თამაზ ბლუაშვილი: „ერისიონს“ თავისი წესები აქვს“... - გზაპრესი

თამაზ ბლუაშვილი: „ერისიონს“ თავისი წესები აქვს“...

6-7 აპრილს, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში „ერისიონის“ კონცერტებია დაგეგმილი, თუმცა მანამდე ანსამბლი ევროპის სხვადასხვა ქვეყანას ორსაათიანი საკონცერტო შოუპროგრამით მოივლის. თამაზ ბლუაშვილი „ერისიონის“ მსახიობ-მომღერალია, ანსამბლში მოღვაწეობის 29-წლიანი სტაჟით. ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ერთ-ერთი სოლისტი გავლილ გზასა და დღევანდელობაზე გვესაუბრა.

- ბავშვობაში სიმღერაზე არ მივლია. ჩემი პირველი პედაგოგი მამაჩემი ოთარ ბლუაშვილია. ის 1975 წლიდან მღეროდა საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში (ახლანდელი „ერისიონი“), ხოლო 1998 წლიდან ანსამბლის გენერალური დირექტორია. მოგეხსენებათ, ანსამბლს „ერისიონი“ 1999 წელს დაერქვა. ქართული ხელოვნებით ოჯახში „მოვიწამლე“. ბატონი ჯემალ ჭკუასელი და მამაჩემი მეგობრობდნენ, სულ ერთად იყვნენ. ორი დედმამიშვილი ვართ, ჩემი ძმა ჩემზე ერთი წლით უფროსია, პროფესიით რეჟისორი. ბავშვობაში თვეში რამდენჯერმე სხვადასხვა მომღერალი გვსტუმრობდა და თითოეული ცდილობდა ჩემთვის სიმღერა ესწავლებინა. ამავდროულად, მამაჩემს ხშირად დავყავდი რეპეტიციაზე. შესაბამისად, „ერისიონში“ არ დავბადებულვარ, მაგრამ ანსამბლში გავიზარდე და ის ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, ჩემი ყოველდღიურობა. თავი ამ ერთი დიდი ოჯახის გარეშე ვერც წარმომიდგენია. ბატონ ჯემალსა და მამაჩემს მათ დიდ სამეგობროში ხშირად დავყავდი. გასული საუკუნის 80-იან წლებში, როცა არც ინტერნეტი და არც მობილური იყო, მსგავსი შეხვედრები ჩვენთვის საუკეთესო გართობის ადგილი გახლდათ, სადაც სულ სიმღერა ისმოდა. კარგად მახსოვს ეპიზოდი ჩემი ბავშვობიდან: 4 წლის ვიყავი, ჩემი ძმა 5-ის, როცა ჯვრის მონასტერში უცხოელებთან „შენ ხარ ვენახი“ ვიგალობეთ. მამას შენახული აქვს ის ჩანაწერებიც, სადაც მე და ჩემი ძმა უფრო პატარა ასაკშიც ვმღერით. რაც შეეხება „ერისიონს“, აქ უკვე 1995 წლიდან ვარ. მას შემდეგ კი, რაც ანსამბლში ბატონ ჯემალ ჭკუასელთან მივედი, სულ სხვა „რელსებზე დავდექი“, აკადემიურ სიმღერასა და პროფესიონალიზმს ვგულისხმობ. 2004 წლიდან ჩემს ანსამბლს - „ჩაკრულო“ ჩავუდექი სათავეში. ჩემი გაზრდილი 3 მოსწავლე უკვე ჩემ გვერდით, „ერისიონის“ შემადგენლობასთან ერთად დგას და მარტში დაგეგმილ ევროპულ ტურნეშიც მივემგზავრებით.

- პედაგოგობა კიდევ ცალკე პასუხისმგებლობაა... როგორია თქვენი დამოკიდებულება ბავშვებთან და ჯგუფებს როგორ ადგენთ?

