მერაბ დვალიშვილის დაძლეული სირთულეები, ოცნება და გზა დიდ გამარჯვებებამდე
ქართველმა მებრძოლებმა მერაბ დვალიშვილმა და ილია თოფურიამ მსოფლიოს შთამბეჭდავი ბრძოლა აჩვენეს და ჩვენი სამშობლო კიდევ ერთხელ ასახელეს. ილია თოფურია UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონია. მან 18 თებერვალს ლეგენდარული ავსტრალიელი მებრძოლი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა, მერაბ დვალიშვილმა კი ამერიკელი ჰენრი სეჰუდო დაამარცხა, გამარჯვების შემდეგ თქვა, რომ მისი მიზანი ტიტულის მოგებაა და მიანიშნა ამჟამინდელ ჩემპიონთან შონ ო’მალისთან ბრძოლის სურვილზე. ო’მალი დარბაზში იმყოფებოდა და თავად ადევნებდა თვალს მერაბის ბრძოლას. "სად არის ჩემპიონი? მოიყვანეთ, ახლავე ვეჩხუბები. ჩემი მიზანი ტიტულის მოგებაა. ყველა მიყვარხართ. მადლობა ღმერთს, მადლობა UFC-ს", - თქვა მერაბ დვალიშვილმა გამარჯვების შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ დარბაზში დვალიშვილის საგულშემატკივროდ მარკ ცუკერბერგი იმყოფებოდა.
მაშინ, როცა მსოფლიო თვალს მერაბ დვალიშვილის ბრძოლას ადევნებდა, რა ხდებოდა მის მშობლიურ ვანში, სოფელ სულორში, სადაც მერაბის მშობლები ცხოვრობენ, რა თვისებებით გამოირჩეოდა ბავშვობაში, რა სირთულეები შეხვდა, როგორ მოახერხა მათი დაძლევა, რაზე ოცნებობს ახლა, როგორი შვილია და რა უთხრა დედას დიდი ბრძოლის წინ? - ამ ყველაფერზე მისი მშობლები: შუქრი და დარეჯან დვალიშვილები გვესაუბრებიან.
- ბატონო შუქრი და ქალბატონო დარეჯან, მერაბის გამარჯვებამ მთელი საქართველო გაახარა, რა ხდებოდა ამ დროს თქვენს გულებში?
შუქრი:
- ძალიან ძნელია ამ ემოციის გადმოცემა. ბუნებრივია, ვღელავდი, მთელი საქართველო მერაბს გულშემატკივრობდა, ამდენი ადამიანის იმედი რომ არ გაემართლებინა, საშინელება იქნებოდა. ეს ბრძოლა ჩემთვის ძალიან რთული გადასატანი იყო.
- სანამ ბრძოლაში ჩაებმებოდა, დაგირეკათ, გესაუბრათ?
- რა თქმა უნდა, დედამისი დაამშვიდა, - იცოდე, არ ინერვიულო, მაქსიმალურ შედეგს "დავდებ", აუცილებლად გავიმარჯვებო. მე ვუყურებ ბრძოლის სცენას, მაგრამ დედამისს მისი არც ერთი პირდაპირი ეთერი არ უნახავს.
დარეჯანი:
- არ შემიძლია, იმ წუთში ეკრანს ვერაფრით შევხედავ, როცა შედეგს ვიგებ, მერე კი ვუყურებ. ვიცი, რაც მოხდა და მერე ნაკლებად ვნერვიულობ. დილის 12 საათი იყო, მერაბმა რომ დაგვირეკა, იქ უკვე ღამე იყო, დასაძინებლად ემზადებოდა. დედიკო, მხიარულად იყავი, არაფერზე ინერვიულოო. მერაბი ძალიან მზრუნველი შვილია, თბილი და მოსიყვარულე. 3 ბიჭის დედა ვარ და მათი ჩხუბი არასდროს მინახავს.
შუქრი:
- დილიდან მილოცვებს ვიღებთ, ჩვენი ტელეფონები არ ჩერდება.
- თავად მერაბი გელაპარაკათ?
- არა, მან ჯერ დარეკვა ვერ მოახერხა.
- ბრძოლის დაწყებამდე, მოწინააღმდეგის "დავაი, დავაიმ", როგორ ფიქრობთ, მეტად გაახელა?
- მერაბი მსგავს ამბებზე აღარ რეაგირებს, ის ასეთია ხასიათით, შემართებით იბრძვის. ახლა ძალიან ჭკვიანურად იბრძოლა, მშვიდი და თავდაჯერებული ჩანდა, აღელვება არ ეტყობოდა.
- სპორტით რა ასაკში დაინტერესდა?
