"მიყვარს თავისუფლება, დამოუკიდებლობა, სიხალისე და ნაკლები დრამა"
ვიქტორია (ვიკი) ბარბაქაძე საზოგადოებამ რეალითი შოუდან გაიცნო. მის ცხოვრებას სოციალური ქსელების მომხმარებელთა დიდი ნაწილი ინტერესით ადევნებს თვალს. ახლახან ვიქტორიას "ტიკტოკ" ვიდეომ 2 მილიონ-ნახევარზე მეტი "ნახვა" მოაგროვა. ვიდეო უნებურად იმის ამსახველი გახდა, თუ როგორ მოიტეხა ფეხი ვიქტორიამ...
- ვიკი, წარმოიდგინე, რომ არავინ გიცნობს. საზოგადოებას საკუთარ თავს როგორ წარუდგენ - ვინ ხარ?
- საერთოდ, საკუთარ თავზე ასე საუბარი არ მიყვარს. ის უფრო საინტერესოა, როცა ხალხს საშუალებას ვაძლევ, თავად დამინახონ. შემდეგ ხალხისგან ისეთებს ვარჩევ, ვისაც საკუთარ თავს რეალურად ვაჩვენებ. ვერ ვიტყვი, რომ ვინმესთან ბოლომდე "ვიხსნები", მაგრამ ერთგვარი "ექშენია", როცა ადამიანს ჩემ შესახებ წარმოდგენას სრულიად ვუცვლი... კარგი, ზოგადი წარმოდგენისთვის, საკუთარ თავზე 1-2 სიტყვას ვიტყვი: უპირველეს ყოვლისა, ვარ ადამიანი - ქალი, გოგონა, დიდი, პატარა, ზრდასრული... მოკლედ, ყველანაირი (იცინის)! მიყვარს თავისუფლება, დამოუკიდებლობა, სიხალისე, მეგობრობა, მხარში დგომა, ბედნიერება, სილაღე, სიფერადე და ნაკლები დრამა.
- ახლა სად ხარ?
- ახლა სადმე ყოფნის დიდი არჩევანი ნამდვილად არ მაქვს, რადგან ფეხი მოვიტეხე და დივანზე მიგდებული ვარ, მოზომილი აქტივობებით.
- ფეხი როგორ მოიტეხე?
- ეს ამბავი ცოტა არ იყოს, სასაცილოა: ბაკურიანში კი მოვიტეხე, მაგრამ არც ციგურებით ვსრიალებდი, არც - თხილამურებით, არც - სნოუბორდით... ჩემთვის ვიდექი, ვიღებდი "ტიკტოკ" ვიდეოს, დამეცა დაქალი და მოვიტეხე ფეხი. გამაქანეს საავადმყოფოში... ასე "არსაიდან" ფეხი მომტყდა! სიცილით "ამოვწყდი" ადგილზევე. ძალიან უცნაური სიტუაცია იყო. საერთოდ, ასეთი რაღაცები არ მემართება. თან, ტკივილითაც "ვისიამოვნე"... სამაგიეროდ, ისეთი ვიდეო "დავდე", რომ "გლობალზე" "გავარდა" და თითქმის 2 მილიონ-ნახევარი "ნახვა" აქვს. ამიტომ ფეხის მოტეხით ძალიან კმაყოფილი ვარ - ღირდა (იცინის).
- შენსა და გიორგი პაპავას შორის რა ხდება?
- მე და გიორგი ერთმანეთის "პრაიმჰაუსელები" ვართ.
- როცა ადამიანს პირადად ხვდები, მისი გარეგნობის რა დეტალი იქცევს შენს ყურადღებას?
- რომელიმე დეტალს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ... ქალის გარეგნობის დეტალების დასახელება უფრო შემიძლია, ვიდრე კაცის: ქალების თითები მიყვარს, ასევე - ლამაზი ყელი, მხრები, წელი, თეძოები... უჰ, დაილოცოს ქალთა მოდგმა!.. საბოლოოდ, მთავარი მაინც ენერგეტიკაა.
