"მუსიკალური სკოლის მიტოვებას მშობლები დღემდე არ მპატიობენ" - გზაპრესი

"მუსიკალური სკოლის მიტოვებას მშობლები დღემდე არ მპატიობენ"

ნათია შათირიშვილი, რომელიც პროფესიულ სასწავლებელს და ასევე "ლიდერ ქალთა ორგანიზაციას" უძღვება, გულახდილად გვესაუბრა, თუ როგორ დაიწყო საქმიანობა, როგორ განვითარდა და წარმატებას მიაღწია...

- სხვა ბავშვებისგან მცირე ასაკიდანვე იმით განვსხვავდებოდი, რომ უფროსი თაობის მეგობრები მყავდა, შემეცნებითი ტელეგადაცემები მაინტერესებდა... რატომღაც მიმაჩნდა, რომ თამაში უქმად დაკარგული დრო იყო. გართობაზე გაცლებით მეტ დროს კლასგარეშე ლიტერატურის კითხვას ვუთმობდი, მაინტერესებდა საქართველოს ისტორია...

- პროფესიაც ადრეული ასაკიდანვე აირჩიეთ?

- იურისტის კვალიფიკაცია მაქვს. ბავშვობიდანვე ზუსტად ვიცოდი, რა მსურდა. მშობლებს ძალიან უნდოდათ, მუსიკალურ სასწავლებელში ჩამებარებინა. ჩავაბარე კიდეც. ამავდროულად ვაპროტესტები, რადგან თუ მომღერალი გავხდებოდი, აუცილებლად უნდა მემღერა, რაც შინაგანად არ შემეძლო... მუსიკალური სასწავლებელი დავტოვე და იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე... მუსიკალური სკოლის მიტოვებას მშობლები დღემდე არ მპატიობენ, მსაყვედურობენ, თუმცა თავად მიმაჩნია, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე...

- მშობლები მუსიკალური სფეროს წარმომადგენლები ხომ არ არიან?

- არა. უბრალოდ, ბავშვობიდანვე ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა. ამიტომაც გადაწყვიტეს, ჩემთვის "მშვიდი" პროფესია შეერჩიათ. თან, მუსიკალური მონაცემები ხელს მიწყობდა. არადა, თავიდანვე რევოლუციონერის ხასიათი მქონდა. შესაბამისად, მათი გადაწყვეტილება გავაპროტესტე...

- შეგიძლიათ თქვენი შემოსავლის პირველი წყარო, პირველი ჰონორარი გაიხსენოთ?

- ფეხმძიმედ ყოფნისას მუშაობის ფიზიკური შესაძლებლობა არ მქონდა (იმ პერიოდში სტუდენტი გახლდით), მაგრამ ცხადია, ამბიცია და სურვილი გამაჩნდა, რომ საკუთარი შემოსავალი მქონოდა. ამიტომ ჩემი ჯგუფელებისა და სხვა სტუდენტებისთვის, რომლებსაც გამოცდა უნდა ჩაებარებინათ, ნაშრომებს ვწერდი. შეიძლება დღევანდელი გადასახედიდან ეს მიღებული ფორმა არ გახლავთ, მაგრამ მაშინ ჩვეულებრივი ამბავი იყო. თითო ნაშრომში 80 ლარს ვიღებდი, რაც მაშინ საკმაოდ დიდი თანხა იყო.

- დასაქმების მიზნით, ოდესმე "სივი" გაგიგზავნიათ?

- არასოდეს (იცინის). ალბათ ცუდ ტონად არ ჩამეთვლება, თუ ვიტყვი, რომ ვიღაცის დაქვემდებარების ქვეშ მუშაობა ვერ წარმომიდგენია. ეს არც კი დამიშვია, რადგან თავად ზუსტად ვიცი, რა და როგორ ვაკეთო, რა შედეგი უნდა მივიღო.

- იურიდიულ სფეროში გიმუშავიათ?

- რა თქმა უნდა, ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება მაქვს. ჩემი პირველი სამსახური ადვოკატურას უკავშირდება. შემდეგ საკმაოდ ცნობილი მოსამართლეებით, ადვოკატებით დაკომპლექტებული იურიდიული საკონსულტაციო კომპანია შევქმენი. წარმატებით ვმუშაობდით, მაგრამ უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე, სტაჟირებაზე გამგზავნეს, მერე კი ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სალექციო კურსი შემომთავაზა - ლექციები უნდა წამეკითხა... ასევე, სხვა სასწავლებლები დამიკავშირდნენ (მაშინ კერძო სასწავლებლების ბუმი იყო)... იურიდიულ ფაკულტეტზე ლექციებს ბევრგან ვკითხულობდი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში დეკანის მოვალეობასაც ვასრულებდი... მოკლედ, საკმაოდ დიდი გამოცდილება დავაგროვე. დღეს გული მწყდება, რომ ამ სფეროში მუშაობა ვერ გავაგრძელე, მაგრამ რაც მთავარია, ჩემს გამოცდილებას ცხოვრებაში ვიყენებ, რათა მაქსიმალურად დაცული, კანონის და მორალის წინაშე პირნათელი ვიყო.

