"თავზე ხელაღებული ადამიანი ვარ" - გზაპრესი

"თავზე ხელაღებული ადამიანი ვარ"

"ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი თავად მიმიძღვის. ვარ შრომისმოყვარე, დაუზარელი და მიზანდასახული", - ამბობს მსახიობი სალომე კოკუაშვილი. ვინ არის მისი ცხოვრების მთავარი მოტივატორი, როგორ გამოდის რთული სიტუაციებიდან, რის გამო იღებს საყვედურებს, რა დროს იბნევა და რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1991 წლის 12 თებერვალი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი. როდესაც ფილმებს ვუყურებდი, სულ მინდოდა, მთავარი გმირების მსგავსი ვყოფილიყავი. მერე მივხვდი, მსახიობის პროფესიას თუ ავირჩევდი, ბევრნაირი ადამიანის განსახიერების შესაძლებლობა მექნებოდა და ამ პროფესიაზე ფიქრი სერიოზულად დავიწყე.

- დღეს თვლი, რომ სწორი არჩევანი გააკეთე?

- ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე, მაგრამ სწორად ვერ გავთვალე ქვეყანა, სადაც ეს საქმე უნდა მეკეთებინა (იცინის).

- შემოქმედებით საქმიანობაში სიახლე...

- ...ახლა "მარჯვენა სანაპიროს" პირველი სეზონის გადაღებები მიმდინარეობს. ჩემი პერსონაჟი ძალიან საყვარელი გოგოა, არაფერს ვერჩი, კარგი ტიპია, კარგი მეგობარია.

- ყველაზე მეტად რით ჰგავხარ?

- მეგობრების სიყვარულით.

- რით განსხვავდები?

- ეგეთი შტერულად ბედნიერი არ ვარ.

- ჩემზე ამბობენ...

- ..."სტერვააო"; გამიცნობენ და მეუბნებიან, შენ რა საყვარელი ყოფილხარო.

- როგორ ფიქრობ, ეს წარმოდგენა რატომ ექმნებათ?

- სავარაუდოდ, ჩემ მიერ შესრულებული როლებიდან. ვინც კარგად მიცნობს, ის არ ფიქრობს, რომ "სტერვა" ვარ.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...წავიდოდი სასწავლებლად სხვა ქვეყანაში. ეს ახლაც არ არის გვიანი, მაგრამ რამდენჯერაც ვიფიქრე, იმდენჯერ გამახსენდა, უკვე 33 წლის ვარ და ყველაფრის ნულიდან დაწყება საჭიროდ აღარ ჩავთვალე.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...იყო მაშინ, როდესაც ტელევიზიიდან დამირეკეს, "კომედი შოუს" მსახიობი გოგო სჭირდებოდა და თანამშრომლობა შემომთავაზეს. მაშინ 16 წლის ვიყავი. უნარების გამოცდაზე კონტროლიორი მასწავლებლის როლი შევასრულე, ეს მათთან ჩემი პირველი როლი იყო და გამორჩეულად მახსოვს.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი...

- ...თავად მიმიძღვის, რადგან ვარ შრომისმოყვარე, დაუზარელი და მიზანდასახული.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მაქვს ყველაფერი, რაზეც ოდესმე მიოცნებია და რაც მთავარია, მაქვს ძალა, ოცნებებისთვის ვიბრძოლო.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ...ღიმილი.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...განვვითარდე.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...გულწრფელობა.

- ყოველთვის გულწრფელი ხარ?

- ყოველთვის და ხშირ შემთხვევაში, ჩემი გულწრფელობით გარშემო მყოფები უკმაყოფილოები რჩებიან. ჩემი ხასიათის ყველაზე დიდი პლუსი და მინუსიც ეს არის. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ყოველთვის არ არის საჭირო, იყო გულწრფელი.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ფიზიკური აქტივობა არ მიყვარს, ამ კუთხით ძალიან ზარმაცი ვარ, არანაირი ვარჯიში არ მხიბლავს, მაგრამ ვიცი, ეს საჭიროა ჯანმრთელობისთვის და იმისთვის, რომ კარგად გამოვიყურებოდეთ, დიდხანს ვიცოცხლოთ. უამრავჯერ მქონია მცდელობა, ვიწყებ ვარჯიშს და ვჩერდები. ამის გამო საკუთარ თავთან მუდმივი ბრძოლა მაქვს.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ძალიან ბევრი რამ.

