პოლიტიკოსი განსხვავებულ ამპლუაში - გზაპრესი

პოლიტიკოსი განსხვავებულ ამპლუაში

პოლიტიკოს თაკო ჩარკვიანს ჩვენი საზოგადოება ემოციური, კრიტიკული გამოსვლებით იცნობს. ის ყველგან დაუფარავად გამოთქვამს თავის აზრს - საქართველოს პარლამენტის კედლებში და მის გარეთაც. ამჯერად ქალბატონ თაკოს სულ სხვა ამპლუაში წარმოგიდგენთ: ის იგონებს მამას - ჯანსუღ ჩარკვიანს და მის შეუდარებელ სამეგობროს, რომელმაც ქართული კულტურის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა.

- როდესაც მამაზე და მის სამეგობროზე ვფიქრობ, ყოველ ჯერზე ვრწმუნდები, რომ 60-იანელთა ფანი ვარ. ჯერ როგორი კურსელები ჰყავდა: ოთარ და თამაზ ჭილაძეები, ტარიელ ჭანტურია, გივი გეგეჭკორი, ვახტანგ ჯავახაძე, გივი სამსონაძე... - ამდენი ვარსკვლავი თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მხოლოდ ერთ კურსზე სწავლობდა! საოცარი მეგობრობა ჰქონდათ, ერთმანეთს ყოველთვის მხარში ედგნენ და მათ შორის ოდნავი შური ან დაპირისპირებაც კი არ იყო. მერე ეს მეგობრობა ნათელმირონობაში გადაიზარდა: ჩვენს ოჯახს ნათელ-მირონი აკავშირებს ტარიელ ჭანტურიასთან, ოთარ ჭილაძესთან, იოსებ ნონეშვილთან, თამაზ ჭილაძესთან და იმ დროის სხვა ცნობილ ხელოვანებთან. როდესაც მათ ვიხსენებ, ვხვდები, მსგავსი ადამიანები საუკუნეში ერთხელ იბადებიან. მახსოვს, როცა ჯანსუღის ლექსები გამოქვეყნდა, ჩვენს ტელეფონზე ღამის ზარი შემოვიდა, ეს ოთარ ჭილაძე იყო, რომელიც მამას მთელი ხმით ულოცავდა და ეუბნებოდა: ახლა წავიკითხე შენი გულიანი ლექსები, შენ გენაცვალეო. როგორც გითხარით, მათ შორის კონკურენციის ნასახიც კი არ იგრძნობოდა. პირიქით, ერთმანეთს აგულიანებდნენ და ყველა სტრიქონს უწონებდნენ, რასაც შემოქმედისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. პოეზია მეც ძალიან მიყვარს და ეს ჯანსუღის დამსახურებაა, ყველა ნიჭიერი პოეტის ლექსებს ის დიდი სიყვარულით მაწვდიდა. იცით ახლა რას ვდარდობ ყველაზე მეტად? - მათი მოლხენა და ქეიფი ვერ ჩავიწერე, ვერ შემოვინახე.

ჩვენს სახლში კარი არ იკეტებოდა და ღამის ზარებიც არ გვიკვირდა: მამა სულ იმეორებდა: გააღეთ, ან ბიჭები იქნებიან, ან ვიღაცას უჭირსო. ორი ოთახი გვქონდა და მამაჩემი შუაში კარს არ სვამდა, მეგობრები რომ ვიკრიბებით, ადგილი არ გვყოფნისო. ამიტომ, დედამ ეს ორი ოთახი ლამაზი ფარდით გადატიხრა.

დედაჩემმა, ირმა ჩხეიძემ მამას ძალიან კარგი მეუღლეობა გაუწია, ალბათ იმიტომ, რომ ერთნაირი მენტალიტეტი და ერთი ჭკუა ჰქონდათ: დედაც ლიტერატორია, ენათმეცნიერი, თვითონაც კარგად წერდა და მთელი ცხოვრება კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებას იკვლევდა - მას სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაციები აქვს გამსახურდიაზე დაცული.

kapianide-copy-1708935038.jpg

- ყველაზე მეტად ვის აფასებდა სამეგობროდან?