- რომელი ზებუნებრივი ძალის ფლობას ისურვებდი?
- არ ვიცი, ეს ზებუნებრივ ძალებში მოიაზრება თუ არა, მაგრამ ვისურვებდი, ჩემთვის სასურველი სიზმრების რეალიზება ან წარსულში დაბრუნება და იმავე შეგრძნებების ხელახლა განცდა შემეძლოს, რადგან საკმაოდ ნოსტალგიური ადამიანი ვარ და სულ ისეთი შეგრძნებები მინდა, რომლებიც კარგ დღეებს მახსენებს ან თუნდაც, კარგი არ იყოს, მაგრამ ემოციურად იგივე განვიცადო... როცა ვიცი, აღარ დაბრუნდება, ამას მელანქოლიისკენ მივყავარ.
- ცხოვრებაში შენი მოტივატორი რა ან ვინ არის?
- ჩემი მოტივატორი ისევ საკუთარი თავი, ჩემი ფიქრები და სამყაროს მიმართ მიმღებლობაა, რადგან გააზრებული მაქვს, რომ დღეს ვცხოვრობ და ნაკლებად ნეგატიურ ფიქრებსა და ქმედებებში უნდა ვიყო. კიდევ, ბოლო პერიოდში რასაც დავაკვირდი, მოტივაცია იმით მექმნება, როცა გარშემო ვინმეს რაღაც სჭირდება და უნდა დავეხმარო.
- მოულოდნელად მილიონი დოლარი რომ მიიღო, როგორ გაანაწილებ, შენს ცხოვრებას როგორ წარმართავ?
- მილიონი დოლარი მალევე დაიხარჯება - ეს საკმაოდ მარტივია. ამიტომ მის გაბევრებაზე ვიზრუნებდი. პარალელურად, ჩემი ხალხის (და არა მხოლოდ) და ასევე, უპატრონო ცხოველების უზრუნველყოფაზე დავხარჯავდი. რა თქმა უნდა, თანხის დიდი ნაწილი მეგობრებისთვის იქნებოდა განკუთვნილი: ჩვენთვის ერთ კარგ, დიდ, "გემრიელ" ვილას მოვაწყობდი, სადაც ყველაფერი ჩვენთვის სასურველი იქნებოდა და ყველა იქ მეყოლებოდა. როცა დავიღლებოდი, გავეცლებოდი ხოლმე, რა თქმა უნდა.
- შენი ხასიათის რომელი თვისება გეამაყება?
- იცი, შეიძლება, ყველაფერი თავზე მენგრეოდეს, მაგრამ მაინც ნერვშეუტოკებლად, მყარად ვიდგე - ამ სიტუაციას საჩემოდ გამოვიყენებ... რაღაცნაირად, ნებისმიერი ცუდი რამ შეიძლება მინიმუმ, ხასიათის სიმტკიცისთვის, გამოცდილებისთვის გამოიყენო. ნერვიულობა დიდად არ შემიძლია, უფრო ზუსტად - გააზრებული მაქვს, რომ ყველაფრის მოგვარება შესაძლებელია. მოგვარებად პრობლემებზე დარდი და ნერვიულობა ხომ არ ღირს, არა? თუ არ მოგვარდება, მით უმეტეს - აი, დარდი!..
- პაემანზე წასასვლელად რამდენ ხანს ემზადები?
- აბა, პაემანი? საერთოდ, პაემნებზე არ დავდივარ.
- არადა, მინდოდა, ყველაზე უცნაური პაემანი გაგეხსენებინა...
