგრამ ყაზახეთში - პირიქით, რადგან ყაზახ ხალხს გულთბილად დავამახსოვრდი. "ვოისში" სტუმრად მიმიწვიეს, რომ მემღერა, როგორც ვარსკვლავს. მათგან დიდ დადებით ენერგიას ვგრძნობ. იქ ყველა მეუბნება, რომ ჩემ შემდეგ ბევრი ქართველი ჩავიდა, მაგრამ ყაზახეთის "ვოისში" ქართველი მონაწილეებიდან თათია პირველი გვახსენდებაო. ეს ჩემთვის დიდი მიღწევაა.

- შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვინ არის?

- ბებო იყო, რომელიც "კოვიდით" გარდაიცვალა. რეალურად, მამის გარეშე გავიზარდე. ჩემს დასთან ერთად, დედა თბილისში წავიდა. ბებოსა და ბაბუსთან ერთად ვიზრდებოდი. ბებოსთვის საუკეთესო ვიყავი. როცა საავადმყოფოში წავიყვანეთ, მისი ბოლო სიტყვები იყო, - არ გაჩერდე, იბრძოლეო... იმ დროსაც კი ჩემზე ფიქრობდა. რა თქმა უნდა, ოჯახიც, ჩემი შვილებიც მგულშემატკივრობენ. შვილებს უხარიათ, როცა დედას სცენაზე ხედავენ. მინდა მათ თავიანთ კარიერას მიხედონ და ცხოვრება აიწყონ. უბრალოდ, ვასწავლი, რომ ცხოვრება ია-ვარდებთ მოფენილი არ არის. უყურებენ ჩემს წარმატებას თუ მარცხს... მეკითხებოდნენ, - დედა, პროექტიდან რატომ გამოგიშვეს, იქ შენზე კარგი არავინ იყოო (იცინის). პროტესტის გრძნობა გაუჩნდათ. მაგალითად, თურქეთის "ვოისშიც" ნახევარფინალში გადავედი, მერე კი ხმების რაოდენობა არ მეყო და "გამოვვარდი". ყაზახეთის "ვოისშიც" ასე მოხდა, მაგრამ მაშინ შვილები მცირე ასაკის იყვნენ და ეგონათ, დედიკომ მოიგო, რადგან ყველგან ჩემი ვიდეო ხვდებოდათ... მერე უკვე თუნდაც, "მხოლოდ ქართულის" კასტინგზე რომ გავედი, მომდევნო ტურში არ გადამიყვანეს - ჟიურის წევრებმა მიიჩნიეს, რომ არ ვვარგოდი. ყოველ სეზონზე, კასტინგზე მივდიოდი, მაგრამ სიტუაცია მეორდებოდა. 2 წელია, ქართულ მუსიკალურ პროექტებში მონაწილეობა აღარ მიცდია, რადგან აზრი არ აქვს...

შვილებს სულ ვეუბნები, - ცხოვრება ასეთია: ხან - დაეცემი, ხან - ფეხზე დადგები. ყოველთვის უნდა იბრძოლო, მიზანს რომ მიაღწიო-მეთქი. მგონი, მათთვის სამაგალითო უნდა ვიყო. იმედია, ასეც იქნება.

- საქართველოში სიმღერის მოტივაციას რა გაძლევს?

- ხალხი. სხვა ქვეყანაში მივდივარ, რომ ჩემს ქართველებს ვაჩვენო, რა შემიძლია და მათი გულები სიამაყით ავავსო... სოლო კონცერტი ბათუმშიც მქონდა - საკმაოდ ბევრი ხალხი დაესწრო, ადგილები აღარ იყო, კონცერტი მილანშიც გავმართე (ემიგრანტებისთვის)... ასე რომ, ამას მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ ვაკეთებ - დიდი სიხარული ისევ ქართველებს უნდა მოვუტანო...

img-7227-1708934186.jpg

- დროში უკან დაბრუნება რომ შეგეძლოს, ქართულ ტელესივრცეში შენს გამოჩენამდე რას შეცვლიდი, რა ნაბიჯებს გადადგამდი, ის რეალობა რომ არ იყოს, რაც დღეს არის? იმას ვგულისხმობ, რომ ქართული მუსიკალური პროექტები დიდად არ გწყალობს.

