"ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემმა შვილმა სხვაგან წასვლაზე არ იფიქროს" - გზაპრესი

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემმა შვილმა სხვაგან წასვლაზე არ იფიქროს"

ის ყოველთვის ზომიერი და გაწონასწორებულია - ამ თვისებებს ცხარე დებატების დროსაც ინარჩუნებს... ჩვენი სტუმარია პოლიტიკოსი სერგო ჩიხლაძე, რომელიც თავის ცხოვრებასა და განვლილ გზაზე გვესაუბრა...

- ინტერვიუ ჩემი ბავშვობით უნდა დავიწყო, რადგან ეს ის ეტაპია, რომელიც ნებისმიერ ადამიანს კარგად ახსენდება, გამონაკლისი მეც არ ვარ. თბილისის 53-ე საშუალო სკოლა დავამთავრე, სადაც ისეთი მეგობრები შევიძინე, რომლებთანაც დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს. ყველა ჩემი კლასელი ძალიან მიყვარს. ყოველთვის კარგად ვსწავლობდი: სკოლაც ხუთებზე დავამთავრე და სამედიცინო ინსტიტუტიც წითელ დიპლომზე მაქვს დამთავრებული.

- ექიმობა როდის გადაწყვიტეთ?

- ეს გადაწყვეტილება როგორღაც, თავისთავად მივიღე, რადგან ჩემი მშობლები ექიმები არ ყოფილან: დედა საოცრად გულისხმიერი და კეთილშობილი ადამიანი, პროფესიით ქიმიკოსი იყო, ხოლო მამა - ინჟინერი. ორივე ძალიან ადრე - 2010 წელს წავიდა ამ ქვეყნიდან. ის, რომ მედიცინით დავინტერესდი, ალბათ ბავშვობის შთაბეჭდილებების ბრალია: დედაჩემის დედა, კატუშა სულავა 30 წლის განმავლობაში ზესტაფონის მთავარი პედიატრი იყო. არდადეგებზე მასთან ხშირად ჩავდიოდი და ვხედავდი, როგორ აკითხავდნენ პაციენტები. ხალხი კიბეზე იჯდა და ელოდა. როგორც ჩანს, ეს მოგონება გულში ჩამრჩა და ჩემს პროფესიულ არჩევანზეც იქონია გავლენა. თანაც, იმ წლებში სამედიცინო ინსტიტუტში სწავლა და ექიმობა პრესტიჟული იყო. ალბათ, ამ ყველაფერმა იმოქმედა და ჩემს მომავალ სპეციალობად პედიატრია ავირჩიე. უნივერსიტეტი 2000 წელს დავამთავრე და რადგან იმ წლებში ევროპაში წასვლის საშუალება არ იყო, დისერტაცია მოსკოვში დავიცავი. საქართველოში 2004 წელს დავბრუნდი და საფრანგეთის ერთ-ერთი ცნობილი კლინიკიდან მივიღე მოწვევა. 2005 წლის მარტში უნდა წავსულიყავი, მაგრამ ისე მოხდა, რომ 6 თვით გადამივადეს. მერე კი ქართულ-ამერიკული კოლეჯი დაარსდა, სადაც ლექციების წაკითხვა შემომთავაზეს. მერე სამეცნიერო მიმართულებით რაღაც პროექტები გამოჩნდა და ამ კოლეჯის დეკანი გავხდი. ერთდროულად 3-4 სამსახური გამომიჩნდა და საფრანგეთში წასვლა თავად გადავიფიქრე. ექიმობის პრაქტიკული ნაწილიც გვერდზე გადაიდო, თანდათან გადავედი პროექტების მართვაზე და უკვე რეგიონული პროექტების დირექტორი გავხდი. ბოლოს ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი გავხდი. მართალია, სიტყვა "ექსპერტი" არ მომწონს, მაგრამ ეს დაახლოებით ერთი სტატუსია.