- ქალ-ვაჟთა ანსამბლს ვხელმძღვანელობ. მუშაობას სკოლის ასაკიდან ვიწყებთ, ანუ ბავშვების 90%-ს 6-8 წლის ასაკიდან ვიღებთ. ძალიან იშვიათად, 5 წლისაც ამიყვანია, რომელიც განსაკუთრებული ნიჭითა და სმენით არის დაჯილდოებული, კარგად მეტყველებს და ათვისება არ უჭირს. სიმღერისთვის საჭიროა სმენაც და რიტმის შეგრძნებაც. შეიძლება ბავშვს სმენა ნაკლებად ჰქონდეს და მუშაობის დროს რაღაც დონეზე განვითარდეს. ამიტომ პატარებს ერთი თვე ვაკვირდები. ამ დროში მას კომპლექსები ეხსნება და საკუთარ თავს ავლენს. მქონდა შემთხვევა, რომ ერთ თვეში ისე ამღერდა, ბევრს აჯობა, თუმცა, ასეთი რამ იშვიათად ხდება. სხვა შემთხვევაში, მშობელს პირდაპირ ვეუბნები, რომ ბედი სხვაგან სცადონ.

- გაიხსენეთ თქვენი პირველი კონცერტი და გასტროლიც, როცა „ერისიონთან“ ერთად სცენაზე პირველად დადექით...

- მას შემდეგ, რაც ანსამბლში მოვედი და ჩემთვის პირველი კონცერტი დაიგეგმა, შეგუება არ გამჭირვებია, რადგან მთელი რეპერტუარი უკვე ზეპირად ვიცოდი. ბატონმა ჯემალმა ბუმბერაზი მომღერლების გვერდით რომ დამაყენა, რასაკვირველია, თავიდან ცოტა დაბნეული ვიყავი, მაგრამ დაახლოებით 4 თვეში, უკვე ფილარმონიაში დაგეგმილ კონცერტზე გამოვედი. რაც შეეხება პირველ გასტროლს, ძალიან კარგად მახსენდება: ანსამბლიდან მარტო მომღერლები კანარის კუნძულებზე წავედით. თებერვლის ბოლო იყო, თბილად ჩაცმულები, „გამყინვარებიდან“, პლუს 30 გრადუს სითბოში ჩავედით. ანსამბლში ასეთი კანონია, რომ თბილისიდან-თბილისამდე ერთი წვეთის დალევაც არ შეიძლება. ბატონი ჯემალი მთელი გზა გვაფრთხილებდა და თან ამბობდა, - აბა, თქვენ იცით, არსად წახვიდეთ, სულ თქვენ გვერდით ვიქნებიო. თუმცა, კანარის კუნძულებზე წნევამ აუწია და დღის უმეტეს ნაწილს სასტუმროს ნომერში ატარებდა. დაგვიძახებდა: აბა, როგორ ხართ, შვილებო, ხომ კარგადო? ასე ცდილობდა გავეკონტროლებინეთ.

- და ის რომ ნომერში იყო, ხომ არ ცუღლუტობდით?

- არა, არ ვცუღლუტობდით, ჩვენს ანსამბლს თავისი წესები აქვს და ყველა ცდილობს ის დაიცვას. „ერისიონი“ რეპეტიციებს რომ ამთავრებდა, ბატონი ჯემალი 2-3 საათი გვტოვებდა და სიმღერის სწავლების გარდა, თავის პედაგოგიურ გამოცდილებას გვიზიარებდა, სხვადასხვა თემაზე გვესაუბრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მკაცრი ხელმძღვანელი იყო, ანსამბლის გარეთ ის ჩვენი უფროსი მეგობარი გახლდათ.

- როცა ვინმეზე ვამბობთ „მკაცრი“, სულ მეტი დაკონკრეტების სურვილი მიჩნდება. ახლაც მაინტერესებს, ის დისციპლინა, რაც ნებისმიერ ანსამბლს სჭირდება, უფრო დეტალურად რას გულისხმობს?

