"ეს ერთადერთი სკანდალი იყო ჩემს ცხოვრებაში" - გზაპრესი

"ეს ერთადერთი სკანდალი იყო ჩემს ცხოვრებაში"

"მისი სურვილია, მუდმივად იხეტიალოს. იღბლიანია, ყოველთვის უმტკივნეულოდ, თათებზე ეცემა. ამ ადამიანში ღრმად არის გამჯდარი მაღალი წრის საზოგადოების სიყვარული, უყვარს სტუმრების მიღება, გამასპინძლება, ლამაზი საღამოების ორგანიზება", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები კურდღლის წელში დაბადებულ მშვილდოსანს, ეს კი მომღერალ ნუცა თოფურიას ზოდიაქოს ნიშანია.

- ნუცა, ასტროლოგები თვლიან, რომ მშვილდოსნის ნიშნით დაბადებული ადამიანები იღბლიანები არიან. საკუთარ თავს ასეთად მიიჩნევ?

- მეც ასე მგონია, იღბლიანი ვარ.

- "ის ყოველთვის თათებზე, უმტკივნეულოდ ეცემა".

- ზუსტად ასეა. მქონია რთული მომენტები და იმ მდგომარეობიდან უმტკივნეულოდ გამოვსულვარ. ეს არ ისწავლება, არ გამომუშავდება, ეს ჩემი ბუნებაა. გარშემო მყავს ადამიანები, რომლებიც ამას ცდილობენ, მაგრამ არ გამოსდით.

- მატერიალისტი ხარ?

- არა, მეტსაც გეტყვი, ამ საკითხში მინუსებში ვარ, ვინც მიცნობს, ყველა დამეთანხმება.

- "სიღრმეებში ჩაძიებით არ ინტერესდება, მშვიდად და მარტივად ცხოვრება ურჩევნია".

- ბოლო პერიოდში მივხვდი, რომ ასე უნდა ვიცხოვრო, ყველაფერს მარტივად შევხედო, რათა ცხოვრება არ გავირთულო, ყველაზე რთული მდგომარეობიდან მარტივი გამოსავალი ვიპოვო, თავი ზედმეტად არ დავისტრესო, არ დავითრგუნო, არ გავიუბედურო. ბოლო 2-3 წელია, რაც ეს მიდგომა ჩამომიყალიბდა. სულ მეუბნებიან, ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით რატომ უყურებო? ასე თავს უფრო ბედნიერად ვგრძნობ, ზედმეტად რატომ ვინერვიულო?

- "ელიტური ჭორების ეპიცენტრში ყოფნა უყვარს".

- ვერ დაგეთანხმები, თუმცა ვიტყვი, როცა ჭორაობენ, ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებას აინტერესებ. გააჩნია, შენზე რას ჭორაობენ.

- შენზე რას ჭორაობენ?

- ვიღაცებთან მაწყვილებენ ხოლმე. ჩემზე უარყოფითი, ბოროტი და მტკივნეული ჭორები არ გამიგია.

- "ამ ადამიანში ღრმად არის გამჯდარი მაღალი წრის საზოგადოების სიყვარული, შეიძლება ითქვას, სნობიც კი არის".

- არა, სნობიზმი ძალიან მაღიზიანებს. ჩემთვის ყველა ადამიანი თანასწორია, არ აქვს მნიშვნელობა მის სოციალურ სტატუსს და ფინანსურ მდგომარეობას. სნობიზმი საზოგადოებაში ძალიან ფეხმოკიდებულია - ისეთ ადამიანებში დამიჭერია, გაოცებული დავრჩენილვარ და გული მტკენია.

- "უყვარს სტუმრების მიღება, გამასპინძლება, ლამაზი საღამოების ორგანიზება".

- ძალიან მიყვარს. ჩემს ოჯახში სულ სტუმრიანობაა, ამას ბავშვობიდან შეჩვეული ვარ. ოჯახის წევრებს დროის შეგრძნება არ გვაქვს, ასე რომ, ნათესავებმა, მეგობრებმა იციან, ნებისმიერ დროს შეიძლება მოვიდნენ.

- "იშვიათად კარგავს წონასწორობას, მას არ ახასიათებს აფექტური ქმედებები".

- ასეა, ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია წონასწორობა დამაკარგვინოს, ჩემი ძმაა, მაგრამ ეს იშვიათად ხდება. მშვიდი, წყნარი ადამიანი ვარ, სხვებსაც ვამშვიდებ ხოლმე.

- "ყველაზე მეტად სკანდალები და ხმაურიანი გარჩევები არ უყვარს".

- ზუსტად.

- სკანდალები და ხმაურიანი გარჩევები გქონია?