- ადრე თუ გიფიქრიათ, რომ აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთვებოდით?

- პოლიტიკა ყოველთვის მაინტერესებდა, მაგრამ მაშინ ამაზე არ მიფიქრია. 2015 წლიდან საზოგადოებრივად აქტიური გავხდი და ჩვენი ჯანდაცვის პრობლემებზე ხშირად ვსაუბრობდი. ორი წელი ამ მიმართულებით საკმაოდ აქტიური ვიყავი, ბევრ საკითხს კრიტიკულად ვაფასებდი და ალტერნატიული ხედვაც მქონდა. მერე მივხვდი, მარტო შეფასებით ვერაფერს შევცვლიდი და სულ კომენტატორის როლში ვიქნებოდი, ამიტომ გადავწყვიტე, პოლიტიკაში გადავსულიყავი. ჯერ გიორგი ვაშაძე გავიცანი და მისი იდეებით დავინტერესდი, 2020 წელს კი "სტრატეგია აღმაშენებელში" აღმოვჩნდი. ახლა ამ პარტიის ერთ-ერთი სპიკერი და პოლიტსაბჭოს წევრი ვარ, პარალელურად, საერთაშორისო მიმართულებაც მაბარია.

mogzauroba-copy-1709539771.jpg

- რა როლი შეასრულა ოჯახმა თქვენს საქმიანობაში?

- ჩემი მეუღლე იურისტი სოფო კუპრაძეა. 2009 წელს დავქორწინდით და უკვე 15 წელია, ერთად ვართ. თავისი საქმის კარგი სპეციალისტია და საოცარი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს. შეუძლია ღამე გაათენოს და თუ საქმეს დასჭირდება, 24 საათი იმუშაოს - ამ თვისებით ერთმანეთს ვგავართ. მას საინტერესო მიმართულება აქვს არჩეული: წლების განმავლობაში იყო ოპერის თეატრის იურიდიული დირექტორი, ახლა სხვა თეატრებშია. ცნობილი მომღერლები რომ ჩამოდიოდნენ, ხოსე კარერასი და სხვები, მათი კონტრაქტები სულ სოფოს გაკეთებულია. ის 2007 წელს გავიცანი. თანდათან დავახლოვდით და 2009 წლის თებერვალში ჯვარი დავიწერეთ.

- როგორ ფიქრობთ, ეს ერთი ნახვით სიყვარული იყო?

- ამას ერთი ნახვით შეყვარებას ვერ დავარქმევ, მაგრამ პირველი ნაპერწკალი აუცილებლად უნდა გაჩნდეს, რომ მერე ეს ნაპერწკალი სიყვარულში გადაიზარდოს. ვფიქრობ, ერთი ნახვით მოხიბვლა და მოწონება სავსებით რეალისტურია. შეიძლება ადამიანი მოგეწონოს, მასთან ურთიერთობა და მეგობრობაც მოგინდეს, თუმცა, სიყვარული რასაც ჰქვია, ორი ადამიანის შეჩვევას და სულიერ სიახლოვეს გულისხმობს. დღესდღეობით, სოფო ჩემს შვილთან ერთად, ჩემი მთავარი დასაყრდენი და იმედია. ადამიანს, რაც უნდა დაღლილი და განერვიულებული იყოს, რაც უნდა სტრესულ სიტუაციაში მოხვდეს, საღამოს, სახლში რომ მივა და ოჯახის, მეუღლის, შვილის მხარდაჭერა და სიყვარული დახვდება, ყველა უარყოფითი ემოცია მაშინვე გაუქრება. ბევრჯერ მიფიქრია: თუ 2009 წლამდე რაიმეს წარმოვადგენდი, ეს ჩემი მშობლების დამსახურება იყო, 2009 წლიდან კი - სოფოს და ჩემი შვილის - ანას დამსახურებაა.

