"უთავმოყვარეო ადამიანი, ვინც პირად ურთიერთობებს ვერ "ალაგებს", თავის გავლენებს ასე საშინლად იყენებს" - გზაპრესი

"უთავმოყვარეო ადამიანი, ვინც პირად ურთიერთობებს ვერ "ალაგებს", თავის გავლენებს ასე საშინლად იყენებს"

მწერალს, რეჟისორსა და მსახიობს - ბესო სოლომანაშვილს აქტიური შემოქმედებითი პერიოდი აქვს. ახლახან მისი ახალი რომანი - "ლუმპენ მილენიუმი" გამოიცა. ასევე, ბატონ ბესოს ხშირად იწვევენ სკოლებში მისი ფილმის - "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" წარსადგენად და იმის განსახილველად, თუ რას ნიშნავს "პატრიოტიზმი", "ოკუპაცია", ვინ არის ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მტერი... ბესო სოლომანაშვილი მოზარდებში საკმაოდ პოპულარულ სერიალში - "ცვალებადი ნიშნები" მონაწილეობს - რეჟისორის როლს თამაშობს, რომელიც ახალბედა მსახიობი გოგონას სექსუალურად შევიწროებას, მასზე ფსიქოლოგიურ ძალადობას ცდილობს. როგორც ბატონმა ბესომ გვითხრა, განსაკუთრებულად ეზიზღება ისეთი ადამიანები, როგორსაც სერიალში განასახიერებს და ამ როლზეც იმ უმთავრესი მიზეზის გამო დათანხმდა, რომ საზოგადოებისთვის კონკრეტული მესიჯი გაეგზავნა...

- სერიალზე "ცვალებადი ნიშნები" ჩემი მეგობრები მუშაობენ. პროფესიით კინორეჟისორი ვარ, მსახიობობა კი ჩემი ერთ-ერთი პროფესიაა.

- თავიდანვე იცოდით, როგორ როლს შეასრულებდით თუ თქვენი გმირი თანდათან ჩამოყალიბდა?

- თავიდანვე ვიცოდი, რომ უარყოფითი გმირი უნდა განმესახიერებინა. მისი მსგავსი ადამიანები მძულს. ეს როლი ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოებისთვის გარკვეული მესიჯები მინდოდა მიმეწოდებინა. მაქსიმალურად ვეცადე, ჩემი პერსონაჟი უსიამოვნო, ამაზრზენი ადამიანი ყოფილიყო, რომ მაყურებელს შესაბამისი რეაქცია ჰქონოდა. მიხარია, როლი კარგად რომ შევასრულე, რასაც საზოგადოებისგან ჯანსაღი რეაქცია მოჰყვა. იმედია, პერსონაჟი და მსახიობი ერთმანეთში არ აერევათ...

- ქართულ რეალობაში გვაქვს შემთხვევები, როცა პერსონაჟს მსახიობთან აიგივებენ და უარყოფითი როლის შემსრულებლები მაყურებლებისგან ნეგატიურ დამოკიდებულებას იღებენ. ამიტომ ერთგვარი შიში ხომ არ გქონდათ, როცა "ცვალებად ნიშნებში" უარყოფითი გმირის თამაშს თანხმდებოდით?

- ვინც პერსონაჟს რეალურ ადამიანთან აიგივებს, ეს მისი უბედურება უფროა, ვიდრე მსახიობის. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, ახალგაზრდებისთვის იმ მესიჯის მიწოდება, რომ თამამად მოიქცნენ. ფსიქოლოგიური ძალადობა არ შეიძლება. მთელი ცხოვრება ისეთ ადამიანებს დავცინი, ვინც თავის საქმიან უფლებებს ჩემი პერსონაჟის მსგავსად იყენებს, განსაკუთრებით - ხელოვნების სფეროში. ამიტომ, ჩემი გმირის შექმნისას, კიდევ ერთი დეტალი - საღეჭი რეზინის საზიზღრად ღეჭვა დავამატე, რათა მაყურებლებისთვის უფრო მეტად აუტანელი, ამაზრზენი ყოფილიყო და ზუსტი მესიჯი მისულიყო იმ ადამიანებამდე, ვინც ასეთივე ამაზრზენები არიან და იმ ახალგაზრდებამდეც, ვინც ასეთი დამოკიდებულება არ უნდა მოითმინონ. მოკლედ, საკუთარ თავზე ავიღე ეს პასუხისმგებლობა...