- არა (პაუზის შემდეგ), ერთხელ იყო შემთხვევა, "მხოლოდ ქართულის" პერიოდში - კადრში, რომელიც ეთერში გადიოდა, ვჩანდი ორ წამყვანს შუა. ჩემი მეგობრები: გუგა მარგველაშვილი და გიორგი ნარმანია იდგნენ და მათგან ერთ-ერთი უნდა გავარდნილიყო. წამყვანები ყოველთვის აცხადებდნენ: "პროექტს ტოვებს..." რატომღაც იმ მომენტში გადაწყვიტეს ეთქვათ: "პროექტში რჩება და ფინალში გადადის..." მოკლედ ფინალში გასულად გუგა მარგველაშვილი დაასახელეს. პირველ წამებში, სანამ გავიაზრებდი, ამ სახელის და გვარის გამოცხადებამდე რა თქვეს წამყვანებმა, ეთერში კადრში ვარ, ტაშს ვუკრავ და მიხარია. რამდენიმე წამში ვიაზრებ, რაც მოხდა და ნარმანიას გავარდნის გამო ტირილს ვიწყებ. ამისთვის სამეგრელომ გადამიარა - ეს იყო ერთადერთი სკანდალი ჩემს ცხოვრებაში. არ ვიცი, ეს სიტუაცია გაუგებარი რატომ გახდა. წერდნენ, გიორგის გავარდნა რატომ გაგიხარდაო? ორი მეგობრიდან ერთი რომ უნდა დარჩეს და მეორე წავიდეს, ძალიან რთული მომენტია.

- ფრთხილი ხარ?

- შეიძლება ითქვას, რომ ფრთხილი ვარ, რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება მიჭირს, ძალიან ბევრს ვფიქრობ, მაგრამ იმასაც გააჩნია, ის საკითხი რას ეხება.

- "ყოველთვის იცის, რა უნდა და მისთვის სასურველი რამ როგორი გზით მოიპოვოს".

- მე მაქვს მიზნები და ყოველთვის მისკენ მივიწევ, ქაოსურობა არ მჩვევია, არ შემიძლია.

- მოუსვენარიაო, - ამბობენ ასტროლოგები, ეთანხმები?

- ვეთანხმები. რაც თავი მახსოვს, ყოველთვის ჰიპერაქტიური ვიყავი, ერთ ადგილზე გაჩერება მიჭირდა.

- "თავგადასავლების მოყვარულია, უყვარს მოგზაურობა"...

- 100%-ით გეთანხმები, მოგზაურობაზე ვგიჟდები, თან ექსტრემალი ვარ.

- ერთდროულად ფრთხილიც ხარ და ექსტრემალიც?

- სიფრთხილეში ცხოვრებისეული თემები ვიგულისხმე, რაც შემდეგში ჩემთვის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იქნება; ოჯახის თემა, პირადი და ა.შ. ექსტრემალი სხვა მხრივ ვარ.

- "მას თავში სხვადასხვა იდეა სწრაფად მოსდის, წარმატება კი ხშირად მის ინტუიციურ წინათგრძნობაზეა დამოკიდებული".

- შეიძლება ითქვას, რომ ასეა, თუმცა ყველა პროექტში, რომლის მონაწილეც ვიყავი, ჩემი ინტუიციის კარნახით - ნაკლებად, უფრო ოჯახის თხოვნით და მათი სურვილის გათვალისწინებით გავედი. ამ პროექტებმა წარმატებები მომიტანა. როდესაც კონკრეტული გადაწყვეტილება მაქვს მისაღები და ამ დროს ინტუიციამ რაღაც მიკარნახა, წარმოუდგენელია, მცდარი იყოს, მაგრამ ეს ხშირად არ ხდება.

- პირდაპირობა გჩვევია? ასტროლოგები ამბობენ, რომ მშვილდოსნის ნასროლი სიტყვა მიზანს ისარივით ხვდება.

- ჩემს უახლოეს მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან პირდაპირი ვარ, მაგრამ საზოგადოებაში შეიძლება საერთოდ არ ვიყო პირდაპირი და საკუთარი დამოკიდებულებებიც კი დავმალო. შეიძლება კონკრეტული პიროვნების მიმართ კარგი შეხედულება არ მქონდეს, მაგრამ ის ამას ვერასდროს გაიგებს, კონფლიქტს და დაძაბულობას მირჩევნია, გავიღიმო, კომუნიკაცია არ მქონდეს. მოკლედ, "შორს და მშვიდობით" მირჩევნია. სხვათა შორის, ამას ჩემს დაქალებს ხშირად ვასწავლი, მაგრამ არ ითვალისწინებენ.

- "გულღიაობის მიუხედავად, ის ხშირად მარტოსულია".

- მარტოსულად თავი არასდროს მიგრძნია. რომ ამბობენ, ახლა სამოგზაუროდ მარტო წავიდოდი, ტყის პირას სახლს ავიშენებდი და მარტო ვიცხოვრებდიო, მსგავსი სურვილები არასდროს გამჩენია. მეტიც, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია, მარტოობა არ მიყვარს. ბოლო დროს ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს, საცხოვრებლად მარტო გადავიდეს.

- ეს დამოუკიდებლობის ნაწილად აღიქმება.