- აკადემიურ ანსამბლში რომ მიდიხარ, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ყველანაირად აკადემიური უნდა იყო. ბატონმა ჯემალმა, როგორც მიგვაჩვია ჩოხის ჩაცმას, სიმღერას და სცენაზე დგომას, დღესაც ისე ვიმოსებით და ვმღერით. ვფიქრობ, სწორედ ისე უნდა იმღერო ქართული სიმღერა, როგორც ჩვენ ვმღერით. ჩოხას არ უხდება მოშვებულად ყოფნა, გამართულად უნდა იდგე და ის ქამარ-ხანჯალი, რომელიც წელზე გვიკეთია, ისე გვაქვს შემოჭერილი, რომ სამოსსა და ქამარს შორის თითიც არ ჩაგეტევა. ასევეა აზიურების შემთხვევაშიც. დღესდღეობით ბევრ მომღერალს ფეხზე ელვაშესაკრავით აცვია აზიური, რომელიც გაცილებით მარტივი ჩასაცმელია. მეც მაქვს, მაგრამ არ ვიყენებ, ისევ ძველებური, მომდგარი „აზიური“ მაცვია, თავის ლეკვერთხით, რადგან წვივზე ლამაზად დგას.

- თქვენს გულთან ყველაზე ახლოს, რომელიმე კუთხის სიმღერებია?

- ყველა კუთხის სიმღერა მიყვარს, მაგრამ სვანური - გამორჩეულად, რადგან ჩემში ყველაზე მეტად იწვევს ქართული სისხლის ყივილის განცდას. მას განსაკუთრებულად დიდი ენერგია და ხმა სჭირდება, რომელიც ყელს ყველაზე მეტად ღლის.

- სვანური სიმღერა უშუალოდ სვანეთში, ადგილობრივ ანსამბლებთან ერთად თუ გიმღერიათ?

- დიახ, მესტიის ანსამბლებთან ერთად ხშირად გვიმღერია.

tamazi5-copy-1709539404.jpg

- მარტის თვის ევროპის გასტროლზე, რა იქნება თქვენს რეპერტუარში?

- „ერისიონი“ ყოველთვის საქართველოს ყველა კუთხის სიმღერას წარმოადგენს. ამ შემთხვევაშიც იქნება როგორც ყველა კუთხის სიმღერა, ისე ცეკვა. 13 მომღერალი მივდივართ და საკმაოდ რთული პროგრამა გვაქვს. პირადად მე და კიდევ 2 მომღერალი, ფარდა რომ აიხდება, მის დაშვებამდე სცენაზე ვდგავართ. კონცერტი 2 საათი გრძელდება. სიმღერას რომ ვამთავრებთ და მერე „ფერხული" იწყება, იმ ცეკვის დროსაც ვმღერით. „ხორუმი“ და „ოსური“ ის ცეკვებია, სადაც სიმღერა არ არის, მაგრამ ინსტრუმენტებზე ვუკრავთ. შესაბამისად, მთელი კონცერტის განმავლობაში კულისებში არ გავდივართ.

- ხელოვან ადამიანებს ხშირად ისეთ მომენტშიც უწევთ სცენაზე გასვლა, როცა მათ ცხოვრებაში უმძიმესი წუთებია. გქონიათ შემთხვევა, როცა არ გემღერებოდათ და მაინც მიგიწიათ სცენაზე გასვლამ?..

- მასშტაბური კონცერტის დროს არა, მაგრამ კორპორაციული ღონისძიების დროს სიმღერამ მომიწია მაშინ, როცა მამიდა ერთი კვირის გარდაცვლილი მყავდა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ როცა ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა ტრაგედიის გამო გლოვის დღეა გამოცხადებული, ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი, ბატონი შერმანდი ჭკუასელი რეპეტიციას ხსნის და იმ დღეს დაგეგმილი ღონისძიებაც გადადებულა. ბატონი ჯემალის დროს ასეთი შემთხვევაც მახსოვს: ქვეყანაში გლოვის დღე იყო გამოცხადებული და მოცეკვავეებს რეპეტიცია მოეხსნათ, ხოლო მომღერლები 1 საათის განმავლობაში, გარდაცვლილთა სულების პატივსაცემად, ფეხზე ვიდექით და მხოლოდ საგალობლებს ვასრულებდით...

ანა კალანდაძე