- 15 წელი ცოტა არ არის. თქვენი დაკვირვებით, რაში მდგომარეობს ბედნიერი, მტკიცე ოჯახის საიდუმლო?

- არა მგონია. 15 წელი დიდი დრო იყოს. ბედნიერი ოჯახის მთავარი საიდუმლო, პირველ ყოვლისა, სიყვარულია, მერე უკვე მოდის პატივისცემა და საერთო ინტერესები - ეს გადამწყვეტია. მე და სოფოს, ოჯახისა და შვილის აღზრდის გარდა, ბევრი რამ გვაქვს საერთო. ძალიან გვიყვარს მოგზაურობა. ადრე, როგორც კი საშუალება გვქონდა და თავისუფალი დრო გამოგვიჩნდებოდა, სულ ვცდილობდით, სხვა ქვეყნებში წავსულიყავით და დაგვეთვალიერებინა, მუსიკაც კი ერთნაირი მოგვწონს, სხვადასხვა ჟანრს ვუსმენთ, მაგრამ კლასიკური მუსიკა ყველაზე მეტად გვიყვარს. ერთი სიტყვით, ბევრი რამ გვაქვს საერთო. ოჯახურ ცხოვრებას შვილზე ზრუნვა და მის მომავალზე ფიქრი კიდევ უფრო ალამაზებს. მე და ჩემი მეუღლე ბავშვის აღზრდაში თანაბრად ვართ ჩართული, თუმცა, უნდა ვაღიარო, სოფო მჯობნის: მე ხან დრო არ მყოფნის, ხან საქართველოში არ ვარ, თუმცა, ვცდილობ, ამ პროცესში მაინც ჩართული ვიყო. ანა ჯერ 13 წლისაა, ნიუტონის სკოლაში სწავლობს და არ ვემდურით, საკმაოდ კარგად სწავლობს. ჯერჯერობით პროფესია არ აქვს განსაზღვრული, თუმცა ერთი პერიოდი ამოჩემებული ჰქონდა, ტრავმატოლოგი უნდა გავხდეო. აინტერესებდა, როგორ უნდა მოუაროს ადამიანს, რომელსაც ხელი ან ფეხი აქვს მოტეხილი... ვცდილობთ, კარგ ადამიანად აღვზარდოთ, გარშემო მყოფები უყვარდეს და სხვების მიმართ პოზიტიური განწყობა ჰქონდეს.

- ეს თაობა განსაკუთრებით იწევს უცხოეთისკენ. რას ეტყვით, თუ თქვენი შვილიც ასეთ არჩევანს გააკეთებს?

- წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. შეიძლება მშობელმა შვილს რაღაც ურჩიოს, მაგრამ ვერაფერს დავაძალებ. რაც მისთვის უკეთესი იქნება, ისე უნდა მოიქცეს. თუმცა, იმედი მაქვს, ჩემი გამოცდილებით იხელმძღვანელებს: მე საშუალება მქონდა საფრანგეთშიც წავსულიყავი და ამერიკაშიც, მაგრამ საქართველოში ცხოვრება ვარჩიე. ამიტომ მინდა, ჩემი შვილიც ამ ქვეყანაში იყოს, აქ ჰქონდეს ღირსეულად არსებობის საშუალება და აქ მიაღწიოს წარმატებას, დანარჩენს კი თვითონ გადაწყვეტს. ჩვენ მხოლოდ ვურჩევთ.

ძალიან ცნობისმოყვარეა და 13 წლის ასაკში უკვე ბევრ ქვეყანაშია ნამყოფი, რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად. სხვა ქვეყნებიც მოსწონს, მაგრამ ვამჩნევ, თავის სამშობლოში დაბრუნება ყველაზე მეტად უხარია. ბოლო დღეებში სულ იმეორებს, რომ მეგობრები მოენატრა, რომ აქაურობა მოენატრა და ეს არც მიკვირის: მისი გენეტიკური კოდი აქ არის. ყველაფერს გავაკეთებ, რომ სხვაგან წასვლაზე არ იფიქროს.

- სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრი ახალგაზრდა უცხოეთში რჩება და საქართველოს აღარ უბრუნდება,

- საწყენია, რომ ყველაზე ნიჭიერი, კარგი ახალგაზრდები სხვა ქვეყნებში მიდიან და რჩებიან. თუმცა, ვინც გარბის, კარგი ცხოვრების გამო ხომ არ გარბის? - ბევრი აქ შიმშილით კვდება და იძულებულია, უცხოეთში ბევრად დაბალკვალიფიციური სამუშაო შეასრულოს. იმაზე კი არ არის საუბარი, ადამიანს სამშობლო უყვარს თუ არა - ყველას უყვარს, მაგრამ საარსებო წყაროს აქ რომ ვერ პოულობს, სხვა ქვეყანაში მიდის. ამიტომაც არის საჭირო სწრაფი ცვლილებები, სწრაფი ეკონომიკური წინსვლა, რაც მთავარია, ევროკავშირში გაერთიანება, რომ ის პირობები, რისთვისაც ხალხი ევროპაში გარბის, აქ, ჩვენს სამშობლოში იყოს. თუ ჩვენთანაც იგივე ან მიახლოებული ცხოვრების დონე და ნორმალური ანაზღაურება იქნება, საზღვარგარეთ აღარავინ წავა.

sofoo-copy-1709539755.jpg

- დაბოლოს, რამდენად რთულია ქართულ პოლიტიკაში ყოფნა?

- საკმაოდ რთულია. ჩემი მეგობრები ადრეც მეუბნებოდნენ და ახლაც მეუბნებიან: რა გინდა პოლიტიკაში, ისედაც წარმატებული კარიერა გქონდაო, მაგრამ გადაწყვეტილება ჩემით მივიღე. მთავარი ის კი არ არის, პოლიტიკაში ხარ თუ სხვაგან, მთავარია, იმას მიაღწიო, რაც გულში გქონდა. საქართველოში მარტო პოლიტიკოსობა კი არა, ნებისმიერი პროფესია რთულია, მაგრამ პოლიტიკაში თუ ხარ, კრიტიკაც უნდა აიტანო, ხანდახან, დაუმსახურებელი ლანძღვაც და წონასწორობა არ უნდა დაკარგო, რომ სხვას არ დაემსგავსო, ოპონენტს ლანძღვით არ უპასუხო. თავშეკავება, საღი ანალიზის უნარი და პრაგმატულობა ამ სფეროში აუცილებელია. ყველაზე დიდი გამოწვევა კი ის არის, რომ კეთილგანწყობა შეინარჩუნო ოპონენტების მიმართაც კი. ჩემს თავზე ვმუშაობ და ალბათ სხვები შეაფასებენ, ეს როგორ გამომდის. კეთილგანწყობისა და ობიექტურობის შენარჩუნება საქართველოში რთულია, რადგან აქ თუ განსხვავებული აზრი გაქვს, მტრად მიგიჩნევენ. ზოგჯერ ვფიქრობ, ნამდვილი რეფორმები რომ დავიწყოთ, ხალხი არ გვეყოფა, იმდენი რამ არის ამ ქვეყანაში გასაკეთებელი. ამიტომ, უცხოეთში ვინც არის, ისინიც უნდა დავაბრუნოთ. თუ ერთმანეთი დავჭამეთ და დავხოცეთ, ერთი, ორი, ან თუნდაც ათი ადამიანი ისეთ ქვეყანას ვერ ააშენებს, როგორსაც ყველა ვნატრობთ. მთავარია, ეს მოვახერხოთ და ჩვენი შვილების თაობას იმავე გზის გავლა არ მოუხდეს, რომელიც ჩვენ გავიარეთ.

ხათუნა ჩიგოგიძე