- მამას განსაკუთრებით უყვარდა მუხრან მაჭავარიანის და მურმან ლებანიძის პოეზია, მათი ლექსები მეც შემაყვარა. მარტო სტუდენტობის ამხანაგებთან კი არა, ყველასთან მეგობრობდა, მაგრამ ნოდარ დუმბაძესთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. მათი ტანდემი ნამდვილ ფეიერვერკს ჰგავდა, რადგან ორივე გამორჩეული იუმორით იყო დაჯილდოებული. ერთ ამბავს გავიხსენებ: საბჭოთა პერიოდში უცხოეთში გასვლა რთული იყო. ერთ-ერთ კონკურსში ჯანსუღის ლექსმა გაიმარჯვა და იუგოსლავიაში უნდა წასულიყო. ეს ლექსი გახლდათ "მწყურვალისათვის მიმატანინე წყალი", რომელმაც პრემიაც მოიპოვა. მამას ბილეთები უკვე ნაყიდი ჰქონდა, როცა ნოდარმა მწვავე ინფარქტი მიიღო. ჯანსუღმა ბილეთები ჩააბარა და იუგოსლავიის ნაცვლად, მეორე დილას საავადმყოფოში მივიდა. მის თავთან იჯდა. როცა ნოდარმა თვალი გაახილა და გაოცებულმა ჰკითხა, "ჯანუკა, ბიჭო, შენ აქა ხარ? მე უკვე წასული მეგონე". - ბიჭო, ნოდარა, მეც რა ხნის წასული მეგონე, მაგრამ აგერ წევხარ და მელაპარაკებიო, - უპასუხა მამამ. ასე შეხუმრებულები იყვნენ და იუმორით ბევრი რამ გაიტანეს.

კიდევ ერთი მოგონება დედაჩემმა შემოინახა: ნოდარს სერიოზული ინფარქტი მოუვიდა. როგორც კი გამოკეთდა, მამას წერილი გამოუგზავნა: რეაბილიტაციის ცენტრში ვწევარ და იცი, რას ვაკეთებ? შენს სტროფანტინს ვკითხულობო. ნოდარ დუმბაძეს ძალიან უყვარდა ლექსი "ლამაზი სიკვდილი" და მას სტროფანტინი დაარქვა - იმ წამლის სახელი, რომლითაც მკურნალობდა. ეს წერილი შენახული გვაქვს. ხშირად ვფიქრობ: ალბათ დიდ ნიჭს შეუძლია ასე უშურველად სხვისი ნიჭის დანახვა და აღიარება.

namgali-da-urooo-copy-1708935051.jpg

- როგორ გავრცელდა ხალხში საოცარი სიტყვები - "თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია"?

- ეს სიტყვები პოემაში ჰქონდა შეტანილი, რომელიც 1972 წლით თარიღდება. ბავშვობაში ამას ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ ახლა, როცა წლები გავიდა და ვხედავ, რუსეთის სახით როგორ მონსტრს ვებრძვით, კარგად ვხვდები, რამხელა წნეხს უძლებდა ეს თაობა და რა ფასად უჯდებოდა თითოეულს ნებისმიერი თამამი სტრიქონის გამოქვეყნება. სხვათა შორის, ერთხელ დედას ვკითხე, - როგორ ახერხებდა ასეთი სიტყვების დაბეჭდვას-მეთქი? მიპასუხა, - აბა, ერთი დათვალე, რამდენი ინფარქტი აქვს მიღებულიო?! პირველი ინფარქტი მამამ 40 წლის ასაკში გადაიტანა და მერე სულ ხუმრობდა, ინფარქტებს ვაგროვებო. განსაკუთრებით მძიმე იყო მისთვის 1977 წელი: მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი იყო და მან ერთადერთმა არ მოაწერა ხელი ზვიად გამსახურდიას გარიცხვას მწერალთა კავშირიდან. ამის საპასუხოდ, ე.წ. კოლეგებმა ანონიმური წერილები დაუწერეს და მოსკოვში უჩივლეს. ერთ-ერთ ასეთ წერილს ხელს აწერდა მაშინდელი "სამშობლოს" რედაქტორი გივი კარბელაშვილი, რომელმაც "ცეკას" ასეთი თხოვნით მიმართა: იქნებ თქვენ მიხედოთ ამ პოეტს, თავისუფლებაზე წერს და ტყვიას ითხოვსო...