- მაგალითად?

- თუ აზრი არ გკითხეს, არ თქვა (იცინის). საკუთარ აზრს ყოველთვის ვაფიქსირებდი, იყო თუ არა საჭირო. მერე ვისწავლე, თუ არ გკითხავენ, არაფერი თქვა, მით უმეტეს, როდესაც იცი, რომ ის აზრი შეიძლება ბევრისთვის მოსაწონი არც იყოს.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ეს ყველაფერი არ არის უპატიებელი.

- თავად ბოდიშის მოხდა გიჭირს?

- არა, არ მეთაკილება. ადამიანებს ემოციურ ფონზე შეიძლება რაღაც შეგვეშალოს, ზედმეტი მოგვივიდეს. ამას თუ ვაცნობიერებ, ბოდიშის მოხდა არ მიჭირს.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ვცხოვრობ ოკეანის სანაპიროზე და ვარ ძალიან, ძალიან ბედნიერი, გარუჯული, ხელში უალკოჰოლო კოქტეილით. მინდა სულ სერფინგით და დაივინგით ვიყო დაკავებული.

- ვიბნევი...

- ...ნებისმიერი "ლაივის" დროს, მოულოდნელი შეკითხვის დასმისას. ხშირად ვიბნევი, მაგრამ ამას უმეტესად მხოლოდ მე ვგრძნობ.

- ვნანობ...

- ...რატომ არ მივიღე იმაზე კარგი განათლება, ვიდრე მაქვს.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...ჰოლივუდის ვარსკვლავი.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა...

- ...ძალიან რთულია, მაგრამ თუ გავბრაზდი... რაღაც ამბის გამო, ერთხელ, ორჯერ, ოცჯერ რომ ვბრაზდები, ოცდამეათე შემთხვევაში აუცილებლად ავფეთქდები.

- სიყვარული ეს...

- ...უმთავრესია, ყველაზე მნიშვნელოვანი გრძნობაა. ყოველთვის შეყვარებული ვიყავი სიყვარულზე და მომავალშიც ასე იქნება. ძალიან დიდი დოზით გავცემ და უკანაც ასევე მიბრუნდება.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...ვიყავი ცალმხრივად შეყვარებული, მაგრამ ძალიან ბედნიერი, რადგან მივხვდი და გავაცნობიერე, რომ სიყვარულის უნარი მქონდა. მაშინ 16 წლის ვიყავი, ის - ჩემზე გაცილებით უფროსი გახლდათ, მემეგობრებოდა და ვიყავი ძალიან ბედნიერი, თუმცა ზოგჯერ ვტიროდი კიდეც, რადგან მას არ ვუყვარდი. შეიძლება დღემდე არც კი იცის, რომ მიყვარდა. მერე წლები გავიდა, სხვა ადამიანი გავიცანი, მოვიხიბლე და ჩვენ გვქონდა რომანი. პირველი სიყვარული კი დარჩა ლამაზ, ბავშვურ მოგონებად, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს დრამებიც მქონდა.

- ახლა შეყვარებული....

- ...არ ვარ.

- მაკვირვებს...

- ...ადამიანებს რამდენი ტყუილის თქმა შეუძლიათ.

- ვიტყუები...

- ...აღარ ვიტყუები. ადრე სადმე რომ მაგვიანდებოდა, ვიტყუებოდი, საცობში ვარ-მეთქი. დღეს მიზეზს პირდაპირ ვამბობ, - გვიან გამოვედი, ჩამეძინა და ა.შ.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...გარშემო მყოფების პოზიტიურმა განწყობამ, ფისოებმა და ბავშვებმა.

- ...ვრისკავ...

- ...დიდხანს ფიქრის შემდეგ, რაც მაინცდამაინც კარგი არ არის.

- ვამაყობ...

- ...იმით, რომ არასდროს დავნებდი, არ გავჩერდი, მიუხედავად იმისა, რომ გაჩერება ბევრჯერ მნდომებია.

- ამ დროს ყველაზე მეტად ვინ ან რა გაძლიერებს?

- საკუთარი ოცნებები. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ყველანაირი ოცნება აიხდინოს, მისკენ თუ სწორი გზით და დიდი ნაბიჯებით ივლის. პატარა ნაბიჯებითაც მივა, მაგრამ დროში გაეწელება.

- დღემდე ვერაფრით გავბედე...