- როგორი იყო სამუშაო პროცესი?

- ლიზა ქათამაძეს მანამდე არ ვიცნობდი. მან ქეთას როლი მშვენივრად ითამაშა. თავად "ცვალებადი ნიშნების" რამდენიმე სერია მქონდა ნანახი. რეჟისორს ვუთხარი კიდეც, რომ ძალიან კარგი პერსონაჟები ჰყავდა შერჩეული... საერთოდ, ახალგაზრდა თაობა ბევრად ჩამოყალიბებულია, საზოგადოებასა და ურთიერთობებში დამოკიდებულებები ბევრად შეგნებული აქვთ, რაც ძალიან მახარებს.

gadagebebi-beso-copy-1709542484.jpg

- სექსუალური შევიწროების პრობლემა ყველა სფეროში შეიძლება იყოს, მაგრამ რაკი "ცვალებად ნიშნებში" ეს საკითხი სამსახიობო სფეროში იჩენს თავს, გკითხავთ: რეალურად, საქართველოში, ამ სფეროში მსგავსი პრობლემები აქტუალურია?

- კინოსფეროში ყველა ერთმანეთს ვიცნობთ. ძალიან მეეჭვება, რომ აქ ვინმე ვინმეს ასეთ რამეს უბედავდეს ან აბედვინებდეს, ან - საერთოდ, ვინმეს ამის გაკეთების სურვილი ჰქონდეს. ეს - კინოსფეროს რაც შეეხება, თორემ ისე, ამ პრობლემასთან დაკავშირებული გახმაურებული ამბები კარგად ვიცით. ეს მათი უბედურებაა, ვინც თავის თანამშრომლებს ასე ექცევა. საერთოდ, საქართველოში ცნობიერების კიდევ უფრო ამაღლება დაგვჭირდება, რომ გავითავისოთ - ასეთი ქცევა ამაზრზენი, არაადამიანურია. უთავმოყვარეო ადამიანი, ვინც პირად ურთიერთობებს ვერ "ალაგებს", შემდეგ თავის გავლენებს ასე საშინლად იყენებს. ალბათ, ნელ-ნელა საზოგადოება "გაიზრდება" და მიხვდება, ნამდვილი ძალადობა რა არის. ესეც ძალადობაა, რაც ჩემმა პერსონაჟმა გააკეთა და როგორც აღმოჩნდა, როლი ისე მითამაშია, რომ მაყურებლებში საკმაოდ მძაფრი რეაქცია გამოუწვევია (იღიმის).

- მსახიობის ამპლუაში უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს თუ რეჟისორის?

- საერთოდ, ორივე ჩემი პროფესიაა, მაგრამ ძირითადი - კინორეჟისურაა. დღესაც ჩემი ფილმი - "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" მწერლების ბარში იქნება წარმოდგენილი... მსახიობობა რეჟისურის "მიმდებარე" პროფესიაა, რადგან ხანდახან რეჟისორებს როლის თამაში გვიწევს, რათა მსახიობს კარგად ავუხსნათ: ჯერ თავად უნდა იცოდე, მსახიობმა რა უნდა ითამაშოს, რომ მას საქმე გაუადვილო. ამიტომ ჩემთვის ორივე ამპლუა უმნიშვნელოვანესი და მისაღებია. თუ როლს ისე თამაშობ, რომ მაყურებელში ემოციას აღძრავ, ძალიან კარგია. რა თქმა უნდა, ეს მსახიობის დამსახურებაა, ასევე - რეჟისორის, რომელმაც მსახიობს კარგად აუხსნა, როგორ ეთამაშა და სცენარისტის, რომელმაც როლი შექმნა.