- ეს ამბავი როგორ დასრულდა?

- მამას ისევ სამეგობრო დაუდგა გვერდით: კერძოდ, რეზო ჭიჭინაძე - მსახიობ დოდო ჭიჭინაძის ძმა, რომელმაც თქვა, ამ ყველაფერს მარტო მე არ ვეყოფი, ვიღაც უნდა დამეხმაროსო. ასეთი დამხმარე აღმოჩნდა მსახიობი არჩილ გომიაშვილი, რომელსაც მოსკოვში ბევრი როლი ჰქონდა შესრულებული და ძალიან პოპულარული იყო. საქმეში ჩართეს კიდევ უფრო ცნობილი და გავლენიანი რუსი არტისტი - ულიანოვი და ყველაფერი გააკეთეს, რომ ანონიმურ წერილს ცუდი შედეგი არ მოჰყოლოდა. ასე ებრძოდნენ ყველა პატრიოტულ სტრიქონს, მაგრამ კიდევ კარგი, რომ ქართველმა მწერლებმა თავიანთი მტკიცე წრე შეკრეს და ერთმანეთს ეხმარებოდნენ - ამიტომაც ვამბობ, 60-იანელების ფანი ვარ-მეთქი! ისინი დანის პირზე გადიოდნენ, მაგრამ ხალხში პატრიოტული სულის გაღვიძებას მაინც ახერხებდნენ. იმ წლებში, მამა "ცისკრის" რედაქტორი გახლდათ, სადაც უმწვავესი ანტისაბჭოური წერილები იბეჭდებოდა. მასში დაიბეჭდა "დათა თუთაშხია", აკაკი ბაქრაძის და სხვათა მწვავე, კრიტიკული წერილები.

thako-da-nodari-copy-1708935062.jpg

- ამას როგორ ახერხებდნენ?

- მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს, რომ ეს ყველაფერი ვასილ მჟავანაძის მმართველობის დროს ხდებოდა. სწორედ მის დროს გახდა თამაზ ჭილაძე "მნათობის" რედაქტორი, მუხრან მაჭავარიანი - "პიონერის", ხოლო ნოდარ დუმბაძე - ჟურნალ "ნიანგისა". მე არ მიყვარს, როცა ადამიანებს რაღაცას ვუკარგავ და იმედი მაქვს, ჩვენი ისტორია სიმართლეს შემოინახავს. სწორედ მაშინ, 9-წლიანი პოლიტიკური პატიმრობიდან ჩამოვიდა უნიჭიერესი კაცი - ოტია პაჭკორია. მამამ ის დაიბარა და თავის მოადგილედ წაიყვანა - ეს მაშინ დიდი რისკი იყო. სხვათა შორის, "თვითმფრინავის ბიჭების" საქმეშიც მხოლოდ ჯანსუღმა და მარიკა ლორთქიფანიძემ არ წაიღეს უკან თავიანთი ხელმოწერები შეწყალების თხოვნაზე. ბედნიერი ვარ, რომ ის ორჯერ იყო ზვიად გამსახურდიას თავდები, ასევე პატრონობდა ირაკლი წერეთელს და გია ჭანტურიას. ირაკლი წერეთელს ციმბირიდან აქვს მოწერილი: "დიდი მადლობა, ძია ჯანსუღ, ისევ თქვენ აღმოჩნდით ადამიანი, ვისაც ჩვენზე გული შესტკივა". 8 აპრილის კადრებში, სადაც ნუგზარ ფოფხაძე რუსთაველზე ჯარის შემოყვანას ითხოვს, სტენოგრამამ შემოგვინახა ჯანსუღის ხმა, რომელიც ყვირის: რას ბედავთ, გარეთ ჩვენი შვილები დგანანო!

- ცნობილია, რომ შევარდნაძეს ჯანსუღ ჩარკვიანთან და ნოდარ დუმბაძესთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ამის თაობაზე რა გახსენდებათ?

