"ჩემზე შემოტევა დღემდე გრძელდება. მიკვირს, რით ვერ დაიღალნენ"
„ბუჩა, უკრაინა, 15 თებერვალი, 2024! ამ პოსტს რომ ვწერ, ანუ ისევ ამცდა“, - ამას უკრაინაში მყოფი ქართველი ჟურნალისტი და აქტივისტი გიგა მაქარაშვილი წერს. „ორი წლისთავზე რუსეთი ისევ ერჩის მშვიდობიან მოსახლეობას. ომის დაწყების შემდეგ აქ ვარ და ბომბები აღარ მიკვირს, თუმცა, კიევისთვის აღარ ხარჯავდნენ ძვირად ღირებულ ბომბებს, ახლა რაღაც აშკარად დიდი გამოუშვეს. სავარაუდოდ, ნახევარ ტონაზე მეტია. კიდევ კარგი, კარგად ვერ ისვრიან“, - ამბობს giga მაქარაშვილი ჟურნალ „გზასთან“ საუბრისას. მისი თქმით, ნახევარტონიანი ბომბი ბუჩას ტყის მიმდებარედ, ისეთ ადგილზე ჩამოვარდა, სადაც მხოლოდ რამდენიმე საავადმყოფო და საბავშვო ბაღია.
„არ ვიცი რას უმიზნებდნენ, აქ არის მხოლოდ რამდენიმე საავადმყოფო, ბაღი... ყოველ შემთხვევაში, სამხედრო ბაზა ან რამე მსგავსი არაა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის, მაგრამ უზარმაზარი ორმო დატოვა. დილით საშინელმა ხმაურმა გააღვიძა კიევის მშვიდობიანი მოსახლეობა. ბავშვებმა კიდევ ერთხელ მიიღეს უდიდესი სტრესი“, - ამბობს giga მაქარაშვილი.
- რუსებს უჭირთ იმის აღიარება, რომ რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინული რაკეტები აღწევს. ამიტომ რამდენიმე დღე არ აღიარებდნენ, რომ ბელგოროდი უკრაინულმა რაკეტებმა დაბომბეს. ხან ხანძარს აბრალებენ ყველაფერს და ხანაც საკუთარ დაუდევრობას. ფაქტია, უკრაინელები არ აპირებენ დანებებას. როდესაც ომი უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე გადავა, მაშინ გაითავისებენ ომის მთელ საშინელებას და იმედია, მერე მაინც მიხვდებიან, რომ უნდა გააჩერონ თავიანთი დიქტატორი. ე.ი. რაც თავი მახსოვს, რუსეთი არის ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა, აგერ ამხელა უკრაინასაც სისხლს უშრობს. ამ ბოროტებას დასასრული ხომ უნდა ჰქონდეს?!
- თქვენ ჯერ ჟურნალისტი იყავით, შემდეგ სამოქალაქო აქტივისტი, უკრაინაში რა სტატუსით წახვედით?
- სწორედ სამოქალაქო აქტივიზმის ნაწილია, რასაც მე უკრაინაში ვაკეთებ. ომის დაწყებისთანავე წამოვედი. ჩემდა სამწუხაროდ, სამხედრო სამსახური არ მაქვს გავლილი, 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც მხოლოდ 17 წლის ვიყავი. შესაბამისად, უშუალოდ ომში ვერ ჩავერთვებოდი. ერთი თვე ვიყავი უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე და ქართველ ემიგრანტებთან ერთად რამდენიმე ათასეულ უკრაინელს ვაპურებდი - ხაჭაპურებს ვაცხობდით. უკრაინაში რომ შევედი, ბუჩა ახალი გათავისუფლებული იყო. იქ დატრიალებული საშინელებების შესახებ რომ გავიგეთ, მე და ჩემმა მეგობრებმა, ქართველების სახელით, საბავშვო ბაღის აშენება გადავწყვიტეთ. პროექტიც გავამზადეთ, მერიამ მიწა გადმოგვცა, მაგრამ იქ არსებული ვითარება ჯერჯერობით მასობრივი მშენებლობის შესაძლებლობას არ იძლევა. საქართველოში დაბრუნებას, დარჩენა და ჰუმანიტარულ საქმიანობაში ჩართვა ვარჩიე. აქ უამრავი ქართველი იბრძვის და ვცდილობ, მცირედით მაინც დავეხმარო. ბევრი მათგანი ჩემს ბინაში ათევს ღამეს, ვაორგანიზებ სხვადასხვა ქვეყნიდან მათთვის გამოგზავნილი ინვენტარის დახარისხებას და ვცდილობ დაჭრილები შესაბამის უწყებებს, დონორებს დავაკავშირო. ჩემი საქმიანობის ყველაზე მძიმე ნაწილია ბრძოლის ველზე დაცემული ქართველი ბიჭების პანაშვიდებისა და სამშობლოში გადმოსვენების ორგანიზება. ერთი მხრივ, პატივია გმირებს ემსახურო, მაგრამ უმძიმესია უცხო მიწაზე, საქართველოსთვის დაღუპული ბიჭების ცივი სხეულების ყურება.