- თქვენს შემთხვევაში, როლის შესრულებისას, პროფესიით რეჟისორს სერიალის რეჟისორისგან მითითება დაგჭირდათ თუ უფრო მეტი თავისუფლება გქონდათ?

- როცა მსახიობის ამპლუაში ხარ, მსახიობი უნდა იყო და არა - მეტი. ეს კოლეგიალობაა. თუ რეჟისორს დაეხმარები, პერსონაჟისთვის რამეს მოიფიქრებ, როგორც როლზე მუშაობისას ყველა კარგი მსახიობი იქცევა, რა თქმა უნდა, ეს კარგია. მაგალითად, "ცვალებად ნიშნებში" ნიკასთან (რეჟისორთან) შევათანხმე, რომ ჩემს გმირს საღეჭი რეზინი ამაზრზენად დაეღეჭა, რათა მაყურებელი უფრო მეტად გაღიზიანებულიყო და მის მიმართ თავიდანვე ნეგატიური განწყობა გასჩენოდა. კიდევ რაღაც იდეა მივაწოდე, მაგრამ იმის შესახებ მითხრა, - არა, ჯობია არ იყოსო და ა.შ. კოლეგები ერთმანეთს პატივს ვცემთ. როცა გადასაღებ მოედანზე მსახიობად მიდიხარ, მსახიობი უნდა იყო, ხოლო როცა რეჟისორის ამპლუაში ხარ, მსახიობს ზუსტად უნდა აუხსნა, რა გინდა. ასეთი დამოკიდებულება გამოცდილებას მოაქვს. ნიკამ ზუსტად ამიხსნა და მეც ჩემი იდეა შევთავაზე. შედეგად ეს მივიღეთ, რაც მაყურებელმა იხილა. სხვათა შორის, სტუდენტებმაც მითხრეს, - სერიალში გნახეთო. მათ ვუთხარი, - ცუდი ადამიანის როლს ვთამაშობ და იცოდეთ, მისი მსგავსი ხალხის არ უნდა შეგეშინდეთ, პირიქით - პირდაპირ სასამართლოში უნდა მიხვიდეთ, ფაქტი არ დამალოთ, რადგან ეს ძალზე მძიმე სტრესებს და ცხოვრებისეულ პრობლემებს იწვევს-მეთქი. საერთოდ, ყველანაირი ძალადობა ამოძირკვული უნდა იყოს. ვიცოდი, შეიძლებოდა, ჩემი პერსონაჟი ვიღაცას ჩემთან გაეიგივებინა, მაგრამ გადავწყვიტე, ამ როლის თამაშით საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებაში ჩემი წვლილი შემეტანა.

maxresdefault-1709542473.jpg

- საერთოდ, მოზარდებს, მათ პრობლემებს რამდენად კარგად იცნობთ?

- 19, 27 და 34 წლის შვილები მყავს, ასევე - 10 და 2 წლის შვილიშვილები. ასე რომ, ყველა თაობის წარმომადგენელს კარგად ვიცნობ. შვილებთან - 19 წლის ვაჟთან, რომელიც მუსიკოსია და 27 წლის ქალიშვილთან, რომელიც კასტინგის მენეჯერია, ახლო მეგობრული ურთიერთობა მაქვს. მოზარდების პრობლემების შესახებ ზუსტად ვიცი. მიხარია, როცა მე და ჩემს მეუღლეს შვილი გვეუბნება, - ის ადამიანები ხართ, ვინც ამ თაობის პრობლემებს გვარიდებთო. უბრალოდ, შვილებს ვასწავლით, რომ ეს პრობლემები აირიდონ ან თუნდაც, ზუსტად იცოდნენ, რა არის ძალადობა და რა - არა; ჩემთან თავისუფლად მოსვლა და საუბარი შეეძლოთ - არ ეშინოდეთ, რომ ვერ გავუგებ. "ცვალებად ნიშნებში" უარყოფითი როლის თამაშის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო, რომ მსურს, ჩემმა შვილებმა იცოდნენ, მათი მამა ამ თაობის პრობლემებზე ღელავს, განიცდის...

ეთო ყორღანაშვილი