- კი გითხარი, - პაემნებზე არ დავდივარ-მეთქი, მაგრამ ალბათ, ყველაზე უცნაური პაემანი ის იყო, როცა "პრაიმ ჰაუსში" ყოფნისას, 3 ბიჭი მივიპატიჟე, თავმომწონედ წამოვჯექი და ყველა "მივანაგავე". უცნაური მათთვის იყო, თორემ მე რა?!. უცნაურთან ერთად, ვიღაცებისთვის, ვინც ეს სიტუაცია იუმორში ვერ "გაატარა", მიუღებელიც იყო, - უი, პაემანზე 3 ბიჭთან ერთად დადის, სამს ეფლირტავებაო!.. ჩემთვის ეს ყველაფერი უბრალოდ, სიცილის მომგვრელია... სხვათა შორის, იმ "პაემანზე" კარგად გავერთე (იცინის).
- ვეგეტარიანელობა როგორ გადაწყვიტე?
- ცოცხალი არსებები ბავშვობიდან მიყვარს: ქათმებს, ბაყაყებს, თაგვებს და რა ვიცი, ათას "უბედურებას" ვეფერებოდი ხოლმე. მოგეხსენებათ, "პრაიმ ჰაუსში" შესვლის დღიდან, 1-კვირიანი გამოწვევა მივიღე და უმ ვეგანურ კვებაზე გახლდით. შემდეგ ვიფიქრე, - თუკი ეს ასე მარტივად შევძელი, მოდი, ჩემი სურვილის ასრულების საწყისი იყოს-მეთქი და ვეგეტარიანელობა გავაგრძელე და არა - ვეგანობა, რადგან ყველს ვერ დავთმობ.
- საკუთარი გამოცდილების საფუძველზე გვითხარი, ქალს ფორმაში ყოფნისთვის დიდი ფინანსური სახსრები სჭირდება?
- ვაიმე, ისეთი დროა, ქალს კი არა, დიდი ფინანსური სახსრები ვის არ სჭირდება?! ახლა უკვე ისეთი ტენდენციაა, რომ სქესის განურჩევლად, ყველა ცდილობს ფორმაში იყოს. ისიც საკითხავია, "ფორმაში ყოფნა" ვისთვის რა არის... რა თქმა უნდა, მატერიალური კეთილდღეობა ყველაფერში დიდ როლს თამაშობს, თუმცა ფორმაში ყოფნისთვის ქალებს პრაქტიკულობაც ჰყოფნით - კოლოსალური თანხების გარეშეც შესაძლებელია. პირადად მე, ვერ ვიტყვი, რომ თავის მოვლა ცოტა თანხა მიჯდება.
- ბოლოს როდის იგრძენი თავი განსაკუთრებულად ბედნიერად?
- სხვათა შორის, ახლა ვგრძნობ თავს ბედნიერად. ფეხი კი მოვიტეხე, მაგრამ ამან ჩემი კომფორტისა და ოცნებისკენ ნაბიჯი გადამადგმევინა: ჩემი ერთადერთი და მთავარი ოცნება იყო, სახლში მარტოს, კომფორტულად მეცხოვრა, სადაც სტუმრად მეგობრები მოვიდოდნენ, მე კი მათი მასპინძელი ვიქნებოდი. მართალია, დღევანდელი მოცემულობით, პირიქით - ამ ფეხის გადამკიდეს მეგობრები მმასპინძლობენ და მივლიან, მაგრამ დივნის კუთხეში, ფეხმოტეხილი რომ ვზივარ და ჩემს გოგონებს ვუყურებ, როგორ მხიარულობენ, ჭორაობენ, ჩემთან არიან, მართლა ბედნიერი ვარ! ბინაში რომ გადმოვედი და ეს სიტუაცია აღვიქვი, მთელი დღე სულელივით გაღიმებული ვიჯექი - არ მჯეროდა! ეს სახლი დროებითია - ქირით ვცხოვრობ, მაგრამ იმედია, საბოლოოდ, მეგობრებს საკუთარ ბინაშიც მივიპატიჟებ.
- ოდესმე უსარგებლო ადამიანად გიგრძნია თავი?