- ისინი სიჭაბუკიდან მეგობრობდნენ - ერთმანეთი მაშინ გაიცნეს, როცა 22-23 წლისანი იყვნენ. შევარდნაძე მაშინ "ტეკას" რიგითი ინსტრუქტორი გახლდათ და ვერავინ იფიქრებდა, თუ ასეთ თანამდებობას მიაღწევდა. ვერ დავუკარგავთ, რომ მას დიდი იუმორი ჰქონდა, უნიჭიერესი კაცი იყო. კიდევ ერთ საინტერესო ამბავს მოგიყვებით: ლიძავაში კულტურის დღეები ტარდებოდა. ღონისძიების შემდეგ სუფრა გაშალეს. ნოდარ დუმბაძე, ძმები ჭილაძეები, ჯანსუღი და სხვები ერთ სუფრასთან ისხდნენ, შევარდნაძე კი შორიახლოს, სამთავრობო სუფრასთან იჯდა, რომელიც პროტოკოლს ემორჩილებოდა. მწერლები და მომღერლები რომ დაინახა, შევარდნაძემ შესთავაზა, აქეთ გადმოდით და ჩვენთან ერთად დაჯექითო. ჯანსუღმა დაინახა, რომ სუფრასთან მაშინდელი უშიშროების მინისტრი - ინაური იჯდა. იმ წუთშივე გასძახა: არა, არა, ჩვენ აქეთ გვირჩევნია - აქ სუყველა შინაურები ვართ, თქვენთან კი - ინაურებიო. სწორედ ასეთი მოსწრებული ენით, იუმორით და სხვადასხვა ხერხით ცდილობდნენ, საქართველოში ქართული პოლიტიკა გატარებულიყო. ასე იყო 1978 წელს, როცა კონსტიტუციაში იმ მუხლის არსებობა შევარდნაძემ გაამჟღავნა, ინტელიგენციას გააგებინა და ქართული ენის სტატუსი მთელმა საქართველომ დაიცვა.

- საზოგადოებას აინტერესებს, რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ჯანსუღ ჩარკვიანი და ზვიად გამსახურდია?

- ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვისაც მტკივნეული თემაა, რადგან ზვიადს დიდ პატივს ვცემ, ხოლო კოკო გამსახურდიასთან ვმეგობრობ. მე ადრეც მითქვამს, რომ ვიდრე კოლხურ კოშკში გადავიდოდნენ, გამსახურდიები ჯაფარიძის ქუჩაზე, ჩვენს მეზობლად ცხოვრობდნენ: კორიდორის დასაწყისში ჩარკვიანები, ხოლო ბოლოში - გამსახურდიები. ზვიადი მამასთან შედარებით უმცროსი იყო და ძალიან პატარა ახსოვდა. კონსტანტინეს ცოლი - მირანდა ჯანსუღის დედასთან მეგობრობდა, მოგვიანებით ამ მეგობრობაში დედაჩემიც ჩაერთო, რომელიც კონსტანტინეს შემოქმედების ფანი გახლდათ. მოკლედ, ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. 1989-1990 წლებში მთელი ეროვნული მოძრაობა ერთად იყო, 1990 წელს, ზვიად გამსახურდიას მიერ მომზადებული მიტინგი ჯანსუღს მიჰყავდა. ჩნდება ლოგიკური შეკითხვა: განა რა მოხდა იმ ერთ წელიწადში, რომ ისინი სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ? - კარგად ვიცი, რომ მსგავს სიტუაციაში მხოლოდ ერთი მხარე დამნაშავე არ არის ხოლმე. ცხადია, მტრები და ენის მიმტან-მომტანებიც ბლომად იყვნენ, უშიშროებამაც დიდი როლი შეასრულა და ქართველები ერთმანეთს გადაჰკიდა. საბოლოო ჯამში ვინ დაზარალდა? - ჩვენი ქვეყანა, რადგან ამდენი ნიჭიერი ადამიანის ერთად ყოფნა ჩვენს სამშობლოს დიდ სიკეთეს მოუტანდა. მტერმა ეს ყველაზე კარგად იცოდა! ის მამშვიდებს, რომ ვიცი, გროზნოში მყოფი ზვიად გამსახურდიაც ისევე ნანობდა და განიცდიდა ამ განხეთქილებას, როგორც მამა. სამწუხაროდ, ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდა და საქართველოს ისტორიას კიდევ ერთი ტრაგიკული ფურცელი შეემატა. მაქსიმალურად თავს ვიკავებ, რომ რაიმე ზედმეტი არ ვთქვა, მაგრამ სიკვდილის შემდეგაც საოცრება მოხდა: მათი საფლავები მთაწმინდაზე, ერთმანეთთან ახლოსაა. მკითხველს კი მხოლოდ ერთს ვეტყვი: წყენის მიზეზი ჯანსუღსაც ჰქონდა.