- შეიძლება ასეც არის, მაგრამ მე ჯერ ეს ეტაპი არ დამდგომია. ახლა ვერ ვხვდები, საცხოვრებლად მარტო რატომ უნდა გადავიდე.

- "შემოქმედებით საქმიანობაში ის ხშირად ვერ ახერხებს, გაექცეს მიმბაძველობას".

- უი, ვერ დავეთანხმები.

- "ნიჭიერი ადამიანების გავლენის ქვეშ მარტივად ექცევა".

- ნიჭიერი ადამიანები ძალიან მიყვარს, მათთან ურთიერთობა, მოსმენა, მაგრამ ცხოვრებაში სტილით, მანერით და ა.შ. არასდროს მყოლია მისაბაძი ადამიანი.

- საქმეების სანახევროდ მიტოვება გჩვევია?

- წლების წინ რამდენჯერმე მქონდა ასეთი შემთხვევა, ვფიქრობდი, რომ რაღაც უკეთესი გამოჩნდებოდა, დროის კარგვა იყო ან თავი კომფორტულად ვერ ვიგრძენი. ახლა ასე აღარ ვიქცევი.

3-copy-1708934625.jpg

- "მისი სურვილია, მუდმივად იხეტიალოს".

- მართლა ძალიან მიყვარს მოგზაურობა, ხეტიალი. ახლო მომავალში ბალიზე მივდივარ, ამ ადგილის მონახულების სურვილი ყოველთვის მქონდა. რა დროსაც არ უნდა მითხრა; ადექი, ჩაიცვი, სამოგზაუროდ წავიდეთო, ამისთვის ყოველთვის მზად ვარ.

- "მისი სასიყვარულო რომანები ხანმოკლეა".

- ვერ დაგეთანხმები. განსაკუთრებული გრძნობა თუ მაქვს, გამორიცხულია, ამ ყველაფერმა მალე გაიაროს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ურთიერთობას ერთთან ასრულებენ და ძალიან მალე სხვა რომანს იწყებენ. მათი არ მესმის. მგონია, მანამდე გულწრფელნი არ ყოფილან. შეიძლება ვინმე შემეკამათოს, მაგრამ ეს ჩემი აზრია, თავს არავის ვახვევ.

- დაშორების შემდეგ მეგობრობის რამდენად გჯერა?

- ჩემთვის ეს წარმოუდგენელია. შეიძლება ვცდები, მაგრამ ესეც ჩემი აზრია.

- "მაშინვე გარბის, როგორც კი უარის ან იმედგაცრუების სიმწარეს იგემებს".

- არ გავრბივარ, ურთიერთობას მარტივად ვერ ვანგრევ, თუმცა ვგრძნობ, როდის არის საჭირო გაქცევა, როდის - პატიება.

- საკუთარ სისუსტეებთან ბრძოლას ახერხებ?

- ვახერხებ და მგონია, რომ გამომდის. ძლიერი ფსიქიკა მაქვს, შემიძლია თავი ნებისმიერ სიტუაციაში გავაკონტროლო და საბოლოოდ მივაღწიო იმას, რაც მინდა.

- მაქსიმალისტი ხარ?

- აქამდე არ ვიყავი, პროექტებშიც არ ვიყავი ორიენტირებული გამარჯვებაზე. მეუბნებოდნენ, - თქვი, გავიმარჯვებო, მე კი ყველა ინტერვიუში ვამბობდი, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს დავდებ და ღირსეულმა გაიმარჯვოს-მეთქი. იყო პერიოდი, როცა ამბიციურობა მინუსებში მქონდა, მაგრამ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" რაღაცები სხვაგვარად დავინახე, ალბათ იმიტომ, რომ გავიზარდე. პირველად ვთქვი, ჩემი თავით ვიამაყე-მეთქი, ეს სხვა კონტექსტში ვთქვი, თურმე შინაგანად მქონია იმის ძალა, რომ ამ ყველაფერს გავმკლავებოდი და ცეკვასთან, ნიჭიერებასთან დაკავშირებულ კომპლიმენტებს რომ ვიღებდი, ძალიან მიხაროდა.

- "ამბიციურობა მინუსებში" ახსენე, დღეს რა ხდება?

- ჯანსაღი ამბიცია გამიჩნდა, რადგან ეს პროექტი ჩემი პროფესია არ იყო, მაგიტომაც გამიჩნდა, ამ პროექტს თავი სხვაგვარად მივუძღვენი, მერე რაღაც მომენტში, ცხოვრებაში პირველად, უსამართლობის შეგრძნებაც გამიჩნდა. საქართველოში კონკურსები დავასრულე. მაქსიმუმ ისეთ კონკურსში გავიდე, სადაც ზარები და მაყურებლის მობილიზება არ იქნება საჭირო. სხვა ქვეყნებიდანაც მაქვს შემოთავაზებები, მაგრამ ცოტა ხანი უნდა დავისვენო. სიტყვის - "კონკურსი" გაგონება აღარ მინდა.

თამუნა კვინიკაძე