- ბოლოს ზურა წიკლაური და გოჩა ჟვანია გადმოასვენეს საქართველოში. მათ თუ იცნობდით?
- კი, ზურა წიკლაურს ვიცნობდი. სამწუხაროდ, ის ერთადერთი არ არის იმ დაღუპულებს შორის, რომლებსაც მე კარგად ვიცნობდი. ომში შეძენილი მეგობრის დაკარგვა სულ სხვანაირ სენტიმენტებს იწვევს.
- რა შეგიძლიათ გაიხსენოთ ზურა წიკლაურის შესახებ?
- გამორჩეული მებრძოლი, მაღალი კლასის პროფესიონალი, ამ ყველაფრის მიღმა კი ძალიან კეთილი, თბილი და უშუალო ადამიანი იყო. ბევრი ლაპარაკი არ იცოდა, მაგრამ თუ რამეს იტყოდა, აუცილებლად ღირებულს და დასამახსოვრებელს. ბოლოს რომ ვნახე, თავისი შევრონი მაჩუქა. მითხრა, რომ ის ძალიან მნიშვნელოვან ოპერაციებში მონაწილეობისას ეკეთა და დამპირდა, - მორიგი ოპერაციიდან რომ დავბრუნდები, კიდევ ერთს გაჩუქებ, მეორე მხარისთვისო. ვეღარ დაბრუნდა... ცოცხალი ვეღარ ვნახე, მისი უსულო სხეულის სამშობლოში გამოცილებამ მომიწია. ძალიან კი გამიჭირდა შევლეოდი, მაგრამ ის შევრონიც მისივე ოჯახის წევრებს გავუგზავნე. ჩემი აზრით, ყველა კუთვნილი ნივთი მის ოჯახში უნდა იყოს.
- ალბათ ომში გატარებულმა ორმა წელმა პიროვნულად შეგცვალათ.
- ძალიან! უცებ დავბერდი, თმა-წვერი ერთიანად გამიჭაღარავდა. მუდმივ დაბომბვებს მივეჩვიე, აფეთქების ხმა ჩვეულებრივ ამბად მეჩვენება; სიკვდილიც ისეთი ახლობელი და ხელშესახები გახდა, თითქოს მისიც აღარ მეშინია, თუმცა, ალბათ ეს ყველაფერი ქვეცნობიერში ილექება... განსაკუთრებით მძიმეა ზამთარი - 3 საათზე უკვე ღამეა, ხშირად არც შუქია და არც გათბობა. ასეთ დროს საკუთარ თავთან მარტო რჩები და ბევრ რამეზე ფიქრობ. ორი რამ დაზუსტებით შემიძლია ვთქვა - ყველაზე მნიშვნელოვანი, რისთვისაც შეიძლება მოკვდე, ეს სამშობლოა და მეორე - ომი ყველაზე დიდი საშინელებაა დედამიწაზე. ათასობით ბავშვი იზრდება ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმით, თაობები გაიზრდება რუსეთისადმი სიძულვილში... ომში უკრაინელი ხალხის საუკეთესო ნაწილი იბრძვის და იხოცება. მძიმე საფასურს იხდიან თავისუფლებისთვის. არ მინდა, ასეთი ფასის გადახდამ ჩვენც მოგვიწიოს, მაგრამ თუ არჩევანის წინაშე დავდგებით - მონობასა და თავისუფლებისთვის ბრძოლას შორის, პირადად მე, ბრძოლას ვარჩევ და აქაც ამიტომ ვარ.
- როგორც მითხრით, სხვადასხვა ღონისძიებაზე ქართული დროშით დადიხართ და ქუჩაში სიარულის დროსაც ეს დროშა გაქვთ მოხვეული. როგორია უკრაინელების განწყობები თქვენი დანახვისას?
