"ჩემი შემოქმედება სულ ომს უკავშირდება" - გზაპრესი

"ჩემი შემოქმედება სულ ომს უკავშირდება"

„2023 წლის ივლისში მქონდა დახურული პერფორმანსი ე.წ. სამხედრო გარადოკთან... პერფორმანსზე ბავშვი უშვებდა მტრედს, შემდეგ კი ხელში იარაღს იღებდა - ეს იდეა მას შემდეგ გამიჩნდა, რაც ბავშვმა მითხრა, ხატვით და კერვით ომს ვერ გააჩერებ, მტერს მზად უნდა დახვდეო... ამიტომ დავარქვი ჩვენებას - „დინამიკა“... - წარმატებული ხელოვანი თეონა მარგველაშვილი თავის შემოქმედებაზე გვესაუბრა...

- დავიბადე ქუთაისში და ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა... სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში გადავედი... წარმატებებს ჩემი მშობლებისა და ახლობლების მხარდაჭერით, ასევე მოთმინებით მივაღწიე... დედა დიასახლისი გახლავთ, მამა მშენებელი-ინჟინერი იყო, ძალიან ჭკვიანი და განსაკუთრებული ადამიანი გახლდათ. დედას მდიდარი ფანტაზია ჰქონდა, განსხვავებულ ნამცხვრებს ამზადებდა, მე და ჩემს ძმას დიდ ყურადღებას გვაქცევდა. მამა ძალიან წიგნიერი იყო, ყველაფერი იცოდა, საოცრად მშვიდი და თბილი კაცი გახლდათ. ის დღემდე "ჩემთან არის" და 2021 წელს ვაშინგტონში გამართული ჩვენება - "გაურკვევლობა“ მას მივუძღვენი. მას შემდეგ, რაც ამქვეყნად აღარ არის, სულ მის თვალებს ვხატავ...

- თქვენს შემოქმედებაზე გავლენა რამ მოახდინა?

- ბავშვობაში სხვადასხვა სოფელში დავდიოდი და ალბათ, ამან დიდი გავლენა იქონია. ბიძაშვილების გარემოცვაში ვსტუმრობდი ამ სოფლებს, მეზობელი ბავშვები ერთად ვთამაშობდით... განსაკუთრებით ლეჩხუმი მახსოვს: საოცარი ტყე და მთები, მაღალი მინდვრები, ჩანჩქერები და მოძველებული სახლები... სულ ვხატავ იმ სახლს, რომელიც ადრეული ბავშვობიდან ჩამრჩა მეხსიერებაში... იქ ღამით საოცარი მთვარე იყო...

ხატვა და კერვა პატარაობიდანვე მიყვარდა. ჩემი ნახატი საბავშვო ბაღში იყო გამოფენილი. სკოლის პერიოდში მეგობრებს ტანსაცმელებს ვუკერავდი. სტუდენტი ვიყავი, როცა ლექტორმა დედაჩემი დაიბარა და ურჩია, სამხატვრო აკადემიაში გადაიყვანეთო... მაშინ უცხო ენების ფაკულტეტზე ვსწავლობდი და ჩემი ოცნება მოგზაურობა იყო. აკადემიაში სწავლაზე არასოდეს მიფიქრია... იცით, დღევანდელი გადასახედიდან ჩემი ბავშვობა იმდენად კარგი იყო, რომ გული მწყდება ხოლმე, რადგან შვილს ვერ ვაძლევ იმას, რაც მაშინ მე მქონდა...

423944183-911464024106291-995609910750808441-n-copy-1709539258.jpg

- ვინ აღმოაჩინა თქვენში "მხატვარი"?

- ბაღის მასწავლებელმა, ფრინველი დავხატე და გამოფენაზე გაიტანეს... თოჯინებს ვუკერავდი ტანსაცმელებს... როგორც ზემოთ მოგახსენეთ, სულ ვხატავდი და ვკერავდი, მეგობრებსაც ვმოსავდი... ვოცნებობდი, რომ საზღვარგარეთ წავიდოდი, ჩვენებებს მოვაწყობდი და ჩემი მაღაზია მექნებოდა...

- პირველი ჩვენება როდის გქონდათ?