- თქვენი ამჟამინდელი საქმიანობა რას უკავშირდება?

- პროფესიული სასწავლებელი, საერთაშორისო განათლების აკადემია, "ბიდისი" მაქვს - არაფორმალურ განათლებას ვემსახურებით. ჩვენთან ადამიანები სხვადასხვა პროფესიას ეუფლებიან, შემდეგ მათ სტაჟირებებზე ვგზავნით, დასაქმებაში ხელს ვუწყობთ... 18 წელია, რაც ჩვენი პროფესიული სასწავლებელი არსებობს. ამჟამად, 5 ფილიალი აქვს. ვამბობ ხოლმე, - ამ 5 ფილიალის მართვაში იმაზე მეტი ამაგი მაქვს, ვიდრე ჩემს 3 შვილზე. ამ სამსახურებში გაცილებით მეტად ვიხარჯები, ვიდრე ოჯახის წევრებთან... ამავდროულად, მაქვს "ლიდერ ქალთა ორგანიზაცია", რომელიც საკმაოდ "ხმაურიანია" და 10 000-ზე მეტ ქალს აერთიანებს, როგორც საქართველოს მასშტაბით, ასევე - საზღვარგარეთ (წარმატებული, ემიგრანტი ქალების ჩართულობით). მაგალითად, ჩვენ გვერდით არიან მეღვინეები, მეწარმეები, დიზაინერები, განათლების თუ სხვა სფეროში მომუშავე წარმატებული, გამორჩეული, ლიდერი ქალბატონები...

- საინტერესოა, პროფესიული სასწავლებელი როგორ შექმენით? თავდაპირველად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით ვინმე დაგეხმარათ?..

- სხვათა შორის, ბევრს ჰგონია, რომ ეს საკითხი "საიდანღაც ვიღაცამ" მომიგვარა, მაგრამ რეალურად, ასე არ არის: ჩემი საქმის წარმოება მართლა 1 კომპიუტერით დავიწყე, რომელიც განვადებით შევიძინე.

- პროფესიული სასწავლებელი რამდენი წლისამ შექმენით?

- 26 წლის ვიყავი. დღესდღეობით ახალგაზრდებს დიდი შესაძლებლობები აქვთ. მაგალითად, ჩემი უფროსი შვილი 22 წლის არის და უკვე ისეთი მიღწევები აქვს, რაზეც მის ასაკში თავად ვერც ვიოცნებებდი. ალბათ, ეს თანამედროვე ცხოვრებამ მოიტანა...

- ლიდერ ქალებთან ურთიერთობას რა სირთულეები ახლავს?

- კი ვამბობ ხოლმე, - კაცებისგან განსხვავებით, ქალბატონებთან ურთიერთობა გაცილებით მარტივად გამომდის-მეთქი, მაგრამ ეს სასიამოვნო და ძალიან საინტერესოსთან ერთად, ურთულესი პროცესია, რადგან უკვე ჩამოყალიბებული, შემდგარი, წარმატებული, საქმიანი, ლიდერი ქალბატონები არიან და მათთვის უმნიშვნელოვანესია, საინტერესო, მისაღები, აუცილებელი მომსახურება მიაწოდო. ისინი უკვე საკმაოდ ცნობილებიც არიან, მაგრამ ჩვენი საზრუნავია, მათი საქმიანობის ხელშესაწყობის გაუმჯობესებისა და პოპულარიზაციისთვის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მომსახურება შევთავაზოთ, რაც მათ კიდევ უფრო წარმატებულებს და ცნობილებს გახდის.

- "ლიდერ ქალთა ორგანიზაციის" მიერ განხორციელებული პროექტებიდან, თქვენთვის განსაკუთრებული რომელია?

- უამრავი პროექტი გვაქვს განხორციელებული, მაგალითად - საქველმოქმედო ღონისძიებები ბავშვებისთვის, უპოვრებისთვის, მოხუცთა თავშესაფრებისთვის და ა. შ. ასევე ბიზნესდაჯილდოებები, ლიდერი ქალბატონების გამოვლენა, ბიზნესკონფერენციები, საზღვარგარეთ ბიზნესტურები... მოკლედ, უამრავი საინტერესო პროექტი განგვიხორციელებია, მაგრამ განსაკუთრებული და საკმაოდ სენსიტიური მაინც პატიმარ ქალებს უკავშირდება: იმათ, ვისაც პატიმრობის ვადა მალე დაუსრულდებათ, სხვადასხვა პროფესიაში ვამზადებთ. ციხიდან გამოსვლის შემდეგ კი სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფილნი იქნებიან.

- როცა "ლიდერ ქალთა ორგანიზაციის" ჩამოყალიბებას იწყებდით, ელოდით, რომ ქვეყანაში, სადაც დიდად დალხინებული ცხოვრება არაა, ამდენი ბიზნესლედი გვეყოლებოდა?