- უკრაინელებს ძალიან უყვართ ქართველები. ბოლო დროს ბევრ ინფორმაციას იძიებენ ჩვენ შესახებ. იციან, რომ პრორუსული ხელისუფლება გვყავს, მათაც ჰყავდათ პრორუსული ხელისუფლება, მაგრამ შეცვალეს. გვაიმედებენ, რომ ამას ჩვენც მოვახერხებთ. ზუსტად იციან, რომ ქართველი ხალხი მათ გვერდითაა და მართლაც - დღემდე ყველაზე მეტ ჰუმანიტარულ დახმარებას საქართველოსგან იღებენ, რუსეთ-უკრაინის ომში, უცხოელ სამხედროებს შორის ყველაზე მეტი ქართველია, ბრძოლის ველზე დაცემულ უცხოელ მებრძოლებს შორისაც ყველაზე მეტი - ქართველია. უკრაინელებმა ამ ომის დაწყების შემდეგ კიდევ უფრო მეტად დააფასეს ქართველი ხალხი. ყოველმა მეორე უკრაინელმა ჯარისკაცმა იცის, რომ რუსეთს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები აქვს ოკუპირებული და ყოველი მეორე უკრაინელი ჯარისკაცი მზად არის, მას შემდეგ, რაც საკუთარ მიწაზე დაამარცხებს ოკუპანტს, საქართველოს დაეხმაროს ტერიტორიების გათავისუფლებაში. მეც დარწმუნებული ვარ, ისინი ჩვენ გვერდით იდგებიან, როდესაც საქართველო რუსეთის მიერ წართმეულ აფხაზეთსა და ცხინვალს დაიბრუნებს. მე ვეუბნები ხოლმე, იქნებ ისე დაამარცხოთ რუსეთი, რომ ჩვენ ბრძოლის გარეშე დავიბრუნოთ ჩვენი მიწები-მეთქი და ამაზე გულიანად იცინიან.
- რამდენად შეეფერება რეალობას საქართველოში ჩვენი ბიჭების ლეგენდად ქცეული გმირობის ამბები?
- ომს ახასიათებს ლეგენდების გავრცელება, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ბიჭების ამბები რეალურია. ბევრ ცოცხალ გმირს პირადად ვიცნობ, გმირულად დაცემულებს შორისაც ბევრს ვიცნობდი. სხვათა შორის, ლეგენდად ქცეულ ბევრ ამბავს ჯერ კიდევ არ მოუღწევია საქართველომდე. სამხედრო პროტოკოლიდან გამომდინარე, ბევრი რამის გახმაურება ჯერ არ შეიძლება, თუმცა ამის დროც მოვა. ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ თუ სადმე გმირობა მოხდა, იქ ერთი ქართველი მაინც აუცილებლად ფიგურირებს. ჩვენი ბიჭები აქ საკუთარი სიცოცხლით იხდიან საქართველოს თავისუფლების ფასს. დიახ, ისინი აქ საქართველოსთვის იბრძვიან და არა უკრაინისთვის! აქ ჩამოსვლისას ჩანაწერების გაკეთება დავიწყე, უკვე საკმაოდ ბევრი საარაკო ამბავი დამიგროვდა...
- ალბათ თქვენი გმირიც გეყოლებათ...
- ასობით გმირობის ამბის მოყოლა შემიძლია ასობით ქართველზე. ბიჭებს რომ არ ეწყინოთ, ქეთი ლეშკაშელს დავასახელებ. საოცარი გოგოა, ომის დაწყების დღიდან არ გაჩერებულა, ყოველდღიურად იზრდება. მისი საგმირო საქმეების შესახებ ყველა უკრაინელმა იცის. სხვათა შორის, უკრაინელ სამხედროზე დაქორწინდა.
- ჩვენამდე ქართველ მებრძოლებს შორის დაპირისპირების ამბებიც მოდის. რას ვერ იყოფენ ერთმანეთთან?