- ჩემთვის პირველი ტელეშოუ "ჯეოსტარი" იყო. მანამდე ბევრ კონკურსსა თუ ფესტივალში ვმონაწილეობდი... საქმეც ის გახლავთ, რომ ვერაფერს შევცვლიდი: როდესაც "ჯეოსტარში" მივედი, ამის ამსახველი ვიდეოს შესახებ ხალხის ნაწილი ამბობს, რომ იქ საერთოდ განსხვავებული ვარ. ხალხო, გამოცდილება მივიღე და ამიტომ ვარ "სხვა". თუ ადამიანს შანსი არ მიეცი, გამოცდილებას როგორ მიიღებს? სცენა, კონკურსი იმისთვის არის, რომ ადამიანმა გამოცდილება მიიღოს. "ჯეოსტარში" მისულმა აბსოლუტურად სხვა სიმღერა შევასრულე. მითხრეს, - ახლა გადი და 5 წუთში შემოდი, "ფსოუს წყალი" იმღერეო (მაშინ 17 წლის ვიყავი, 11 თვის შვილი მყავდა). ახლა ვფიქრობ - ეს იმაზე გათვალეს, რომ ჩემთვის დაეცინათ, მაგრამ არ გამოუვიდათ, რადგან 5 წუთში შევძელი და ჟიურის წინაშე სიმღერა აბსოლუტურად სუფთად შევასრულე. უბრალოდ, ჩემი ემოციური მდგომარეობა ნულამდე დაეცა. წარმოიდგინე, ჟიურის წევრები ისეთი სახეებით გიყურებენ, თითქოს მათი ვალი გაქვს, ამის გამო, "დავისტრესე"... ნებისმიერი "მუსიკალური ყური" იტყვის, რომ ჩემი შესრულება აბსოლუტურად სუფთა იყო. ჩემთვის რომ ეთქვათ, - თათია, ახლა მზად არ ხარ, მომავალ წელს უფრო მომზადებული მოდიო, მეტი სტიმული მექნებოდა, მაგრამ მითხრეს, რომ მონაცემები საერთოდ არ მქონდა, სახლში წავსულიყავი და შვილი გამეზარდა. ჩემთვის ეს დარტყმა იყო, რადგან ამ სიტყვებს ქვეყნის წარმატებული პროდიუსერი ქალი მეუბნებოდა. "ჯეოსტარის" ის ეპიზოდი ეთერში რომ გაუშვეს, ყველასთვის შოკი იყო, ვინც ბათუმში მიცნობდა, რადგან ყველამ იცოდა, ჯერ კიდევ 7 წლის ბავშვი ორკესტრთან და აკაპელასთან ერთად ვმღეროდი... ბათუმში, თითქოს დაცინვის ობიექტად აღმიქვეს, მაგრამ ეს ეპიზოდი ყველას მალევე დაავიწყდა. როცა უკვე უკრაინის "X ფაქტორში" გამოვჩნდი, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ის გოგო ვიყავი, ვისაც "ჯეოსტარში" უთხრეს, - მუსიკალური მონაცემები არ გაქვსო... წლების მერე ჩემი მიზანი მართლა არ ყოფილა, ვიღაც გაელანძღათ: უბრალოდ, კონკურსებში ჩემი მონაწილეობის ამსახველი ეპიზოდებისგან შემდგარი ვიდეო გამოვაქვეყნე: - აი, თათიამ მსმენელები ფეხზე დააყენა უკრაინაში, ყაზახეთში, თურქეთში და დღეს ამერიკისთვის იბრძვის. ყურები არასოდეს ჩამოყაროთ, მიზნის მისაღწევად იბრძოლეთ-მეთქი. ისე გამოვიდა, რომ ქალბატონ მარინას შეურაცხყოფა მიაყენეს... არ ვიცი, ალბათ, პროექტს სჭირდებოდა, რომ მას მონაწილეებისთვის ისეთი რაღაცები ეთქვა, რაც მითხრა, მაგრამ პირადად მას არაფერს ვერჩი - ბოროტი არ ვარ: მინდა ბედნიერი იყოს (წარმატებული ისედაც არის) და ხალხს მის მიერ გაკეთებული კარგი საქმეებით ახსოვდეს. უბრალოდ, ადამიანში მოტივაციის მოკვლა ჩემთვის მიუღებელია.

- ამერიკასთან დაკავშირებულ შენს გეგმებს რაც შეეხება, რა სიახლე გაქვს?

- პლასტიკური ოპერაცია - აბდომინოპლასტიკა და ლიპოსაქცია გავიკეთე. დიდი ხნის განმავლობაში მოძრაობაც შეზღუდული მქონდა. ნელ-ნელა ვცდილობ, გავაქტიურდე, ფოტოსესიებში ვმონაწილეობ... როცა უკვე მოვძლიერდები, ამერიკაში გავემგზავრები. მიმაჩნია, რომ იქ საკმაოდ დიდი კონკურენციაა. ისიც მიფიქრია, ამერიკაში გარეგნობას ყურადღებას ნაკლებად აქცევენ-მეთქი, მაგრამ როცა სცენაზე დგახარ და უკვე შეგიძლია, თავს უფლება მისცე, რაღაც გაიკეთო - გარეგნობა გაიუმჯობესო, რატომაც არა?! როცა სცენაზე ვდგავარ, არანაირი კომპლექსი არ უნდა მქონდეს. ძალიან მალე გავემგზავრები და იქიდან დიდ სიახლეებს გპირდებით. ერთი სული მაქვს, როდის წავალ, ოღონდ - საქართველოში აღარ ჩამოვალ. როცა მიზანს მივაღწევ, ალბათ, სამშობლოში უბრალოდ, ქართველების სანახავად ჩამოვალ და ოჯახსაც ამერიკაში წავიყვან...

- წლების მერე, როგორ გინდა, რომ ხალხს დაამახსოვრდე?

- როგორც ერთი მებრძოლი გოგო, რომელმაც შეძლო და ყველას დაუმტკიცა, რომ ნიჭიერება არ დაიკარგება, თუკი იბრძოლებ...

ეთო ყორღანაშვილი