- სულორში ჭიდაობის სექცია იყო გახსნილი, მერაბის გარდა 2 ბიჭი მყავს და ჭიდაობაზე სამივე დადიოდა. შემდეგ საცხოვრებლად თბილისში გადავედით, მერაბს სპორტისთვის თავი არ დაუნებებია, ვარჯიში იქ გააგრძელა. სპორტში ყოველთვის გამორჩეული იყო და მიზანდასახული.
- კიდევ რა თვისებებითაა გამორჩეული?
- სამართლის მაძიებელია, სულ ვიღაცას იცავდა, სკოლაშიც, შემდეგ წლებშიც...
დარეჯანი:
- ძალიან მოძრავი, ცელქი, მოუსვენარი, მაგრამ საოცრად ზრდილობიანი იყო, მას არასდროს არავინ დაუჩაგრავს. ისეთი კეთილი გახლდათ, ვინმეს ერთი კანფეტი რომ მიეცა, სახლში ძმებთან მოჰქონდა.
- სკოლაში კარგად სწავლობდა?
შუქრი:
- საშუალოდ. სოფელში ცხენი გვყავდა და ცხენით ჯირითი უყვარდა, ფეხბურთიც აინტერესებდა. სულ მოძრაობაში იყო, სულ ცდილობდა, რაღაც გაეკეთებინა.
- ოდესმე გაუბრაზებიხართ, დაგისჯიათ?
- თბილისში რომ გადავედით, ერთხელ ძალიან გამაბრაზა. სკოლაში შუადღეს მიდიოდა. ერთ დღეს შინ დავბრუნდი, სკოლაში რომ გამეცილებინა, მაგრამ ოთახი დაკეტილი დამხვდა, გასაღები ვერ ვნახე, სკოლაში მივაკითხე და იქაც არ დამხვდა.
- სად იყო?
- არ ვიცი, ალბათ ქალაქში დაბოდიალებდა (იცინის), სკოლიდან მოსვლის დრო რომ დადგა, ზუსტად მაშინ დაბრუნდა, სახლში მხიარულად შემოვიდა. რას იფიქრებდა, ის თუ მეცოდინებოდა, სკოლაში რომ არ იყო. მაშინ ძალიან გამაბრაზა.
- აღნიშნეთ, რომ 3 ვაჟი გყავთ. თქვენი სხვა შვილები რას საქმიანობენ?
- ერთი სამხედრო მფრინავი იყო, ახლა ამერიკაშია. მეორე შვილი "სუს"-ის უფროსის ლილუაშვილის დაცვის უფროსია. სხვათა შორის, ძალიან გვინდოდა გოგო გვყოლოდა, მაგრამ არ გამოვიდა. მერაბს რომ ველოდებოდით, გვეგონა, გოგო გაჩნდებოდა.
- ფიზიკური მომზადების გარდა, მერაბს რა ეხმარება წარმატებების მიღწევაში?
დარეჯანი:
- თბილი და კეთილი გული. ცუდი არავისთვის უნდა, თან მორწმუნეა, სამშობლო ძალიან უყვარს და ყველა ბრძოლაში უდიდესი შემართებით გადის.
- ამერიკაში წასვლის გადაწყვეტილება როგორ მიიღო?
შუქრი:
- ეს გამართლება იყო. მერაბი ჯარში მსახურებდა, იქ მისი ფიზიკური მონაცემები არ გამოჰპარვიათ და დარბაზში ავარჯიშებდნენ. ამერიკაში პირველად შეჯიბრებაზე ჯარიდან წაიყვანეს. მერაბს 1-წლიანი ვიზა ჩაურტყეს, სხვებს - 2-თვიანი. როგორც კი სავალდებულო სამხედრო სამსახური დაასრულა, ამერიკაში წავიდა, მაშინ საშუალება არ გვქონდა, ჩვენი თანხით გაგვეშვა. იქ არაერთი სიძნელე შეხვდა და ყველაფერი დაძლია.
- ცნობილია, რომ მერაბმა შემოსავლის გამო მშენებლობაზე მუშაობა დაიწყო.
- ასე იყო, იშრომა, ყველა სიძნელე დამოუკიდებლად გადალახა და თავი დაიმკვიდრა; ამერიკაში მას არავინ დახვედრია და არავინ ჰყოლია, ვინც დაეხმარებოდა, ხელს წაუკრავდა. ახლა მშენებლობაზე მუშაობა აღარ უწევს, სპონსორი გამოუჩნდა და ბრძოლებიდანაც აქვს შემოსავალი.
- საქართველოში ჩამოსვლას ახერხებს?