- უკვე ორი წელია, ომი მიმდინარეობს და ეს ნერვების ომიც არის. შეგახსენებთ, ომის დაწყების პირველ დღეებში საქართველოში ყველა დაძაბული იყო, 24 საათი ტელევიზორებსა და ტელეფონებზე ვიყავით მიჯაჭვულები, ღამეებს ვათენებდით. მერე ნელ-ნელა ეს ყველაფერი სტატისტიკად იქცა, მაგრამ უკრაინელებისა და აქ მყოფი ქართველებისთვის ეს მძიმე რეალობა ყოველდღიურობად დარჩა. ჩემამდე რა ამბებიც აღწევს, იქიდან გამომდინარე გამომაქვს დასკვნა, რომ ყველაფერი ქართული ხასიათის ამბავია. ყველანი ძალიან მაგარი მეომრები, გულიანები, თავდადებულები არიან, მაგრამ სხვადასხვა ბატალიონში მყოფები ერთმანეთს ვერ უგებენ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთის გვერდით არ დადგებიან. უნდა ნახოთ, რა დღეში არიან, როდესაც რომელიმე ქართველი დაიღუპება ბრძოლის ველზე. ამ დროს ყველა მზად არის, საკუთარი სიცოცხლის ფასად გამოიყვანოს "ცხელი ზონიდან", მერე უდიდეს პატივს მიაგებენ და გლოვობენ კიდეც. თქვენ არ გინახავთ მეომრის ჩუმი ცრემლი... პირადი გამოცდილებიდან გეუბნებით, სულისშემძვრელი სანახავია. უნდა ითქვას, რომ კონკრეტული ჯგუფები მიზანმიმართულად აზვიადებენ ქართველების ურთიერთდაპირისპირების ამბებს. ამაზე ცუდი ის არის, რომ დაქირავებული ტროლ-ბოტები ცდილობენ, ამ გმირ ბიჭებს საკუთარ სამშობლოში სახელი გაუტეხონ. არაფერი მგონია იმაზე დიდი უნამუსობა, ვიდრე იმის მცდელობა, რომ მათ „ნაიომნიკობა“ დასწამო. საბედნიეროდ, ამან შედეგი ვერ გამოიღო, ჩვენი ბიჭების დისკრედიტაცია არ მოხდა.
- ტროლ-ბოტების შემოტევის ობიექტი თქვენც არაერთხელ გამხდარხართ. ყველაზე ცუდი, რა დაგაბრალეს?
- ჩემზე შემოტევა დღემდე გრძელდება. მიკვირს, რით ვერ დაიღალნენ და როგორ არ ეზარებათ, ყოველდღე ასეულობით ახალი ექაუნთის შექმნა. ყოველდღე ვიღებ სალანძღავ წერილებს, მლანძღავენ, მთათხავენ და მბლოკავენ... რას აღარ მაბრალებენ, „ქოცებისთვის“ „ნაცი“ ვარ, „ნაცებისთვის“ - "ქოცი", ნარკომანიც პედოფილიც, ჰომოსექსუალიც, რუსეთის აგენტიც...
- რაც შეეხება რუსეთის აგენტობას, ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს თქვენს წარსულს, უფრო კონკრეტულად კი მინდია გულუასთან მუშაობას უკავშირდება?
- მინდია გულუა აფხაზეთიდან დევნილი კაცია. კი, რუსეთში ცხოვრობდა, მაგრამ ასევე ცხოვრობდა საფრანგეთსა და ამერიკაში. მასთან 9 თვე ვიმუშავე. ძალიან მსხვილი ბიზნესპროექტის გადმოტანა უნდოდა ამერიკიდან საქართველოში. ამ 9 თვის განმავლობაში მოვასწარი და ძალიან დიდი ფული ჩავადებინე ქველმოქმედებაში. სხვა ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო, დროზე მიხვდა, რომ ბიძინა ივანიშვილი აქ ბიზნესს არ გააკეთებინებდა და წავიდა. მაშინ ახალი გახსნილი იყო დიტო ცინცაძის სახელობის ფონდი, მთელი ჟურნალისტური ელიტა შევახვედრე და იქვე ჩარიცხა ფონდში საკმაოდ დიდი თანხა. სხვა ვერაფერი მოასწრო. სულ სამჯერ თუ ოთხჯერ იყო საქართველოში. ჯერ ის თქვან, მინდია გულუამ რა გააფუჭა, რომ მერე ჩემი დისკრედიტაცია მოახდინონ მასთან მუშაობის გამო. სხვათა შორის, მასთან მუშაობის 9-თვიან პერიოდში ჩემი მოადგილე იყო სოსო გიორგაძე, რომელიც მერე წლების განმავლობაში, თეა წულუკიანის მოადგილე გახლდათ, შემდეგ საჯარო რეესტრის ხელმძღვანელი იყო და ახლაც რაღაც მაღალ თანამდებობაზე მუშაობს. სოსო გაცილებით დიდხანს მუშაობდა გულუასთან, ვიდრე მე და რა გამოდის?.. სრული სიგიჟეა!
ხათუნა ბახტურიძე