- რამდენად მკაცრი მამა იყო ჯანსუღ ჩარკვიანი?

- პირიქით, ძალიან ლმობიერი იყო. მგონი, პირველი დახეული ჯინსი მე მეცვა და მან ჩამომიტანა. უბრალოდ, ჩემს ძმას, მამუკა ჩარკვიანს დალევას უშლიდა და სულ ეუბნებოდა: შენ ხომ იცი, ყველაზე კარგი სტრიქონები სიფხიზლეში იწერებაო. ამის დასტურად გვიყვებოდა: ერთხელ გალაკტიონი ბარათაშვილის ხიდთან ვნახე, სადაც დუქანი იყო. ჩემი თვალით დავინახე, როგორ დაისხა ხელებზე არაყი, წვერებზე მოისვა და გარეთ ბარბაცით გამოვიდაო. გალაკტიონმა ამით თავი გადაირჩინა: იმ ურთულეს წლებში ყველას ეგონა, რომ ლოთი იყო, მაგრამ ის ლოთი არ ყოფილა - ბუმბერაზი იყო, ბუმბერაზებს კი იმ წლებში კლავდნენ! იმხელა პოეზია გალაკტიონს ლოთობის დროს არ შეუქმნია, მის მიერ შექმნილი საოცარი სამყაროს დანახვა მხოლოდ ფხიზელი თვალით შეიძლება.

mamuka-copy-1708935017.jpg

- დაბოლოს, ცოცხალი რომ ყოფილიყო, პოლიტიკაში წასვლას ხომ არ დაგიშლიდათ?

- მან შესანიშნავად იცოდა, ტვინში რაც ჩამიდო: საქართველო რუსეთისგან დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანა უნდა იყოს. ვიდრე ამ ქვეყნიდან წავიდოდა, ინგა გრიგოლიას ეთერში თქვა: "ადრე გვებრძოდნენ მუსულმანები, ახლა გვებრძვიან რუსულმანები". ამის გამო გაზეთში უბინძურესი წერილი დაუწერეს და ამ წერილმა შეიწირა: წაკითხვიდან 10 წუთში ტოტალური ინსულტი მოუვიდა, ორ თვეზე მეტხანს იწვალა, მაგრამ გონს აღარ მოსულა. მისთვის საქართველოს თავისუფლება "წითელი ხაზი იყო" და მეც პოლიტიკაში მხოლოდ ერთი რამის გამო მოვედი: ეჭვი შევიტანე, რომ ხელისუფლება საქართველოს დამოუკიდებლობას ჯეროვნად ვერ უფრთხილდება და ჩემი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს საფრთხე ემუქრება!

ჯანსუღს აქვს ლექსი, რომლის ბოლო სტრიქონები ღრმა ახალგაზრდობაში აქვს დაწერილი და მის საფლავს წავაწერეთ: "ოღონდაც ფრთხილად, ძვირფასებო, ფრთხილად ოღონდაც,/ ეს დედამიწა ალმაცერად გვიმზერს ბებერი,/ რადგან ჩვენს შემდეგ დაიწყება თქვენი გოლგოთა/ და აღარავინ არ იქნება მიმტევებელი!" - თუნდაც ამ სტრიქონების გამო, დარწმუნებული ვარ, ის ქართულ პოლიტიკაში ყოფნას არ დამიშლიდა.

ხათუნა ჩიგოგიძე