- კი. ამაზე ფიქრი განსაკუთრებით მაშინ მიწევდა, როცა ისე დაემთხვეოდა, რომ თუნდაც 1 თვე არ ვმუშაობდი. ასეთ დროს ფიქრებს იქამდე მივყავდი, რომ სრულიად უსარგებლოდ ვგრძნობდი თავს - ყველა რაღაცას აკეთებს, იმას ეს შეუძლია, ამას - ეს, მე კი არაფერს ვაკეთებ-მეთქი... ამ დროს ბევრი დრო იკარგება. შეიძლება, ბევრად სასარგებლო ვიყო თუნდაც, სამყაროსთვის ან ვიღაცისთვის... სხვათა შორის, ბოლო დროს ბევრი პატარ-პატარა საქმე გავაკეთე ვიღაცებისთვის.
- 1 თვის განმავლობაში, მხოლოდ 1 ფერის სამოსის ჩაცმის უფლება რომ გქონდეს, რომელ ფერს აირჩევდი?
- რა თქმა უნდა, ვარდისფერს.
- ამჟამად, რომელ სერიალს უყურებ?
- "ცვალებად ნიშნებს".
- ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხე?
- რომელი წიგნი იყო, არ მახსოვს, რადგან სახელებს ვერ ვიმახსოვრებ. სხვათა შორის, როცა წავიკითხავ, მალევე მავიწყდება. ცოტა არ იყოს, ეს ფაქტი მაღიზიანებს, მაგრამ მავიწყდება და რა ვქნა? ახლა დაწყებული მაქვს წიგნის - "პოზიტიური აზროვნების ძალა" კითხვა, რომელიც სხვათა შორის, ჩემმა გულშემატკივარმა მაჩუქა...
- შენი მესაიდუმლე ვინ არის?
- საიდუმლოებები დიდად არ მაქვს. სხვებისთვის პირადი თემების გაზიარება და ლაპარაკი არ მიყვარს. არის სიტუაციები, როცა კონკრეტულ ადამიანს ამოვარჩევ და რაღაც კონკრეტულ თემაზე გულს გადავუშლი. ძირითადად, მესაიდუმლე თავად ვარ ხოლმე.
- როგორ ფიქრობ, სიყვარული ფსიქიკური აშლილობაა?
- უი, არა... ფსიქიკურად აშლილები სხვებისთვის ხელის შემშლელი ქცევებით გამოირჩევიან და საკუთარ თავთანაც კი ვერ ურთიერთობენ. ეს უკვე ტოქსიკურობაა და არა - სიყვარული. ჩემთვის სიყვარული პატივისცემა და ურთიერთგაგებაა, ცოტათი სიგიჟეებიც, მაგრამ - არა ფსიქიკური აშლილობა.
- 10-15 წლის შემდეგ შენი ცხოვრება როგორი წარმოგიდგენია?
- საერთოდ, ასეთი ხანგრძლივი წარმოდგენები არ მაქვს, რადგან ჩემს ცხოვრებაში ისეთი ფაქტები მოხდა, რომ ვთქვი - არ ვიცი, საერთოდ, მომავალი თუ არსებობს, ხვალინდელი დღე იქნება თუ არა-მეთქი... ძირითადად, დღევანდელზე ვარ ორიენტირებული, მაგრამ თუ მაინც უნდა ვიფიქრო, 10-15 წლის მერე რა იქნება, უბრალოდ, მინდა კომფორტულად ვიყო, ბევრ ქვეყანაში ვიმოგზაურო, გარშემო მყოფი ადამიანები კომფორტში, მზრუნველობასა და ბედნიერებაში მყავდეს. 10-15 წლის მერეც ჩემს ადამიანებთან ერთად ყოფნა მინდა! ვერ ვიტყვი, იმ დროს სხვანაირი ვიქნები-მეთქი, რადგან წლების წინ ვინც ვიყავი, ახლაც იგივე ვარ. უბრალოდ, ახლა ბევრ საკითხს პოზიტიურად ვუდგები, უფრო მეტად ხალისიანი ვარ.
- ცხოვრებაში შენს ქმედებებს რა მთავარი ფასეულობა განსაზღვრავს?
- ადამიანობა.
ეთო ყორღანაშვილი