- ...აბსოლუტურად თავზე ხელაღებული ადამიანი ვარ. ერთადერთი, პარაშუტით არ გადმოვმხტარვარ და მარტში დუბაიში მივდივარ, რომ გადმოვხტე. ყველანაირი ექსტრიმი მომწონს და ყველაფრის საკუთარ თავზე გამოცდა მინდა. ზვიგენებთან ვიცურე, ვერტმფრენით ვიფრინე, რომელსაც თავად ვმართავდი, ყველანაირი სიგიჟე მხიბლავს.

- ყველაზე მეტად მახარებს...

- საკუთარ თავზე გამარჯვება, პატარა მიზნების მიღწევაც კი.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...ცოტა უფრო ახალგაზრდა რომ ვიყო, ალბათ რაღაცებს შევცვლიდი, მაგრამ ახლა მადლიერი ვარ იმით, რაც მაქვს. ამისთვის მადლობა სამყაროს, მადლობა დედას და მამას.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...დილით ადრიანად 7 საათზე ავდგე, მაგრამ ამას ვერაფრით ვახერხებ. მაღვიძარა რეკავს და მე არ ვიმჩნევ. დღემდე ვერ ვისწავლე, რომ ყველას არ უნდა ვენდო.

- ადამიანებთან, რომლებმაც იმედი გაგიცრუეს, ურთიერთობას აგრძელებ?

- ვაგრძელებ, მაგრამ სხვა ხარისხი აქვს ურთიერთობას, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიმჩნევ. მე ჩემთვის ვიცი, ვინ არის სანდო და ვინ - არა.

- თავისუფლება არის...

- ...აღარ გტკიოდეს, რას იტყვის სხვა შენზე. რა თქმა უნდა, უსიამოვნო ყოველთვის იქნება, მაგრამ მთავარია აღარ გეტკინოს.

- ინტუიცია...

- ...ზომიერად მაქვს განვითარებული. ნებისმიერ შემთხვევაში, მირჩევნია ვცადო და არ გამომივიდეს, ვიდრე არ ვცადო.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ყველაზე დიდი სურვილი, რაც ბავშვობიდან მქონდა და მეგონა, ჰოლივუდის ვარსკვლავი რომ გავხდებოდი, ამ სურვილს აუცილებლად ავისრულებდი: ავაშენებდი ლამაზ ქალაქს, სადაც იცხოვრებდა ყველა ადამიანი, ვისაც საკუთარი საცხოვრებელი არ ექნებოდა, ქუჩაში უსახლკარო ადამიანები აღარ იქნებოდნენ. იმ ქალაქში ყველას ღირსეული და უზრუნველი ცხოვრება ექნებოდა.

- მენატრება...

- ...მამა. 15 წლის ვიყავი, რომ გარდამეცვალა. პერიოდულად მიჩნდება სურვილი, გავუზიარო ჩემი ფიქრები, შეკითხვები დავუსვა, რჩევები მოვისმინო. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩემს თავს რაღაც ისეთი ხდება, რომლითაც ვიცი, აუცილებლად იამაყებდა.

image0-1700465552-copy-1709542945.jpg

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ჩემს თავს ვაძლევ უფლებას ვიყო დეპრესიაში.

- ეს რელაქსია?

- კი, როდესაც დაძაბული რეჟიმი მაქვს, სამსახური, გადაღება, შეხვედრები... როდესაც ვგრძნობ, დავიღალე და ცუდად ვარ, ამ დროს თავს უფლებას ვაძლევ, ვიყო ცუდ ხასიათზე, ვიტირო, დავიცალო ემოციისგან და მერე ვუთხრა, - წამოდექი, საკმარისია.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...პატარა რომ ვიყავი, მამა მეუბნებოდა, - ისწავლე, თორემ იცოდე, მოგიწევს დაბალ, მსუქან, ღიპიან კაცზე გათხოვდეო (იცინის). დედა დღემდე მეუბნება, შენი საქმის შენ უკეთ იცი, რაც მთავარია, გჯეროდეს, რომ შეგიძლიაო. დედა ჩემი უდიდესი მოტივატორია. როდესაც ოჯახი მხარში გიდგას, ეს წარმოუდგენელი ძალაა.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...გჯეროდეთ საკუთარი თავის, თქვენი ოცნებების, არ დანებდეთ. შეიძლება პაუზა აიღოთ, მაგრამ არასდროს გაჩერდეთ!

თამუნა კვინიკაძე