- ერთხელ ჩემს სახლში მოვიდა არქიმანდრიტი მამა იოსები და მითხრა, გამოფენა მოაწყვეო... პირველი ბიძგი მან მომცა. პერფორმანსის მოწყობის იდეაც გამიჩნდა და პირველი ჩვენება 2009 წელს, ქუთაისში, გალერეა „ვარლაში“ მოვაწყვე... ჩვენება ექსპერიმენტული იყო, რომელმაც ძალიან გაამართლა და წარმატება მომიტანა... 2010 წელს ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში გავმართე ჩვენება - "მექანიკა". სკოლებში დავდიოდი, არასტანდარტულ მოდელებს ვეძებდი. მთავარი გახლდათ, მოდელის სიარული ყოფილიყო ჩვეულებრივი, ბუნებრივი... ჯენის ჯოპლინის მუსიკა გამოვიყენე... მოდელს, რომელმაც ჩვენება დახურა, გულზე ეწერა: "მომეცი ჩემი შავი ლურჯი ზღვა".

- ეს აფხაზეთს მიუძღვენით?

- დიახ, ჩემი შემოქმედება სულ ომს უკავშირდება...

- აფხაზეთში ნამყოფი ხართ?

- არა, მაგრამ 90-იანი წლები კარგად მახსოვს. ბევრი დევნილი მეგობარი მყავს...

ყველა ჩვენებაზე სამხედრო ქსოვილს ან დეტალს ვიყენებ, ომი ყოველთვის ცუდ ემოციას იწვევდა ჩემში... როცა უკრაინაში ომი დაიწყო, იმ პერიოდში ახალ კოლექციას ვქმნიდი, ყვავილებიანი კაბა შევკერე და მას მერე საერთოდ ვერაფერი გავაკეთე, მხოლოდ ფერად ქალაქებს ვხატავდი...

გასულ წელს ქუთაისში "სამხედრო გარადოკის" დანგრეულ შენობასთან პერფორმანსი მოვაწყვე... ჩვენება იწყებოდა ყვავილებიანი კოსტიუმით და შემდეგ მთელი კოლექცია ლამის სამხედრო დეტალებით იყო გაწყობილი... 2023 წლის პერფორმანსზე ჩემს შვილს წარწერა ჰქონდა გულზე: „მე ვარ პატარა ბიჭი საქართველოდან და ჩემს ქვეყანაში სულ ომია...“

- გვიამბეთ შვილზეც..

- 11 წლისაა, ინგლისური დამოუკიდებლად ისწავლა, ძალიან კარგად ძერწავს... მაგრამ მას მერე, რაც ომი დაიწყო, ძირითადად ტანკებს ამზადებს ან თუ სხვა ფიგურაც გამოძერწა, იარაღს აუცილებლად დააჭერინებს ხოლმე ხელში.

423944100-1499336577594319-8490779150496263725-n-copy-1709539243.jpg

- საზღვარგარეთ პირველი ჩვენება როგორ მოაწყვეთ?

- ფოტოები გავგზავნე, ზაიცევის კონკურსში მოვხვდი, მაგრამ საელჩომ მოსკოვში არ გამიშვა... 2016 წელს მოწვევა მივიღე პეტერბურგის კვირეულიდან. იქ პარიზიდან მოწვეული სპეციალისტები იყვნენ, რომლებმაც კარგად შემაფასეს... მუსიკა "სულიკო" ჟღერდა. ჩვენებას ბევრი გამოხმაურება ჰქონდა. ყველა მოდიოდა და მადლობას მიხდიდა. მერე მალევე, ჩიკაგოდან მივიღე მოწვევა... 2016 წლის ოქტომბერში ჩატარდა ჩიკაგოს კვირეული, შემდეგ 2018 წელს ნიუ-იორკში, მანჰეტენზე მოდის კვირეულში, 2021 წელს კი ვაშინგტონის საერთაშორისო მოდის კვირეულში ვმონაწილეობდი... ჩემს ჩვენებებზე ყოველთვის ქართული სიმღერა ჟღერს.

- ამჟამად ვაშინგტონში რას წარადგენთ?

- შვიდწუთიანი პრეზენტაცია იყო და ეს ჩვენება მონიტორზე უჩვენეს. ბავშვის ინტერვიუც გავიდა. ჩვენებას "განახლება" დავარქვი... ტრადიციისამებრ, სიმღერაც ქართული აჟღერდა - რობი კუხიანიძის შემოქმედებიდან...

მანანა გაბრიჭიძე