დიდთვალება თოჯინები - საყვარელი ნივთი ბავშვებისა და უფროსებისთვის - გზაპრესი

დიდთვალება თოჯინები - საყვარელი ნივთი ბავშვებისა და უფროსებისთვის

ეკატერინე ქარქაშაძე სხვადასხვა ქსოვილისგან თოჯინებს, ხოლო ქაღალდის წნელისგან ინტერიერის დეკორს ქმნის. თოჯინა შეკერილია უმაღლესი ხარისხის ტრიკოტაჟით, სახე კი ქსოვილისთვის განკუთვნილი აკრილის საღებავით და პასტელის ფანქრით იხატება. რეალიზაცია უმთავრესად ნაცნობ-მეგობრებისა და ინტერნეტის საშუალებით ხდება. დღეს უკვე ბევრ ბავშვს თუ ზრდასრულს "ჰყავს" მისთვის სასურველი ფიგურა შინ. მოკლედ, დიდთვალება თოჯინებს გვერდი ვერც მე ავუარე და მისი ავტორით დავინტერესდი.

4-1709471463.jpg

- ტყიბულში დავიბადე და გავიზარდე. სკოლა 1991 წელს დავამთავრე. მოგეხსენებათ, მაშინ რთული პერიოდი იდგა. სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება მინდოდა, მაგრამ საშუალება არ იყო და მშობლებმა ვერ გამიშვეს. ამიტომ ალტერნატივა მოვძებნე, ანუ რაღაც ისეთი, რაც ცოტა მაინც იქნებოდა დიზაინთან დაკავშირებული და სწავლა ქუთაისის ტექნიკურ უნივერსიტეტში, საფეიქრო მასალების კოლორირების ფაკულტეტზე დავიწყე. ვხატავდით ქსოვილებზე, ფერები გამოგვყავდა, დავდიოდით საფეიქრო მასალების ქარხანაში, სადაც ქსოვილები იქმნებოდა. მერე მალევე ყველაფერი დაიხურა და მუშაობა გაჩერდა. სწავლის დასრულების შემდეგ გავთხოვდი. ჩემი მეუღლე მოსკოვში ცხოვრობდა, მეც მასთან გადავედი. გვყავს გოგონა, რომელიც ახლა 25 წლისაა და ევროპაში ცხოვრობს. ამ ხნის განმავლობაში შვილს ვზრდიდი, ხოლო დღესდღეობით მეუღლესთან ერთად პატარა ბიზნესს ვუძღვები.

3-1709471476.jpg

ჩემი შვილი ბაღში დადიოდა, როცა პირველი თოჯინა გავაკეთე. მის ჯგუფში სხვადასხვა ეროვნების მოსწავლე სწავლობდა და თითოეულ მშობელს გვთხოვეს, რამე ისეთი მიგვეტანა, რომელიც ჩვენს წარმომავლობას გაუსვამდა ხაზს. შესაბამისად, შინ არსებული ქსოვილებით შევკერე თოჯინა, ქართული, ნაციონალური სამოსითა და ნაწნავებით. ზეიმის შემდეგ ყველას შეგვეძლო ბაღში მიტანილი ნივთები შინ წამოგვეღო, მაგრამ იმ თოჯინამ ისეთი მოწონება დაიმსახურა, გვთხოვეს დაგვეტოვებინა. მარიამს გული დასწყდა, თოჯინა მეც მინდაო, ამიტომ მეორედ უკვე მისთვის შევკერე, მხოლოდ ცოტა განსხვავებული. ამის მერე ინტერნეტში დავიწყე ძრომიალი. ვათვალიერებდი სხვადასხვა მასალას, ქსოვილებს, ფორმებს. გამოვიწერე საუკეთესო ხარისხის სპეციალურად თოჯინების შესაკერად განკუთვნილი ტრიკოტაჟი და მუშაობა დავიწყე.

5-copy-1709471505.jpg

ადრე 60-65-სანტიმეტრიან თოჯინებს ვაკეთებდი, მაგრამ შემდეგ შედარებით პატარა ფიგურებზე გადავინაცვლე. ბუნებით იდეალისტი ვარ და შესაბამისად, მინდა ჩემი ნივთებიც საუკეთესო გამოვიდეს, ამიტომ თუ რამე არ მომწონს, ასჯერ გადავაკეთებ. ბოლო დროს ასეთი რამ "დავამუღამე", თუ კეთების დროს რაღაც არ მომწონს, უნდა გავჩერდე, თორემ მერე მაინც დავარღვევ (იღიმის). ახლა პატარა, 30-სანტიმეტრიან თოჯინებსაც ვაკეთებ, კალათის ფორმის ქაღალდის წნულებში ვათავსებ და ისინი უფრო მოსახერხებელია სათამაშოდ. კიდევ ერთი ახალი წამოწყება 15-სანტიმეტრიანი თოჯინებია. მათ აკვანი მოჰყვება, თავისი ლეიბითა და საბნით. ძალიან მსიამოვნებს ეს საქმე და ალბათ, თოჯინების კეთებას არც მომავალში შევწყვეტ.

ანა კალანდაძე