- როგორც კი საშუალება ეძლევა, ჩამოდის. ბევრი ოცნება და მიზანი აქვს, ვნახოთ, რას შეძლებს.
- შეგიძლიათ უფრო კონკრეტულად მითხრათ?
- სკოლის დაარსება უნდა, პროფესიონალების შემოკრება და ბავშვების აღზრდა. იმედია, შეძლებს.
- პირად ცხოვრებაზე თქვენთან გახსნილად საუბრობს?
დარეჯანი:
- დიახ, ჩვენ ძალიან ღია ურთიერთობა გაქვს. მერაბს საცოლე არ ჰყავს. ამბობს, ცოლად ქართველი გოგო უნდა მოვიყვანოო. საჩემპიონო ქამარზე ოცნებობს. სულ ვეუბნები; დედიკო, დაოჯახდი, ადამიანისთვის მთავარი ოჯახია-მეთქი და მპასუხობს, - საჩემპიონო ქამარს რომ მოვიგებ, ცოლის მოყვანაზე მერე ვიფიქრებო.
საქართველოში რომ ჩამოდის, ყველა თბილად ხვდება, თავადაც ადამიანების მოყვარული ბიჭია, ჩვენს სოფელზე გიჟდება.
- აღნიშნეთ, ამერიკაში ბევრი სირთულის გადალახვა მოუხდა, ზოგიერთი ფსიქოლოგიურად ვერ უძლებს ბევრ წინააღმდეგობას, მერაბს უკან დახევა არასდროს უფიქირია?
- თბილისში, ბაზარში 8 წელი ვვაჭრობდი, რადგან მატერიალურად ძალიან გვიჭირდა, შვილები სტუდენტები გვყავდა. ერთ დღეს შინ გაღიზიანებული მოვიდა, შავდათუაშვილთან უჭიდავია, ის მორევია, წაუქცევია. მერაბი მაშინ პატარა იყო და ეს ამბავი ძალიან განიცადა; ეგონა, რომ ამით ყველაფერი დასრულდა, რომ მისთვის აზრი აღარაფერს ჰქონდა. კიმონოც დარბაზში დაუტოვებია, თავის ნივთები მიუყრია და წამოსულა. სახლში რომ მოვიდა, სკამს ფეხი მიარტყა, - შავდათუაშვილი მომერია და მე საჭიდაოდ აღარ გავალო. მივეფერე: დედიკო, რატომ ნერვიულობ, ჭიდაობაში თუ არაფერი გამოგივა, სხვა საქმეც ხომ შეგიძლია აკეთო, მძღოლობა ისწავლე-მეთქი. ჩემი ჭკუით, დავამშვიდე. გაბრაზებული შემომიბრუნდა; რას ამბობ, ადამიანო, მე საქართველო უნდა ვასახელოო. ამ სიტყვებს მერეც ხშირად ამბობდა და მე გულში მეცინებოდა. ვფიქრობდი, როგორ უნდა ასახელო საქართველო, უპატრონო ხარ, ხელის წამკრავიც კი არავინ გყავს-მეთქი. სულ ეს მიზანი ჰქონდა, სულ წინ ყოფნა უნდოდა. 8 წელი ნაქირავებში ვიცხოვრეთ. იმ გაჭირვებამ მერაბზე კარგად იმოქმედა, შრომის ფასი გაიგო. რომ ხედავდა, ბაზარში როგორ ვწვალობდი, როგორც შეეძლო, მაქსიმალურად მეხმარებოდა, სულ მხარში მედგა. მერაბი მებრძოლ პიროვნებად ჩამოყალიბდა. მხოლოდ ძალა და ბრძოლის ტაქტიკა კი არა, ფსიქიკაც ძლიერი აქვს და ეს ყველაფერი მის წარმატებას განაპირობებს.
- მადლობა ინტერვიუსთვის. გისურვებთ, თქვენს შვილს კიდევ ბევრჯერ ესახელებინოს საქართველო!
- დიდი მადლობა!
P.S. აღსანიშნავია, რომ მერაბ დვალიშვილისთვის შემდეგი ბრძოლა სატიტულო იქნება. ინფორმაცია დაადასტურა UFC-ის ხელმძღვანელმა დეინა უაითმა. ჟურნალის "გზა" რედაქციის სახელით მერაბს ვულოცავთ მიღწეულ წარმატებას, მალე მისთვის UFC-ის ჩემპიონობაც მიგველოცოს!
P.S. სხვა გამომცემლობების ან ინტერნეტსივრცეების მიერ მასალის გადაბეჭდვა ან სტატიიდან ამონარიდების გავრცელება იკრძალება!
თამუნა კვინიკაძე