- საქართველოში უძლიერესი ქალბატონები რომ გვყავს და ქვეყანაში რთულმა პერიოდმა ემიგრანტი ქალბატონების კისერზე გადაიარა (რაც დღეს კიდევ გრძელდება), ყველამ ვიცით. ქართველი ქალის ბუნება რომ მრავალწახნაგოვანია და ერთდროულად ბევრი, ურთულესი საქმის კეთება შეუძლია, ამაზე არ ვდაობთ, მაგრამ თავადაც გაოცებული ვარ: თურმე საქართველოში რამდენი უძლიერესი, წარმატებული, ლიდერი ქალბატონი გვყოლია და მათ შესახებ საზოგადოებამ არ იცოდა... ბედნიერი ვარ, რომ მე და ჩემმა გუნდმა შევძელით, ისინი ფართო ასპარეზზე გამოსულიყვნენ...

- საქმეში კრიზისული პერიოდები თუ გქონიათ, როცა მაგალითად, უსამსახუროდ დარჩით?

- 18-20 წელია, დაკავებული ვარ. ამ ხნის განმავლობაში უსამსახუროდ არ ვყოფილვარ. ალბათ, ეს ჩემი ხასიათის გამო ხდება: სასოწარკვეთას არ მივეცემი ხოლმე. ერთი გზა თუ მოიჭრა, მეორეს ვეძებ. ცხადია, დაბრკოლებები ყოფილა: ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომელმაც ომების პერიოდი გამოიარა, პანდემიაც მძვინვარებდა... ყოველთვის ისეთ საქმეს ვაკეთებდი, რაც შეიძლებოდა, იმ დროისთვის მოსახერხებელი ყოფილიყო. პრობლემებიდან გამოსავალს აბსოლუტურად მარტივად ვპოულობდი. საერთოდ, გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და უმუშევრად, უფულოდ, გაჭირვებაში ყოფნის ეპიზოდი ცხოვრებაში არ მქონია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ წარმატებას ზემოდან ვარდის ფურცლებივით მაყრიდნენ - ყველაფერი, რაც მაქვს, ჩემი თავგანწირული შრომის შედეგია.

427827793-777227360990087-1086733497659395995-n-copy-1708934801.jpg

- ამდენ საქმეს და ოჯახურ ცხოვრებას ერთმანეთს როგორ უთავსებთ?

- ძალიან რთულია, საქმეში წარმატებული იყო და იმავდროულად, გყავდეს 3 შვილი, მეუღლე და საქმეს ოჯახური ცხოვრებაც შეუთავსო. ყველაფერში მაგარი ვერ იქნები: ან ერთში უნდა იყო, ან - მეორეში. ალბათ თავს მოვიტყუებ, თუ ვიტყვი, რომ საუკეთესო დედა ვარ: საკუთარი თავის წინაშე მუდმივად დანაშაულის გრძნობა მაქვს, რომ ოჯახს ვაკლივარ, ბავშვები თითქმის უჩემოდ იზრდებიან - მათ დამხმარე ზრდის და ა.შ. მიზნის მიღწევის ისეთი დაუოკებელი ჟინი მაქვს, რომ ყველაფერი განსაკუთრებულად, საუკეთესოდ უნდა შევასრულო! თუ შემიძლია, ძალიან ხმამაღლა ვთქვა, რომ ჩემს საქმეში წარმატებული, შემდგარი ვარ, იმავდროულად, სამწუხაროდ, ვერ ვიამაყებ, რომ საუკეთესო დედა და მეუღლე ვარ. ამას ძალიან განვიცდი ხოლმე...

- ოჯახურ გარემოში საქმეზე საუბრობთ?

- ოჯახში - მით უმეტეს, რადგან 5 წევრიდან 2 ჩემი თანამშრომელია: მეუღლე აკადემიის ბუღალტერი გახლავთ, უფროსი შვილი კი სასწავლებელში ლექციებს კითხულობს (ბიზნესის ადმინისტრირებაში). ასევე, "ლიდერ ქალთა ორგანიზაციაშიც" მეხმარება. ასე რომ, ოჯახში საქმეზე საუბარს გვერდს ვერ ავუვლით...

- თქვენი საქმიანობა ჩაცმის სტილზე გავლენას ახდენს?

- დიახ. სპორტული სამოსი ძალიან მომწონს და მეგობრებს უთქვამთ კიდეც, - გიხდებაო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ხასიათით რევოლუციონერი ვარ, ჩაცმულობასთან დაკავშირებულ გარკვეულ შეზღუდვებს ვემორჩილები.

- დასაქმების ან საქმის წამოწყების მოსურნე ქალბატონებს რას ურჩევთ?

- საკუთარ თავში ძალა და რწმენა იპოვონ, მიზანი დაისახონ და აუცილებლად მიაღწევენ!..

ეთო ყორღანაშვილი